ბიოგრაფია

ვარლამ ჩერქეზიშვილი – Varlam Cherkezishvili

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიდი მამულიშვილი, მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

ვარლამ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1846 წლის 15 სექტემბერს სოფ. თოხლიაურში (საგარეჯოს რაიონი).
ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის, დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-68 წლებში, ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს.

1876 წელს ჩერქეზიშვილმა გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. 1876-78 წლებში თანამშრომლობდა რუსულ ემოგრანტულ ჟურნალში: “ვპერიოდ”(ლონდონი) და “ობშჩინა”(ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმს გილიობს, ელისე რეკლიუს, პეტრე კროპოტკის და სხვებს. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი “ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.

ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი “ხლებ ი ვოლია”.

რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი, არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს პოსტულატედ მიაჩნდა. იგი არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში. მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს. ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლივ წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. 1894 წლიდან დიდმა ილიამ თავის სახელგანთქმულ “ივერიაში” დაიწყო მისი წერილების და კორესპონდეციების ბეჭვდა, ”ვაზიანის” ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი.

რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები “ნობათი” და “მუშა”. ანარქისტული მოძრაობის მოღვაწეთა შორის იგი გახლდათ უიშვიათესი გამონაკლისი, ვინაიდან 1900-1917 და 1921-1925 წლებში თავდადებით იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.

1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. 1903 წელს მისი დამხარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი “საქართველო” და მისი ფრანგული დამატება “La George”. 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. ამ კონფერენციაზე ის მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა.

1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან მიიღო იარაღის დიდი პარტია ჰოლანდიელი ანარქისტებისგან, ხოლო ეკიპაჟს მეთაურობდა მისივე მეგობარი, ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისი. 1907 წელს მისსივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი “საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა”. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.

72 წლის მოხუცი, 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის დევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთი დამოუკიდებელ საქართველოს უტევდა, იგი თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. გარდაიცვალა 1925 წლის 18 აგვისტოს. დაკრძალეს ლონდონში (კ. მარქსის საფლავის სიახლოვეს).

ვარლამ ჩერქეზიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გააკრტიკა მარსიზმი და მისი მიმდევრები. მისი კრიტიკის ობიექტი იყო: ხელფასის კანონი და კლასთა ბრძოლის პრინციპის აღმოჩენა; ენგელსის ნაშრომებში – ბეკონისა და ლოკის მატერიალიზმი; მარქსმა მიითვისა – მორგანის არაერთი გამოგონება და აღმოჩენა; ენგელსმა მიითვისა – ბიურეს ფუნდამენტური შრომის კონფისკაცია; მარქსმა და ენგელსმა – “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნის ვ. კონსიდერანს. ასევე, მარქსმა სრულიად უსამართლოდ მიისაკუთრა I ინტერნაციონალის დაარსება, რომელიც ზოგი მკვლევარის აზრით შეიქმნა არა 1864 წელს, არამედ 1842 წელს. ამის დასამტკიცებლად ის იმოწმებს ისტორიულ წყაროებს. უფრო მეტიც, მარქსმა მიწერა ენგელსს, რომ მას არ სურდა მასში გაწევრიანება, მაგრამ მას შემდეგ დათანხმდა, რაც იუნგისგან მიიღო მოწვევა.

წყარო: დ. შველიძე – მარქსიზმის კრიტიკა ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button