ეს იყო ძველი, ნაცნობი აზრი,
რომ ვერ გაფანტა ღამის ბურუსმა,
დაუნდობელად მკაცრი და ბასრი,
შუბლს შთაჭედილი, როგორც ლურსმანი.
ასე! აღარ აქვს მას ეხლა გული.
სულში იშლება სიცივე მკვეთრი –
მაგრამ ის მიდის დამშვიდებული,
როგორც პოეტი და გეომეტრი.
მან შეამჩნია ყვითელი ძაღლი –
ღრმა, მშვენიერი, დიდი თვალებით.
ადევნებოდა ღამეს… დაღლილი
წვიმით, გრიგალით და გაწვალებით.




