პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქართული ორნამენტი

მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!

ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.

ველური, მოუნათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად – დაქანდაკება.

ქვა – განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.

ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის – სიმია.
გარდასულ საუკუნეებს
ეტყვი: ეს თქვენი ღიმია.

აქ ბევრი სისხლი დაღვარეს.
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს
ომის დროს უბით ინახავს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button