ზღაპარისაბავშვო

ია ხათუნი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი დედაკაცი. ჰყავდა რვა ვაჟი და ერთი ქალი. ქალი ძალიან ლამაზი იყო; რომ გაიცინებდა, სულ ია და ვარდი გაიშლებოდა. ძმებს ძალიან უყვარდათ და ააზიზებდნენ.

ეს ქალი, რამდენჯერაც წყალზე წავა, აუძღვება ერთი პატარა ჩიტი და შესძახის: ქალო, შენს თავს ბალა, ქალო შენს თავს ბალაო!

რომ გაუჭირა საქმე დედას უთხრა:

– რამდენჯერაც წყალზე წავალ, კრთი ჩიტი ამიძღვება და მეძახის: ქალო, შენს თავს ბალაო!

– ვაიმე, შვილო, უთხრა დედამ, – ასე უთქვამს: შენს თავს ხათაბალაო!

გავიდა ხანი. ხალხი დღეობაში მიდის. ქალმაც მოინდომა წასვლა. ძმებს უთხრა: რვა ძმას ერთი და გყავართ და მეც გულის მურაზს არ მისრულებთო!

დედასაც უსაყვედურა. დედამ უთხრა:

– შვილო, თუ გაჰყვები, აგე შენი ძმები მიდიან და გაჰყეო!

– ძმები წავიდნენ, წაიყვანეს დაცა.

ერთი ხიდი ჰქონდათ გასავლელი. ძმები ერთად გავიდნენ, დაც უნდა გასულიყო, მაგრამ ამ დროს ერთი ციხე დაედვა თავზე. მოემწყვდია ქალი შიგ, არც კარი აქვს, არც ფანჯარა. ქალი ტირის, ტირის, სულ თვალებს ითხრის.

მოვიდნენ შინ ძმები, უამბეს დედას, რაც დაემართა იმათ დასა. ასეთები არიან, რომ სულ ტირიან.

ქალი რომ ტირის, ამ დროს ამოივლის ერთი ბებერი კაცი, გაიღება ციხის კარები, ხედავს ქალი ტირის.

– რადა სტირი, შვილო, – ეტყვის ბერიკაცი, – რა ძალა დაგდგომია ასეთი?

ქალმა უამბო თავისი თავგადასავალი.

– წამო, შვილო, ჩემთან, შვიდი ქალი მყავს, მერვე შენ მეყოლები, თუ მეტად არ მეყვარები, იმათზე ნაკლებად ხომ არ გაგიფრთხილდებიო!

გაჰყვა ქალი. ამ კაცის ქალებიც, ეს კაცი და ამისი ცოლიც ისე უფრთხილდებიან ამ ქალსა, რომ ცივ ნიავს არ აკარებენ. სულ ამის კითხულია ყველაფერი.

ერთხელ დედობილმა უთხრა:

– მოდი, შვილო, ერთი თავი მომიხილეო!

მოუხილა ქალმა თავი და ამ დედაკაცს ქალის კალთაში კი დაეძინა. ხედავს, თმაში ერთი გასაღები აქვს ჩატანებული. ქალი მუხლს გამოაცლის, მუთაქას დაუდებს, თვითონ გასაღებს წაიღებს, გააღ ებს დაკეტილ ოთახს და ერთი დევი კი შემოაჭყეტს თვალებსა. ქალი უცებ გამოუხურავს კარებს და გასაღებს ისევ თმაში ჩაატანს დედობილსა.

ეს დედაკაცი როცა შევა ამ დევთან, დევი ეტყვის: შენც ლამაზი და მეც, მაგრამ ია ხათუნისთანა კი არავინ იქნებაო!

ისეთია ეს დედაკაცი, სულ ნაღველი ჩაექცა. წამოვიდა, დაწვა, მოიავადმყოფა თავი, წევს და კვნესის. ეკითხებიან:

– რა გიშველისო?

– მე სხვა არაფერი მიშველის, თუ ია ხათუნს დაკლავთ და იმის გულ-ღვიძლს მაჭმევთ, მოვრჩები, თუ არა და – მოვკვდებიო!

შეწუხდა ძალიან ეს კაცი, ძალიან უყვარს ია ხათუნი.

– აბა, როგორ დავკლათ, – ეუბნება ცოლს, – შვილად ავიყვანეთ, თავის დედ-მამასავით გვიცქერის, გვენდო და ახლა რომ დავკლათ, ხალხს რა ვუთხრათო?!

წევს ეს დედაკაცი და კვნესის, ორი-სამი თვეა, აღარ დგება.

ძალიან რომ გაბეზრდა, ბერიკაცმა უთხრა მოჯამაგირეს:

– წაიყვანე მინდორში ია ხათუნი, დაკალ და გულ-ღვიძლი მომიტანეო!

წაიყვანა ბიჭმა ია ხათუნი; ბიჭს ერთი გოშია ჰყავდა, ის დაკლა, გულ-ღვიძლი ამოაცალა, ქალი გზაზე დააყენა და დალოცა, წადი და ღმერთმა გიშველოსო! მოუტანა ის გულ-ღვიძლი. ჭამა თუ არა იმ დედაკაცმა, მერცხალივით ზეზე წამოვარდა საღ-სალამათი.

ია ხათუნმა კი იარა, იარა და ერთ ადგილას ცხრა ძმა დევი მდგარა, იმათ სახლთან მოვიდა. რვა ძმა სანადიროდ ყოფილა წასული და მეცხრე ძმა კი კოჭლი ყოფილა, ის სახლში დაუტოვებიათ.

მივიდა ია ხათუნი, დგას სახლის შინ და ტირის. გადმოიხედავს ეს დევი და გადმოსძახებს:

– რა ხარ, რა სულელი ხარ, ჩემი ძმების შიშით ცაში ფრინველს ვერ გადაუფრენია და დედამიწაზე ჭიანჭველასა, შენ კი მოსულხარ და მანდა დგახარო!

– ესე, ესე არის ჩემი საქმე, – უთხრა ქალმა, – და ახლა შენ იცი, რასაც მიზამ!

დევს ძალიან გაეხარდა:

– მაინც ჩვენ ცხრა ძმას და არა გვყავს, შენ და და მე – ძმა. მოვლენ ჩემი ძმებიცა, დაგმალავ და მერე გამოგაჩენო!

დამალა ქალი, როცა მოვიდნენ ძმები, უთხრეს, ადამიანის სუნი მოგვდისო.

– თქვენ თვითონ მოგყვებოდათ, – უთხრა ძმამ, – აქ ადამიანს რა უნდაო!

როცა ირმები მოხარშეს და პურის საჭმელად დასხდნენ, კოჭლმა დევმა უთხრა ძმებს:

– ცხრა ცმა ვართ და ერთი და არა გვყავს. არ გინდათ, რომ გყავდეთ?!

– ბარემ გვინდა, მაგრამ, აბა, საიდან მოვიყვანთო?

მაშინ გამოუჩინა ია ხათუნი ძმებსა. ყველამ დიდი სიხარულით მიიღო. ამის შემდეგ ია ხათუნი იყო დიასახლისი და ყველაფერი იმას ეკითხებოდა; უვლიდა სახლსა, აკეთებდა საჭმელს. ისეთია, დევები ძლივს შესცქერიან…

ის დედაკაცი რომ შევიდა დევთან, დევმა ისევ უთხრა:

– შენც ლამაზი ხარ და მეც, მაგრამ ცხრა ძმა დევს რომ დად ია ხათუნი ჰყავთ, იმისთანა არავინ იქნებაო!

ისეთია ეს დედაკაცი, სულ ცოფებსა ყრის. მიუხტა ქმარსა:

– აკი მოვაკვლევინეო, იძახოდი. ის ცხრა ძმა დევთანა ყოფილა! თუ არ წასულხარ და რითაც იქნება და არ იქნება, აქ არ მოგიყვანია, ან არ მოწამლე, შენს ცოლობაზე ხელს ავიღებო! – გაატანა ერთი მთელი კალათი სხვა წვრილმანი და ასე უთხრა: – უფროსი ქალი გავათხოვე და ქორწილში გვეწვიე-თქო. თუ არ გამოგყვეს, ეს წვრილმანი მიეცი, ესენი მაინცა გქონდეს-თქო!

აიღებს ბერიკაცი ჯოხს, წაიღებს ერთ კალათა წვრილმანს და წავა ცხრა ძმა დევისაკენ. იმ დროს მივა, რომ ძმები სანადიროდ წასულან, მარტო ია ხათუნიღაა შინა. დადგება ძირსა და ელის, როდის გამოვა კარზე.

როცა ქალი გამოვა, ის კაცი მიესალმება:

– ია ხათუნო, შვილივით გვიყვარდი და განა ეგრე უნდა, რომ ჩვენსკენ ერთხელ აღარ შემოიხედე. შენმა დედობილმა გამომგზავნა: უფროსი ქალი გავათხოვე და ქორწილში მეწვიეო!

– თუ ჩემი ყოფნა გინდოდათ ქორწილში,მე იქ ვიყავი, რომ დაკვლა დამიპირეთ? ტყუილად გარჯილხარ, მე იქ აღარ წამოვალო!

– – თუ არ წამოხვალ, შვილო, ე წვრილმანი მაინც აიტანე!

– ყველაფერი ბევრი მაქვს, მე თქვენი არაფერი მინდა, – ჩამოსძახა ქალმა, – თუ გაქვს კევი ამომაწოდე!

ჩამოუშვა თოკი, ასწია და აიტანა კევი. დაღეჭა და ჩაუვარდა ენა, ისეთია, აღარაფერი ესმის.

მოვიდნენ ძმები. ნახეს, რაღა სანგახავია ქალი! აღარც ენა აქვს, აღარც გონება. ბევრი იმწუხრეს, ბევრი იტირეს, ბოლოს, შეუკრეს ერთი კიდობანი, ჩააწვინეს შიგ და მისცეს წყალსა.

ატარა წყალმა, ატარა და ერთ სახელმწიფოში მიიტანა.იქაური ხელმწიფის შვილს ცოლი უნდა შერთონ; ხელმწიფეს გამოუცია ბრძანება: ვისაც გასათხოვარი ქალი გყავთ, ყველამ მოიყვანგეთ, ჩემს შვილს უნდა ცოლი შევრთოო. ისეთია ეს ხალხი: მოდის და მოდის! სულ თავების მტვრევაა, იქნება მე მომიწონოსო. ამ დროს დაინახავენ, რომ წყალს კიდობანი მოაქვს, შეგზავნიან მცურავებს, გამოიტანენ ნაპირზე, გახსნიან: ია ხათუნი უკვე გასაღებულია, ისეთია, კაცს თვალს მოსტაცებს. აბა, სხვა ვიღა მოეწონებოდა. ხელმწიფის შვილმა დაიწერა ჯვარი ია ხათუნზე. ცხოვრობდნენ ტკბილად და უდარდელად.

დედაკაცი რომ დევთან შევიდა, დევმა უთხრა:

– ლამაზი ხარ, მაგრამ ამა და ამ ხელმწიფის შვილს ცოლად რომ ია ხათუნი ჰყავს, იმასთან კი ვერავინ მოვაო!

ოჰ, გაუსკდა გული დედაკაცს. დაეტაკა ქმარსა:

– ეგ მეორედ გაუშვი ის ქალი ცოცხალი! წადი და აუტეხე რამე, თორემ იცოდე, ცოცხალი აღარ დამენახოო!

წავიდა ეს კაცი, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მივიდა იმ ქვეყანაში, სადაც ია ხათუნია.

მივიდა ხელმწიფის შვილთან და სთხოვა, მებაღედ დამიჭირეთო.

ია ხათუნმა უთხრა:

– ნუ გინდა, გაანებე თავი, თორემ ინანებო!

არ დაიშალა ხელმწიფის შვილმა, მაგან რა უნდა გვიყოსო!

იარა ბერიკაცმა, იმდენი ძვრა, რომ ხელზე მოსამსახურედ შეეპარა.

ერთხელ ხელმწიფის შვილი სხვაგან იყო სტუმრად; ია ხათუნი დაწვა და ოქროსქოჩრიანი ვაჟი ეყოლა. ამ ბერიკაცმა როცა დრო იპივა, შევიდა, გამოსჭრა ყელი დედასა და შვილს და ერთ წყალში გადაყარა. მოიყვანა თავისი უფროსი ქალი და დააწვინა ლოგინში.

ია ხათუნი წყალში ოქროს თევზად იქცა. ისეთია, სულ მზესავით ანათებს.

ხელმწიფის შვილი დაბრუნებულა და სწორედ ამ წყალზე გამოიარა. ეს ოქროს თევზი ისეთია, სულ ზედ ახტება. დაიჭირა და წამოიყვანა შინ.

ასეთია მეფის შვილი, სულ ზედ დაჰკანკალებს ამ თევზს. გაუკეთა აუზი, გაუშვა შიგ და დღე და ღამე აღარა შორდება.

ეს ქალი კი ჯოჯოსავით გამოიყურება ლოგინიდან. გახდა ავად.

– თუ მაგ თევზს დაკლავთ და მაჭმევთ, მოვრჩები, თუ არა და – მოვკვდებიო!

რას იზამს ხელმწიფის შვილი? თუმცა არ ემეტება, მაგრამ დედ-მამას ხათრს არ უტეხს.

– ისე აკრიფეთ ფხები, რომ ერთიც არსად დაგივარდეთო! – ბრძანა ქალმა.

დაკლეს და მოხარშეს. მოაგროვეს ფხებიც, მაგრამ ერთი ფხა მაინც გაჰყვება ნაგავსა. ამ ფხაზე ისეთი ალვის ხე ამოვიდა, წვერით ცასა სწვდება. ეს ხელმწიფის შვილი დღეც იმის ძირში არის და ღამეც. ჩამოუშვებს ეს ალვის ხე ტოტებს. ქვეშაც ეშლება და ზევიდანაც ეხურება.

გახდა ეს ქალი ავად. აიხირა, თუ მაგ ალვის ხეს მოჭრით და მაგის ნაფოტს ისე აკრეფთ, რომ ერთიც არსად არ დაგივარდეს, მოვრჩები, თუ არა და – მოვკვდებიო!

მეტი რა ღონე იყო! მოჭრეს, მაგრამ ერთი ნაფოტი ერთი ბებრის ეზოში დავარდა.

ისეთია ეს ბებერი, ამ ნაფოტს გადააბრუნებს, აკოცებს, გადმოაბრუნებს, აკოცებს. ეს ბებერი რომ წავა, ეს ნაფოტი ქალად იქცევა, დაგვის, დარეცხავს, დაწმენდს, შეადგამს შეჭამადს, იქცევა ისევ ნაფოტად და დაეხურება ქოთანს.

ისეთია ეს ბებერი, უკვირს: არ იცის, ვინ უვლის სახლსა! მეზობლებში ამბობს: ესეა ესე ჩემს თავს და არ ვიცი, ვინ შემოდიხართ, ვინ უვლით ჩემ სახლსაო?

– უდარაჯე და ნახავ, ვინც არისო! – უთხრეს მეზობლებმა.

მართლაც, გამოვიდა ერთხელ ბებერი, ვითომ სხვაგან მიდის და იქვე კი დაიმალა.

ამ ნაფოტმა რომ იფიქრა, ახლა კი წავიდა ბებერიო, გადმოხტა, იქცა ქალად, დატრიალდა; ყველაფერი გააკეთა და რომ ისევ ნაფოტად უნდა ქცეულიყო, შემოასწრო ბებერმაც, მე დედა და შენ – შვილიო!

გაუხარდა ამ ბებერს. ისეთია, სულ თავს დასტრიალებს. უამბო ია ხათუნია თავისი თავგადასავალი ბებერსა.

ბებერმა უთხრა:

– ხელმწიფის შვილი დავპატიჟოთ შვილოო!

– არა, დედი, ის არ გვიკადრებს, არ მოვა. ისევ ერთ წამალს გავაკეთებ, წადი, იმის ცხენებს გადააყარე; ისეთი ჭირი გაუჩნდებათ, რომ ჩვენს მეტმა ვერავინ მოარჩინოსო!

მართლაც, მისცა წამალი. აიღო ამ ბებერმა და გადააყარა ცხენებს.

გაუჩნდათ ცხენებს ჭირი. ისეთია, სულ დაფქვა, მივიდა ბებერი ხელმწიფესთან, მოახსენა, მე მყავს ერთი ქალი და ის მოარჩენსო.

წაუყვანეს ქალს ცხენები; გადააყარა წამალი და, როგორებიც წინათ იყვნენ, ხელად ისეთებივე გახდნენ.

გაუხარდა ძალიან ხელმწიფის შვილს.

– რა მოგცე, – ეკითხება ბებერს, – რით დაგასაჩუქროო?

ბებერმა უთხრა:

– მე არაფერი მინდა, ჩვენსა წამობრძანდი და ჩემს ქალს უბრძანე მადლობა, იმან მოგირჩინაო!

მოვიდა ხელმწიფის შვილი ბებერთან. ხედავს, ია ხათუნი იქ არის. გადაეხვივნენ ერთმანეთს.

ქალმა უამბო ყველაფერი, რაც თავს გადახდა.

ხელმწიფის შვილმა ის კაცი და იმისი ქალი ცხენის ძუაზე გამოაბმევინა და სულ დააგლეჯინა.

ია ხათუნზე ხელმეორედ დაიწერა ჯვარი და გაბედნიერდნენ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button