გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

ბონდო არველაძე – “მიხეილ ჯავახიშვილი – სასწორზე შეგდებული სიცოცხლე”

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რელიეფურად გამოკვეთილი დისიდენტი მწერალი იყო, რომელმაც ვერ მიიღო ახალი, საბჭოთა წყობა როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად. ამისი მცდელობა კი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო იგოეთის კომუნაზე ნარკვევის დაწერაც კი. რაც დაწერა, დახია და თქვა: ,,რა ვქნა, შეკვეთით წერა არ შემიძლიაო”.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის ციხე, პატიმრობა უცხო არ იყო. ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს იყო გამომწყვდეული მეტეხის ციხეში. ეს პატივი არც საბჭოთა მთავრობამ დააკლო…
20-იანი წლების მწერლის მძიმე სულიერ განწყობას კარგად გამოხატავს მის მიერ დავით სულიაშვილისადმი მიწერილი წერილი: ,,ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე… გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ე. ი. მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ. ეს არის და ეს”.
განგებას თუ ბედისწერას კი უკვე გადაწყვეტილი აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ბედი. ის ლაბა ხარივით მუხლჩაუხრელი შრომობს, შრომობს და თან უჩინარ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი ხელმძღვანელი. მოგვიანებით მწერალი იტყვის: ,,ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა, ალღო მოძმის მიშველიების და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას”.

პავლე ინგოროყვა

პავლე ინგოროყვა

ვერ უშველა კონსპირაციამ მიხეილ ჯავახიშვილს. “ჩეკა” ფხიზლად ადევნებდა თვალს და მის ყოველ ნაბიჯს პუნქტუალურად აღნუსხავდა. 1923 წელს დააპატიმრეს და ჰაიჰარად დახვრეტაც მიუსაჯეს. ბოლშევიკების ტყვიას ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ თხოვნით, მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო! ეტყობა, იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ სთხოვეს, ნუ დახვრეტთ, აპატიე, ვაჟას შვილიაო! ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტთო, იყო პასუხი.
ამასობაში დადგა საბედისწერო 30-იანი წლები. მიხეილ ჯავახიშვილს უკვე გამოცემული აქვს ,,ჯაყოს ხიზნები”, ,,არსენა მარაბდელი” და მწერლობის სხვა შედევრები. სტალინის ინიციატივით მწერალი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. ეს ჯილდო მწერალს სიცოცხლის გადარჩენის გარანტი ეგონა, მაგრამ ბერია ასე არ ფიქრობდა. …
ამ პერიოდში ლავრენტი ბერიამ მეტეხის ეკლესიის დანგრევა ბრძანა, რამაც ქართული საზოგადოება შეაშფოთა. ქართველი მწერლების ერთი ჯგუფი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილიც შედიოდა, ბერიასთან თხოვნით მივიდა.
,,დაგვინახა თუ არა, შავმა ალმურმა გადაჰკრა სახეზე. მან მკვახედ გვითხრა: ასე, დელეგაციის სახით, ერთად არ უნდა მოსულიყავით ჩემთან, ცალ-ცალკე რატომ არ მოხვედითო?” – იგონებს მწერლის ქალიშვილი ქეთევან ჯავახიშვილი მამის ნათქვამ სიტყვებს.
მწერლებმა ბერიას დაუმტკიცეს, რომ მეტეხის ეკლესიის დანგრევა არ შეიძლებოდა, რადგან იგი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუში იყო. მიხეილ ჯავახიშვილს ბოლოს ისიც უთქვამს: “ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ჩარდახში ჩასვამდნენო!”…
ბერიამ განკარგულება კი შეცვალა, მაგრამ დაიბოღმა, უვიცობაში რომ ამხილეს, წყენა არ დაივიწყა და მოგვიანებით დელეგაციის თითქმის ყველა წევრი დახვრიტა.
მიღების შემდეგ შინ დაბრუნებულ მიხეილ ჯავახიშვილს თურმე სახეზე ფერი აღარ ჰქონია. მართალია, ქართველ ერს მეტეხის ეკლესია შეუნარჩუნა, მაგრამ სიცოცხლე სასწორზე შეაგდო. ბერიას ცუდად შეახსენა თავი, რომელსაც დავიწყებული ისედაც არ ჰყავდა. ამჯერად არ ახლეს ხელი, მაგრამ ბერიას მსტოვრები მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ. მწერალი ხედავდა, მის ირგვლივ საბედისწერო რკალი როგორ ვიწროვდებოდა და იკვრებოდა: მის თანამებრძოლებსა და მეგობრებს თანდათან როგორ აპატიმრებდნენ. აღარ იცოდა, რა ექნა, რა გზას დასდგომოდა. ჯანმრთელობა უკვე ღალატობდა, მუხლები ტკიოდა, სიარული უჭირდა, დრო კი ტყვიასავით დამძიმდა.
დადგა 1937 წლის ზაფხული. მწერალი ოჯახით დასასვენებლად ქვიშხეთში იყო. აქ ყველა ამჩნევდა, რომ მწერალი ხასიათზე არ იყო. აკ. გაწერელია იგონებდა:
“ჩვენ ერთი სახლში ვისვენებდით. ყველანი ვცდილობდით, მიხეილ ჯავახიშვილისთვის გულიდან დარდი გადაგვეყარა. ერთ საღამოს, როცა უმრავლესობამ საძინებელ ოთახს მიაშურა, მიხეილმა მოისურვა ძველებური ჩვეულება, კარტის თამაში გაგვეხსენებინა. დაბნეული თამაშობდა. უცნაურად გამოიყურებოდა ეს დინჯი კაცი. მისი თვალები ავისმაუწყებელ სიგნალს გამოსცემდა. მალე შევწყვიტეთ თამაში. ჩანდა, მწერალს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
ეს ავბედითი წინათგრძნობა მწერალს მალე აუხდა. მიხეილ ჯავახიშვილი იმავე ზაფხულს, 14 აგვისტოს, დააპატიმრეს.
ვიდრე მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმებს გავეცნობით, ორიოდე სიტყვით შევეხები 1937 წელს პოლიტპატიმრების ,,გამოტეხვის” ხერხებს. “ჩეკას” ციხე დანტეს გენიალურად აღწერილ ჯოჯოხეთს ჰგავდა, მაგრამ მასზე ბევრად უარესი იყო იმიტომ, რომ დანტეს აღწერილ ჯოჯოხეთში ადამიანები ცოდვების გამო იტანჯებოდნენ, “ჩეკაში” კი უდანაშაულო ადამიანებს წამებით ხდიდნენ სულს და ჩაუდენელ დანაშაულზე ხელს აწერინებდნენ. “ამ ჯოჯოხეთიდან გამოსული გმირი ვერ ვნახეო”, _ წერდა ალ. იაკოვლევი, რომელიც ყოფილი საბჭოთა იმპერიის რეპრესირებულთა რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე იყო და მის ხელში ათასობით უსამართლოდ დასჯილთა საქმეს გაევლო.
საქართველოს “ჩეკა” უმეტესად დაკომპლექტებული იყო არაეროვნული გადაგვარებული ადამიანებით, რომელთა განათლება ოთხ კლასს არ აღემატებოდა. ვიდრე “ჩეკაში” მუშაობას დაიწყებდა, შესაძლოა, ზოგიერთი ნორმალურიც კი იყო, მაგრამ “ჩეკაში” მუშაობას როგორც კი შეუდგებოდა და უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას დაიწყებდა, მისი სულიერი მდგომარეობა ირღვეოდა და სადისტად იქცეოდა.
იმ დროისათვის საქართველოს “ჩეკაში” 761 კაცი მუშაობდა, აქედან 284 იყო ქართველი, 102 სომეხი, 143 რუსი, 35 ოსი, 32 უკრაინელი, 22 ებრაელი, 2 აფხაზი, 41 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. მათ შორის 258 საქართველოს საზღვრებს გარედან იყო მოსული. ,,ელიტარულ” III, IV, V განყოფილებაში, რომლებიც ძიების საქმეს წარმართავდნენ, ძირითადად არაქართველები მუშაობდნენ. მათ განათლებას თუ გადავხედავთ, 340 თანამშრომელი უდაბლესი განათლებით იყო, 360 საშუალო განათლება ჰქონდა, მხოლოდ 61 ჰქონდა უმაღლესი განათლება ან დაუმთავრებელი უმაღლესის ცოდნა.
30-იან წლებში “ჩეკას” ციხის ჯალათი იყო ასტრახანელი თათარი ზახარ ივანეს ძე შაშურკინი. ის ან ხელმძღვანელობდა დახვრეტის ოპერაციებს, ან თვითონვე ხვრეტდა პატიმრებს. ამავე დროს იყო ბერძენი ეროვნების კაცი ფეოხორა, რომელიც პატიმრებს სპეციალური მათრახებით სცემდა და სხვადასხვა ხერხით აწამებდა. მოგვიანებით, 40-იან წლებში, პატიმრებს აწამებდნენ მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში არსენ მეკოკიშვილი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კრივში ნავახარდოვი.

ბოგდან ქობულოვი

ბოგდან ქობულოვი

ამ ჯოჯოხეთში მეორედ აღმოჩნდა მიხეილ ჯავახიშვილი. მისი გამომძიებლები იყვნენ ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი. მწერლის პირველ დაკითხვას, მისი გამომძიებლების გარდა, ესწრებოდნენ ბერია და ქობულოვი. პირველად ლევან აბაშიძემ დაარტყა. მიხეილ ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა გაიშხლართა. ბერია იცინოდა, მივიდა, გულზე ფეხი დააჭირა და უთხრა:  “ახლა გადგას “ჩეკისტი” თავზეო!”
როცა ბერია ცეკას მდივნად დანიშნეს, მიხეილ ჯავახიშვილმა ერთ მეგობარ მწერალს უთხრა: “ესღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვდგომოდა თავზეო”. ბერიამ მწერალს ნათქვამი ზუსტად გაახსენა.
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დაპატიმრებამდე ჯერ სხვა პატიმრებს დაასახელებინეს. ერთ-ერთი ,,მოწმე” იყო ყოფილი სოციალ-ფედერალისტი ლევან ქოქრაშვილი, რომელმაც დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ დაასახელა ფაშისტური ცენტრის შემადგენლობა: ,,მიხეილ ჯავახიშვილი (ცენტრის ხელმძღვანელი), გიორგი (ზოზო) ნანეიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი (რეჟისორი), ცინცაძე (პროფესორი), ალიოშა წერეთელი (პროფესორი)”.
1937 წლის 19 აგვისტოს ნაწამები მიხეილ ჯავახიშვილი დაუპირისპირეს ქოქრაშვილს. გამომძიებელმა ბრალი დასდო, თითქოს მიხეილი ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ საქმიანობას და მოითხოვა დანაშაულის აღიარება. მიხეილ ჯავახიშვილმა ამ ბრალდებაზე უპასუხა: ,,კონტრორგანიზაციაში არ ვყოფილვარ. მაგრამ ზოგიერთ პირთან საუბრის დროს ჩემ მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრება კონტრრევოლუციური ხასიათის იყოო!”
ეს პასუხი სიმართლე იყო, რადგან მიხეილ ჯავახიშვილს, მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, მაინც წამოსცდებოდა ანტისაბჭოთა აზრები, მაგრამ “ჩეკას” თანამშრომლებს მწერლის ანტისაბჭოთა აზრები არ აინტერესებდათ. ეს ისედაც კარგად იცოდნენ. მათი მიზანი იყო, მიხეილ ჯავახიშვილი ანტისაბჭოთა ტერორისტული ორგანიზაციის, ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და კაპიტალისტურ ქვეყნებთან ჯაშუშურ საქმიანობაში ,,ემხილებინათ”…
წამებით დაუძლურებულმა ქოქრაშვილმა დაპირისპირებისას მიხეილი ,,ამხილა” როგორც ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ფაშისტური ორგანიზაციის კიდევ სხვა წევრები ,,დაასახელა” “საქლიტფონდის” დირექტორის მოადგილემ დავით წერეთელმა. რა თქმა უნდა, ეს ,,დასახელებაც” მოხდა მასზე სადისტური ზემოქმედების შედეგად. ეს “ფაშისტები” იყვნენ: ,,მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გერონტი ქიქოძე, ილო მოსაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, კოკი აბაშიძე, ნიკოლო მიწიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გოგლა ლეონიძე, დავით სულიაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, მიხეილ პატარიძე, ლევან ასათიანი, რაჟდენ გვეტაძე, შალვა დემეტრაძე, აკაკი გაწერელია, თედო სახოკია, აპოლონ წულაძე, ალექსანდრე ქუთათელი, არჩილ მიქაძე, იაკინთე ლისაშვილი და თვითონ, დავით წერეთელი”.
სინამდვილეში არავითარი მწერალთა ფაშისტური კონტრრევოლუციური ორგანიზაცია არ არსებობდა. “ჩეკისტებმა” ქვიშხეთის დასასვენებელ სახლში სუფრასთან მწერალთა საუბრები ფაშისტური ორგანიზაციის სხდომებად მონათლეს და ეს ათქმევინეს დავით წერეთელსაც.
ერთი სიტყვით, მწერალთა ფაშისტური ორგანიზაცია ბუნებაში არ არსებულა. ის იყო მხოლოდ ჩეკისტების დუხჭირ გონებაში. აღარას ვამბობ მიხეილ ჯავახიშვილის ტერორისტობაზე, რაც ახლა მწარე ღიმილის მომგვრელია. კითხულობ ამ ტომებს და ვის საქმეში არ შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის სახელს, ანდა ვიღა არ დაასახელებინეს მიხეილ ჯავახიშვილს… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთს აღვნიშნავ, სანდრო ახმეტელი ფიზიკურად ისე დაამუშავეს “ჩეკას” ჯალათებმა, რომ ისიც კი ათქმევინეს, თითქოს მიხეილ ჯავახიშვილს ,,ნაციონალ-ფაშისტური რომანი ,,არსენა მარაბდელი” კონტრრევოლუციონერმა ყურულოვმა შეკვეთით დააწერინაო” და სხვა ამგვარი ათასი სისულელე.
მოკლედ, ქვიშხეთის სუფრული საუბრები “ჩეკამ” კონტრრევოლუციურ შეიარაღებულ, ტერორისტულ, ფაშისტურ და სხვა ზარისდამცემ ორგანიზაციების სხდომებად აქცია.
მიხეილ ჯავახიშვილის წამება “ჩეკაში” მეთოდურად გრძელდებოდა. აქ არ ჩამოვთვლი, თუ რა არაადამიანური ხერხებით აწამებდნენ დიდ მწერალს. აწამებდნენ მანამ, სანამ ,,განცხადება _ აღიარებანი” არ დააწერინეს. ამ, ახლა უკვე საარქივოდ ქცეულ მასალაში მწერალი იძულებულია ,,აღიაროს” ,,დანაშაული” და თავი სამი კაპიტალისტური ქვეყნის აგენტად გამოაცხადოს, თანაც ვითომ 5000 მანეთამდე მიიღო ჯაშუშობის გასამრჯელოდ. თუ როგორ მოხდა ამგვარი ,,დანაშაულის აღიარება”, ამას მოწმობს მწერლის მეორე გამომძიებლის, მიხეილ ნაცვლიშვილის 1954 წელს მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაციის დროინდელი ჩვენება. მოგვაქვს მცირე ამონარიდი: ,,1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ქართველი მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი. მას ბრალად ედებოდა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა მუშაობა. პირველი დაკითხვა ჯავახიშვილს მოუწყო ბერიამ, ქობულოვისა და განყოფილების უფროსის, ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის მონაწილეობით. ჯავახიშვილმა საკუთარი ხელით დაწერა ჩვენება თავისი ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ. აბაშიძემ ჯავახიშვილის დაწერილი ჩვენებები გადმომცა მე, რათა დაკითხვის ოქმად გამეფორმებინა. მე გავეცანი ჯავახიშვილის დაწერილ ჩვენებებს და ეჭვი გამიჩნდა ჩვენებების უტყუარობის შესახებ, ვინაიდან მის ჩვენებაში მოყვანილი იყო ფაქტები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდნენ. მაშინ მივმართე აბაშიძეს, რომელიც ჯავახიშვილის დაკითხვაში მონაწილეობდა და ვკითხე, რაში იყო საქმე. აბაშიძემ მიპასუხა რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით, რომელთაგან ახლა მარტო განყოფილების უფროსი აივაზოვი მახსოვს: ,,მე რო ასე ვეცემე, ვაღიარებდი, რომ სიამის შპიონი ვარო,” და დაამატა: ,,დაწერეთ როგორც არის!”
მიხეილ ჯავახიშვილის საქმის ,,ძიება” დამთავრდა 1937 წლის 19 სექტემბერს. განსახილველად გადაეგზავნა, ე. წ., ,,ტროიკას”. მოგვაქვს საბრალდებო დასკვნიდან მცირე ამონარიდი: ,,ბრალდებული მიხ. ჯავახიშვილი გამოძიების მასალებით მთლიანად მხილებულია, რომ ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას და ჯაშუშობდა უცხოეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ, ეწეოდა მავნებლობას, აწყობდა დივერსიულ აქტებს და ამზადებდა ტერორისტულ თავდასხმებს, ანუ მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის 58-8 და 58-11 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში. მას აგრეთვე წაყენებული აქვს ბრალდება 58-10 და 58-11 მუხლებით”.
სისხლის სამართლის თითოეული ეს მუხლი სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას ითვალისწინებდა.
მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს. ზუსტად ამ დღეს მწერალთა კავშირში კრება მოეწყო. ქართველმა მწერლებმა კონტრრევოლუციონერი მიხეილ ჯავახიშვილი დაგმეს და მისი ფიზიკური განადგურება მოითხოვეს. მოითხოვეს იმიტომ, რომ ასე სურდა ლავრენტი ბერიას!…

P.S. მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის #9997 (საარქ. #34) მასალები, 30-იან წლებში რესპესირებულ სხვა საზოგადო მოღვაწეთა საქმეებთან ერთად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ყოფილი უშიშროების სამინისტროს არქივიდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. მანქანაზე გადაბეჭდილი მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტია შემონახული მწერლის შთამომავალთა არქივებში. სწორედ ამ დოკუმენტურ მასალაზე აიგო ზემოაღნიშნული სტატია.

“საარქივო მოამბე” N 2. 2008 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button