ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – კეთილისმყოფელი

დაბადებიდან დამყვა ერთგულება – თუ შევიყვარებ, მთელი არსებით მიყვარს. მასზე ვზრუნავ, ცივ ნიავს არ ვაკარებ. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ის იყოს კარგად.
***
ალტრუიზმი – ზნეობრივი პრინციპია, რაც ნიშნავს საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ, სხვებისადმი უანგარო დახმარებას.
***
საბავშვო ბაღში, ბელა აღმზრდელი შემიყვარდა. დედაჩემივით მიყვარდა. სულ უკან დავდევდი. სხვა ბავშვს ყურადღებას რომ მიაქცევდა, ვეჭვიანობდი. მინდოდა, ის ბავშვი გამეგლიჯა. აღმზრდელსაც ვუყვარდი – მეფერებოდა და “შვილოს” მეძახდა.
ერთხელ, შუადღის ძილის დროს, ერთმა ბავშვმა, შალვა ერქვა, დაძინებაზე უარი თქვა. ძირს დაეცა, მოჰყვა ტირილს, ხელ-ფეხის ქნევას და თავის იატაკზე რახუნს. აღმზრდელი ვერაფერს გახდა, ბავშვი ვერ დააწყნარა და თვითონაც ტირილი დაიწყო – ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ამას ვერ ვაპატიებდი! ლოგინიდან წამოვხტი, შალვას ვეცი და მხარზე ვუკბინე. სისხლი წამოუვიდა. საცვალი წითლად შეეღება. ძლივს ამაგლიჯეს. საღამოს მშობელი მოვარდა, აღმზრდელ-მასწავლებლები იმდენი ლანძღა, კედელთან ააყუდა. მეორე დღეს, ბელა მასწავლებლმა
– შენ ვინ გეკითხებოდა ჩემს დახმარებასო?! – კუთხეში დამაყენა და იმ დღის მერე ხმას აღარ მცემდა, გამებუტა. გული მომიკვდა, ძალიან განვიცადე. მე ხომ მისთვის კარგი მინდოდა?!
***
ალტრუიზმს განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან ძალას, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივად სასიკეთო ქმედებებისაკენ უბიძგებს.
***
მე და ვახო კლასში ერთ მერხზე ვისხედით და უახლოესი მეგობრები ვიყავით. ძმასავით მიყვარდა. ვახოს დედა – ნანა მასწავლებელი, ქართულ ენას და ლიტერატურას გვასწავლიდა. ერთხელ, ვახოს სიგარეტის სუნი შევამჩნიე. უარი არ უთქვამს – ვეწევიო! – გამენდო. შევფიქრიანდი – რას იტყოდა ნანა მასწავლებელი, როცა გაიგებდა, რომ ვიცოდი, მისი შვილი – ჩემი საუკეთესო მეგობარი, ფილტვებს რომ ინახშირებდა და არ ვეუბნებოდი. დედაჩემი კი, რომ გაიგებდა, მწეველთან ვმეგობრობდი, აუცილებლად დამიშლდა მასთან ურთიერთობას. მივედი და ვახოს მოწევაზე თავის დანებება მოვთხოვე.
– შენ ჩემი სიგარეტი რას გიშლისო?! – გაკვირვებულმა შემომხედა. ვერ ავიტანდი საყვარელი მეგობრის ფილტვების დაავადებას. მივედი და დედამისს ვუთხარი. მეორე დღეს, ვახომ ხმა არ გამცა და სხვა მერხზე გადაჯდა. ნანა მასწავლებელმა კი, მთელი კლასის წინაშე ამაყენა და
– მეგობრის დაბეზღება ცუდი საქციელიაო! – მისაყვედურა. ძალიან განვიცადე. მე ხომ მისთვის კარგი მინდოდა?!
***
ფსიქოლოგიაში ხშირად ვხვდებით რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი მხრიდანაც მოელის ალტრუისტული მოქმედების განხორციელებას.
***
ინსტიტუტში ზურასთან ვმეგობრობდი. ერთ კურსზე ვსწავლობდით, ერთ ჯგუფში. სწავლის პერიოდში ხომ სულ ერთად ვიყავით, არდადეგებზეც ერთად მივდიოდით დასასვენებლად. მახსოვს, მასალათა გამძლეობაში გვქონდა ჯერ ჩათვლა, მერე გამოცდა. მკაცრი ლექტორი გვყვდა, თუ არ იცოდი, ნიშანს არ გაღირსებდა. ზურა ნერვიულობდა – საგანი არ ვიცი და რომც ვიმეცადინო, თავში არ ჩამდისო! ჩათვლის დღეს ავად გახდა, ინსტიტუტში არ მოვიდა. ლექტორი წელში მოხრილი კაცი იყო, თავს მაღლა ვერ სწევდა. რომ გველაპარაკეოდა, ფეხსაცმელებზე გვიყურებდა. ვერ ავიტანდი ზურას კურსზე დატოვებას. მე საგანი კარგად ვიცოდი. ავდექი და, მის მაგივრადაც გავედი ჩათვლაზე. ლექტორი ვერაფერს მიხვდა, ჩემიც ჩავთვალე და ზურასიც. მეგონა, სამაგიეროდ ზურა გავიდოდა ჩემს მაგივრად ქიმიაში. მეორე დღეს, ბზიკივით დამეტაკა
– ვინ გეკითხებოდა ჩემს მაგივრად გასვლას, მე სხვა ლექტორთან ჩავაწყვე, პოლიკლინიკიდან ავადმყოფობის ცნობა ვიჩალიჩე, რომ მოგვიანებით მასთან გავსულიყავი. შენ კი, ყველაფერი ჩამიშალეო! – შებრუნდა, წავიდა და პირდაღებული დამტოვა. მე ხომ მისთვის კარგი მინდოდა?!
***
ალტრუისტები ხშირად საფრთხეში იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას, ზოგჯერ, მსხვერპლადაც კი ეწირებიან.
***
განყოფილებაში, პოლიტექნიკურიდან ოთხი ბიჭი ვმუშაობდით – სამი ენერგეტიკოსი და მე – მანქანათმშენებელი. მათში, ყველაზე ახლოს კობასთან ვიყავი, მაგრად ვძმაკაცობდით. ახალი წელი დგებოდა და ყველას ფულადი პრემიები დაგვირიგეს. მარტო კობას არ მისცეს
– შენ გაცდენები გაქვსო! კობა ძალიან გაბრაზდა
– სულაც, წავალ სამსახურიდანო! – გამოაცხადა და მეორე დღეს არ მოვიდა. ვერ ავიტანდი კობას წასვლას. განყოფილების უფროსთან შევედი და ვუთხარი
– კობა ნაწყენია, პრემია რომ არ გამოუწერეთ და ამიტომ აცდენს. აი, ჩემი პრემია და მას მიეცითო! – ფული მაგიდაზე დავუდე. მეორე დღეს კობა სამსახურში რომ მოვიდა, განყოფილების უფროსმა დაიბარა
– შენ რა პრეტენზიებს გამოთქვამ, თუ წასვლა გინდა, დაწერე განცხადება და წადიო! კობა სამსახურიდან ისე წავიდა, არც გამომემშვიდობა. სახტად დავრჩი. კობას გაგდება მე დამაბრალეს. მთელი განყოფილება მიბღვერდა. განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი, თუმცა, მე ხომ მისთვის კარგი მინდოდა?!
***
გუშინ მარისთან ერთად რუსთაველზე ვსეირნობდით. ლევანი შემხვდა, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი.
– ჩემი საცოლეაო! – გავაცანი. გვერდზე გამიყვანა
– ბიჭო, არ გაგიჟდე, ცოლად არ მოიყვანო, მთელმა სოლოლაკმა მაგაზე “ისწავლა”. ძმაკაცი რომ არ იყო, არ გეტყოდიო!
გამომივიდა კეთილისმყოფელი. ვითომ, ჩემთვის კარგი უნდა! რა მაგის საქმეა ჩემს პირად ცხოვრებაში ცხვირს რომ ჰყოფს? ჭკუა უნდა ვასწავლო, ერთი კარგად მივჟეჟო!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button