კანადის უმსხვილესი ბანკი აამოქმედებს პლატფორმას კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის
Royal Bank of Canada (RBC), რომლის მართვის ქვეშაც 499 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით აქტივები იმყოფება, აამოქმედებს პლატფორმას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის.
ბანკმა კანადისა და აშშ-ის შესაბამის ორგანოებში შეიტანა ოთხი საპატენტო განაცხადი, რომლებიც ეხება გადაწყვეტილებას მის ოპერაციებში კრიპტოვალუტების ინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, RBC ასევე შეძლებს გახსნას ანგარიშები კრიპტოვალუტების შესანახად.
„ცალკეული მომხმარებლებისთვის კრიპტო გასაღებებით მართვა და სხვადასხვა კრიპტოაქტივით ოპერაციების განხორციელება შესაძლოა პრობლემა იყოს. ზოგ შემთხვევაში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციის დადასტურებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული დრო, ასევე შეიძლება ისინი არათავსებადი აღმოჩნდეს სავაჭრო სისტემებთან“ – ნათქვამია ერთ-ერთ საპატენტო განაცხადში.
ბანკში ჯერჯერობით უარს აცხადებენ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნავენ, რომ განაცხადების შეტანა მუდმივად ხდება კონცეფციისა და იდეების დაცვის მიზნით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კანადის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას – გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა იმ „პირდაპირ საფრთხესთან“ საბრძოლველად, რომელიც კრიპტოვალუტებისგან მომდინარეობს.