ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – რიყე

ავტომობილი გლდანის მასივში, “ავერსის” წინ გააჩერა. ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. აფთიაქიდან გამოსულმა ზორბა მამაკაცმა “მერსედესი” დაქოქა და სადგომიდან გამოიყვანა. სასწრაფოდ შეაყენა მანქანა სადგომზე, თორემ წინ გაჩერებული “ოპელი” აპირებდა შეძვრომას. სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა. უკანა ხედვის სარკე მიიტრიალა, პიჯაკის საყელო გაისწორა.
სახლიდან რომ გამოვა, მივა და ჰკითხავს
– ლიკა, მზესუმზირა არ გინდაო?
– ზურიკო, შენ აქ რა გინდაო?! – უპასუხებს გაკვირვებული ლიკა. მერე იქვე, ბაღში გადაირბენენ და სკამზე ჩამოსხდებიან. არა, მანქანაში ჩაისვამს და რიყეზე გავლენ. რამდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის მოსაყოლი…


მეცხრე კლსის ბოლო მეოთხედში კლასში ურთიერთობები ამერია. უკვე მთელი თვეა, რაც ხმას არავინ მცემდა. ყველაზე ახლო მეგობარიც კი დილით მალულად მესალმებოდა, სხვებს რომ არ დაენახათ. არ მწყინდა, ესეც დიდი გამბედაობა იყო.
არავინ მერჩოდა, მხოლოდ ვძულდი.
ძველი კლასი უკეთესი იყო, შეკრული. და-ძმასავით ვიყავით ერთმანეთთან. მერე რა, რომ სწავლით არ ბრწყინავდნენ, სამაგიეროდ სუფთა გული ჰქონდათ.
ეს კლასი ორ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ბანაკს მოგაგონებდათ, მხედარმთავარი გოგოს მეთაურობით, რომელიც, რაღაც შარმით, მაგნიტივით იზიდავდა, ან განიზიდავდა ბიჭებს. დაბადების დღეზეც მხოლოდ ის ბანაკი მიდიოდა, რომელსაც იუბილარი განეკუთვნებოდა.
შევცდი, გამოცდილება არ მეყო. იმის მაგივრად, ერთ-ერთს მივკედლებოდი, გადასვლისთანავე ორივე ჯგუფთან მეგობრული დავიჭირე. დაბადების დღეებზეც ორივე ბანაკი მეპატიჟებოდა.
– გამოდი ბიჭო გარეთ, საქმე გვაქვს შენთანო!
პირველად მოხდა, როცა ორივე ბანაკი ერთად იყო შეკრებილი.
– რა ენები დაგაქვს აქეთ-იქითო?!
– რა ენები დამაქვსო?
– ორივე მხარეს დაბადების დღეებზე შენ დადიხარ და ჩვენ გვეკითხებიო?
– მე, მე არ…
– რა შენ არა, დაგადგებიან პირზეო!
– რას მიპირებთ, მცემთო? – ძველ კლასში დამნაშავეს სცემდნენ და წყენას ივიწყებდნენ.
– არა, არ გცემთ, არავინ ხმას არ გაგცემსო!
– მცემეთო!
არ მცემეს, შემიძულეს. რა ყოფილა ეს სიძულვილი, მტრებსაც კი აერთიანებს…
ზარი დაირეკა. იმ დღის ჯოჯოხეთი დამთავრდა. ავდექი, ავიღე ჩანთა და კლასიდან გავედი. ზურგში ვიგრძენი ოცდაათი წყვილი, მძულვარებაჩაგუბებული თვალის ჩხვლეტა. სკოლიდან გამოვედი, გადავირბინე საბჭოს ქუჩა, ბაღში, “ხასანას ბაღს” რომ ვეძახდით, 20 კაპიკად ვიყიდე ორი ჭიქა მზესუმზირა და საბჭოსა და კალინინის ქუჩების გადაკვეთაზე, წვეტიანი შენობის წინ, გაჩერებაზე 7 ნომერ ტრამვაიში ჩავჯექი. ორ გაჩერებაში ხეთაგუროვის ქუჩის ბოლოში ჩამოვედი. სანაპიროთი გავედი რიყეზე და ერთსართულიანი და, იშვიათად, ორსართულიანი სახლების რიგს გავუყევი სტადიონამდე.
ბოლო დროს, რაც კლასში ურთიერთობა დამეძაბა, სკოლის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ჩამოვდიოდი რიყეზე ფეხბურთის სათამაშოდ. თანატოლი ბიჭები ვიკრიბებოდით: მე, მამუკა, თემო, რეზო, ვახო, ალეკო, კობა, გია, ვაჟა, რობო, ზაზა. დანარჩენები იშვიათად გამოდიოდნენ, მაგრამ ხუთი-ხუთზე სათამაშოდ ყოველთვის იყო საკმარისი ხალხი. თუ ბევრნი ვიყავით, რიგრიგობით ვისვენებდით, რომ ყველას გვეთამაშა.
ერთ დღესაც, მეორე ტაიმში, კობამ შემცვალა, სტადიონის ბორდიურზე ჩამოვჯექი და მზესუმზირას ვაკნატუნებდი. ჩრდილი დამეცა, მარჯვნივ გავიხედე. შორიახლოს გამხდარი გოგო იდგა. ხელში მოსწავლის ჩანთა ეჭირა, ცხენის კუდად შეკრულ ოქროსფერ თმაზე მოწითალო გადაჰკრავდა, თეთრი კანის ფერი ჰქონდა, მაღალი შუბლი, სწორი, პატარა, ნატიფი ცხვირი, ლურჯი თვალები, ბროწეულის ფერი ტუჩები, ტანი თხელი, სიფრიფანა, მოსწავლის მოკლე კაბაზე თეთრი წინსაფარი ეკეთა და მკერდზე კომკავშირელის ნიშანი ჰქონდა დაბნეული.
– შენ ვის “ბალელშჩიკობო”? – ვკითხე.
– მე ვაჟას და ვარო!
– რა გქვიაო?
– ლიკაო!
– შენო?
– ზურაო!
– ზურიკოო?
– არა, ზურაო!
– რომელ კლასში ხარო?
– მერვეშიო!
– შენო?
– მე მეცხრეშიო!
– ლიკა, “სემიჩკა” არ გინდაო?
– გაქვსო? – ჯიბიდან ერთი მუჭა მზესუმზირა ამოვიღე და ჩავუყარე.
– კარგი, მე წავედიო! თამაშს რომ მორჩება, ჩემს ძმას უთხარი, დედა ეძახისო!
იმ ღამით მესიზმრა, ერთად ვსეირნობდით პლეხანოვზე. კლასელი ბიჭები მიყურებდნენ და გულზე სკდებოდნენ. დილით ლიკა აღარ მახსოვდა. გამოვიარე სკოლის ჯოჯოხეთი და “ხასანას ბაღის” გავლით, ისევ რიყეზე ჩავედი. ბიჭები იქ იყვნენ, მაგრამ ბურთი გახეთქვოდათ და ცხვირჩამოშვებულები ისხდნენ. გასართობი ბოლოს რობომ მოიფიქრა, გადაძვრა სტადიონის გვერდით საამქროს ეზოში და იქიდან ტელეფონის კაბელი გადმოიტანა. გავჭერით კაბელის გარსი, ამოვიღეთ იქიდან ფერადი მავთულები და სამაჯურების დაწვნა დავიწყეთ. ცოტა ხანში ლიკა მოვიდა. თვალი ავარიდე, შემრცხვა. რაღა უნდა მეთქვა, ყველაფერზე გუშინ ვილაპარაკეთ. თვითონ მოვიდა
– ზურიკო, “სემიჩკა” გაქვსო? – გამოწვდილ ხელში ერთი მუჭი ჩავუყარე.
– ვაჟა, წამოდი, დედა გეძახისო! – ვაჟა ზანტად აიზლაზნა. თვალი გავაყოლე – წინ ლიკა მიდიოდა, ვაჟა უკან მიჩანჩალებდა.
შემდეგ დღეს დედამ მთხოვა ბაზარში გაყოლა. იმის შემდეგ დღეს ლიკა არ გამოვიდა. მერე აღდგომა მოვიდა და ორი დღით სოფელში წავედით პაპა-ბებიის საფლავზე გასასვლელად. თბილისში რომ ჩამოვედი, უკვე ძალიან მინდოდა მისი ნახვა. სკოლის მერე ჩავედი რიყეზე. ბიჭები უკვე თამაშობდნენ. დაველოდე, რომ ვინმეს შევცვლიდი. ამასობაში ლიკაც გამოჩნდა.
– პრივეტ, ლიკაო! – მივესალმე.
– ვა, ზურიკოო?! – სტადიონის ბორდიურზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
– სად დაიკარგეო?
– არსად, სახლში ვიყავი! შენო?
– მე აღდგომას სოფელში წავედიო!
– კვერცხები გაქვსო?
– არ წამომიღიაო!
– მე მაქვსო! – ჩანთიდან ორი წითელი კვერცხი ამოიღო, ერთი მე გამომიწოდა. დავაჭიდეთ, ჩემი გატყდა.
– მიდი, ჭამე, გეშიებაო! – ორი ლუკმით გადავსანსლე. იმ პერიოდში სიგარეტს ვეთამაშებოდი. ბიჭებისგან ვიცოდი, საჭმლის მერე კარგია, მონელებას ხელს უწყობსო. ამოვიღე და გავაბოლე.
– სიგარეტს თუ მოწევ, აღარ დაგელაპარაკებიო! – გაბრაზებული წამოდგა და წავიდა. ამოვიღე სიგარეტის კოლოფი და გადავაგდე. იმის მერე, ცხოვრებაში აღარ მომიწევია.
შემდეგი სამი დღე მამაჩემი ეზოში თავის “მოსკვიჩი 407”-ს არემონტებდა და იმას ვეხმარებოდი.
– აბა, შვილო, 19-იანი “კლუჩი” მომაწოდეო!
– “ატვიორტკა” მომიტანეო!
– აბა, ერთი ეს “კრესტავინა” დამიჭირეო! – ვეხმარებოდი იმ იმედით, რომ გავარემონტებდით, მანქანაზე მეც დამსვამდა. არ დამსვა, დედაც მაგინა
– შე შობელძაღლო, ჯერ რა დროს შენი მანქანააო!
მეორე დღეს, სკოლის მერე, ისევ ვიყიდე მზესუმზირა და ჩავედი რიყეზე. ფეხბურთის თამაში არ მინდოდა. დავჯექი ბორდიურზე და მზესუმზირას ჭამა დავიწყე. ლიკაც მალე მოვიდა. ჩემს გვერდით ჩამოჯდა. რა თქმა უნდა მუჭით მზესუმზირა გავუწოდე, რა თქმა უნდა აიღო.
– რომელ სკოლაში სწავლობო?
– 31-ში, შენო?
– მე 23-შიო!
– სად ცხოვრობო?
– გორკის ქუჩაზეო!
– მერე, იქ სტადიონი არ არის? აქ რატომ დადიხარ სათამაშოდო?
მოვუყევი, რომ კლასში არავინ მელაპარაკებოდა, რომ მე ენები არ მიმიტანია, რომ სახლში ვერ ვამბობდი, მრცხვენოდა, თავის მოკვლა მინდოდა, თან ვტიროდი, ისიც ტიროდა. ლურჯი თვალებით შემომცქეროდა და ვგრძნობდი, თითოეულ სიტყვას გულში ატარებდა. ადგა, დაიხარა, ლოყაზე მაკოცა, შეტრიალდა და გაიქცა. თვალი გავაყოლე, თან ლოყაზე მოცხობილ მის ცრემლს ვეფერებოდი. შვებით ამოვისუნთქე – ჯანდაბას სკოლა, ჯანდაბას ყველა! უფრო ახლობელი არ მყავდა და არც მინდოდა!
იმ დღიდან კამოს ქუჩზე 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია გახდა ჩემი ნავსაყუდელი. ზეპირად ვისწავლე ლიკას გაკვეთილების ცხრილი. ყოველდღე ერთად მოვდიოდით 23-ე სკოლიდან რიყემდე. უფრო მე ვლაპარაკობდი, ის მისმენდა.
ერთ დღეს, სკოლასთან, ლიკას რომ ველოდებოდი, ვიღაც ბიჭი მოვიდა
– ბიჭო, მაგ გოგოსთან აღარ დაგინახოო!
– შენ ვინა გკითხავსო?
– საღამოს ქორწინების სახლთან გელოდებიო!
გამოვიდა ლიკა, არაფერი მითქვამს, სახლამდე მივაცილე. სტადიონზე გავედი და ბიჭებს ვუთხარი
– ქორწინების სახლთან “სტრელკა” მაქვსო! – მთელი რიყის ბიჭები წამოვიდნენ. ის ბიჭი არ მოვიდა, შეეშინდა. მერე შემომითვალა
– რატომ არ თქვი, მამუკას მეგობარი თუ იყავიო?!
ამასობაში მაისიც მიილია. კლასში უკანა მერხზე ვიჯექი მარტო.
– გამოდი გარეთ, საქმე გვაქვს შენთანო!-ისევ ყველა ერთად შეკრებილიყო.
– ჩვენ გავიგეთ ვინცა თქვაო!
– ?!
– რატომ არ თქვი, შენ რომ არ იყავიო?
– მაინც არ დამიჯერებდითო!
– კარგი, გვეყოფა, თუ გინდა, ვიძმაკაცოთო!
– კარგი, ვიძმაკაცოთო!
დამთავრდა სწავლა და დაიწყო გამოცდები. მახსოვს, 1972 წლის 7 ივნისი იყო. მეორე დღეს რუსულში მქონდა გამოცდა. დილით ავდექი და გამოცდის ბილეთების სწავლას ვაპირებდი, მეზობელი მაყვალას ხმა რომ გავიგე
– ზინა, გაიგე, მტკვარი რომ გადმოსულა და რიყე დაუტბორია, მგონი ხალხი დამხრჩვალაო?! – თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი რიყეზე, გული ამოვარდნაზე მქონდა. რიყე წყლით და ტალახით იყო დაფარული. მის სახლთან მივტლაპუნდი.
– ლიკა, ლიკა! – ირგვლივ ვერავის ვხედავდი. მივვარდი, ჩავეხუტე, ვუკოცნიდი ტუჩებს, თვალებს, ლოყებს. ისიც ტიროდა…
მთელი ოჯახი ჩემი გამოცდების დამთავრებას ელოდებოდა. ბოლო გამოცდის დღეს, საღამოსვე ჩამაგდეს მამაჩემის “მოსკვიჩში” და გამიყენეს სოფლის გზაზე. ლიკასთან გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი. ჩემი გული რიყეზე დარჩა.
ადრე რომ გარბოდა, ახლა უაზროდ გაიჭიმა არდადეგები. ვერ ვისვენებდი, ყველას ვუღრენდი.
– შეეშვით გარდამავალ ასაკშიაო! – უთხრა დედაჩემს მამიდაჩემმა. მშობლებმა მიდგომა შეცვალეს და მოფერება დამიწყეს. ამან სულ გამაგიჟა. ერთი დღით მინდოდა თბილისში ჩასვლა და დავწყნარდებოდი. კბილი ავიტკიე, რომ მშობლებს თბილისში ჩამოვეყვანე, მაგრამ დედაჩემმა ბორჯომში ამიყვანა სტომატოლოგთან. ერთი ღრჯოლებიანი კაცი იყო. კარგი კბილის ექიმი რომ ყოფილიყო, თავის ღრჯოლებს მიხედავდა. მკურნალობის სურვილიც არ გასჩენია, ისე დამადო მაშა და ამომაძრო.
– საღი კბილი ყოფილაო! – ხელში რომ დაიჭირა, მერე თქვა.
როგორც იქნა დამთავრდა არდადეგები და ჩამოვედით თბილისში. იმავე დღეს გავიქეცი რიყეზე. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მერე გავიგე, მოსახლეობა ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაუსახლებიათ.
პირველ სექტემბერს 23-ე სკოლასთან დაველოდე, არ გამოვიდა. არც მეორე დღეს არ გამოვიდა, არც მესამე დღეს. ბიჭებს ვეძებდი, ვერც ისინი ვიპოვნე.
ხშირად მივდიოდი სკოლის შემდეგ რიყეზე. ერთი ადგილი ავიჩემე, დავჯდებოდი და ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა. მჯეროდა, აუცილებლად მოუნდებოდა თავის ნასახლარზე მოსვლა:
– ლიკა, მზესუმზირა არ გინდაო? – შევეკითხებოდი მე.
– ვა, ზურიკო, შენ აქ რა გინდაო?! – მკითხავდა ის.
ინსტიტუტის შემდეგაც მივდიოდი რიყეზე. მერე სახლები დაანგრიეს, მოედანი გააკეთეს. ზაფხულობით ჩეხები ჩამოდიოდნენ და აწყობდნენ ლუნაპარკს. 15 კაპიკად კარუსელებზე გატრიალებდნენ, თან “პედრო” კევსაც გჩუქნიდნენ.
– ლიკა, მზესუმზირა არ გინდაო? – შევეკითხებოდი მე.
– ვა, ზურიკო, შენ აქ რა გინდაო?! – მკითხავდა ის.
სამსახურის მერეც ხშირად ვასეირნებდი შვილებს რიყეზე.
– ლიკა, მზესუმზირა არ გინდაო?
– ვა, ზურიკო, შენ აქ რა გინდაო?! …
ამას წინათ, რაგბიზე წავედი “ლოკომოტივის” სტადიონზე. თამაშის მერე, რომ გამოვდიოდი, კაცი წამომეწია
– შენ ზურა არა ხარო?
– კიო! – ვუპასუხე
– ვერ მიცანიო?
– ვერაო!
– მე რეზო ვარო!
– რომელი რეზოო?
– რიყეზე რომ ვცხოვრობდიო!
– ვა, რეზო, როგორა ხარო? – გადავეხვიე.
– არა მიშავსო! შენ როგორა ხარო?
– აქეთურიო!
– იქითურიო!
– ბიჭო, რეზო, ლიკა რომ იყო, ვაჟას და, ხომ არ იცი სად ცხოვრობსო?
– გლდანის მე-2-ე მიკრორაიონის 26-ე კორპუსში, ჩემი მეზობელიაო!


კორპუსიდან მსუქანი ქალი გამოვიდა ბაზრის ჩანთით ხელში. თმები მუქად ჰქონდა შეღებილი, თმის ძირებში ჭაღარაშერეული ოქროსფერი მოუჩანდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ცხოვრების ქარიშხალს მასზე გადაევლო. სადღა იყო ის სილამაზე, მხოლოდ თვალები შემორჩენოდა ძველებურად ლურჯი და მეტყველი.
კაცმა უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა – იქიდან პატარა ბიჭის ნაცვლად დანაოჭებული მოხუცი შემოჰყურებდა. ავტომობილი დაქოქა…
მეორე დღეს შვილიშვილი გაასეირნა რიყეზე. ბავშვი ქვიშაში სათამაშოდ გაუშვა, თვითონ იქვე სკამზე ჩამოჯდა.
– ლიკა, მზესუმზირა არ გინდაო? – შეეკითხებოდა ეს.
– ვა, ზურიკო, შენ აქ რა გინდაო?! – უპასუხებდა ის…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button