ისტორია

ლია ბიბილეიშვილი – ოლგა გურამიშვილი

ნიკო ნიკოლაძის ოჯახის ქალები განსაკუთრებული პიროვნული ღირსებებით, განათლებითა თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამორჩეულნი იყვნენ. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სხვა დიდებულ ქართველ მანდილოსნებთან ერთად ჩვენს დიდ ეროვნულ მოღვაწეთა გვერდით ისინი განსაზღვრავდნენ ჩვენი ეროვნული კულტურის სახეს, უნარჩუნებდნენ “ერსა ერობას”.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკოს მეუღლე _ ოლგა ალექსანდრეს ასული გურამიშვილი. წელს მასდაბადებიდან 155 წელი შეუსრულდა. იგი დაიბადა 1855 წლის 29 ივლისს (ახალი სტილით _ 13 აგვისტოს) ქვემო ავჭალაში, გურამიანთ კარში. იგი ჩვენი დიდი პოეტის დავით გურამიშვილის შთამომავალი და ილია ჭავჭავაძის მეუღლის _ ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის უახლოესი ნათესავია. ამასთან მისივე ნათლული გახლდათ. ამავე დროს პატარა “ოლგა” და არა “ოლღა”, რამეთუ ამ მცირედი ნიუანსით ანსხვავებდნენ დიდი მამულიშვილების მეუღლეების სახელებს ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, აქ სრულიად ზედმეტია ისეთი უაზრო დაპირისპირება_შედარება რომელიმეს უპირატესობის წარმოჩენის მიზნით, როგორც ამას ადგილი აქვს “დიდი ილიასა” და “დიდი ნიკოს” _ მათი სახელოვანი მეუღლეების მიმართ. ამ შემთხვევაში ხასიათის, ტემპერამენტის, განსწავლის, ურთიერთობების მასშტაბებით, საზოგადოებრივი აქტიურობით და სხვადასხვა კუთხით იგი _ პატარა ოლგა _ ბევრად განსხვავდება თავისი სეხნიისგან.

თბილისის ქალთა გიმნაზიის “ოქროს შიფრით” _ წარჩინების დიპლომით _ დამთავრების შემდეგ ოლგა გატაცებით ისმენდა პროფესორ თარხნიშვილის ლექციებს ბუნებისმეტყველებეში, ოცნებობდა, რომ სწავლის შემდეგ აგრონომიას შეასწავლიდა ახალგაზრდებს, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ ბიოლოგიას სეუძლია მისცეს ადამიანს ბუნების კანონზომიერებაში წვდომის გასაღები და მოუტანოს ადამიანებს პრაქტიკული სარგებლიანობა. ძალიან არ მინდა ოლგაზე საუბარი ტრაფარეტული და როგორღაც კანონიზირებული ტექსტით შემოვფარგლო. ამას თვით ოლგას ცოცხალი და მეტად ძლიერ პიროვნება არ იძლევა.

მისი პორტრეტი, როგორც ვიზუალური, ისე ადამიანური თვისებებბი, ურთიერთობების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფორმა და ის ღირებულებები, რომლებსაც განუხრელად ასრულებდა და ემსახურებოდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, მას ძალზე საინტერესო და კოლორიტული სახით წარმოგვიდგენენ; მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ დიდი ნიკოს მოღვაწეობის ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი პერიოდი, მისი წარმატებანი, გამარჯვებები, დროებითი უკან დახევისა და თითქოსდა წარუმატებლობის ჟამსაც ყისმათი და ბრძოლის ჟინი ოლგასთან არის დაკავშირებული, შეიძლება ქალურ მიკერძოებაშიც კი ჩამომართვათ, თუ ვიტყვი, რომ თუ არა ოლიკო, იმ უმადურობის ბეჭდით აღბეჭდილი ბრძოლების გადატანა ნიკოს ძალზე გაუჭირდებოდა.
. . .

XIX საუკუნის დასაწყისში გაზეთ “დროების” გარშემო თავმოყრილმა მოწინავე ქართველობამ ხელი შეუწყო უმაღლესი განათლების მისაღებად ქართველი ქალების ევროპაში გაგზავნის საქმეს. ნიკო ნიკოლაძემ ყველაფერი იღონა თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეთა შვეიცარიაში გასაგზავნად. ალექსანდრე გურამიშვილს _ ოლიკოს მამას _ გაგონებაც არ უნდოდა შვილის უცხოეთში გაგზავნის შესახებ, მაგრამ მამის კონსერვატიულმა ბუნებამ ვერ დააბრკოლა ოლგა თავისი მიზნის მიღწევაში.

ოლგა ფოტოსურათებზე, მოგონებებში, პირად წერილებში…

როგორი იყო ის?

ბავშვობიდან ქალიშვილობამდე და შემდეგ _ ღრმა მოხუცებულობამდე იცვლება სახე, გამომეტყველება, აღნაგობა, მაგრამ თვალები… თვალები ისევ ისე ცოცხალი და გამჭოლი რჩება. შეუპოვრობა და სიცოცხლის უშრეტი ძალა იგრძნობა მათში.

18 წლის ოლგას სურათიდან შემოგყურებს ახალგაზრდა ქალის უკომპრომისო ნათელი და მართალი გამოხედვა, ჭკვიანი თვალები. მისთვის უთუოდ უცხოა ყოველგვარი კოკეტკობა, მანჭვა-გრეხვა, პატივმოყვარეობა და თვითკმაყოფილება. შეიძლება, სიმკაცრე უფრო შენიშნო მის გამოხედვაში, სიამაყე და მოუსვენრობაც კი. ასეთი გამომეტყველების ადამიანი მკვეთრი, კატეგორიული და შეურიგებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა გულგრილი, მხოლოდ საკუთარი თავით დაკავებული. ასეთი ადამიანები არიან სწორედ საინტერესონი _ “ისინი არიან მარილი მიწისა” _ რა იმალება მათი იდუმალი გამომეტყველების მიღმა, როგორ მუშაობს მათი ტვინი, რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებისეულ მისიაზე.

არა! ეს არ არის ქალიშვილის მარტივი, განურჩეველი სახე. ამიტომ არ გიკვირს, როგორ დასძლია 17 წლის გამოუცდელმა ქალიშვილმა მშობლების წინააღმდეგობა და ხელცარიელი, რაც ტანზე ეცვა, იმ კაბის ამარა, ნიკოს უმცროსი დის ფროსიკოს პასპორტით გემით გაიპარა შვეიცარიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. მასთან ერთად იყვნენ ნიკოს დები _ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები, მათი დეიდაშვილები _ ხელთუფლიშვილის ქალები, ქართველ ქალთაგან პირველი _ ფეფო ელიოზიშვილი (ნიკოლაძეები მამის და ძმის სიკვდილმა შეაყოვნა), პელაგია ნაცვლიშვილი, კეკე მელიქიშვილი, მარიამ წერეთელი.

ქართველი ქალიშვილები შვეიცარიაში იმ დროს მოხვდნენ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პარიზის კომუნის გამოძახილი; როცა ყველგან დაუფარავად ქადაგებდნენ სოციალისტურ იდეებს.

ქართველმა სტუდენტებმა ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სერგეი მესხის ხელმძღვანელობით დააარსეს საზოგადოება “უღელი”. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასე განმარტავს ამ საზოგადოების მიზანს: საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალისტური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში, საერთოდ კავკასიაში”. “უღელის” ყველა წევრის მიზანი იყო სამშობლოს გათავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-გამათავისულებელ მოძრაობებთან. ისინი აიდეალებდნენ სახელმწიფოებრიობის რესპუბლიკურ ფორმას, აქტიურად სწავლობდნენ სოციალისტურ იდეებს, ეცნობოდნენ პირველი ინტერნაციონალის სექციების მუშაობას და მონაწილეობდნენ მის კრებებში~. ცნობილი რევოლუციონერის ვერა ფიგნერის მოგონებებში საკმაოდ მკაფიო მინიშნებაა ქართველთა მოღვაწეობის ამ დამოუკიდებელ და სხვათათვის ფარულ, იდუმალ მიზანზე: _ “ყველაზე მეტად ახლობელი ჩვენთვის კავკასიელები იყვნენ, მაგრამ მათაც ჰქონდათ თავიანთი დაჯგუფება, თავიანთი საერთო და საზოგადო ინტერესები, რომელთა შესახებ რუსთა უმრავლესობამ არაფერი იცოდა”. მათ თავიანთი გაზეთიც კი ჰქონდათ _ ნიკო ნიკოლაძის მიერ პარიზში გამოცემული ჰექტოგრაფზე დაბეჭდილი “დროშა”, რომელსაც “დიდი ილიას სიტყვები ჰქონდა ეპიგრაფად: “თუკი აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”

მაშინდელი მოდის მიხედვით, სოციალისტური მიმართულების ეს გაზეთი, რომლის გამოცემის მეორე მიზანი _ ღია და დაუფარავი _ ქართული შრიფტის გამარტივებისათვის გამიზნული ექსპერიმენტი იყო, ქართულ, ეროვნულ საქმეს აკეთებდა _ გამათავისუფლებელ და დემოკრატიულ იდეებს ქადაგებდა და უფრო დიდი ეროვნული საქმის საკეთებლად ამზადებდა ქართველ ახალგაზრდებს ევროპაში, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოწოდებულნი იქნებოდნენ მხოლოდ ქართული საქმე ეკეთებიათ შინ თუ გარეთ, რისი სურვილის დეფიციტსაც ასე ძალუმად განიცდიან საზღვარგარეთ წასული ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდები!

დიდ ყურადღებას უთმიბდნენ “უღელის” წევრები ლიტერატურის კრიტიკას და ესთეტიკას, ხელს უწყობდნენ ქართულ ლიტერატურაში ევროპული მხატვრული კულტურის ათვისებას. მათ შეიმუშავეს ქართული სკოლებისათვის სახელმძღვანელოე-ების შედგენის გეგმა და ჩამოაყალიბეს მთარგმნელთა წრე. “უღელმა” მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულ და ევროპულ ცივილიზაციასთან ქართული კულტურის შემოქმედებით დაკავშირებაში.

1873 წლის ნოემბერში საზოგადოება “უღელი” ციურიხიდან ჟენევაში გადავიდა და შეიქმნა ორი ჯგუფი _ ციურიხისა და ჟენევისა. ამ უკანასკნელმა 1876 წლამდე იარსება. ამავე დროს ისინი აქტიური სტუდენტური ცხოვრებით განაგრძობდნენ ცოდნის შეძენას და ლექციებს ისმენდნენ ჟენევის უნივერსიტეტშიც.
ოლგა იყო საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერის, ბიოლოგის კარლ ფოხტის უსაყვარლესი სტუდენტი. მათი ურთიერთობა მშვენიერი სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ნიმუშს წარმოადგენდა.

საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში ოლგა აღტაცებული და აქტიური მსმენელი და თაყვანისმცემელი იყო პარიზის კომუნართა ერთ-ერთი კოლორიტული ლიდერის ლეფრანსესი, ვისთან მეგობრობაც სულიერად ავსებდა ქალიშვილს, მეგობრობდა სხვა ცნობილ კომუნარებთან, მაგრამ სწორედ აქ, ევროპაში _ უცხოეთში, სამშობლოსაგან შორს, ყველაზე მეტად მძაფრდება სამშობლოს გრძნობა, მისი ცოდნა, სიყვარული _ მამული ენა, რწმენა _ ყველაფერი ქართული ძალზე მნიშვნელოვანი და სანატრელი ხდება. მასზე ფიქრით ივსება. რუსეთის იმპერიის ერთ საგუბერნიო ქალაქში, რა თქმა უნდა, ქართული სამშობლოშიც სანატრელი ექნებოდა, მაგრამ უცხოეთში კიდევ უფრო მწვავედ გრძნობდა მშობლიური ენის ცოდნის საჭიროებას და აუცილებლობას: “ჩემს თავს ვატყობ, დროდადრო მჭირდება შეკრებეზე გამოსვლისათვის წერილობით მოვემზადო. სანამ არ ვისწავლი ფიქრს ქართულად. იცი, რას ვაღწევთ ამ საღამოებზე? ახლა უფრო იშვიათად იმართება საუბრები რუსულად. თითქმის ყველა ლაპარაკობს ქართულად. ეს ჩემი აზრით, პროგრესია…”.

ნიკოს ენის შესახებ შედარებით თავშეკავებული შეხედულება ჰქონდა, როგორც უაღრესად პრაქტიკული ჭკუის კაცს, რასაც დაუფარავად და მისებურად ძალზე მარტივად ასე განუმარტავს ოლგას: “ხომ ათასჯერ უკეთესია რუსულ ენაზე იყო სარგებლის მომტანი შენი მამულისათვის, ვიდრე უსარგებლო აურზაური ატეხოქართულად” (ია მესხი, დასახელებული ნაშრომი).

ისინი წერენ ერთმანეთს ყველაფერზე: ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც მათი ინტერესების არეალში შემოდიან, მოვლენებზე, ასე რომ აღელვებთ არა მარტო მათ, პირად ინტერესებზე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საერთო, საზოგადო საქმეს ემსახურება, ცოდნის შეძენა-გაღრმავების ფორმასა და მნიშვნელობაზე, მეგობრებზე, საკუთარ ინტიმურ გრძნობებზე ერთმანეთის მიმართ. ნიკო ბოტიათი სერიოზულ გატაცებასაც არ უმალავს ქალს, რომელიც ბოგუმილაზე არანაკლებ უყვარს და რომლის მცირე ხნით დუმილსაც ავადმყოფურად განიცდის: _ “შენ და ბოტიამ უდიდესი სიკეთე მიყავით _ ორივემ გამიათკეცეთ ძალა და იმედი, შთამბერეთ განახლების, ძალისა და ენერგიის არაჩვეულებრივი ნაკადი, გამაახალგაზრდავეთ, გამაუკეთესეთ, ამასთანავე მხდალი, მგრძნობიარე და ფრთხილიც გამხადეთ, ერთი სიტყვით, დამიმორჩილეთ და მაიძულეთ ჩემი მიზნის გარდა თქვენც შეგიყვაროთ. რა საშინელება იქნება, თუ თქვენ ორივე მხარში არ ამომიდგებით ერთგულად!…”

თავის მხრივ არც ოლგა მალავს თავის გრძნობებს და უმნიშვნელო სულის მღელვარებასაც დაუფარავად უმჟღავნებს ნიკოს…

ევროპაში მყოფი ქართველები სრულყოფილად, ბოლომდე უგებდნენ ერთმანეთს შეყვარებული ოლგაც ცდილობს მათ ბედნიერებას ხელი შეუწყოს თუნდაც საკუთარი ტანჯვის ფასად, მაგრამ მან ხომ იცის, რომ ნიკო და ბოტია უცხონი არიან ერთმანეთისთვის და ეს მხოლოდ გატაცებაა. ამიტომ ითმენს ასე სულგრძელად (თუ გულუბრყვილოდ?) ნიკოს აღსარებებს და იმედგაცრუების სიმპტომებისთანავე თბილი ირონიით შენიშნავს: “რა შფოთიან წერილებს წერ, ჩემო ძვირფასო ნიკო! ნამდვილად, ვკითხულობ და საკუთარ თვალებს არ მინდა დავუჯერო?!”

რას არ მივცემდი ახლა, პარიზში რომ მამყოფა და შენ მენახე: როგორ ხარ შენ მაქ მგრძნობიარე, დრამატულ სულიერ განწყობაზე, მეორე მხრივ კი _ არა. მე მივეჩვიე წარმოგიდგინო შენ ცნობილი სახით: “შემიფურთხებია-თქო ყველაფერზე, მე ჩემსას ვიზამ, ჩემი თავისა მე ვიცი!” არ ვისურვებდი არაფრი შემცვლოდა ეს სახე. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ სახით გიგებ… და ვიცი ნამდვილად, რომ ამაში ვერაფერი გადამარწმუნებს, რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც მთელმა სამყარომ ჩაიქნიოს შენზე ხელი…” საოცრად ღია, გახსნილი ურთიერთობა მყარდება იმთავითვე ნიკოსა და ოლიკოს შორის.

ეს ურთიერთობა მთელი სიცოცხლე გრძელდება მათ წერილებში…

… და მიმოწერა ისევ გრძელდება!..

ნიკოს და ოლგას მიმოწერა _ ეპისტოლარული მატეანე _ 5 ამერიკულ ყუთს მოიცავს _ 7 000 წერილს.

შეუღლებამ არათუშეამცირა მათი მიმოწერა, უფრო ინტენსიური გახადა იგი. შვილებიც მიაჩვიეს ინტენსიურ მიმოწერას, რაც ასე უცხო გახდა ჩვენი თაობისათვის და ამ უკანასკნელ ხანს ხომ საერთოდ არავინ წერს წერილებს. არადა წერილებით ურთიერთობა უფრო აახლოებდა ადამიანებს ერთმანეთთან და მეტ სითბოს და პასუხისმგებლობასაც მატებდა ამთ ურთიერთობებს.

ნიკოს თავიდან ოლგასადმი ჰქონია ლირიზმით სავსე გრძნობები და სიყვარულშიც გამოუტყდა მას ჟენევის ტბის პირად, შილიონის ციხე-სიმაგრის ჩრდილში, მაგრამ ოლგას უარი უთქვამს: _ მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი და არა ქმრის საშოვნელადო.

ამ უარს ნიკოს და ოლგას ურთიერთობა არ გაუბზარავს.

აქვე უნდა ვახსენოთ ოლგას საოცარი სიკეთე და სულგრძელობა.

ალექსანდრე გურამიშვილის უაღრესად ტრადიციულ და პურიტანულ ოჯახში გაზრდილი ქალისაგან მართლაც წარმოუდგენელია ნიკოს ქალებით გატაცებისადმი შემგუებლური, დამთმობი დამოკიდებულება.

ვინმე ანა მაკაროვასგან 70-იან წლებში შეძენილი უკანონო შვილის გარდა ნიკოს ბოტიასგანაც (ნიკო და ბოტია 1875 წლის 7 ივლისს დაქორწინდნენ) ჰყავდა ორი ქალიშვილი _ თელიკო და ლოლო. თელიკო ცოლად ჰყავდა ცნობილ ფრანგ გენერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ლუიუ კოკეს, ხოლო უმცროსი _ ლოლო _ ელისაბედი _ ბელგიელ მწერალს კამილ ჰიუსმანს, რომალმაც მოტყუებით შეირთო ლოლო ცოლად პარიზში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, მას ბელგიაში ჰყოლია ცოლ-შვილი. იგი დაუბრუნდა მათ, ხოლო ასევერაგულად მოტყუებული და გაუბედურებული ლოლო რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვთან ერთად ჩამოდის მამამისთან _ ნიკო ნიკოლაძესთან ფოთში. ოლგა, რომელიც ამ დროს დიდ ჯიხაიშში იმყოფებოდა, მოემზადა ნიკოს და ბოტიას შვილის მისაღებად, განუსაზღვრელი დროით სამასპინძლოდ (ლოლო ხომ მისი სიყრმის მეგობრის და ნიკოს სიყვარულის ნაყოფი იყო, იმ სიყვარულისა, რომელზეც ნიკო ასე აღტაცებით უამბობდა მას _ ქალს, რომელიც ბოტიაზე ნაკლებ როდი უყვარდა მაშინ _ ახალგაზრდობის იმ დაუდუღარ წლებში!).

. . .

_ ნიკოს და ოლგას სიყვარული არ ნელდებოდა _პირიქით _ ისეთ ძალას აღწევდა, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია და რომელიც კაცს ნებისმიერ ნაბიჯს გადაადგმევინებს _ რაზეც ადრე არც გიფიქრია: ნიკო რომ სტავროპოლში გადაასახლეს, ოლგამ დაჰკრა ფეხი და თბილისიდან გაძევებულს უკან გაჰყვა.

ნიკოს და ბოგუმილას ოჯახი დაიშალა.

მალე ნიკოს სტავროპოლში გადასახლება შეუცვალეს და პეტერბურგში ცხოვრების უფლება მისცეს. ნიკომ ოლგაც თან წაიყვანა ახალი გადასახლების ადგილზე.
1883 წლის ზაფხულში ნიკო და ბოგუმილა გაიყარნენ; იმავე წლის 29 ივლისს თბილისში ქაშუეთის ეკლესიაში მღვდელმა დავით ჭრელაშვილმა ნიკო ნიკოლაძესა და ოლგა გურამიშვილს ჯვარი დაწერა და ახალდაქორწინებულნი ისევ ნიკოს გადასახლების ადგილსპეტერბურგს დაუბრუნდნენ.

აქ, რუსეთის სატახტოში დაიბადა მათი უფროსი ქალიშვილი _ რუსუდანი (1884 წლის 29 დეკემბერს) აქ მოძებნა ოლგამ ნიკოს პირველი შვილი _ ნინო მაკაროვა, დაბადებიდანვე დაობლებული გოგონა მამის ხარჯით ერთ-ერთ პანსიონში იზრდებოდა. ნინო მაშინ 12 წლის-ღა იყო.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოლგა ასწავლიდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. იგი იყოერთ-ერთი პირველი ქალი-მასწავლებელი რუსეთის იმპერიაში. მას თვით იაკობ გოგებაშვილმა გაუწია რეკომენდაცია. ოლგას არ შეურცხვენია თავისი “პროტეჟე” _ იგი სულ მალე ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი და პედაგოგი.

ქ-ნ რუსუდან ნიკოლაძის მოგონებიდან:

“დედაჩვენი ამ ძნელად მისადგომი, ბევრთან პირქუში და წარბშეკრული ადამიანის (იაკობ გოგებაშვილის) ყოფილი თანამშრომელი იყო გოგებაშვილის მიერ დაარსებული სათავადაზნაურო სასწავლებ-ლისა (შემდეგ გიმნაზიად გადაზრდილის) 1878-1881 წლებში დედა იქ რუსულ ენას ასწავლიდა დიდის წარმატებით ქართლისა და კახეთის მემამულეების სასწავლებლად გამომეტებულ ვაჟებსა და მას აქეთ ეს სკოლის საქმისათვის თავდადებული პედაგოგი განსაკუთრებული პატივისცემით და თბილი ყურადღებით ხვდებოდა ყოველთვის დედაჩვენს; იქნებ, იმიტომაც კიდევ, ხედავდა და გრძნობდა, რა მოწიწებითა და მოკრძალებით შევსცქერდით მას მე და გიორგი.”

თავისი პედაგოგიური ტაქტითა და განათლების მაღალი დონით ოლგას აღტაცებაში მოჰყავდა იმპერიის განათლების მესვეურნი.

პედაგოდიურ მოღვაწეობას ოლგა ნიკოსთან შეუღლების შემდეგაც აგრძელებდა.

. . .

ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნისას ოლგამ საფუძველი ჩაუყარა ნიკოლაძეთა დიდ და მრავალრიცხოვან ოჯახს, რომელიც არ ანსხვავებდა ერთმანეთისგან მეგობარს და ნათესავს _ ყველასაკუთარი ოჯახივით გრძნობდა აქ თავს.

ასე გაგრძელდა მთელი მათი სიცოცხლე…

ქალბატონი რუსუდანი იგონებს ოლგას “ნევისპირელ სალონს,” რომელშიც ისეთი ხალისით იკრიბებოდა და ხვდებოდა ერთმანეთს “ჩვენი” თბილისიდან და “მათი” ნევის ნაპირიდან რჩეული საზოგადოება: მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორ-მუსიკოსები: ილია და მამა, ჩვენი ცნობილი იმდროინდელი საქმოსანი და დიდი მეცენატი _ ამერიკელი ბიძა _ ალექსანდრე (სანდრო) ერისთავი, რომლის ყოვლმხრივი დახმარება და მხარდაჭერა კარგად ახსოვდათ “თერგდალეულებს” შემდგომ მათ “ახალ ახალგაზრდობას”, ბრწყინვალე ახალგაზრდა მეცნიერი ივენე თარხან-მოურავი და მისი პირველი ცოლი, ფსიქოლოგია-პედაგოგიკის პროფესორი მანასეინა (ოლგას დიდი მეგობარი), გიგო გაბაშვილი…

რა სიხარულით დფა ხალისით იკრიბებოდნენ ამ სტუმართმოყვარე კერის სული და გულის, მშვენიერი ახალგაზრდა დიასახლისის ოლგა გურამიშვილის ირგვლივ თანამშრომელი მწერლები: მიხაილოვი, გლებ უსპენსკი, შელგუნოვი, სტანიუკოვიჩი, კრივენკო და სხვები. მოდიოდა თვით ზიჩი _ ფუნჯის უნგრელი ჯადოსანი, საქართველოს მშვენიერების პატრიოტად ქცეული მამიჩვენის, გიგო გაბაშვილისა და დავით გურამიშვილის ხელში შოთას “ვეფხისტყაოსნი~ გაცნობით. ხშირი სტუმარი იყო “ოლიკოს სალონისა” კომპოზიტორ სეროვის ქვრივი, თვითონაც კომპოზიტორი ქალი, ვალენტინა სეროვა, რომელიც დედას თვლიდა თავისი ოპერის “ურიელ აკოსტას” ივდითის როლის პროტოტიპად და ამიტომ მთელი თავისი წრე დაუახლოვა ოლგას, რომელსაც თითქმის არცერთი “ხუთშაბათი” არ დაუხურავს თავისი სალონის კარი თავისი მეგობრებისთვის.” აქვე დადიოდა, თურმე, კომპოზიტორი რიმსკი-კორსაკოვიც და სხვები.

ასე, რომ 1886 წელს ნიკოლაძეები ორი ახალშეძენილი შვილით დაბრუნდნენ საქართველოში _ აქ ნიკოს დედულეთს _ დიდ ჯიხაიშში, 2 წლის რუსუდანითა და 14 წლის ნინოთი (უკვე ნიკოლაძისთ) აკაკის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც სულ ეხუმრებოდა მამაჩვენს, _ იგონებს ქ-ნი რუსუდანი, _ დამიჯერე, ძმაო ნიკო! მიატოვე მაგ შენი დახაშმული დედულეთი, რომელსაც სახელიც კი თითქოს ტროპიკული მალარიით აქვს მოშხამული: ჯი-ხა-იში! ეს ხომ სამეგრელოა შენი ფოთის კოღოებით მოშხამული და არა იმერეთი! “ჯიხა” ხომ ციხეა მეგრულად, ჯიხა-იში კი ნაციხვარს ნიშნავს, გადფმოდი ჩვენთან, ნამდვილ იმერეთში. თქვენც ხომ სკანდელები ხართ, ზემო იმერლები, დედიჩემის, ეკატერინე აბაშიძის… ყმები! _ უმატებდა იგი სიცილით, მაგრამ მამას არ უყვარდა მისი დედულეთის ასეთი სახუმარო შეხება და მეგობრული გამოხმაურება უპასუხოდ რჩებოდა.

. . .

დიდ ჯიხაიშში, აქ, ამ სახლში დაიბადა ნიკოს და ოლგას მომდევნო შვილი _ მათი სასახელო ვაჟი _ დიდი მეცნიერი, მეტალურგიასა და მთამსვლელობასთან ერთად მასობრივი სპორტის არაერთი სახის, ქართული სამეცნიერო-ტექნიკური და სპორტუ-ლი ტერმინოლოგიის ფუძემდებელი, ინჟინერ-გამომგონებელი და საერთოდ უნივერსალური პიროვნება, უდიდესი მამულიშვილი გიორგი ნიკოლაძე, აქ იზრდებოდა ჯიხაიშზე უზომოდ შეყვარებული, კოჯორში დაბადებული მათი უმცროსი და თამრო. უმცროს და-ძმას მზრუნველობას და სიყვარულს არ აკლებდა ასევე საყოველთაო მზრუნველობით გარემოცული მათი უფროსი და ნინო.

1894 წელს ოლგამ აქ გახსნა ქალთა გიმნაზია და შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება, როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, იგი, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებული იყო ახალგაზრდებს საფუძვლიანად _ პრაქტიკულად შეესწავლათ სოფლის მეურნეობის საფუძვლები. იგი ჩვენი სოფლის სკოლაში ასწავლიდა აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოყვანას, ძაფია ამოღებასდა შალის ძაფით ხალიჩებისა და ფარდაგების ხელით ქსოვას. მისი თხოვნით ნიკო ნიკოლაძემ საზღვარგარეთიდან, კერძოდ ლიონიდან, (საფრანგეთიდან) ჩამოიტანა აბრეშუმის გაუმჯობესებული (თეთრი აბრეშუმის) თესლი და გაავრცელა დასავლეთ საქართველოში. ამით ცოლ-ქმარმა ხელი შეუწყო დასავლეთ საქართველოში ერთ-ერტთი უძველესი დარგის მეაბრეშუმეობის განვითარებას, ხოლო ქსოვის ხელობის სკოლაში სწავლებით _ ასევე უძველესი და სამწუხარპოდ, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში შემორჩენილ გამოყენებითი ხელოვნების ამ იშვიათი დარგის განვითარებას (სამწუხაროდ, დაიკარგა ნიკოს მიერ ჩვენი სოფლის სკოლის ახალგაზრდებისათვის საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი საუცხოო ხელით საქსოვი დაზგებიც და ამ დარგის განვითარებასაც მათ შემდეგ არავინ შეუწყიო ხელი, როგორც, ალბათ, არარენტაბელურს, არამომგებიანს).

წიგნში “აქ ცხოვრობდა დიდი ნიკო” ვკითხულობთ: “1912 წლამდე აქ არსებობდა ე.წ. “ორკლასიანი” სასწავლებელი ვაჟებისა და ქალებისა, რომელიც დაარსებული იყო ნიკო ნიკოლაძის, ოლგა გურამიშვილისა და დავით დევიძის მიერ”.

დიდი ჯიხაიშის სკოლას შემდეგ მზრუნველობდნენ ნიკო ნიკოლაძის მეუღლე ოლგა გურამიშვილი და შვილები. მუზეუმში დაცულია სურათი, სადაც აღბეჭდილია ოლგა ჯიხაიშის სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან _ ალექსანდრე ჩხეიძესთან, ქაიხოსრო ლორთქიფანიძესთან და სხვებთან ერთად.
. . .

ცალკე საუბრის თემაა ოლგა, როგორც დედა _ აღმზრდელი თავისი შვილებისა. მას და ნიკოს თავ-თავისი მეთოდი ჰქონდათ შვილების აღზრდისა. ნიკო უპირატესობას ანიჭებდა ჟან-ჟაკ რუსოს აღზრდის სისტემას (და იმდენად ყოფილა გატაცებული ამ ფრანგი განმანათლებლის მოძღვრებით, თურმე, რომ თავისი შვილებისათვის თანმიმდებრობით ჟან-ჟაკ-რუსოს დარქმევაც კი უნდოდა), ოლგა კი პესტალოცისა, მაგრამ ორივე თანხმნდებოდა ერთში _ ნავშვების გონების განვითრებისა და გრძნობათა აღზრდისთვის აუცილებელი იყო ბავშვების ყოფნა, მათი აღზრდა სოფელში _ ბუნებასთან ახლოს. სწორედ ამ მიზნით მათ აირჩიეს ნუკოს დედულეთი _დიდი ჯიხაიში.

ოლგა მესვეურობდა განათლების საქმეებს ფოთში იქ ნიკოს ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში. ქალბატონი რუსუდანი იგონებს: _ “საახალწლო არდადეგებს კი ფოთში ვატარებდით, რადგან იქ დედას იწვევდა მისი შინაური მოვალეობაც “გალავას” მეუღლისა, რომელსაც მთელი ქალაქის მიასალოცი ვიზიტები უნდა მიეღო. ამის გარდა დედა არ გაათავისუფლეს ადგილობრივი სასკოლო კომიტეტის თავმჯდომარეობისაგან და მას ამ საახალწლო ორკვირეულში ქალთა სკოლის (შემდეგ გიმნაზიად გადაზრდილის) შობის ხის მოწყობა და ჩატარებაც აწვებოდა (ორ-სამ წყებად სხვადასხვა ასაკისსათვის) რაღაც საქველმოქმედო საღამოებისაც, სხდომების და სხვა.”

კიდევ ერთ ფაქტს მინდა ხაზი გავუსვა: ევროპაში განათლების მიღების და ცხოვრების გარკვეული ნაწილის ევროპასა და რუსეთში გატარების, ცხოვრების თავიანთი მეტად მოძრავი წესის მიუხედავად ნიკომ და ოლგამ (განსაკუთრებით _ ოლგამ) შეძლეს თავიანთ შვილებში საოცარი პატრიოტიზმი აღეზარდათ გარდა იმისა, რომ ისინი დიდი მეცნიერები, სპორტსმენები, თუ სხვასხვა დარგის საუკეთესო პროფესიონალები იყვნენ, ამავე დროს ისინი და განსაკუთრებით _ გიორგი იყო უდიდესი პატრიოტი, ჭეშმარიტი მამულიშვილი ამ ცნების საუკეთესო გაგებით. თავის სათაყვანო “შევარდენს” გიორგიმ დედისეული მისალმება _ “გუშაგობ ერს!” _ “მარად!” _ გაუხადა დროშად. ოლგა ყოველ დილით სწორედ ამ სიტყვებით ესალმებოდა თავის შვილებს. ქალბატონი რუსუდანი განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს მშობლებზე, როგორც აღმზრდელებზე. კითხულობ და გიკვირს _ როგორ ახერხებდნენ ისინი თავიანთი ცხოვრება-მოღვაწეობის ასეთი რთული და მრავალფეროვანი სტილის პირობებში ამდენი ყურადღება დაეთმოთ თავიანთი შვილების აღზრდისათვის, არ გამორჩენოდათ უმნიშვნელო წვრილმანი თუ ნიუანსი, მიეცათ მათთვის არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი, ზნეობრივი, საერთოდ ყოველგვარი განვითარებისათვისმაქსიმალური საშუალება.

მათ _ დიდ ნიკოსა და მის ღირსეულ მეუღლეს კარგად ესმოდათ, რომ შვილის აღზრდა მამულის სიყვარულისა და მსახურების სულისკვეთებით ისევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა, როგორც თითოეული მამულიშვილის უანგარო გარჯა თავისი ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისათვის.

ლია ბიბილეიშვილი

2010 წელი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button