პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წერილი მეგობრებისადმი

ო, როგორ მინდა, მეგობრებო, რომ თქვენთან ერთად
მივიღო ჩვენთა წინაპართა ელვარე თასი,
ბევრი რამ არის მათ გრძნობაში კეთილშობილი,
მათი მხურვალე ოცნებებით, მსურს, ვიამაყო,
მაგრამ სხვაგვარად ჩვენი დროის მემატიანე
ფოლიანტებში სტრიქონების გროვას შეიტანს,
რომ ათასწლოვან ადგილიდან მოსწყდნენ კლდეები,
საქართველოზე სამუმებმა გადაიარეს.
და სამუმებთან იყო ქნარი გიგანტიური,
ქართული სულით მეოცნებე პოეტის ქნარი.
ო, როგორ მინდა, მეგობრებო, თუნდაც ერთი დღით
ჩვენთვისაც იყოს უმაღლესი თავისუფლება.
ო, როგორ მინდა უფრო მძლავრად გავშალოთ ფრთები.
განა არ არის საშინელი საცოდაობა,
ისეთ ქვეყანას – როგორც ჩვენი საქართველოა –
რევოლუცია არ აძლევდეს სიმშვენიერეს?
ვულკანიური ორკესტრივით უნდა ისმოდეს
გრძნობათა ჩვენთა და ოცნებათ ძლიერი ქნარი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button