ფლორა & ფაუნა

ციმბირული (ამურის) ვეფხვი

ციმბირული ვეფხვები ყველაზე დიდი კატები არიან. მათ ასევე ეძახიან ამურის ვეფხვს, ჩრდილო-აღმოსავლურ ჩინურ ვეფხვსა და მანჯურიულ ვეფხვს. ციმბირული ვეფხვი ერთ-ერთია კატისებრთა ოჯახიდან, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ გადაშენების პირას დგას ადამიანთა დაუფიქრებელი საქციელის გამო.

ციმბირული ვეფხვის საბინადრო არეალია აღმოსავლეთ რუსეთის არყის ტყეები, რამოდენიმე წარმომადგენელი არის ჩინეთსა და კორეაშიც. დღესდღეობით მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში 300-დან 400-მდეა, ზოოპარკებში კი 490 (აქედან 226 ევროპაში, 151 ჩრდ. ამერიკაში, 93 იაპონიაში, 20 აზიაში). ბოლო 100 წლის განმავლობაში ზოგადად ვეფხვების 8 სახეობა არსებობდა, მაგრამ მეოცე საუკუნეში 3 მათგანი სრულად გადაშენდა. ტყეების გაკაფვამ და ნადირობამ ვეფხვების რაოდენობა 100 000-ობით წარმომადგენლიდან 7 000-ზე დაიყვანა. მათზე ნადირობენ ტყავისა და ზოგჯერ ორგანოების გამოც, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. ციმბირული ვეფხვის შემცირებაში ლომის წვლილი მიუძღვით რუსულ თეთრ და წითელ არმიებს. თუმცა იმედს იძლევა ის ფაქტი, რომ 1940-იან წლებში მთელს მსოფლიოში მხოლოდ 24 (!) ციმბირული ვეფხვი იყო დარჩენილი, და ადამიანების ჩარევის შედეგად ისევ გამრავლდნენ.

ციმბირული ვეფხვები წონაში ზოგჯერ 350-400 კგ-ს აღწევენ, სიგრძეში კი 3 მეტრს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე მძიმე ციმბირული ვეფხვი იყო ჯაიპური – 465 კგ, რომელიც 1999 წელს მოკვდა. ყველაზე გრძელი კი მანჯურიაში მოკლეს 1943 წელს – 3 მ და 35 სმ. მათი შეფერილობაა ღია ფორთოხლისფერი შავი ზოლებით. თუმცა არიან თეთრი ციმბირის ვეფხვებიც, რომლებსაც თეთრი ტყავი აქვთ და შოკოლადისფერი ზოლები.

ზოლების რაოდენობა ხშირად 100-ს ცდება. სიმწიფის ასაკს 3-დან 5 წლამდე პერიოდში აღწევენ და გამორჩეული სეზონი შეწყვილებისთვის არ აქვთ. შეწყვილებისთვის მზადყოფნას მდედრი გამოხატავს მიწაზე (თოვლზე) შარდის კვალის დატოვებით. თუ ტერიტორია დიდია და ვეფხვები იშვიათობა, მდედრი შეიძლება მეწყვილეს საძებრად წავიდეს და რამდენიმე კმ გაიაროს. დედალი 2 ან 6 ბოკვერს აჩენს, რომელთა აღზრდაშიც მამრს ან მცირე წვლილი შეაქვს, ან საერთოდ არ შეაქვს. როგორც წესი, ბოკვერების გაჩენისთანავე მამრი სხვა მეწყვილეს ძებნას იწყებს, ანუ ისინი არ ცხოვრობენ ოჯახებად. ბოკვერები ბრმები იბადებიან და ამიტომ 8 კვირის განმავლობაში მათ დედა არ სცილდება. 1 წლის ასაკში პატარები ზრდასრულ ვეფხვებს ეხმარებიან ნადირობაში, 3 წლიდან კი მარტო იწყებენ ნადირობას. დედასთან 2-3 წლის მანძილზე რჩებიან. შემდეგ საკუთარ ტერიტორიას პოულობენ და ცალკე სახლდებიან. ცოცხლობენ დაახლოებით 25 წელი. ტყვეობაში გაზრდილი დედა ვეფხვი არ ზრუნავს ბოკვერებზე, რადგან ის ადამიანების გაზრდილია და არ იცის, რომ თავის შვილებს თავად უნდა მიხედოს.

ციმბირული ვეფხვები შესანიშნავი მონადირეები არიან, შეუძლიათ კილომეტრების მანძილზე ეძებონ მსხვერპლი, განსაკუთრებით ცხენირემი და ტახი. თუმცა საშუალოდ, 10 მცდელობიდან 1 ნადირობაა წარმატებული. დაფიქსირებულია რეკორდად, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა დაახლოებით 620 მილი (997 კმ) გაიარა 22 დღის განმავლობაში საკვების ძიებისას. მათი გარეგნობა ბუნებასთან მშვენიერ კამუფლაჟს ახდენს. ამასთან, არ არსებობს ორი ვეფხვი, რომლებსაც ერთნაირი ზოლები აქვთ.

როგორც კი საკბილოს შეამჩნევს, მიწაზე წვება და ნელ-ნელა ეპარება მას, შემდეგ ნახტომს აკეთებს, ეწევა და ერთი თათით ზურგში მაგრად ეჭიდება, მეორე თათს კი თავში შემოსცხებს და თიშავს ან კლავს. არაჩვეულებრივი სისწრაფის მიუხედავად (80 კმ/სთ – მხოლოდ ავაზას ჩამორჩება) ის საკბილოს 10-25 მეტრის მანძილზე ნელ-ნელა უახლოვდება და მხოლოდ მერე გადადის შეტევაზე. ამის შემდეგ კისერში კბენს უზარმაზარი და ბასრი კბილებით, რაც გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. მოკლული მსხვერპლი წყლის პირას მიაქვს და ნადიმობს. მშიერ ციმბირულ ვეფხვს შეუძლია ერთ ღამეში 60 ფუნტამდე (27 კგ) მიირთვას, თუმცა როგორც წესი, უფრო ნაკლებს ჭამენ – საშუალოდ დღეში 10 კგ-მდე. ცხენირმის, ირმისა და ტახის გარდა, ზოგჯერ არ ამბობენ უარს მაიმუნებზე, გარეულ ფრინველებზე, ბაყაყებსა და თევზებზე.

შედარება: სამი ცხოველის ეშვი

ციმბირულ ვეფხვებს უყვართ თავისუფლება და შესაბამისად იკავებენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს, რეკორდად 10 000 კვ. კმ-ია დაფიქსირებული. თუკი ტერიტორია საკვებად და საცხოვრებლად ვარგისია, ზოგჯერ წლების განმავლობაში რჩებიან ხოლმე. ტერიტორიის მონიშვნას ახდენენ ხეების მოფხაჭვნით და მიშარდვით. ვეფხვს არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები მის ტერიტორიაზე. როცა ის ორთაბრძოლისთვის ემზადება და შეტევაზე გადასვლას აპირებს, მეტოქეს ყოველთვის ატყობინებს ამას კუდის მიწაზე ბათქუნით. მაგრამ ტერიტორიის დაცვაზე თუ მიდგა საქმე, მხოლოდ მამრი იცავს. გამონაკლისის სახით, ვეფხვი არასდროს ერჩის მის ტერიტორიაზე შემოსულ ბოკვერებიან მდედრს. ანუ შეიძლება მამრისა და მდედრის ტერიტორიებმა ერთმანეთი გადაკვეთონ, მაგრამ არამც და არამც ორი მამრისამ.

ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ციმბირულ ვეფხვს დათვი მოუკლავს. ყავისფერი დათვი უფრო უსუსურია მის მიმართ, ვიდრე შავი დათვი, რადგან ამ უკანასკნელს ხეზე აბობღება და ამგვარად, თავის არიდება შეუძლია. ცუდი რეპუტაციის მიუხედავად, ციმბირული ვეფხვი ძირითადად ცდილობს, ადამიანს გაერიდოს. იშვიათია შემთხვევა, როცა ისინი ადამიანის ხორცით იწყებენ კვებას. მეოცე საუკუნეში მხოლოდ 6 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. კაციჭამია ვეფხვი როგორც წესი, ბებერი და/ან ავადმყოფია. ხოლო თუ ახალგაზრდაა, ე.ი. წარსულში ადამიანებისგან წყენა ახსოვს. ციმბირულ ვეფხვს შეუძლია დიდ მანძილზე ათრიოს იმხელა ნადავლი, რომლის წაღებასაც 10-12 კაცი სჭირდება. მისი ღრიალი კი 1-2 კმ-ის მოშორებითაც ისმის.

ციმბირული ვეფხვი უკანა ფეხებს იყენებს ნახტომისთვის, რადგან ისინი უფრო გრძელია. მისი თათების ზომები (სიგრძე-სიგანე) შეიძლება 11-13 სმ-იც კი იყოს. როგორც ყველა ‘კატას’, მასაც შეუძლია ბრჭყალების უკან შეწევა და თათში ჩამალვა. კუდი სხეულის სიგრძის დაახლოებით ნახევარს შეადგენს – ზომით 0.9-1.2 მეტრი. კუდი საჭის მოვალეობას ასრულებს სწრაფი სირბილისა და მკვეთრი მოხვევების დროს, ეხმარება მას სხეულის მოძრაობების რეგულირებაში. აგრეთვე სჭირდება სხვა ვეფხვებთან კომუნიკაციისთვის. ბეწვი საკმაოდ ფაფუკი და გრძელია, ეს აუცილებელია, რათა საშინელ ყინვაში გაძლოს. იგივე ფუნქცია აქვს კანქვეშ არსებულ ცხიმის სპეციალურ ფენას. მის საბინადრო არეალში, ციმბირში ტემპერატურა რიგ შემთხვევებში -45 გრადუსზე ეცემა.

ციმბირში რკინის ხანაში უნაგირზე გამოსახავდნენ ციმბირულ ვეფხვს ნადირობისას.

ტუნგუსკელი ხალხი ამ ცხოველს დიდ პატივს სცემდა, თითქმის ღვთაებად ჰყავდათ და “ბაბუას”, ასევე “მოხუც კაცს” უწოდებდნენ. უდეგეს და ნანაის ტომები კი ტყის ღმერთად მიიჩნევდნენ. მანჩუს ტომი მას მეფეს ეძახდა. ქინგის დინასტიაში ჩინეთის არმიის ყველაზე ელიტარულ ნაწილს ერქვა “ვეფხვ-ღმერთის არმია”.

არსებობს სპეციალური პროგრამა, “სახეობების გადარჩენის გეგმა” (SSP), რომელთა მფარველობის ქვეშ არის ასევე ციმბირული ვეფხვი და იძლევიან პირობას, რომ ეს ცხოველი მალე ისევ გამრავლდება და საფრთხის ქვეშ აღარ იქნება.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button