იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ყადი და ეშმაკი

ორნი კაცნი გზასა მივიდოდნენ. ერთმან ქვას ფეხი წამოჰკრა და ეშმაკს აგინა. მეორემ უთხრა: რა გაწყინა, მან ხომ არ გირჩია, ყოველნი ეგრე უბრალოდ აგინებთო? 

რა იგი ამხანაგი გაეყარა, მივიდა ეშმაკი და მოსარჩლე კაცს უთხრა: რადგან შენ მე მომეხმარე, მეც შემოგზღავ. ერთს გვარიანს ჯორად ვიქცევი, შემჯექ, ჰალაბის ქალაქს ჩადი; მუნებური ყადი ქაბას მივა, ჯორს ეძებს სასყიდელსა, ვირემ ასი ფლური არ მოგცეს, ნუ მიმყიდი და შენ შენდა წადიო! 

იქცა ჯორად. შეჯდა კაცი იგი და ყადის კარი ჩაიარა. დია მსუქანი, ჭრელი და თოხარიკი ჯორი იყო. ყადის მსახურთ ჰკითხეს. მან გასასყიდლობა უთხრა. შევიდნენ მაშინვე, ყადს მოახსენეს. მისცეს ასი ფლური და ჯორი გამოართვეს. ყადმან დიდად მოიწონა. მეტის სიყვარულით წინ დაიბა. 

რა ორი-სამი დღე გამოვიდა, მოსამსახურენი საქმეზედ გავიდნენ. ყადი შეფრფინვით შესცქეროდა, ჯორმან ავშარა წაიყარა და აეშვა. მუნ ხელსაბანი კუმკუმა იდგა, მას შიგ ჩაძვრა. 

დაიწყო ყადმან ძახილი. მსახურნი მოვიდენ, მათ ყოველი უამბო. ეგრე თქვეს: დაფეთებია რამე და შეშლილია, თვარა რას როტავს, კუმკუმაში ჯორი ვით ჩავა, ან როგორ დაეტევაო! 

დაიჭირვს ყადი, ბევრი ტანჯეს და დააბეს. ფიცავს ყადი: ხელი არა ვარ, მართალს ვიტყვიო! 

ვინ მოუსმენდა? 

ორმოც დღეს არ დააძინეს, ხან აროკებდენ და ხან რჯიდენ. რა ღონე მოსწყდა, თქვა: 

– ახლა მოვრჩი, აღარა მჭირს რა! 

გაუშვეს. მარტო ჯდა. კუმკუმის პირიდამ თავი ამოჰყო ჯორმან და ყურები გაიბერტყა. დაიძახა ყადმან: აქავ არის, მიშველეთო! 

მოვიდენ იგი კაცნი, კიდევ შეიპყრეს და უარესი ჭირი დამართეს. კიდევ, საქმე რომ გაუჭირეს, თქვა: მოვრჩი, აღარა მჭირს რაო! 

კიდევ გაუშვეს და ყადი ჭკვიანად ჯდა. კიდევ კუმკუმის პირიდამ თავი ამოყო ჯორმან და ყურების ბერტყა შექმნა. ყადმან უთხრა: დიახ გხედავ, მანდა ხარ, მაგრა შიშით ვერ ვიტყვი, ტანჯვისა მეშინიანო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button