ფილოსოფია

გურამ თევზაძე – ქრისტიან ვოლფი

გურამ თევზაძე – “ქრისტიან ვოლფი” გერმანული განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი

ქრისტიან ვოლფ ი (1676-1754) ახალ ეტაპს იწყებს ამ მიმართულების ისტორიაში. მან ფილოსოფოსობა საკუთარი (გერმანული) კულტურის საფუძველზე დაამყარა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში მსოფლმხედველობრივი აზროვნება დიდხანს მის მიერ მოხაზული პრობლემატიკის ფარგლებში ვითარდებოდა. ვოლფი შესანიშნავად იცნობდა, როგორც სქოლასტიკურ ფილოსოფიას, ისე დეკარტისა და ლოკის სახელებთან დაკავშირებულ მიმართულებებს. მისი მიზანი იყო ლაიბნიცის მოძღვრების საფუძველზე შეექმნა ყოვლისმომცველი რაციონალისტური ფილოსოფიური სისტემა. ამ სისტემას ლაიბნიც-ვოლფის სისტემა ეწოდა.

თავისი დიდი ცოდნისა და ადამიანური გონებისადმი განუსაზღვრელი ნდობის რწმენიდან გამოსულ ვოლფს სურდა სისტემაში და დეფინიციებში მოექცია ყველაფერი, რასთანაც თეორიულად, ანდა პრაქტიკულად კავშირი ჰქონდა ადამიანს, დაწყებული მეტაფიზიკის პირველი პრინციპებიდან, სამხედრო ხელოვნებით გათავებული. ასეთი წამოწყების შედეგი არ შეიძლებოდა ეკლექტიკური არ ყოფილიყო. მაგრამ იგი დიდხანს ბატონობდა გერმანულ აზროვნებაში. მიმდევრები ვოლფს მას შემდეგაც კარგა ხანს ერთგულებდნენ, რაც კანტის მიერ საფუძვლიანად იქნა უარყოფილი. ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ შეურიგებელი კრიტიკის დროს უწოდა კანტმა ვოლფს გერმანულ აზროვნებაში საფუძვლიანობის ფუძემდებელი (20.311). ჰეგელმა ვოლფის დამსახურებად მიიჩნია გერმანიაში ფილოსოფიის გერმანულ ენაზე აკლიმატიზაცია, მაგრამ არსებით ნაკლად ნაკლად თვლიდა იმას, რომ ვოლფმა ყოველივეს დეფინიცია მოგვცა არისტოტელეს ლოგიკის პრინციპებიდან გამომდინარე, რითაც დეფინიციას ღირებულება დაუკარგა, რადგან განსჯის უნარით იფარგლებოდა და არისტოტელესა და ლაიბნიცისაგან განსხვავებით სპეკულატური მისწრაფებები სავსებით მოიცილაო. ვერც ი. ბოემეს (1575-1624) სპეკულატურ წამოწყებას გაუგოო. ჰეგელი ძალიან მკაცრია: ვოლფთან, ისევე, როგორც ვოლფისათვის სანიმუშო ჯ. ლოკთან “მინიშნებაც კი არ არის სპეკულატურ აზროვნებაზე”. როგორც ვხედავთ, ჰეგელი ანსხვავებს სპეკულატურ და რატიონალისტურ აზროვნებას (რომლის უქონლობას ვერც სპინოზას და ვერც ვოლფს ვერ ვუსაყვედურებთ. თანაც, აქ საქმე მხოლოდ განსაზღვრებებით გატაცებას არ ეხებოდა. ჰეგელმა არ ავიწყდებოდა, რომ ამ საქმეში ვოლფი სპინოზას მეთოდს ბაძავდა. მაგრამ თვლიდა, რომ სპინოზა მაინც ახერხებდა მისი დეფინიციების შინაარსი ღრმა სპეკულატური ყოფილიყო. (6, 364). მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ ყოვლისმომცველი სისტემის აგება ვოლფის შემდეგ ჰეგელამდე არავის უცდია და ვოლფი გარკვეული სტიმული იყო ჰეგელისათვის.

ვოლფმა 1703წ. დაიცვა დისერტაცია თემაზე – “ეთიკაში მათემატიკის მეთოდების გამოყენება”. ამით ლაიბნიცის ყურადღება მიიქცია და მათ შორის თანამშრომლობას დაუდო საფუძველი. ლაიბნიცის რეკომენდაციით 1607 წლიდან ვოლფი ფიზიკასა და მათემატიკას ასწავ ლიდა ჰალეში. ამ დარგებში მისმა სახელმძღვანელოებმა ათწლეულებს გაუძლო. 1709 წლიდან მათემატიკის გარდა, ვოლფი ფილოსოფიას ასწავლის. ლაიბნიცისავე გავლენით დაინტერესებულა ვოლფი აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურათა შეხვედრის შესაძლებლობის პრობლემით. იგი 1721 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია, რომელსაც ჰალეში მაშინ რექტორის უფლებები ჰქონდა. იგი უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგა მოხსენებით: “ჩინელთა პრაქტიკული ფილოსოფიის შესახებ”.

იგი ამტკიცებდა, რომ ზნეობის გარკვეული დონის მისაღწევად არაა აუცილებელი არც გამოცხადება, არც ღმერთის რწმენა. ჩინური კულტურის შინაარსი, განსაკუთრებით კონფუცის (551-478) მოძღვრება, როგორც ამ კულტურის არსებითად განმსაზღვრელი, მას თავისი პოზიციის ჭეშმარიტების საბუთად მიაჩნდა. მისი აზრით, კონფუცი და მოსე, ქრისტე და მაჰმადი ზნეობრივი განვითარების თვალსაზრისით, ერთ საფეხურზე დგანან. პიროვნული ღმერთის რწმენა არაა აუცილებელი ეთიკურობისათვის. ამ შედარების დროს ვოლფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩინელებს მამა ღმერთზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეთიკური სრულყოფილების გარკვეულ დონეს მიაღწიეს.

ამ დებულებამ თეოლოგები აღაშფოთა. ისინი საბაბს ეძებდნენ ვოლფის დასასჯელად და ბოლოს ამგვარი საჩივრით წარდგნენ პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ I- წინაშე: ვოლფი ამტკიცებს, რომ ადამიანის ნება თავისუფალი არაა, ამ ქვეყნად ყველაფერსა აქვს საკმაო საფუძველი, ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულია ღმერთის მიერ. აქედან გამომდინაეობს, რომ როცა ჯარისკაცი ბრძოლის ველიდან გაიქცევა, იმასაც საკმაო საფუძველი აქვს და ღმერთის მიერ დადგენილის მიხედვით იქცევა. პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმა, რომელსაც ამქვეყნად ყვალაფრის საფუძვლად ჯარი მიაჩნდა ბრძანა ჩამოეხრჩოთ ვოლფი, თუ იგი ორი დღეღამის განმავლობაში არ დატოვებდა პრუსიის საზღვრებს.

ვოლფი გადადის მარბურგში. მალე მას პარიზის, ლონდონის და სტოკჰოლმის აკადემიები თავიანთ წევრად ირჩევენ. პეტრე I მის მიერ ახლად დაარსებულ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად ნიშნავს და პეტერბურგში იწვევს. ვოლფი რუსეთში არ წასულა მაგრამ პენსიას მაინც უგზავნიდნენ. შეფიქრიანებული პრუსიის მეფე ქმნის კომისიას ვოლფისადმი წაყენებული ბრალდებების შესამოწმებლად. კომისიამ დაადგინა, რომ ვოლფის მოძღვრება არაა რელიგიასა და სახელმწიფოს საპირისპირო. პრუსიის მეფე თხოვს ვოლფს დაბრუნდეს ჰალეში. ვოლფი უარს ამბობს და მხოლოდ მეფის სიკვდილის (1740) შემდეგ ბრუნდება ჰალეში ტრიუმფით. ეს ფაქტი საერთო ევროპულ კულტურულ მოვლენად იქცა. ვოლტერმა ჰიმნი მიუძღვნა მას (1743წ), როგორც ფილოსოფოსთა მეფეს (1. LIII). პირად წერილში კი აღნიშნავდა, რომ შენ კი არ გილოცავ, არამედ მეფეს (ფიდრიჰ-ვილჰელმ II), რომელმაც ამით სამარადისო დიდება დაიმსახურა (4, 210).

ვოლფი ლუთერის მიმდევარი იყო და მის წამოწყებებს გერმანული ენის სრულყოფის საქმეშიც აგრძელებდა. გერმანული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შექმნაში, რომელიც მაისტერ ეკჰარტმა (1260-1327) დაიწყო და იაკობ ბოემემ (1575-1624) და სხვებმა გააგრძელეს ვოლფის განსაკუთრებული წვლილი საყოველთაოდ აღიარებულია.

ვოლფს ყველაფრის, რასაც საკვლევად ხელს მოკიდებდა განსაზღვრება მიაჩნდა საჭიროდ. ცხადია ეს ეხება ფილოსოფიასაც: ფილოსოფია ანუ მსოფლსიბრძნე, არის “ადამიანის განსჯის მზაობა, რომ ყველაფერი რასაც იგი ამტკიცებს, გადმოცემული იქნეს, როგორც უდავო საფუძვლებიდან უეჭველად გამოყვანილი” ეს განსაზღვრება მოცემულია 1712 წელს ჰალეში გამოცემულ ვოლფის ნაშრომში, რომელსაც ეწოდება: “გონივრული აზრები ადამიანის განსჯის ძალისა და ჭეშმარიტების შემეცნებაში მისი სწორი გამოყენების შესახებ”. თუ ამ განსაზღვრებას შევადარებთ თალესისა და მისი მიმდევრების მოთხოვნას, რომ ფილოსოფია უნდა გამოდიოდეს კამათის შედეგად მიღებული უეჭველი წანამძღვრიდან ნათელი გახდება მემკვიდრეობა კვლევის მიზნისა და მისი საშუალებების გაგებაში. ვოლფს ფილოსოფიის სხვაგვარი განსაზღვრებებიც აქვს, მაგრამ აღნიშნული ყველა მათგანში იგულისხმება. მაგ. იმ განსაზღვრებაში, რომ ფილოსოფია არის მოძღვრება ადამიანის ნეტარებაზე, რომელიც ყოველი ადამიანური შემეცნების მიზანია (2.951).

ვოლფი ლაიბნიცისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ თვლიდა, რომ მისი შრომები მხოლოდ მოწესრიგებული გამეორებაა ლაიბნიცის მოსაზრებების, მაგრამ ხშირად მიუთითებდა, რომ მისი საკუთარი დებულებები არ ეწინააღმდეგებიან ლაიბნიცისას, მაშინაც კი, როცა ისინი ერთი შეხედვით განსხვავებულია. ასე იქცევა იგი, როცა ფილოსოფიის ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას ადარებს ლაიბნიცისეულ განსაზღვრას: ‘სიბრძნე არის მეცნიერება ნეტარების შესახებ (1. 129).

ვოლფის შრომების სათაურებიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა მაღალი იყო მისი მიზანი და რა დიდი იყო მისი შესაძლებლობანი: 1712წ. გამოცემულ ზემოაღნიშნულ ნაშრომს გარდა: “გონივრული აზრები ღმერთის სამყაროს, ადამიანისა და საერთოდ ყველა საგნის შესახებ” (1721); “გონივრული აზრები საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ”(1721); ”ბუნების ქმედებათა შესახებ” (1723; რაციონალური ფილოსოფია ანუ ლოგიკა” (1728);”გონივრული აზრები ადამიანის ტანის, ცხოველებისა და მცენარეების გამოყენების შესახებ” (1723);”ფილოსოფია პრიმა ანუ ონტოლოგია”(1729); “ზოგადი ფილოსოფია, კაცობრიობის გვარის ნეტარების ხელშესაწყობად”(17??); ”ზოგადი კოსმოლოგია”(1731); ”ემპირიული ფსიქოლოგია” (1732); ”რაციონალ ური ფსიქოლოგია” (1734); ”ბუნებთი თეოლოგია” (1737); ”ზოგადი პრაქტიკული ფილოსოფია” (1739); ”ბუნებითი სამართალი”(1748); ”ეკონომიკა” (1750); ”მორალის ფილოსოფია, ანუ ეთიკა” (5 ტომად. 1753) და სხვა. ყველაფერ ამას წერს ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია კაცობრიობის ერთიანობაში, მის საერთო საბოლოო მიზანში და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა პლატონის სიტყვებით რომ ვთქვათ: თუ კაცმა რაიმე იცის იგი შეიძლება სხვასაც გააგებინო. ეს საერთოდ განმანათლებლობის მიზანი იყო.

მეცნიერებათა კლასიფიკაციის სახით ვოლფი განასხვავებდა მის სამ ტიპს: ისტორიულს ფილოსოფიურს, და მათემატიკურ შემეცნებას. ისტორია ფაქტობრივ ვითარებებს ადგენს (მაგ. წყალი რომ დაბლა მიდის), ფილოსოფია ნივთთა შესაძლებლობების რაციონალური შემეცნებაა (იმას ადგენს თუ როგორაა საგანი შესაძლებელი, მაგ, რატომ მიდის წყალი დაბლა). ვოლფისათვის შესაძლებელია ყველაფერი რისი განსაზღვრებაც წინააღმდეგობას არ შეიცავს. მათემატიკა კი საერთოდ სიდიდეთა განსაზღვრებებს და მათ ურთიერთმიმა რთებებს შეისწავლის. მეცნიერებათა ამ სამი ტიპის შემადგენელი დისციპლინების შესწავლას ვოლფი თავისი უზარმაზარი სისტემის სპეციალურ ნაწილებს მიუძღვნის. დიდ ყურადღებას აქცევს ექსპერიმენტებს ფიზიკაში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში. მის სახელს უკავშირდება ადამიანის თვალზე ე.წ. ბრმა ადგილის დადგენა, რომელიც ჩვენი თვალის არეში მოქცეული საგნის რაღაც ადგილს ვერ ხედავს. ამასთანაა დაკავშირებულია ცნობილი ანეგდოტი: მეფეს უთხრეს, რომ პროფესორმა ვოლფმა ადამიანის თვალზე ბრმა ადგილი აღმოაჩინა მეფე დაინტერესდა და იკითხა თუ შეიძლება ჩემი ჯარისკაცები მწყობრში ისე დააყენოთ, რომ ერთი მეორის თავს ვერ ხედავდესო.

გონება არის ადამიანის ის უნარი, რომელსაც შეუძლია საგნების ცნებათა კომბინაციებით უფრო მაღალი ჭეშმარიტებების დადგენისა ვიდრე ფაქტების საფუძველზე შეიძლება გავიგოთ. გონება ადამიანის უმაღლესი და უცდომელი უნარია, როცა გონების შეცდომებზე ლაპარაკობენ, აქ სინამდვილეში მისი მცდარი გამოყენება იგულისხმება. ეს დაახლოებით ისე უნდა გავიგოთ, როგორც დეკარტის მიერ შეცდომის ფაქტის ნებისათვის გადაბრალება. ნების თავისუფლება ვოლფისათვისაც უდავოა. ადამიანი სამყაროს სრული შესწავლისაკენ ისწრაფვის, მაგრამ სამყაროს უსასრულობა ადამიანის გონებისათვის ამოუწურავია. თუმცა სამყაროში, როგორც მექანიკურ მოძრაობას დამორჩილებულ მატერიალურ მთლიანობაში, ანუ სხეულებში პრინციპულად შეუცნობადი არაფერია. სხეული უსასრულ ოდ დაყოფადია მაგრამ არასდროს ქრება. ამ სამყაროს შემეცნებაში მუდმივი წინსვლა ადამიანისათვის შესაძლებელია და იგი არაა მოწყვეტილი ადამიანის სხვა უნარებს. სპინოზას ზნეობის პრიმატის კვალად, ვოლფი ადამიანის თავისუფალი ნებისათვის ასეთ სახელ მძღვანელო ფორმულას იძლევა: გაკეთე ის რაც შენ, შენიანებს თუ სხვებს ასრულყოფილებს, ნუ იქმნ იმას, რაც მათ არასრულყოფილად აქცევს. (2.951). ეს ეხმიანება ანტიკურობის დიდი თეოლოგის გრიგოლ ნოსელის (335-394) მოწოდებას “მარად მაღლასვლა!”. ვოლფის ათვის შინაარსეულად, ამქვეყნიური ნეტარება, სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ეს პროცესი.

ორსაუკუნოვანი კრიტიკის შემდეგ, თანამედროვე მკვლევარები ასე აჯამებენ ვოლფის ღვაწლს: “ვოლფის ფილოსოფიის უნივერსიტეტებში ბატონობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა განმანათლებლობის ღრმა შეჭრა გერმანულ ბურჟაუზიულ ცნობიერებაში, ასევე მისით თანაგანპირობებული პოეტური ლიტერატურის დიდი აღმავლობა და არც ის გარდა მქმნელი ზემოქმედება, რამაც შესაძლებელი გახადა წარმოშობილიყო უდიდესი მოაძროვნე, იმანუილ კანტი” (4.50).

ვოლფის სახელი მარტო ევროპის დასავლეთისაკენ არ გავრცელებულა. მაგრამ მის მოძღვრებას დიდი გავლენა ჰქონდა პრაღის ცნობილ კათოლიკურ უნივერსიტეტში.

ტრადიციული ევროპული მეტაფიზიკა ვოლფმა ლაიბნიცის საკმაო საფუძვლის კანონის და გონების ყოვლისშემძლეობის რწმენის ხელმძღვანელობით ოპტიმალურ სისტემის სახით მოაწესრიგა, სადაც მეტაფიზიკის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები ნათლად გამოჩნდა. კანტმა და განმანათლებლობის სხვა უარმყოფლებმა ძირითადი ყურადღება ამ ნაკლოვანებებს მიაქციეს. და ამან დიდად წასწია ევროპული ფილოსოფია, მაგრამ ნეოკანტიანელობის, ნეოჰეგელიანელობის და ანალიზური ფილოსოფიის კრახის შემდეგ ფილოსოფოსებს და საერთოდ მსოფლმხედველობითი საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს აღუდგათ მეტაფიზიკურის ღირებულების გაგების უნარი. ეს კი ნიშნავდა თანამედროვე მსოფლმხედველობისათვის ვოლფის მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაგებას. და კიდევ ერთი ახალი თავისებური სინთეზის ცდას. “განმანათლებლობის დიალექტიკის” (თ. ადორნო, მ, ჰორკჰაიმერი და სხვ) გაცნობიერების შემდეგ.

XX ს. დასაწყისში ევროპულ ფილოსოფიაში კანტიდან და ჰეგელიდან მომდინარე ხაზის გვერდით დაიწყეს სხვა, დინებების ძიებაც და ამის ერთერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ცნობილი ჩეხი მათემატიკოსის ბ. ბოლცანოს (1781-1848), ჰეგელის შეურიგებელი მოწინააღმდეგის, იდეების აღორძინება. ბოლცანოს ხაზი ჰუსერლის (1859-1938) ფენომენოლოგიასთან კავშირში, გამოეყო ნეოკანტიანელობას და დიდი სტიმული მისცა ახალ ევროპულ ფილოსოფიას. XX ს. ფილოსოფიის ეს ასპექტი საინტერესოდაა განხილული შ. ნუცუბიძის ცნობილ გამოკვლევაში “ბოლცანო და მეცნიერების თეორია (1913 ). შ. ნუცუბიძე საჭიროდ მიიჩნებვდა ახალი ევროპული ფილოსოფიის განვითარების ადექვატურად გასაგებად კანტის, ჰეგელის,ნეოკანტიანელობის გვერდით გაგვეხილა ბოლცანო-ჰუსერლის ხაზის მნიშვნელობა. დიდი ხნის შემდეგ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში ტოტალიტარიზმი შესუსტდა, კერძოდ 1879 წ. ვოლფის დაბადების 300 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე სპეციალური მოხსენება მიეძღვნა ბოლცანოსა და ვოლფის მიმართების საკითხს (4. 57). ავტორი აღნიშნავს, რომ ვოლფის სკოლას ნაცნობობა ბ. ბოლცანომ ვოლფის მოწაფე ა .ბაუმგარტენის (1714-1762) მეტაფიზიკის შესწავლით დაიწყო, შემდეგ კი საფუძვლიანად გაიცნო ვოლფის შრომები. ბოლცანოსათვის ძირითადი იყო ვოლფის პრინციპული მოსაზრება ფილოსოფიისა და მათემატიკის შინაგანი კავშირის შესახებ. იგი ფიქრობდა, რომ ვოლფის სახით მოკავშირე ნახა ჰეგელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირად იმეორებდა, რომ სუსტი მათემატიკოსი ვერასდროს ვერ იქნება ძლიერი ფილოსოფოსი. აქ იგი ჰეგელს გულისხმობდა.საკუთარ ორიგინალობაში ბოლცანოს ეჭვი არასდროს შეჰპარვია. აღნიშნავდა ლაიბნიცის და ვოლფის ნააზრევთან (4,61). ვოლფს დიდ მეცნიერს უწოდებდა, მაგრამ მასაც აკრიტიკებდა ყველაფრის (მნიშვნელოვანის თუ უმნიშვნელოს) დეფინიციის ცდისათვის. აქ მისი და ჰეგელის შეფასებანი ერთმანეთს ემთხვეოდნენ.

მითითებული ლიტერატურა:

1Wolff Christian, Rede über die praktische Philosophie der Chinesen.Lateinisch-Deutsch, Hamburg, 1985
2. Philosophen Lexikon, Berlin 1982
3 Нуцувидзе Ш Волцано и .теория наукию Вопросы философии и психологиию СПВ,1913ELA.
4. Cristian Wolff als Philosoph der Aufklärung in Deutschland. Halle -Saale 1980
5. დოდაშვილი ს, თხზულებანი, თბილისი 1989.
6. Гегель, Соч.т. 11. 364

გურამ თევზაძე

02. ივნისი 2008

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button