ინტერვიუისტორიასაკითხავი

ოთარ ჭილაძე “ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის”

„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოი-ძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button