ლიტერატურამოთხრობა

ხორხე ლუის ბორხესი – განშტოებულ ბილიკთა ბაღი

ვიქტორია ოკამპოს

“მსოფლიო ომის ისტორიის” 242-ე გვერდზე ლიდელ ჰარტი გვიამბობს, რომ მოკავშირეთა შეტევა სერე-მონტობანის ფრონტზე (ეს უნდა ეთავა ცამეტ ბრიტანულ დივიზიას, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ათას ოთხასი საარტილერიო ერთეული) დაგეგმილი იყო 1916 წლის 24 ივლისისთვის, მაგრამ მოუწიათ გადადებამ 29 ივლისის დილამდე. ამ შეყოვნების მიზეზი იყო კოკისპირული წვიმები (ჩანაწერები ეკუთვნის კაპიტან ლიდელ ჰარტს), შეყოვნების, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, არცთუ დიდი შედეგები მოიყოლა. მომდევნო ანგარიში, რომელიც უკარნახა, გადაიკითხა და ხელი მოაწერა დოქტორ იუ ცუნმა – ინგლისურის მასწავლებელმა ცინგტაოს სკოლაში, მოულოდნელ ნათელს ჰფენს ამ ისტორიას. ანგარიშის პირველი ორი გვერდი დაკარგულია.

„… და მე ყურმილი დავკიდე. მეორე წამს ვიცანი ხმა, რომელმაც გერმანულად მიპასუხა: კაპიტან რიჩარდ მადენისა იყო. მადენის ყოფნა ვიქტორ რუნებერგის ბინაში ნიშნავდა ჩვენი ძალისხმევისა და (თუმცა ეს სრულებით მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა ან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი თვალით უნდა შემეხედა) ჩვენი სიცოცხლის დასასრულს. ეს ნიშნავდა, რომ რუნებერგი უკვე დაპატიმრებული ან მოკლული იყო. იმ დღეს, მზის ჩასვლამდე, მეც იგივე ხვედრი მელოდა. მადენი შეუბრალებელი იყო ან, უფრო სწორად, სიტუაცია აიძულებდა ასეთად ყოფნას. ინგლისელთა დაქვემდებარებაში მყოფი ეს ირლანდიელი, რომელსაც გულმოდგინების ნაკლებობა ბრალდებოდა, შესაძლოა – თვით ღალატიც კი: როგორ გაუშვებდა იგი ხელიდან შემთხვევას, მადლობა არ გადაეხადა მისთვის დადებული ამ პატივისთვის – აღმოეჩინა, შეეპყრო და იქნებ მოეკლა კიდეც გერმანიის იმპერიის ორი აგენტი?

ზემოთ ავედი, ჩემს ოთახში. უაზროდ ჩავკეტე კარი და რკინის ვიწრო საწოლზე გადავწექი. ფანჯრიდან ჩანდა ჩვეულებრივი სახურავების თხემები და საღამოს ექვსი საათის ღრუბლებაფარებული მზე. დაუჯერებლად მეჩვენა, რომ ეს დღე – ყოველგვარი ნიშნისა და წინათგრძნობის გარეშე – ჩემი დაუნდობელი სიკვდილის დღე უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილი მამაჩემის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერ კიდევ ბავშვი, ჰაი ფენგის სიმეტრიულ ბაღში ვყოფილვარ: ნუთუ დღეს უნდა მოვმკვდარიყავი? მერე ვიფიქრე: ყველაფერი ემართება საკუთარ თავს და ემართება ზუსტად ახლა-მეთქი. საუკუნე საუკუნეს მისდევს, ცდომილებები კი მხოლოდ აწმყოში ხდება. უთვალავი კაცია ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე, მაგრამ ყველაფერი, რაც ჭეშმარიტად ხდება, ჩემს თავს ხდება… მადენის ცხენისებური სახის თითქმის აუტანელმა ხსოვნამ გამიცამტვერა ეს გონებრივი წანწალი. ამ შუა სიძულვილსა და ზაფრაში აზრად მომივიდა (ახლა თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო ზაფრაზე, – ახლა, როდესაც მადენს გეგმები ჩავუშალე, ახლა, როდესაც ჩემს კისერს თოკი სწყურია), რომ იმ ხმაურიან და უდავოდ ბედნიერ მეომარს არც კი უეჭვია, რომ მე საიდუმლოს ვფლობდი, ანუ ბრიტანული საარტილერიო პარკის ადგილსამყოფელს ანკრზე. რუხ ცაზე ფრინველმა გაიფრინა, მე ის ბრმად გადავაქციე თვითმფრინავად, ხოლო თვითმფრინავი – თვითმფრინავების სიმრავლედ (ფრანგულ ცაში) და საარტილერიო პარკში ბომბები ჩამოვყარე. ნეტავ შესძლებოდა ჩემს ყელს, სანამ ტყვია გაუვლიდა, ამოეყვირა ის სახელი ისე, რომ გერმანიაში გაეგონათ. მაგრამ ჩემი ადამიანური ხმა საშინლად არაადეკვატური იყო. როგორ მიმეწვდინა ლიდერის ყურამდე? – იმ ავადმყოფი და საძულველი კაცის ყურამდე, რომელმაც არაფერი იცოდა რუნებერგისა და ჩემ შესახებ, გარდა იმისა, რომ სტაფორდშირში ვიყავით, და რომელიც ამაოდ ელოდა ჩვენს სიტყვას თავის მოსაწყენ ბერლინურ კაბინეტში, ერთთავად გაზეთებში ცხვირჩარგული?.. „უნდა გავიქცე“, ვთქვი ხმამაღლა. უხმაუროდ წამოვჯექი იმ არასაჭირო, მაგრამ სრულ მდუმარებაში, თითქოს მადენი უკვე ჩემს კართან იდგა. რაღაცამ – შეიძლება იმის დამტკიცების სურვილმა, რომ რესურსები აღარ გამაჩნდა – ხელები ჯიბეებში ჩამაყოფინა. ვიპოვე ის, რასაც ვიცოდი, რომ ვიპოვიდი: ამერიკული საათი, მონიკელებული ძეწკვი და ოთხკუთხა მონეტა, გასაღების რგოლი, რომელზეც რუნებერგის ბინის მაკომპრომეტირებელი, აწ უსარგებლო გასაღები ეკიდა, ბლოკნოტი, წერილი, რომლის მეყსეული განადგურება გადავწყვიტე (თუმცა ეს არასოდეს მიქნია), ყალბი პასპორტი, ერთი კრონა, ორი შილინგი, რამდენიმე პენსი, ლურჯ-წითელი ფანქარი, ცხვირსახოცი და რევოლვერი თავისი ერთადერთი ტყვიით. სისულელე იყო, მაგრამ რევოლვერი ავიღე და ხელით ავწონ-დავწონე თავის გასამხნევებლად. ყრუდ გავიფიქრე: გასროლის ხმა გვარიან მანძილზე გაატანს-მეთქი. ათ წუთში ჩემი გეგმა მომწიფდა. ტელეფონების წიგნში მოვძებნე სახელი ერთადერთი ადამიანის, რომელსაც შეეძლო მოეწოდებინა ინფორმაცია. ის ფენტონის გარეუბანში ცხოვრობდა. იქამდე მატარებელს ნახევარ საათზე ნაკლები სჭირდებოდა.

მე მშიშარა ვარ. შემიძლია ეს ვთქვა ახლა, როცა უკვე განვახორციელე გეგმა, რომლის სახიფათოობას და რისკიანობას ვერავინ უარყოფს. ვიცი, ეს საშინელი ჩასადენი იყო. და ეს გერმანიისთვის არ მიქნია. რაში მენაღვლება ბარბაროსული ქვეყანა, რომელმაც მაიძულა მეწვნია ჯაშუშობის სირცხვილი? გარდა ამისა, ვიცნობ ერთ მოკრძალებულ ინგლისელ კაცს, რომელიც ჩემთვის გოეთეზე ნაკლები გენიოსი არ არის. სულ ერთი საათის განმავლობაში ველაპარაკე, მაგრამ იმ ერთ საათს ის გოეთე იყო… არა, მე ეს ჩავიდინე, რადგან ვგრძნობდი, რომ ლიდერი ჩემი მოდგმის ხალხს დაჰყურებდა, – უთვალავ წინაპარს, რომელთა სისხლი ჩემს ვენებში სჩქეფს. მინდოდა, დამემტკიცებინა მისთვის, რომ ყვითელკანიან კაცს შეუძლია გადაარჩინოს მისი ჯარები. მერე კი მადენს უნდა გავქცეოდი. მისი ხელები, მისი ხმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახმიანდეს ჩემს კართან.

ჩუმად ჩავიცვი და სარკეში ჩემს თავს დავემშვიდობე. კიბეზე ჩავედი, მშვიდ ქუჩას გავხედე ორივე ბოლოსკენ და გზას გავუდექი. რკინიგზის სადგური შორს არ იყო ჩემი ბინიდან, მაგრამ კების აყვანა ვამჯობინე, ვიფიქრე, ასე ნაკლები შანსია, რომ მიცნონ-მეთქი. ფაქტია, რომ ვგრძნობდი, როგორ ვჩანდი და რა მოწყვლადიც ვიყავი, უსასრულოდ მოწყვლადი ამ უკაცრიელ ქუჩაზე. მახსოვს, როგორ ვუთხარი კებმენს, სადგურის მთავარ შესასვლელამდე ნუ მიხვალ, ცოტათი აქეთ გააჩერე-მეთქი. კებიდან ჩამოვედი გამოზომილი და თითქმის მტკივნეული სინელით. სოფელ აშგროვამდე მინდოდა მისვლა, თუმცა ბილეთი ერთი სადგურით უფრო შორს შევიძინე. მატარებელი გადიოდა რვაზე და ორმოცდაათზე, ანუ სულ რამდენიმე წუთში. უნდა მეჩქარა: მომდევნო მატარებელი ათის ნახევარზეღა იქნებოდა. ბაქანზე თითქმის არავინ იყო. მანქანებს შორის შევაბიჯე. გამახსენდა რამდენიმე მუშა, ძაძებიანი ქალი, ახალგაზრდა კაცი, გატაცებით რომ კითხულობდა ტაციტუსის „ანალებს“, და ხალისიანი იერის დაჭრილი ჯარისკაცი. როგორც იქნა, მატარებელი დაიძრა. ბაქნის ბოლოდან სირბილით გამოვარდა კაცი, რომელიც ვიცანი: კაპიტანი რიჩარდ მადენი. გულმუცელგადატრიალებული და ენაჩავარდნილი სკამის მეორე ბოლოში მოვიბღუნკე, ფანჯრიდან შორს.

ეს მდგომარეობა თითქმის სულმდაბლური ხალისით შემეცვალა. დუელი დაიწყო-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს, და მოწინააღმდეგის დარტყმის აცილებით – თუნდაც ორმოცი წუთით, თუნდაც ბედის ამ უმცირესი გამონათებით – პირველი რაუნდი მოგებული მქონდა. მჯეროდა, ეს პატარა მოგება სრულ გამარჯვებას მოასწავებდა. მჯეროდა, რომ ის არც ისე პატარა იყო, რადგან მატარებლების მიერ ბოძებული ამ მშვენიერი საათის გარეშე მე ან საკანში ვიქნებოდი, ან მკვდარი. მჯეროდა (არანაკლებ სოფისტურად): ჩემი მხდალი ხალისი ამტკიცებს, რომ მე ვარ კაცი, რომელსაც შეუძლია გაჰყვეს ფათერაკს მის წარმატებულ დასასრულამდე. ამ სისუსტიდან ამოვიღე ძალა, რომელსაც აღარასდროს არ უნდა მივეტოვებინე. წინდაწინ ვხედავ: კაცობრიობა დღიდან დღემდე უფრო და უფრო მეტად იძლევა უფრო და უფრო საშინელ საქმიანობებს და მალე აღარავინ დარჩება, მეომრებისა და ყაჩაღების გარდა. ვაძლევ მათ ამ პატარა რჩევას: ის, ვინც უნდა განახორციელოს საშინელი აქტი, უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს უკვე ჩადენილი აქვს, უნდა მიიღოს მომავალი ისევე შეუცვლელად, როგორი შეუცვლელიც წარსულია. მე ასე მოვიქეცი, როცა ჩემი თვალები – თვალები იმ კაცისა, რომელიც უკვე მკვდარია – აფიქსირებდნენ დღის სვლას (იქნებ ჩემთვის უკანასკნელისაც) და შემოღამებას. მატარებელი ტკბილად, მსუბუქად მიქროდა ტყეებში და იფნის ხეებს შორის. ფაქტობრივად, შუა სოფელში შეჩერდა. არავის დაუყვირია სადგურის სახელი. „აშგროვია?“ – ვკითხე ვიღაც ბიჭებს ბაქანზე. „აშგროვია“, – თქვეს თავის კანტურით. მე მატარებლიდან ჩავედი.

ბაქანს სანთურა ანათებდა, მაგრამ ბიჭების სახეები ჩრდილში მოქცეულიყო. „დოქტორ სტეფენ ალბერტთან მიდიხართ?“, მკითხა ერთ-ერთმა. მეორე ბიჭი ჩემს პასუხს არ დალოდებია: „ის სახლი შორს არის, მაგრამ არ დაიკარგებით, თუ მარცხნივ მიმავალ გზას გაჰყვებით და ყოველ გზაჯვარედინზეც მარცხნივ გაუხვევთ“. ფულის მონეტა გადავუგდე (ჩემი უკანასკნელი), ქვის საფეხურებს ჩავუყევი და უკაცრიელ გზაზე აღმოვჩნდი. მიწის გზა მსუბუქ დაღმართად ეშვებოდა. ჩემ ზემოთ ტოტები გადახლართულიყო, ჰორიზონტს ამოცილებული მრგვალი მთვარე კი თითქოს ჩემ გვერდით მოაბიჯებდა.

ერთი წამით დამაფრთხო აზრმა, რომ რიჩარდ მადენი ჩანაფიქრს მიმიხვდა. თუმცა მალევე დავასკვენი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ბიჭის რჩევამ – ერთთავად მარცხნივ გამეხვია, გამახსენა, რომ ეს იყო განსაზღვრული ტიპის ლაბირინთის ცენტრამდე მისვლის ცნობილი ხერხი. მე ერთგვარი ლაბირინთების connoisseur ვარ. როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ არ ვარ შვილთაშვილი იმ ცუი პენისა, რომელიც იუნანის პროვინციის მმართველი იყო, შემდეგ კი უარი თქვა ყოველგვარ დროებით ხელისუფლებაზე, რათა დაეწერა რომანი, რომელშიც მეტი ასო იქნებოდა, ვიდრე „Hung Lu Meng“ -ში, და შექმნა ლაბირინთი, სადაც ყველა კაცი დაიკარგებოდა. ცამეტი წელი შეალია მან ამ უზომო შრომას. მაგრამ უცხოელის ხელმა სიცოცხლეს გამოასალმა, რის შედეგადაც არც მისი რომანის აზრი შეიკრა და ვერც ლაბირინთი იპოვა ვერავინ. ინგლისური ხეების ქვეშ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. დაკარგული ლაბირინთი წარმომიდგა – სრულყოფილი და ხელუხლებელი რომელიღაც მთის საიდუმლო მწვერვალზე, გამქრქალებული კონტურებით, ან – წყალქვეშ; წარმოვიდგინე უსასრულო, შემდგარი არა რვაკუთხიანი პავილიონებისგან და თავის თავთან დაბრუნებული ბილიკებისგან, არამედ მდინარეების, პროვინციებისა და სამეფოებისგან… წარმოვიდგინე ლაბირინთების ლაბირინთი, ხლართების ხლართი, ხვეულები და კლაკნილები, მარადმზარდი ლაბირინთი, რომელიც მოიცავდა წარსულს, მომავალს და, რაღაცნაირად, ვარსკვლავებსაც. ამ წარმოსახვით ხატებში დანთქმულს სულ გადამავიწყდა, რომ მომდევდნენ. რაღაც განუსაზღვრელი დროით თავი სამყაროს აბსტრაქტულ აღმქმელად ვიგრძენი. ბინდჩამდგარი, ცოცხალი სოფელი, მთვარე, შეღამებული დღის უკანასკნელი ნაშთები თავისას აკეთებდნენ ჩემში, ისევე, როგორც ოდნავ დაქანებული გზა. ეს ყველაფერი ყოველგვარ დაღლილობას გამორიცხავდა. საღამო ახლოს იყო, თანაც – უსასრულო.

გზა შეწყდა და განშტოვდა ამჯერად უფორმო მდელოებზე. სიოს ნაზ წამობერვებს მოჰქონდა ენერგიული, ბუნდოვნად დამარცვლილი სიმღერა, ფოთლებითა და სიშორით გაუხშოებული. ელდა მეცა იმის გაფიქრებაზე, რომ ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანების მტერი იყოს, სხვა ადამიანების სხვა მომენტების, ოღონდაც არა საკუთრივ ამა თუ იმ ქვეყნის – მისი ციცინათელების, სიტყვების, ბაღების, მდინარეების, ნიავების.

ასეთ ფიქრებში ვიყავი, როცა მაღალ, დაჟანგულ კარიბჭეს მივადექი. რკინის ცხაურიდან გავარჩიე სახლისკენ მიმავალი ალვების ხეივანი და ფანჩატურის მსგავსი შენობა. უეცრად გავაცნობიერე ორი რამ (პირველი – ტრივიალური, მეორე – თითქმის დაუჯერებელი): მუსიკა, რომელიც გზაში მომესმა, იმ ფანჩატურიდან თუ პავილიონიდან მოდიოდა და ეს ჩინური მუსიკა იყო! ამიტომაც მოხდა, რომ ჩემი არსება მთლიანად და გაუცნობიერებლად მიეცა მას. ვერ ვიხსენებ, ზარი დავრეკე თუ ტაში შემოვკარი, რათა ჩემი მისვლა მეუწყებინა.

მუსიკის ფრქვევა არ შეწყვეტილა, მაგრამ მიმალული სახლის უკნიდან გამოჩნდა და ჩემკენ წამოვიდა სანთურა – ჯვარედინი ბადით შემოწნული და, დროდადრო, ხეებით დაჩრდილული, დოლის ფორმისა და მთვარის ფერის ქაღალდის სანთურა. მაღალ კაცს ეჭირა. მის სახეს ვერ ვხედავდი – სანთურა მაბრმავებდა. კაცმა კარიბჭე გააღო და ნელა დამელაპარაკა ჩემს ენაზე.

– ვხედავ, თანამგრძნობელმა სი პენგმა განიზრახა, ეწამლა ჩემი მარტოობისთვის. ეჭვი არაა, ბაღის ნახვა გსურთ.
წარმოთქმულ სახელში ერთ-ერთი ჩვენი კონსული ამოვიცანი, თუმცა მხოლოდ ეს ვუპასუხე დაბნეულად: – ბაღი?
– განშტოებულ ბილიკთა ბაღი.

მეხსიერებაში რაღაც შემერხა.

– ჩემი წინაპრის, ცუი პენის ბაღი, – ვთქვი გაუგებრად გულდაჯერებულმა.

– თქვენი წინაპრის? თქვენი სახელოვანი წინაპრის? მობრძანდით..

ცვრით დანამული ბილიკი ჩემი ბავშვობის ბილიკებივით მიიკლაკნებოდა. შევედით დასავლური და აღმოსავლური წიგნების ბიბლიოთეკაში. ვიცანი ყვითელაბრეშუმგადაკრული დაკარგული ენციკლოპედიის რამდენიმე ხელნაწერი ტომი, შედგენილი მანათობელი დინასტიის მიერ, თუმცა არასოდეს დაბეჭდილი. გრამოფონზე დადებული ფირფიტა ბრინჯაოს ფენიქსის გვერდით ტრიალებდა. მახსენდება აგრეთვე ჩინური ფაიფურის ვარდისფერი ლარნაკი და კიდევ ერთი, რამდენიმე საუკუნით უფრო ძველი, ისეთი ლურჯი, ჩვენი ხელოსნები რომ სესხულობდნენ ძველი სპარსეთის მექოთნეებისგან…

სტეფენ ალბერტი ღიმილით მიყურებდა. როგორც ვთქვი, საკმაოდ მაღალი კაცი იყო, მკვეთრი ნაკვთებით, ნაცრისფერი თვალებითა და რუხი წვერით. რაღაცით მღვდელს ჰგავდა, თუმცა, იმავდროულად, მეზღვაურსაც. მოგვიანებით მითხრა, მისიონერი ვიყავი ტიანცინში, სანამ სინოლოგად გახდომის სწრაფვა აღმეძვრებოდაო.

დავსხედით: მე – გრძელ, დაბალ დივანზე, ის – ზურგით ფანჯრისა და მაღალი, მრგვალი საათისკენ. ჩემი წარმოდგენით, მდევარი რიჩარდ მადენი ალბათ სულ ცოტა ერთ საათს მაინც ვერ მომაგნებდა. ასე რომ, ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას შეეძლო დაეცადა.

– ცუი პენის ცხოვრება საკვირველია, – თქვა სტეფენ ალბერტმა, – იმ პროვინციის მმართველი, რომელშიც თვითონ დაიბადა, განსწავლული ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, კანონიკური წიგნების შეუპოვარი ინტერპრეტატორი, მოჭადრაკე, აღიარებული პოეტი და კალიგრაფისტი… უცებ ამ ყველაფერს ტოვებს, რათა შექმნას წიგნი და ლაბირინთი. უარს ამბობს ჩაგვრის სიამოვნებებზე, სამართლიანობაზე, ხშირად განმეორებულ საქორწინო სარეცელზე, ბანკეტებზე და თვით ერუდიციაზე, რათა მჭვირვალე მარტოობის პავილიონში გაიხიზნოს. მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეებმა ვერაფერი იპოვეს, ქაოსური ხელნაწერების გარდა. როგორც თქვენთვის ალბათ ცნობილია, ოჯახი ამ ხელნაწერებს უკვე დაწვას უპირებდა, რომ მისმა მრჩეველმა – დაოსისტმა თუ ბუდისტმა ბერმა – დაჟინებით მოითხოვა მათი გამოქვეყნება.
– ჩვენ – ცუი პენის შთამომავლები – დღემდე წყევლა-კრულვას ვუთვლით იმ ბერს, – მივუგე მე, – აზრი არ ჰქონდა იმ ხელნაწერთა დაბეჭდვას. წიგნი მერყევი ესკიზების წინააღმდეგობრივი ნარევია. ერთხელ მე თვითონ ჩავუჯექი. მესამე თავში პერსონაჟი კვდება, მეოთხეში კი ისევ ცოცხალია. რაც შეეხება ცუი პენის მეორე გარჯას, მის ლაბირინთს…

– ლაბირინთი აქაა, – თქვა ალბერტმა და ხელით მანიშნა მაღალი, ლაკირებული საწერი მაგიდისკენ.

– სპილოს ძვლის ლაბირინთი, – შევძახე მე, – მინიატიურული…

– სიმბოლოების ლაბირინთი, – შემისწორა ალბერტმა, – დროის უხილავი ლაბირინთი. მე – ინგლისელი ბარბაროსი – რატომღაც ამირჩიეს, რომ ფარდა ამეხადა გაჭვირვალე საიდუმლოსთვის. ახლა, ამ ამბიდან ასი წლის შემდეგ, ზუსტი დეტალები აღუდგენელია, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოხდა. რაღაც მომენტში ცუი პენს უნდა ეთქვა: „განვმარტოვდები, რათა წიგნი დავწერო“, მეორე მომენტში კი: „განვმარტოვდები და ლაბირინთს ავაშენებ“. ყველამ ორი პროექტი წარმოიდგინა და არავის მოსვლია აზრად, რომ წიგნი და ლაბირინთი ერთი და იგივეა. მჭვირვალე მარტოობის პავილიონი აღიმართა იმ ბაღის ცენტრში, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე ჩახლართულად იყო დაგეგმილი. ამ ფაქტს შეეძლო ფიზიკური ლაბირინთის შექმნაც ჩაეგონებინა. რომანის უწესრიგობამ (მის დაულაგებლობას ვგულისხობ, რასაკვირველია) მიკარნახა, რომ სწორედ ეს წიგნი იყო ლაბირინთი. ორმა გარემოებამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე მიმიყვანა: ერთი იყო საგულისხმო ლეგენდა, რომ ცუი პენი აპირებდა აეგო ლაბირინთი, რომელიც ნამდვილად უსასრულო იქნებოდა, მეორე კი – ჩემ მიერ აღმოჩენილი წერილის ფრაგმენტი.

ალბერტი წამოდგა, რამდენიმე წამით ზურგი შემაქცია და შავ-ოქროსფერი საწერი მაგიდის უჯრა გამოსწია. შემობრუნებულს ხელში ეჭირა უწინ ალისფერი, ახლა კი ვარდისფერი, თხელი, ოთხკუთხა ფურცელი, რომელზეც ცუი პენის ცნობილი კალიგრაფია მოჩანდა. გზნებით, თუმცა ჩაუწვდომლად წავიკითხე სიტყვები, ჩემს წინაპარს რომ დაეხატა კალმის უდახვეწილესი მოსმებით. „ვუტოვებ რამდენიმე მომავალს (არა ყველას) განშტოებული ბილიკების ჩემეულ ბაღს“. ფურცელი უსიტყვოდ დავუბრუნე ალბერტს.

– სანამ ამ წერილს ამოვჩხრეკდი – განაგრძო მან, – ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეარსება უსასრულო წიგნს. სხვა არაფერი მომდიოდა აზრად, გარდა წრიული თუ ციკლური წიგნისა, რომლის ბოლო გვერდი მისივე პირველი გვერდის იდენტური იქნებოდა და, ამდენად, მარად გაგრძელებადი. ის ღამეც გამახსენდა „ათას ერთი ღამის“ ცენტრში, როდესაც დედოფალი შაჰრაზადი (გადამწერის რაღაც მაგიური დაბნეულობის წყალობით) სიტყვასიტყვით იწყებს „ათას ერთი ღამის“ ამბის მოყოლას იმ რისკით, რომ ერთხელაც ისევ დაუბრუნდება იმ ღამეს, როდესაც ამას გვიყვება, და ა.შ. ad infinitum. ასევე წარმოვიდგინე ერთგვარი პლატონური, მემკვიდრეობითი თხზულება გადმოსული მამიდან შვილზე, საქმე, რომელსაც თითოეული ახალი ინდივიდუალობა ახალ თავს დაამატებდა ან მოწიწებული რუდუნებით შეასწორებდა ძველთა ნაწერებს. ამ წარმოდგენებმა შემიქციეს და გამფანტეს, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა ისეთი, თუნდაც შორეულად რომ მისადაგებოდა ცუი პენის წინააღმდეგობრივ ნაწერებს. სწორედ ამ დაბნეულობის და შეცბუნების ჭაობში ვფართხალებდი, როცა ოქსფორდიდან გამომიგზავნეს დოკუმენტი, რომელსაც თქვენ წეღან გაეცანით. მშვენივრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შევყოვნდი ფრაზაზე: „ვუტოვებ რამდენიმე მომავალს (არა ყველას) განშტოებული ბილიკების ჩემეულ ბაღს“. თითქმის მაშინვე მივხვდი: განშტოებული ბილიკები თვით ეს ქაოსური რომანია. სიტყვებმა „რამდენიმე მომავალს (არა ყველას)“ თვალწინ დამიყენა ხატება განშტოებისა დროში, არა სივრცეში. წიგნის განმეორებით წაკითხვამ საბოლოოდ დაადასტურა ჩემი თეორია. ყველა ფიქციაში ადამიანი ხვდება მრავალგვარ ალტერნატივას, რომელთაგან ერთს ირჩევს, სხვებს კი უკუაგდებს. ფაქტობრივად, გაუხსნელი ხლართის – ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და განიტოტებიან. ასე იხსნება რომანის წინააღმდეგობები. ფანგს, ასე ვთქვათ, საიდუმლო აქვს. უცნობი უკაკუნებს კარზე. ფანგი მის მოკვლას გადაწყვეტს. ბუნებრივია, არსებობს სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტი: ფანგს შეუძლია მოკლას დაუპატიჟებელი სტუმარი, შეიძლება მოხდეს პირიქით, შეიძლება ორივე ცოცხალი დარჩეს ან ორივე მოკვდეს. ცუი პენის რომანში, ფაქტობრივად, ყველა შესაძლებელი ვარიანტი ხდება და თითოეული გამოსავალი საწყისი წერტილია მომდევნო განშტოებებისთვის. ხანგამოშვებით, ამ ლაბირინთის ბილიკები კვლავ ერთად იყრის თავს. მაგალითად, თქვენ ამ სახლში მოხვედით, თუმცა ერთ-ერთ შესაძლებელ წარსულში თქვენ ჩემი მტერი ხართ, მეორეში – მეგობარი. თუ შეგიძლიათ აიტანოთ ჩემი გამოუსწორებელი დიქცია, შეგვეძლო წაგვეკითხა რამდენიმე გვერდი.

ლამპისგან დაფენილ სინათლის წრეში მისი სახე აშკარად მოხუცი ადამიანის სახე იყო, თუმცა ამავე სახეში ჩანდა რაღაც გაუხედნავი, თვით უკვდავიც კი. ნელა, მკაფიოდ წაიკითხა ერთი ეპიკური თავის ორი ვერსია. პირველში ჯარი გადის საბრძოლველად მთიან უდაბნოში. კლდეებისა და სიბნელის საშინელება ჯარისკაცებს სიცოცხლისადმი ზიზღით ავსებს და იოლ გამარჯვებასაც აღწევენ. მეორე ვერსიაში იგივე ჯარი გადის სასახლეში, სადაც მეჯლისია გამართული. ბრწყინვალე ბრძოლა დღესასწაულის გაგრძელება ჰგონიათ და ისინიც იოლად იმარჯვებენ.

მოწიწებული პატივისცემით ვუსმენდი ამ ძველ ფიქციებს, რომლებიც, შესაძლოა, არა იმდენად თავისთავად იყო ღირსშესანიშნავი, რამდენადაც ფაქტი, რომ ისინი ჩემი სისხლის კაცს შეეთხზა, ხოლო შორეული სახელმწიფოს მოქალაქე მეორე კაცი კი ახლა მათ ჩემთვის აღორძინებდა დასავლეთის ერთ-ერთ კუნძულზე მიმდინარე უიმედო მისიის დროს. მახსოვს ბოლო სიტყვები, ფარულ ბრძანებასავით რომ მეორდებოდა ყველა ვერსიაში: „ასე იბრძოდნენ გმირები: მათი დიდებული გულები მშვიდი იყო, ხმლები – ძალუმი, თავად – კვლასა და სიკვდილს შეგუებულნი“.

ამ მომენტიდან მოყოლებული, ყველგან ჩემ გარშემო და თვით ჩემს ბნელ სხეულში ვიგრძენი უხილავი, ხელშეუხებელი ფუთფუთი, – არა იმ ჯარების, რომლებიც გაიყვნენ, პარალელურად იარეს, მერე კი ისევ შეერთდნენ, არამედ უფრო მიუწვდომელმა, უფრო შინაგანმა მღელვარებამ შემიპყრო. თუმცა იმ ჯარებიდან ერთ-ერთი რაღაცნაირად მაინც პირველსახის როლს ასრულებდა. ალბერტმა განაგრძო: – არ მჯერა, რომ თქვენი პატივდებული წინაპარი უმიზნო ვარიაციებს ათამაშებდა. შეუძლებელი მგონია, ცამეტი წელი მსხვერპლად მიეტანა უსასრულო რიტორიკული ვარჯიშისთვის. თქვენს ქვეყანაში რომანი მეორეხარისხოვანი ჟანრია, იმ დროს კი მისთვის ზიზღსაც არ იმეტებდნენ. ცუი პენი გენიალური რომანისტი იყო, თუმცა, გარდა ამისა, ბელეტრისტიც და ნამდვილად არ მიიჩნევდა თავის თავს მხოლოდ რომანისტად. მისი თანამედროვენი აღნიშნავდნენ მის მეტაფიზიკურ, მისტიკურ მიდრეკილებებს, რასაც ყოველმხრივ ადასტურებს მისი ცხოვრება. ფილოსოფიურ დებატებს მისი რომანის დიდი ნაწილი უჭირავს და, ვიცი, პრობლემებიდან არც ერთი ისე არ აწუხებდა, ისე არ ღრღნიდა, როგორც დროის ამოუწყავი პრობლემა. ჰოდა, რა უცნაურია, რომ ეს პრობლემა ერთადერთია, რომელიც არ ფიგურირებს „განშტოებულ ბილიკთა ბაღის“ გვერდებზე! თვით სიტყვა „დროსაც“ კი არსად ახსენებს. როგორ ხსნით ამ შეგნებულ გამოტოვებას?

მე რამდენიმე ახსნა შევთავაზე, ყველა – არადამაკმაყოფილებელი. გავარჩიეთ კიდეც ეს ვარაუდები, ბოლოს ალბერტმა თქვა: – გამოცანაში, რომლის პასუხია ჭადრაკი, რომელია ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც არ უნდა გამოიყენო?

ერთი წუთით დავფიქრდი.

– სიტყვა „ჭადრაკი“, – ვუთხარი შემდეგ.

– სწორედაც! – განაგრძო ალბერტმა, – „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ დიდი გამოცანაა ან პარაბოლა, რომლის საგანია დრო. ეს საიდუმლო მიზანი უკრძალავს ცუი პენს ამ სიტყვის თუნდაც უბრალო ხსენებას. ერთი სიტყვის მუდმივი გამოტოვება, მის ნაცვლად – მოუქნელი მეტაფორები და აშკარა ორჭოფულობები, ალბათ, ყველაზე ემფატური ხერხია ამ სიტყვაზე ყურადღების გასამახვილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა განმარტოებული ცუი პენის მიერ ამორჩეული მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მისი ამოუწურავი რომანის ყოველ და თითოეულ მოსახვევში. ასობით ხელნაწერი შემიდარებია ერთმანეთისთვის, შემისწორებია გადამწერთა დაუდევრობით დაშვებული შეცდომები, რის შედეგადაც ჩამომიყალიბდა ჰიპოთეზა ამ ქაოსის გეგმის შესახებ და კიდევ ერთხელ ჩავუყარე საფუძველი (ან მგონია, რომ ჩავუყარე) მის ფუნდამენტურ წესრიგს. მთელი თხზულება ვთარგმნე და ვიცი, რომ სიტყვა „დრო“ არც ერთხელ არ არის ნახსენები. ახსნა ნათელია: „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ სამყაროს დაუმთავრებელი, მაგრამ არა ცრუ სურათია, როგორიც ის ცუი პენს წარმოუდგენია. ნიუტონის ან შოპენჰაუერისგან განსხვავებით, თქვენს წინაპარს არ სწამდა ერთგვაროვანი და აბსოლუტური დროის არსებობა, არამედ სწამდა დროთა უსასრულო სერია, დაშორიშორებული, თანხვედრილი და პარალელური დროთა მზარდი, თავგზისამბნევი ქსელი. და ეს ქსოვილი დროებისა, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან, იტოტებიან, წყდებიან ან, უბრალოდ, უცნობი რჩებიან საუკუნეთა განმავლობაში, ყველა შესაძლებლობას შეიცავს. ამ დროთა უმრავლესობაში ჩვენ არ ვარსებობთ, ზოგიერთში თქვენ ხართ და მე არ ვარ, სხვებში, პირიქით, მე ვარ და თქვენ – არა, კიდევ სხვებში ჩვენ ორივენი ვართ. აი, ამ დროში კი, როცა შემთხვევამ ხელი შემიწყო, თქვენ შინ მომაკითხეთ. სხვა დროში, როცა ჩემს ბაღში გაივლით, მკვდარს მიპოვით. კიდევ სხვა დროში მე ამავე სიტყვებს ვამბობ, მაგრამ მხოლოდ ცდომილება და აჩრდილი ვარ.

– ყველა დროში მადლობელი ვარ და მოწიწებით შევყურებ ცუი პენის ბაღის აღორძინებას თქვენ მიერ, – ვთქვი უკვე აცახცახებულმა.

– ყველაში არა, – დაიჩურჩულა ალბერტმა ღიმილით, – დრო გამუდმებით იტოტება უთვალავ მომავლად. ერთ-ერთში მე თქვენი მტერი ვიქნები.

ისევ ვიგრძენი ზემოთ ნახსენები ფუთფუთი. ვგრძნობდი, რომ ცვრიანი ბაღი სახლის გარშემო უსასრულოდ გაჟღენთილიყო უხილავი პიროვნებებით. ეს პიროვნებები ვიყავით მე და ალბერტი დროის სხვა განზომილებებში, ორივე – ფარული, სამუშაოში ჩაფლული, მრავალსახოვანი. მზერა შევმართე და – აბლაბუდა-კოშმარი მიინავლა. შავ-ყვითელ ბაღში ერთადერთი კაცი ჩანდა, ქანდაკებასავით ძლევამოსილი, და ბილიკს მოჰყვებოდა. ეს იყო კაპიტანი რიჩარდ მადენი.

– მომავალი ჩვენთან არის, – ვუპასუხე ალბერტს, – მაგრამ მე თქვენი მეგობარი ვარ. შეიძლება კიდევ ერთხელ შევხედო წერილს?

იგი წამოდგა. მაღალი იყო, როცა მაღალი საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. ერთი წამით შემაქცია ზურგი. რევოლვერის ჩახმახი უკვე შეყენებული მქონდა და უსაზღვროდ ფრთხილად გამოვკარი თითი. ალბერტი ისე დაეცა, არ დაუკვნესია, ერთი ბგერაც არ აღმოხდენია: იმ წამს და იქვე. ვფიცავ, მომენტალურად მოკვდა – მეხის ერთ გავარდნაში.

დანარჩენი არარეალურია და უმნიშვნელო. მადენი ოთახში შემოიჭრა და დამაპატიმრა. ჩამოხრჩობა მომისაჯეს. ყოვლად გულისამრევად გავიმარჯვე: ბერლინს გადავეცი საიდუმლო სახელი ქალაქისა, რომელზეც იერიში უნდა მიეტანათ. ჰოდა, გუშინ დაბომბეს. ეს წავიკითხე იმავე გაზეთში, რომელიც მთელ ინგლისს ამცნობდა ცნობილი სინოლოგის, სტეფენ ალბერტის მოკვლას უცნობი იუ ცუნის მიერ. ლიდერმა გამოცანა ამოხსნა. იცოდა, რაში მდგომარეობდა ჩემი პრობლემა: როგორ შემეტყობინებინა (ომის გამაყრუებელ ხმაურში) სახელი ქალაქისა, რომელსაც ალბერტი ერქვა და რომლის შეტყობინების ერთადერთი გზა იყო იმავე სახელის მქონე კაცის მოკვლა. მან არ იცოდა (ეს ვერავის ეცოდინება) ჩემი დაუსრულებელი ქენჯნა.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button