ორგანოების 3D-ბეჭდვა უკვე შესაძლებელია ფორმირებული საფუძვლის გარეშე
ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს დაჯერება, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი იმ დონემდე მივიდა, რომ მსოფლიოში უკვე არსებობს ადამიანის ორგანოების 3D-ბეჭდვის დამკვიდრებული მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს ცოცხალი უჯრედების ნიმუშების აღებასა და მათ ხელოვნურ გამრავლებაში. ტექნოლოგია იდეალურად გამოიყურება, თუმცა სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს – ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეძლეს დაებეჭდათ ორგანო „კარკასის“ გამოყენების გარეშე. თანაც ამ პროცესს ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დასჭირდა.
როგორც წესი, ორგანოების ბეჭდვისას ფორმირებად საფუძვლად გამოიყენება უწვრილესი პლასტმასის ძაფები. მათ ამაგრებენ ზედაპირზე, ადამიანის კანის უჯრედები კი მათ შორის სივრცეში იწყებენ ურთიერთკავშირის დამყარებას და ამგვარად ფორმირდება ორგანოს კონსტრუქცია. ბოლოს პლასტმასის ძაფებისგან შემდგარი ფუძე იშლება ულტრაიისფერი სხივის მეშვეობით.
3D ბეჭდვის ნაკლოვანებები:
ტექნოლოგიას მინიმუმ სამი ნაკლი აქვს ჯერჯერობით. პირველი – მკვლევარებს უკიდურესად უჭირთ განსაზღვრონ დრო – როდის მიაღწევს შექმნილი ქსოვილი სიმწიფეს. მეორე: სამშენებლო მასალის (პლასტმასის ფუძის) დაშლისას შესაძლოა წარმოიქმნას ტოქსიკური ნივთიერებები, რომელთა გავლენით ხელოვნური ორგანო გახდეს გამოუსადეგარი ტრანსპლანტაციისათვის. მესამე: კარკასმა შესაძლოა ხელი შეუშალოს უჯრედებს კავშირის დამყარებაში და ამის გამო ქსოვილის ფორმირება არასწორად წარიმართოს.
3D-ბეჭდვის ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება
პლასტმასის კარკასის ალტერნატივად მეცნიერთა გუნდს აქვს შემთავაზება – გამოყენებულ იქნას ჰიდროგელის ბლოკი, რომელიც მიკროსკოპული ბურთულებისაგან შედგება. ამ ბურთულებს შეუძლიათ შეაკავონ უჯრედები სამგანზომილებიან სივრცეში, თანაც ხელს არ უშლიან უჯრედების ურთიერთქმედებასა და საკვები ნივთიერებების მიღებას.
როგორც კი ქსოვილი სიმწიფეს მიაღწევს, ჰიდროგელი დაიშლება თავისით ან ფრთხილი ჩარევის შედეგად. საბოლო ჯამში ჭურჭელში რჩება მხოლოდ ჩამოყალიბებული ორგანო – ამგვარი მეთოდით მეცნიერებმა უკვე დაბეჭდეს მღრღნელის ხერხემლის ძვალი და ყურის ნიჟარა.
3D ბეჭდვის ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=uGUy_6YO40s