ფრიდონ ხალვაში – დათვის ხაფანგი
გეგონება ყვავილები მოისხაო, ისე დაწითლებია ნეკერჩხალს ფართო, ძარღვიანი ფოთლები.
წიფელის ფოთლებიც დაყვითლებულან, მაგრამ ისინი ფერიცვალებისთანავე კვდებიან და უსულო ფარფატით ცვივიან დედამიწაზე.
ნეკერჩხლები კანტი-კუნტად და შორიშორ დგანან ქალწულებივით თავმომწონედ, ხანდახან ნიავის ნელ მელოდიას რტოების ნაწი რხევით ისე აჰყვებიან, იფიქრებ, ხეებსაც ცეკვა სცოდნიათო.
რაღაც იდუმალი ძალით ნეკერჩხალს შემოდგომაზე დიდხანს არ სცვივა ფოთოლი და მისი მეწამური ბულულები უცნაურ კოცონებად ანთია აქა-იქ ტანგაძარცული ხეების ჯარში.
მაგრამ წყაროთა იქით, ტყის პირას რომ ბოჯიკა ნეკერჩხალია, იმას მაინც მოსწყდა ერთი ხელისსიფართე ფოთოლი, იქანავა, იქანავა, თითქოს დაჭრილი ფრინველი ფართხალებსჰაერშიო და ბოლოს, წყაროს პატარა, ანკარა მორევზე დაეცა.
ამან უცებ გამოაფხიზლა სალიხი, რომელიც კარგა ხანია აქ ზის და ღრმად ჩაჰყურებს წყაროსთვალს. მას კაკლის წენგოში შეღებილი ძიგვას შარვალი აცვია, რომელიც ოდნავ გახუნებია, მაგრამ ღრმა ნაკეცები მაინც მოწითალოა, როგორი ნეკერჩხლის ფოთოლი შემოდგომაზე.
მეჩხერი ჭაღარა ბალანს დაუფარავს მისი ხელი და მზით დამწვარი ღაწვები, გათეთრებული, სქელი თქმა, რომლის დავარცხნა იშვიათად უცდია, ჯიუტად დაუფარავს, მაღალი წარბების ქვეშ ერთადერთი საღი თვალი ღრმად ჩავარდნია და ისე ციმციმებს, როგორც წყალი ჭის ფსკერზე.
მერამდენე თვეა უკვე, რაც სალიხი აქ ზეგანში ამოდის, რომ დათვისათვის დაგებული ხაფანგი მოიაროს.
დათვი მიეჩვია შეჭყინტულ სიმინდის ყანას და ბრიგადირმა დააკისრა ნადირის დაჭერა. სალიხმა ვეებერთელა ხაფანგი ოსტატურად დაუგო დათვს იმ ვიწრო ბილიკზე. ტყიდან ყანაში რომ ჩადის.
ჯერ ხელში მოფშვნილი მიწა გადააყარა ფრთხილად, შემდეგ ხმელი ფოთლები და წვრილი პიწკები, მაგრამ დათვი მაინც არ ტყუვდება.
აგერ თორმეტი დღეა ელოდება სალიხი, მაგრამ არაფერი გამოდის, დათვი კი ყოველ ღამე ანადგურებს ყანას.
დღეს ტყიჟან ახალი გამოსავალი აღმოაჩინა, ხაფანგი დასხლიტა, ზურგზე აიკიდა და იმ ახალ ადგილას გადაიტანა. ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც მოახერხა და მარტოკამ დააგო ამოდენა ხაფანგი.
შემდეგ წყაროსთან ჩავიდა, რომ აგრილებამდე იქ დაესვენა, მაგრამ ახლა არც დათვზე ფიქრობდა და არც ხაფანგზე.
ნეკერჩხლის ამ ერთმა ფოთოლმა ძველი ამბავი გაახსენა. ოდნავ მოიღუშა და ამოიხვნეშა.
ამნაირი შემოდგომის პირი იდგა მაშინაც.
სალიხი საზამთრო შეშის მოსაჭრელად ამოვიდა ამ ტყეში. მაშინ ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლისა იყო.
ქორფა ტყე რომ გაეჩეხა, ბილიკს ზემოთ აცილდა და იქ მოიქნია ცული. წიფლის ტლანქი ხეები ლაწანით წვებოდა მიშაზე.
მაშინ სოფელში ჯერ კიდევ არ იყო კოლმეურნეობა, მაგრამ სალიხს საკუთრებაზე არ უფიქრია, ტყე ტყეა, ყველას ეყოფაო.
არც არავისი იყო ეს ტყე.
ნაშუადღევს მოჭრილ ხეებზე წალდით ტოტების სხვლა დაიწყო და შიშველ მორებს სახორხიალაში აცურებდა.
ჯერ მხარზე გაიდებდა მორს, შემდეგ ორივე ხელით ოდნავ ზევით აზიდავდა, წინ გადაიწევდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ქვემოთ გადაისვრიდა. ერთ ხანს ყურს მიუგდებდა, ქვებიდან ზეასხლეტილი მორი ყრუდ გააპობდა ჰაერს, შემდეგ ის ქვებზე გაიშლიგინებდა. პატარა მინდვრის თავგი, სწორედ იმ წყაროს ზემოთ, ქვიშაში ჩაესობოდა თავით და გაჩერდებოდა.
სალიხს ძალა ერჩოდა, დაღლას ვერ გრძნობდა.
რომ მოშივდა, ხელსახოცში გამოკოჭილი დედის გამოტანებული მჭადი და დაწნილი ყველი ჩამოიღო ხიდან და საჭმელს ფეხდგომელა შეექცა.
შემდეგ ისევ გადააგდო მორი სახორხიალაში და ისევ მიუგდო ყური.
და უცებ ქვემოდან გაიგონა ვიღაცის ხმა:
_ ჰე, ჰეეეეიიი! რომელი ხარ მაქ, ჭოვ!..
სალიხს, ცოტა არ იყოს. შეეშინდა, გაჩერდა. არაფერი უპასუხნია. გადაზნექილ ცხმელაზე შედგა, ქვემოთ გადაიხედა. ტიალში ორი კაცი გაარჩია, მაშინვე იცნო ძმები: იდრისი და ენვერი, ორივეს წალდები ეჭირა ხელში და წელზე საჭვირთე თოკები ერტყათ.
ისინი პასუხს აღარ დაელოდნენ, რაღაც ჩაილუღლუღეს თავისთვის, ერთხელ კიდევ აიხედეს მაღლა და სწრაფად გაუჩინარდნენ ტყეში.
ბოროტი და შარიან ვინმე იყო იდრისი. ძალით ეძებდა მიზეზს, რომ მტერი გაეჩინა. ჩამოივლიდა სოფლის გზებზე და რისხვით უბღვერდა ბიჭებს. ზოგიერთს კიდეც ამოარტყამდა ფეხს და მიბნედილს მიაგდებდა იქვე. დანარჩენი ბავშვები ვერაფერს უბედავდნენ ამხელა ტროყს და პირში თითებჩაყოფილნი უხმოდ მიძუნძულებდნენ თავიანთი სახლებისაკენ.
ერთხელ სალიხის მეზობლის ეზოში ათი-თორმეტი ბიჭი ჩილიკაჯოხს თამაშობდა. თამაშის დროს გზაზე გამოჩნდა. `ქოსა იდრისი~ _ ასე ეძახდნენ მას, რადგანაც სახეზე ძალიან ეტყობოდა ნაყვავილარი და წვერიც მეჩხერად ამოსვლოდა, რომელიღაც მოთამაშის მიერ გასროლილი ჩილიკა-ჯოხი უცებ ზურგზე მოხვდა იდრისს.
იგი უმალვე მოტრიალდა და ბიჭებისაკენ გამოექანა. იმათში ყველაზე მოზრდილი სალიხი იყო. შეშინებული ბავშვები აქეთ-იქით გაიფანტნენ, მაგრამ სალიხმა გაქცევა არ იკადრა და მრისხანე იდრისიც სწორედ მას დაადგა თავზე.
_ შენ ქენი, ხომ?! _ შეჰყვირა მან და სისხლმორეული თვალები ცეცხლის ალივით მიაცხუნა სახეზე.
_ ჰო… _ ძალაუნებურად უპასუხა ბიჭმა და იმავე წამს ლოყაზე მძლავრად მოქნეული ხელი მოხვდა. ყურმა წივილი დაუწყო და თვალებიდან ნაპერწკლები წამოცვივდა. ვიდრე რამეს მოიფიქრებდა, იდრისმა მეორედ მოუნაცვლა.
წაქცევამდე მან კარგად გაიგონა _ ბავშვებმა მახლობელი ბუჩქიდან კენჭებივით რომ დააყარეს სიცილი.
როცა დედამ ეს გაიგო, სალიხი სამ დღეს გარეთ აღარ გამოუშვა, არ გადაირიოს, ბიჭმა სამაგიეროს გადახდა არ მოიწადინოს და სამუდამოდ არ გადაიკიდოს იდრისიო.
სალიხს შურისძიების წყურვილი არ ასვენებდა, მაგრამ გულში ფიქრობდა, გავიზრდები და გადავუხდიო.
სწორედ ეს ამბავი გაახსენდა იმ დღეს ტყეში.
ამასობაში ოფლში გაწუწული ენვერი და იდრისი მასთან გაჩნდნენ.
_ შენ ხარ, შე ღორის ნაგაზო? _ შეუღრინა იდრისმა.
_ თხიპარიას შვილი ხეირს დაგაყრის, აბა? _ მოუცვალა სიტყვა ენვერმა. ასეთი რამ პირველად არ ესმოდა სალიხს. თხა მართლაც მოიპარა მამამისმა. ეს კიდევ უფრო ძველი ამბავია. სალიხი ჩვილი ბავშვი ყოფილა. წველა არ ჰქონიათ სახლში. შეეცოდა პატარა სალიხი და მამამ მეწველი თხა სთხოვა საქირაოდ მეზობელ სოფელში დავით-აღას ნაშიერს ქაზიმს. მაგრამ ქაზიმმა არ მიაქირავა თურმე მამამისს თხა. მაგის გატანებას თიკნებმა წოვონ ის მირჩევნიაო.
საშველი აღარ იყო. ჩვილი ბავშვის პატრონმა კაცმა აიღო და თხა მოიპარა. ზაფხულში წველიდა, შემოდგომაზე კი უკან მიუყვანა ქაზიმს. თან ერთი ბულული სირმასავით თივა მიუზიდა ეზოში ქირად.
კი მიუყვანა, მაგრამ ქიზიმმა მაინც თხიპარია დაუძახა. ორივე სოფელმა შეიტყო ეს ამბავი.
მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ სალიხს პატარაობისას ყველგან `თხიპარიას შვილს~ ეძახდნენ. თავბედს იწყევლიდა ბიჭი.
როცა კარგად წამოიზარდა, თანდათან მოეხათრათ სოფლელებს და ნაკლებად თუ ვინმე შეირცხვენდა. ბოლოს და ბოლოს, მთლად მიივიწყეს თხის მოპარვის ამბავი.
მაშინ, იმ დაწყევლილ დღეს, ტყეში რომ იყო, მეხივით დაასკდა სიტყვები _ `თხიპარიას შვილი~, მაგრამ სიტყვა არ შეუბრუნებია ავფეხზე ამდგარი ძმებისათვის, მხოლოდ წალდი დაუშვა და ნელი ხმით გაეპასუხა უფროს ძმას:
_ რა იყო, ენვერ, რა?
_ რატომ ჭრი ჩემს ტყეში… ასეთი იყო მამაშენიც, ქურდობით არჩენდა ოჯახს… არა, ეგ აღარ გაგივა, _ ამბობდა ენვერი, ხოლო იჟრისი ნაყვავილარ ცხვირს ისრესდა ხელისგულით და დროს უცდიდა, რომ ახლა მასაც ეგინებინა. ეს წუთიც მალე დადგა. იდრისი წინ გამოიჭიმა, ჯერ წალდი გამოგლიჯა სალიხმა, მერე ის ადამიანი შეუგინა, ვინც ყველაზე მეტად უყვარს კაცს.
სალიხმა სიბრაზისაგან ენა ვეღარ მოიბრუნა, მხოლოდ ლოყები წამოენთო, ყელზე ძარღვები დაებერა და გაცხარებული ყოჩივით გულმკერდში დაეჯახა იდრისს. იდრისი ამას არ მოელოდა, ამიტომ წალდიანად, ჯერ მახლობელ ხეს მიასკდა ზურგით, შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და წაიქცა.
გაშმაგებული სალიხი მივარდა, რათა ერთიც სახეში ჩაერტყა, მაგრამ ამ დროს ენვერის მოქნეული წალდის ყუა მოხვდა და თვალებზე ლიბრი გადაეფარა.
_ დავახრჩობ ამ ქურდის ნაშიერს… _ აღრიალდა ფეხზე წამომდგარი იდრისი, რომელიც მიწაში ამოსვრილი ხელებით ყელში მისწვდა სალიხს. მაგრამ `დახრჩობა~ საჭირო აღარ შეიქნა: ენვერმა მოუნაცვლა წალდი. სალიხი გაიქცა. იდრისი ვერ გაძღა ამით და შემობრუნებული წალდის ტარი სახეში ჩაარტყა. ტარი შიგ თვალში მოხვდა და ძმებმა საშინელი სურათი დაინახეს: სალიხის მარცხენა ლოყას თვალის გუგიდან სქელი სისხლის ფაფა ჩამოსდიოდა. ფერშეცვლილი ძმები იქაურობას გასცილდნენ.
სალიხს ახსოვს უკანასკნელი ფერები, მის ჩამკვდარ მზერაში რომ ისახებოდა, ირგვლივ ეყარა სისხლით შეღებილი ფოთლები. მოშორებით ნეკერჩხალსაც ასეთი წითელი ფოთლები ეკიდა. მზეც ნეკერჩხლის ფოთოლივით გაწითლებულიყო და ბუდიდან ამოვარდნილი სისხლიანი თვალივით ეგდო იქით, ტყის მიღმა.
ოცდაათი წლის წინათ მოკლული თვალი ახლა ისევ აეწვა, მაგრამ გულში უფრო მეტი ცეცხლი იგრძნო და ისევ თავის წეღანდელ ფიქრებს დაუბრუნდა.
მაშინდელი მტრობა სხვანაირი იყო.
კაცი თუ დაგარტყამდა, უნდა მოგეკლა ის, რომ გვარი სირცხვილისაგან გეხსნა.
სალიხი შემთხვევით გადარჩა, თორემ ძმების ხელით ის ხომ ნამდვილად მოკლული იყო.
ამიტომ უთვალოდ დარჩენილს მხოლოდ ერთი მიზანიღა ასულდგმულებდა. უთუოდ შური ეძია ერთზე, ან ორივე ძმაზე. დიდხანს უკლავდა გულს ისიც, რომ მისი დანიშნული, ამ ამბის გამო, ქალის მშობლებმა სხვას მიათხოვეს, შეშინდნენ, როგორ დავუმოყვრდებით ისეთ კაცს, რომელსაც მტერი ჰყავსო.
სალიხი დიდხანს ეძებდა შემთხვევას, რომ სახეზე უკვე მოშუშებულ მაგრამ სულში სამუდამო მწვავე ტკივილი, მტრისათვის გადახდილი საზღაურით გაენელებინა.
მაგრამ არ იქნა და არ დაუდგა ასეთი შემთხვევა.
ბოლოს ხომ დროც შეიცვალა…
ქვეყანას ახალი, ძლიერი პატრონი გამოუჩნდა. რაიკომისა და სოფლისაბჭოს კაცებმა ძველი გადამტერებულებისა და ყველა მოქიშპის შერიგება დაიწყეს.
მონახეს სალიხიც და… მთელი სოფლის თვალწინ იდრისსა და ენვერს შეარიგეს.
შეარიგეს, მაგრამ გული მაინც გაბზარული დარჩა. შურისძიების წყურვილი სტანჯავდა.
დრო კი ნელ-ნელა ნაცარს აყრიდა ძველ ღადარს და ყველას უქრობდა მტრობის ამ ცეცხლს, რომლის ნაკვერცხალი ახლა მხოლოდ სალიხს უთუთქავდა გულს.
ცოლ-შვილს რომ გვიან მოეკიდა სალიხი და ოჯახის მოწყობაც რომ დიდხანს გაუგრძელდა, ამის მიზეზიც შურისძიების ეს სიმწარე იყო.
ახლა, ამ სიშორიდან რომ გადაჰყურებს წარსულს, ისევ ისე ეწვის გული სალიხს, რადგან ცხოვრებაში მისი დამჩაგვრელი ენვერი თავის სიკვდილით მოკვდა, ხოლო იდრისი ქვეყანაზე არხეინად დააბიჯებს.
ამ ფიქრს ვერ გაუმხელდა ვერც ცოლს, ვერც შვილებს, ვერც ვერავის დედამიწის ზურგზე.
ახლა წყაროსთან რომ ზის და ნეკერჩხლის გაწითლებულ ფოთოლს აკვირდება მწარედ აგონდება: იდრისი ისევ არხეინად დააბიჯებს.
იდრისი იტყოდა, რომ სალიხს არ სიამოვნებდა მისი დანახვა, მაგრამ არასოდეს მორიდებია. ეს საშინლად აგულისებდა სალიხს. თვალში მაინც ნუ მეჩრება ის გამოსაწყვეტი, გამეცალოს, ცოტა მაინც მომერიდოსო. მტერი როცა მოგერიდება, ისიც დაფასებააო, გაუგონია სალიხს.
ენვერის გოგო შეყვარებია რეზოს. ბედიც ამას ჰქვია! კაცს ერთი შვილი მყავს და მას მაინცდამაინც ისეთი კაცის მოყვრობა მოუნდომებია, ვისკენაც ღიმილიან პირს ვერასოდეს ვერ მიაბრუნებ.
რეზოც დიდხანს უმალავდა მამამისს ზექიეს სიყვარულს, მაგრამ როცა იდრისმა ძმისშვილის სხვა სოფელში გათხოვება მოიწადინა, რეზოს ისე შეეკუმშა გული, რომ ვეღარ მოითმინა და მამას გამოუტყდა.
ხათრით სალიხმა პირზე ბოქლომი დაიდო, ამ ამბის გამო შვილს არც კარგი სიტყვა აღირსა, არც ცუდი, ეგონა იდრისი ამასობაში სხვა სოფელში გაათხოვებს ზექიეს და უსიამო რძალს გადაურჩება ჩემო ოჯახიო, მაგრამ ქალი თავისას იჩემებდა.
ასე ფიქრობს იგი რახანია წყაროსთან მზე გადახრილი დასავლეთით. ბილიკებს ჩრლილი დაჰფენია.
სალიხი დგება, წიფლის ხმელ, დიდნაპობს ნაჯახით შემოღარულზე რცხილის გრძელ წირეხს გააბამს, ცულს ხელში აიღებს და თავდაღმა დაეშვება,. თან გაღმა ფერდობისაკენ იყურება, იქნება ვინმე კიდევ დავინახო სოფლისაკენ მიმავალიო.
არავინ ჩანს.
შარაგზის გაცვეთილ ქვებზე რაკარუკი გაუდის ხმელ წიფელს. ნადირისათვის ზედმეტი საეჭვო კვალი და სუნი რომ არ დაეტოვებინა, სალიხმა სიფრთხილე გამოიჩინა და ბილიკზე დაგებული ხაფანგი აღარ მოუნახულებია.
ამჯერად ისე საგულდაგულოდ მოაწყო ყოველივე, რომ რატომღაც გული ეუბნებოდა. ამაღამ უთუოდ გაებმება დათვიო.
ის ყანა მარჯვნივ დარჩა. ზემოთ ტყეა, ქვემოთ ტიალი ყანა ლამაზ ფერდობზე. საღამოს გრილ ნიავს გზამდე მოაქვს ახალშეჭყინტული სიმინდის ქოჩრის მტვერი და სინედლის გემრიერი სურნელი.
წელს წვიმებსაც არა უშავდა.
თუ წვიმიანი წელიწადი დარჩა, მთის ყანაში მეორე ნალია უნდა ააშენოო, იტყვიან.
მაგრამ ამ ყანაში ერთი ნალიაც არ იყო. კოლმეურნეები იქვე, ყანაში გაინაწილებდნენ გარჩეულ სიმინდს და ზიდავდნენ თავიანთ ნალიებში, თორემ აქ კიდევაც რომ დატოვო სიმინდი გასახმობად, დათვები ნალიებშიც დაიწყებენ `მუშაობას~.
ასე ჩამოიარა მთელი გზა ფიჭვნარამდე.
შემდეგ მარჯვნივ შეუხვია ღელისაკენ. იქიდან ფერდობზე ირიბად დაშვებულ ჩანაღვარებ ბილიკს დაადგა, უკვე მიაღწია იმ ბექობს, საიდანაც მალე სოფელი გამოჩნდება.
მაგრამ ამ დროს უცნაური ძახილი შემოესმა ტყიდან. შეჩერდა.
სალიხის ღრმადჩავარდნილი ერთადერთი თვალი თითქოს მაღლა ამოეწია, გაფართოვდა და მთელ სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
ყვირილი კი უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება. უკვე შეიძლება ზოგიერთი სიტყვის გარჩევა.
_ ოოიიიი!.. მიშველეთ!..
სალიხმა წირეხი ხელიდან გააგდო და ცულით ხელში უკან გაბრუნდა. ო, რამდენი შესძლებია კიდევ!
მირბის აღმართში, აღარ იქნა; მუხლი მოეჭრა,. ქვას მიეყუდა, ყური მიუგდო.
ძახილი ვეღარ გაიგონა, გაუკვირდა.
მაშინ აზრმა გაუელვა: დათვის ხაფანგში კაცი თუ ჩავარდაო.
საკუთარი გულის დაგადუგმა გამოაფხიზლა.
ახლა მხოლოდ ხმამაღალი კვნესა აღწევს გზამდე.
სალიხი ისევ აღმართზე მიიჩქარის.
გზისაკენ გადმოწვდილი შქერის ბუჩქის ტოტები, რომლებსაც ხელით ეტანება სალიხი და მოკვეთილ მუხლებს აღმა მიათრევს.
წყაროსთან აღარ ასულა, ყანისაკენ გაუხვია და სიმინდებს კიდე-კიდე აჰყვა.
_ მიშველეთ! _ უფრო ახლოს და გარკვევით გაიგონა მან.
სალიხსაც მოუნდა საპასუხოდ დაეძახა რამე, მაგრამ რატმოღაც ხმის ამოღება ვერ მოახერხა.
იგი ისე მიუახლოვდა ხაფანგს, რომ ადამიანის კვნესა და მძიმე სუნთქვაც უკვე კარგად გაარჩია.
დაბალ წიფლნარში შევიდა. ვეღარ მოითმინა. ერთი ხის რიკზე შედგა ცალი ფეხით და იმ ბილიკს დაუწყო ძებნა, სადაც ხაფანგი იყო დაგებული.
ბილიკზე ჯაჭვი შენიშნა. იქვე ეგდო გვერდზე გადაბრუნებული, ტვირთად შეკოჭილი ძმერხლი. ზურგიც თუ მიჰქონდა ვიღაცას…
ოდნავ ქვემოთ კი ჭაღარა კაცი დაინახა. სალიხმა ვერ იცნო… მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გადამხტარიყო, უბედურებაში ჩავარდნილ კაცს მიშველებოდა, ძირს ჩამოვიდა, თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ მიწაზე დაჯდა.
მისმა გონებამ ვერ შესძლო გამოსავალი ეპოვა. ასეთი მძიმე, აუხსნელი და აუტანელი ამოცანის წინაშე იგი არასოდეს მდგარა.
რა უნდა ექნა?
მიფარებოდა მაინც იმ ოხერ გორას და აღარ გაეგონა ეს უბედური ხმა; აქ არ ამოსულიყო და თავისი თვალით არ ეახა ყველაფერი.
თუ ზეგანში ჩემს მეტი არავინაა, _ ფიქრობდა იგი, _ ამ ხმას ხომ სხვა ვერავინ გაიგონებდა.
მიატოვოს!?
არადა, როგორ მივიდეს ახლოს, როგორ გაუწოდოს ხელი ამ კაცს, ვინც მისი სიცოცხლე კინაღამ ჩაქოლა, ცალი თვალი ვინაც ამოთხარა, ცხოვრება ნახევრად დაუქცია, სამუდამოდ გაამწარა.
ახლა, როცა ღმერთმა თვითონ ინება მისი დასჯა, მოდი, ხელი გაუწოდე. გადაარჩინე, აცოცხლე, რომ შენი შვილიც ისევ აიგდოს და გაამწაროს.
ეს შემთხვევა თავისთავად მოვიდა, ისე რომ, სალიხს არ დასჭირდება შურისძიება.
მაგრამ სალიხმა რატომღაც მაინც ინატრა: ერთი ვინმე გამოჩნდებოდეს და მიეშველებოდეს ხაფანგში ჩავარდნილსო.
თავად კი… არა, არ შეუძლია.
ამ დროს ჯაჭვის ნელი წკარუნი გაიგონა, წკარუნს არაადამიანური ყვირილი მოჰყვა. ალბათ, ერთხელ კიდევ სცადა ხელით შებრძოლებოდა ხაფანგს, მაგრამ უარესი მოუვიდა: კბილანები უფრო ღრმად ჩაერჭო სხეულში.
სალიხს ღონიერი ფეხები მიწაზე ფართოდ დაებიჯებინა და გაოგნებული თავდაღმართს გადაჰყურებდა, თითქოს გადავარდნის ეშინოდა.
აი, მართლაც თავი ვერ შეიკავა, ძირს დაეცა, მერე ადგა, ხეებს შეასკდა, ძლივს გაიკვლია გზა და მოწყვეტილი გაიქცა.
ჯაჭვის ცივი ჟღარუნი არ შეჩერებულა. ხაფანგში ჩავარდნილი კაცი ხომ არ აედევნა?!
უნდოდა მოეხედა, მაგრამ ვერ შეძლო.
ხელები რატომ ჰქონდა ცარიელი?
ცული სადღაც დავარდნია.
ჯანდაბას ცული.
გზაზე მიტოვებულ წიფლის შეშას რომ მიუახლოვდა, თითქოს ჯაჭვის ხმასთან ერთად ძახილიც შემოესმა. დიახ, მას ეძახდნენ თითქოს.
არც უგრძვნია, როგორ წაავლო ხელი დაგდებულ წირეხს და ქვებზე წიფლის ხის ხმაურით როგორ გადაირბინა ასკილიანი სერი.
იქ, დაბლა, სოფელი გამოჩნდა.
ხმა უკან დარჩა, დაიკარგა.
მთებზე საღამო დაეშვა, ეზოებში საძოვრებიდან მოსული საქონლის ბღავილი ატყდა. ვახშმის მოსამზადებლად დანთებულმა ბუხრებმა კვამლის ბოლქვები აუშვეს ცისკენ. ბავშვები ცივი წყლის მოსატანად მახლობელი წყაროებისაკენ გარბიან თურგების წკრიალით.
სალიხმა ნალიის ქვეშ მიათრია წიფლის მორი და შინ შევიდა.
შინ ერთადერთი ვაჟიშვილი რეზო და უმცროსი ქალიშვილი საიმე ჰყავდა. საიმე ფერმაში მუშაობდა და ჯერ არ დაბრუნებულიყო.
დაღლილ-დაქანცული, ღონემიხდილი სალიხი სექვზე, გულაღმა წაიქცა და ქვითინი მორთო.
გაოცებული და შეძრწუნებული რეზო ოთახში შევარდა. მამას შუბლსა და ხელებზე ოფლის მსხვილი წვეთები ეყარა და მძიმედ სუნთქავდა.
_ ბაბა, ბაბა, რა იყო, იყო ბაბა… _ აკანკალებული ხმით ჰკითხა რეზომ.
მამამ იგრძნო შვილის სიახლოვე, გარედან ჭექა-ქუხილი გაისმა. სალიხს მოეჩვენა, რომ ვიღაცა მთელი ძალით უბრახუნებდა ცოლს და ცაზე გაკიდულ სქელ-სქელი ღრუბლის ქულები გუნდ-გუნდად ცეკვავდნენ დოლის ხმაზე.
ცა თითქოს დატრიალდა, სალიხს აღარ შეეძლო თვალის გასწორება და იატაკს დააცქერდა. აქ, მის წინ, ვეებერთელა სარკე აღიმართა, მაგრამ ეს რა საოცრებაა: მან სარკეში დაინახა თავისი სახე, ორივე საღი თვალით. შეშინდა, სიზმარი არ იყოსო და თვალი დახუჭა, შემდეგ კვლავ გაახილა, მაგრამ მის წინ ფართოდ გაღებული ვეებერთელა ფანჯარა იყო. გარეთ, მაღალ-მაღალ ხეებს ხელებივით გადაუდვიათ ერთმანეთისათვის ტოტები და კვლავ ცეკვავენ.
აგერ მის წინ შეჩერდა ნეკერჩხლის ხე. თავდაღმა დაკიდებული ტოტებიდან სისხლის წვეთებივით გადმოაყარა დედამიწას წითელი ფოთლები.
იქ, ხის ძირში იჯდა რეზო, მისი ერთადერთი ვაჟიშვილი და გაკვირვებით შეჰყურებდა მამას.
_ შვილო, გაიქეცი, უშველე, კაცია დათვის ხაფანგში… და რეზო ყველაფერს მიხვდა.
* * *
გზადაგზა რეზოს ბიჭებიც აედევნენ, მაგრამ ის მაინც პირველი მიიჭრა იდრისთან, რომელსაც უაზროდ გაღებული თვალები ზეცისათვის მიეპყრო.
_ შენ გადამირჩინე ბიძა.
_ მე რატომ, ყველამ ერთად.
_ არა, შენ გადამირჩინე ბიძა, რეზო, შენი ჭირიმე…
_ შენი ჭირიმე, ზექიე…
რეზო ხვნეშის.
_ რა ვქნა, ერთი გადაიტანდეს მამაჩემი იმ ამბავს და აღარაფერზე აღარ იტყვის უარს, მაგრამ ძალიან ცუდადაა…
_ შენთან რომ ვიყო, მოგეხმარებოდი, მოვუვლიდი… რომელ ერთს გაწვდეს შენი და; შინ თუ გარეთ?..
_ შენი ჭირიმე, ზექიე…
_ შენი ჭირიმე, რეზო…
ვაჟი არ ეკარება, თავს იჭერს, რა ქნას…
მაგრამ ხელები ხელებს ეფერებიან, თითები თითებს კოცნიან; რეზოს ხელი უფრო გაბედულია, _ ფართო ხელისგულზე დაიდებს ზექიეს პატარა, თბილ ხელს და თითებით მოეხვევა.
ისინი რეზოს სახლის მახლობლად სხედან კორდზე. ღამეა, ბნელა, მაგრამ ქვემოთ, ხეობის ფსკენზე მაინც ელვარებს თეთრად გაწოლილი აჭარისწყალი.
ღამის კალიები ძილისპირულს ამბობენ ბალახებში. სადღაც ხბო ბღავის, ალბათ გარეთ დარჩენილა და დედას ეძახის მიშველეო.
იქნებ არც ღამის კალიები გალობენ? იქნებ ყოველ სულიერს რამე აწუხებს, ერთმანეთს ეძახიან საშველად.
სადღაც ფიჭვების მხარეს, ჩიტების ძილისპირული ჟივჟივი გაისმის, ღამით უფრო იგრძნობა სამყაროს სუნთქვა.
ჰო, ნიავი რომ აშრიალდება, მიწის სუნთქვა გეგონება გასაგები, ახლობელი, თბილი.
რა პატარად მიგაჩნდა თავი, როგორ იკარგებოდი წეღან ამ უსაზღვროებაში. ახლა კი, _ ამხელა მიწა შენ გეჩურჩულება. შენ გემუდარება, შენ გეხვეწება, შენ, სუსტ ადამიანს: მიშველე, გადამარჩინეო.
ხელები ქალის მხრებზე გადაინაცვლებენ და თითებით ერთმანეთისაკენ მიიწევენ, უახლოვდებიან, ინასკვებიან და ქალის თმა ეფინება ვაჟის მკერდს.
და უცებ, ბნელ სიჩუმეში, რეზოს სახლიდან მოისმა ქალის შეკივლება, მჭახე, ცივი და გამჭოლავი.
ისინი წამოდგნენ და უხმოდ გაემართნენ სახლისაკენ. რეზოს გულმა უგრძნო, რაც მოხდა.
უკან მიუხედა ზექიეს და უთხრა:
_ შინ წადი, ზექიე, მამაჩემი აღარაა… წადი შინ.
ქალიშვილი თავჩაღუნული მიჰყვება მაინც, თითქოს არაფერი გაუგონია.
მეტი არაფერი ისმოდა სახლიდან, არც რეზოს უთქვამს რაიმე ზექიესათვის, რადგან ქალი ჯიუტად მიჰყვებოდა უკან.
ოთახის ღია კარზე რეზოს და მიყრდნობილიყო და ქვითინებდა.
სექვზე გულაღმა იწვა სალიხი…
ამის შემდეგ რატომღაც დათვი ყანაში აღარ შესულა.
ბრიგადირმა და რეზომ ხაფანგი სოფლის ღელეში გაათრიეს და შემხმარი სისხლის შავი ლაქები ჩამორეცხეს.
შემდეგ ხაფანგი ჩამოიტანეს და საწყობში შეაგდეს.
ზექიე რეზოს სახლიდან იმ ღამის შემდეგ აღარ წასულა, მაგრამ ქორწილი მხოლოდ მეორე შემოდგომას გადაიხადეს, რადგანაც სალიხის გარდაცვალებამ ოჯახს დიდი ხნით წაართვა ხალისი.
1968 წ.