
LG დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის გამოშვებას აპირებს
სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics, ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით აპირებს გამოუშვას ორიგინალური სმარტფონი, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება.
ახალი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა საპატენტო დოკუმენტაციაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO).
საუბარია სმარტფონზე, რომელსაც მოქნილი ეკრანი-გარეკანი ექნება. ასეთი პანელი წარმოდგენილი იქნება ფრონტალურ ნაწილზე, მოიხრება კორპუსის მარჯვენა მხრიდან და მთლიანად დაფარავს უკანა მხარეს.

საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლები შეძლებენ დრეკადი დისპლეის მთლიანად გაშლას – ამგვარად მოწყობილობა მცირე ზომის პლანშეტად გარდაიქმნება.
ეკრანის ქვემოთ მოცემულია საკმაოდ განიერი ჩარჩო: აქ განთავსდება ორი ფრონტალური კამერა ფლეშ-განათებით. იგი უკანა კამერის ფუნქციას შეასრულებს იმ დროს, როდესაც დისპლეის უკანა ნაწილი დაკეცილ მდგომარეობაში ვიდეომაძიებლის სახით იქნება წარმოდგენილი.

ილუსტრაციების თანახმად სმარტფონს ექნება სიმეტრიული USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი ყურსასმენისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერი, როგორ ჩანს, ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. გარდა ამისა, მოწყობილობას არ აქვს მართვის ფიზიკური ღილაკები კორპუსის გვერდით ნაწილებში.

ჯერჯერობით ამგვარი დიზაინის სმარტფონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგეგმება თუ არა მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა – უცნობია.