ისტორია

პირამე და თისბე

მთელს დედამიწის ზურგზე პირამესთანა ვაჟკაცი და თისბეზე სიმშვენიერით სახელგანთქმული ქალიშვილი იშვიათად თუ სადმე მოიძებნებოდა. პირამესა და თისბეს სილამაზე, ახოვანი ტანის მოყვანილობა ყველას ერთხმად სამაგალითოდ ჰქონდა მიჩნეული. ახალგაზრდა ჭაბუკთა სამშობლოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველანი საოცნებო, სანატრელ არსებად ატარებდნენ გულში მეგობრების სახელის ხსოვნას. პირამე და თისბე მეზობლად ცხოვრობდნენ. ახალგაზრდები ყმაწვილობიდანვე მეგობრულად იყვნენ დაკავშირებულნი. პირამესა და თისბეს ერთმანეთი გაგიჟებით შეუყვარდათ. პირამე მთელი თავისი არსებით თისბეს ეკუთვნოდა, თისბე კი პირამეს. რაც უფრო გადიოდა დრო, ახალგაზრდების სიყვარული და მეგობრული განწყობილება თანდათან ძლიერდებოდა. ახალგაზრდების მეგობრულმა კავშირმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები, რომ პირამეს უთისბეოდ და თისბეს უპირამედოდ სიცოცხლე შეუძლებლად მიაჩნდათ. გულითადმა მეგობრებმა, დიდის ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს თავისი მჭიდრო მეგობრული კავშირი დაქორწინებით დაეგვირგვინებინათ. მაგრამ, დახეთ უბედურებას, ორივე ახალგაზრდის მშობლები წინააღმდეგნი გახდნენ ამდენი ხნის გულითადი მეგობრების დაქორწინებისა. მშობლების ამგვარმა წინააღმდეგობამ პირამე და თისბე მეტად დააღონა, დიდ საგონებელში ჩააგდო. მშობლები ისე სასტიკად მოექცნენ ერთმანეთისათვის თავგანწირულ მეგობრებს, რომ ერთი–მეორის ნახვასაც კი უკრძალავდნენ. რაც უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ მშობლები მეგობრებს, მეგობრული კავშირი პირამესა და თისბეს შორის მით უფრო ძლიერდებოდა. პირამესა და თისბეს ოთახებს მაღალი სქელი ქვის კედელი აშორიშორებდა. ამ უზარმაზარ კედელში შემთხვევით დარჩენილიყო პატარა ჭუჭრუტანა, რომელიც თავის დღეში არავის შეუმჩნევია. პირამემა და თისბემ ისარგებლეს კედელში დარჩენილი პატარა ჭუჭრუტანით და მთელი დღე და ღამე განუწყვეტლივ ერთი–მეორეს ეხმაურებოდნენ და სიყვარულის კილოთი ჩიტებივით ჭიკჭიკობდნენ და ჭიკჭიკობდნენ. მეგობრები ერთი–მეორეს ნახვის სურვილით იწვოდნენ, ერთი– მეორის შეხვედრას, პირისპირ აზრების გაზიარებას ნატრობდნენ, ხოლო მათ შორის ამართულ უხმო და უგრძნობ ქვის კედელს, თითქო განგებ ცათამდე თავი მიუბჯენიაო, აზრადაც არ მოსდიოდა გულითადი მეგობრების უსაზღვრო მწუხარების შემსუბუქება. ერთ დილას პირამემა და თისბემ შეჰკრეს პირობა, რომ საღამოხანს ქალაქგარეთ გასულიყვნენ და საბოლოოდ რაიმე მოესაზრებინათ მომავალი დაქორწინების შესახებ. ქალაქგარეთ ერთერთი ბექობის კალთებზე საამურად გადმოჩუხჩუხებს ანკარა წყარო. ამ წყაროს თავს დასცქერის მაღალტოტებიანი თუთის ხე, რომლის ძირას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გულითადი მეგობრები პირამე და თისბე და პირისპირ მოლაპარაკებით გადაეწყვიტათ მათი ასე გამოურკვეველი მდგომარეობა. ღამის წყვდიადმა მოიცვა არემარე, როცა გულაძგერებულმა თისბემ ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და მეგობრის მიერ დანიშნული ადგილისაკენ ფეხაკრეფით გაეშურა. მეგობრის განუსაზღვრელმა სიყვარულმა თისბეს თითქოს ფრთები გამოასხა, იგი ელვის სისწრაფით მიიჭრა დანიშნულ ადგილას, თუთის ძირას ჩამოჯდა და თავის მეგობარს მოუთმენლად, გულის ძგერით ელოდებოდა. არ გასულა ერთი წამიც, და მოჩუხჩუხე ანკარა წყაროს უეცრივ თავს წამოადგა უზარმაზარი ლომი, რომელსაც ამ რამდენიმე წუთის წინათ ხბოები გაენადგურებინა და წყაროზე წყლის დასალევად წამოსულიყო. ნადირთა სამეფოს ძლიერი მეფის ასე ანაზდეულად გამოჩენამ თისბეს თავზარი დასცა. საბრალო ფეხაკრეფით ჩამოშორდა საბედისწერო ადგილს და საჩქაროდ უღრან ტყეს შეაფარა თავი. მაგრამ შიშისა და სიჩქარის გამო თისბეს წყაროს თავზე შემთხვევით დარჩა თავისი მშვენიერი მოსასხამი. ნადირთა ძლევამოსილმა მეფემ, როცა ანკარა წყლით წყურვილი მოიკლა და ის იყო უღრან ტყეში დაბრუნებას აპირებდა, უეცრივ წყაროს თავზე შენიშნა თისბეს მოსასხამი. გაუმაძღარმა ტყის ნადირმა თავისი გასისხლიანებული კბილებით ნაკუწნაკუწად აქცია საბრალო თისბეს ძვირფასი მოსასხამი. პირამე თისბეზე ცოტა უფრო გვიან გამოვიდა ქალაქიდან. საბრალო ყმაწვილი დაუყოვნებლივ მიიჭრა დანიშნულ ადგილას, მაგრამ დახეთ მის განუსაზღვრელ თავზარდაცემას: პირამემ თუთის ხის მახლობლად დაინახა ნაკუწნაკუწად ქცეული, სულ ერთიან სისხლში ამოსვრილი თისბეს მოსასხამი. „ღმერთო ჩემო!“ გაგიჟებით, სრულიად გონებადაკარგული დრტვინავდა საბრალო პირამე: „ნუთუ ეს საბედისწერო ღამე უკანასკნელი ღამეა ორთავესათვის! ჩემო გულითადო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო თისბე! მე ვარ შენი უდროოდ სიკვდილის მიზეზი, მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე, რომ ამ უდაბნოში გამოგიპატიჟე და თან კი არ გამოგყევი! ჩამქოლეთ მე ბედშავი, მე უბედური!“ ასე მწარედ მოთქვამდა საბრალო პირამე და თვალთაგან ცხარე ცრემლები ნაკადულებრ გადმოსჩქეფდა. გასისხლიანებული თისბეს მოსასხამის ნაგლეჯები პირამემ ერთად მოაგროვა. საბრალო პირამე ამ ნაგლეჯებს გულში იკრავდა, ჰკოცნიდა და ცხარე ცრემლებს აბკურებდა. გონებადაკარგულმა და ნადირივით გააფთრებულმა პირამემ უეცრივ საზარლად შეჰყვირა: „ჩემო ძვირფასო, გონებიდან განუყრელო თისბე! განა შენი სახელის სამარადისო ხსოვნას მარტო ჩემს ცრემლებს ვაკმარებ! განა შენს ჩემთვის ძვირფას ტანსაცმელს ჩემი სისხლით არ ვაბკურებ!“ ამ სიტყვებთან ერთად პირამემ ბასრი ხმლის ერთი მოქნევით შუაზე განიგმირა თავისი მგძნობიარე გული. საბრალო პირამე უგრძნობლად დაეცა თუთის ხის ძირას წყაროს თავზე. საბრალოს მკერდიდან ამონახეთქი სისხლის შადრევანი თუთის ხის მაღალ ტოტებს სწვდებოდა და წითლად ღებავდა ალმასივით მოელვარე თუთის ხის მომწიფებულ ნაყოფს. როცა ნადირთა სამეფოს ძლევამოსილმა მეფემ თავი დაბურულ ტყეს შეაფარა, თისბე დაუყოვნებლივ გამობრუნდა თუთის ხის ძირას მოჩუხჩუხე წყაროსაკენ. თისბე გაფაციცებით დაეძებდა თავის გულითად მეგობარს, რომ მისთვის ეხარებინა, ასეთ უბედურებას რომ თავი უვნებლად დააღწია. თისბე აი კიდევაც მივიდა საბედისწერო ადგილას, მაგრამ დახეთ მის განცვიფრებას! საბრალო ამ ადგილს ვერ ცნობილობს, თუთის ხე სულ სხვა ფერად შეღებილა, წყარო თითქო ძველებურად არ ჩუხჩუხებს. – ნუთუ დანიშნულს ადგილს ავცდი? – ფიქრობს საბრალო თისბე და დაკვირვებით ათვალიერებს თუთის ხის მახლობლად მდებარე მიდამოებს. მაგრამ წარმოიდგინეთ საცოდავი თისბეს მდგომარეობა, როცა მან ბასრი ხმლით განგმირული მეგობრის გვამი დაინახა იქვე ახლოს მდებარე! თისბე შიშის ზარმა ერთიანად აიტანა. საბრალო პირისახეს იკაწრავს, თავიდან თმებს იგლეჯს, საზარელი ხმით ქვითინებს და თვალთაგან ჩამოდენილი ცრემლების ნაკადულით ასველებს თავისი ძვირფასი მეგობრის სამუდამოდ დადუმებულ ტუჩებს. თისბემ მძლავრად ჩაიკრა გულში პირამეს გაცივებული გვამი და დიდხანს, დიდხანს მხურვალედ ჰკოცნიდა და ჰკოცნიდა. „პირამე, ჩემო ძვირფასო მეგობარო!“ გულსაკლავად ბუტბუტებდა თისბე: „გამიგონე, ერთის თვალით მაინც გადმომხედე! შენი თისბე, შენი კარგი გულითადი მეგობარი გელაპარაკება! არ მისმენ, ჩემო ძვირფასო, ჩემო მარადის გონებიდან განუყრელო მეგობარო! გევედრები, გემუდარები, ერთი წუთით მაინც გაახილე ჩემთვის ყველგან და მარადის ძვირფასი შენი მშვენიერი, ვარსკვლავივით მოელვარე თვალები!“ დიდხანს, დიდხანს ჩასძახოდა ასე გულსაკლავად საბრალო თისბე თავის გულითად მეგობარს, მაგრამ პირამეს გაცივებული გვამი ვერას გრძნობდა, მას სამუდამოდ დაეხუჭა თვალები, რომელნიც ამ ერთი წუთის წინათ ასე ელვარებით ანათებდნენ. საბრალო თისბემ პირამეს გაცივებული გვამის მახლობლად დაინახა თავისი გასისხლიანებული მოსასხამის ნაფლეთები და მეგობრის ხმლის დაცარიელებული ქარქაში. საბრალო თისბე ახლა კი მიხვდა, თუ რამ აიძულა საცოდავი პირამე ასე გაეწირა სიცოცხლე. „საცოდავო, ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა გაიძულა თავი სასიკვდილოდ გაგემეტებინა! ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო, შენი სიყვარული მეც მომცემს ძალას და მხნეობას შენთან ერთად მოვისპო სიცოცხლე! თუმცა სიკვდილი ამ ქვეყნად გაგვაშორებს, სამაგიეროდ იგივე სიკვდილი საიქიოს შეგვაერთებს, სულიერად სამუდამოდ შეგვაკავშირებს! დეე, ჩემო ძვირფასო, მეც შენთან ერთ საფლავში დავიმარხო, მეც შენთან ერთად განვისვენო! მე სრულიად ბედნიერად ჩავთვლი ჩემ თავს, თუ ჩვენი მშობლები ჩემ უკანასკნელ სურვილს მაინც აღასრულებენ! შენ, თუთის ხევ, შეიფარე შენი მაღალი ტოტების ჩეროს ქვეშ ერთ კუბოში ჩასვენებული ორი გვამი, სიცოცხლეში განუსაზღვრელად მოსიყვარულე მეგობრებისა! შენ იყავ საიდუმლო მოწამე ჩვენი სიკვდილისა! დეე, ჩვენი სისხლით წითელ–ყვითლად შეღებილმა შენმა ფოთლებმა ყველას ამცნოს ორი გულითადი მეგობრის ასეთი საბედისწერო თავგანწირულობა!“ თისბემ ამ სიტყვებთან ერთად მძლავრად დაიცა გულმკერდში საბრალო პირამეს სისხლით ჯერ კიდევ სველი ბასრი ხმალი და სიცოცხლეს გამოესალმა თავისი გულითადი მეგობრის გაცივებული გვამის გვერდით. საბრალო მშობლებმა ერთ კუბოში ჩასვენებული პირამე და თისბე სწორედ იმ ადგილას დაასაფლავეს, საცა ამ ორმა გულითადმა მეგობარმა უკანასკნელად სამუდამოდ დახუჭა თვალები და თვისი უმწიკვლო, ფაქიზი სიყმაწვილის საუკეთესო გრძნობები სამარეში ჩაიტანა. თუთის ხის მაღალი ტოტები გულმოდგინედ უჩრდილებენ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებულთა საფლავს და ყველა გამვლელ– გამომვლელს სისხლისაგან გაშავებული ფოთლების შრიალით გასაგებად ყურში ჩასჩურჩულებენ საბრალო პირამესა და თისბეს თავგანწირული მეგობრობის სამწუხარო ამბავს. გულსაკლავია თუთის ხის ფოთლების ამგვარი შრიალი და აბა რომელი გულქვა გამვლელ–გამომვლელი აუხვევს გვერდს მეგობრობისათვის ამ თავდადებულ გმირთა სავანეს, რომ თვალთაგან ცხარე ცრემლების ნაკადული არ წასკდეს….

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button