(მიმოხილვა შეიცავს სპოილერებს, შესაბამისად რეკომენდირებული არაა მათთვის, ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ)
მე-19 საუკუნის შუა ხანებში ჯერ კიდევ მძლავრად ჰქონდა ფესვი მოკიდებული რომანტიზმსს, თუმცა ნელ-ნელა აშკარად ეტყობოდა ეპოქას, რომ სულ მალე ახალ ხელოვნების მიმდინარეობას ჩაეყრებოდა საფუძველი, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელი იყო საჭირო. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმში უმნიშვნელოვანესი ადამიანები გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე, როგორებიც არიან ჰიუგო და გოეთე. მათ არ ჩამორჩა რუსული ინტელიგენციაც და ამის დასტურია მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედება, რომლის გარეშეც მსოფლიო ლიტერატურის საგანძური, კერძოდ კი რომანტიკული პოეზია, ძალიან დიდი დანაკარგს განიცდიდა. ლერმონტოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, რამდენიმე საინტერესო დეტალთან ერთად შევამჩნევთ, რომ რუს მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება იქონია გადასახლების პერიოდში საქართველომ, მისმა კულტურამ, ეთნიკურმა სილამაზემ და ბუნებამ. სამომავლოდ, სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ ლერმონტოვისთვის შთაგონების წყარო- რომელიც გამოვლინდა მის რამდენიმე სერიოზულ ნაშრომში. დღეს საუბარი სწორედ მის ერთ-ერთ ლექსზე, ,,დემონზე“ გვექნება.(სადაც მოვლენები სწორედ საქართველოში ხდება)
ვფიქრობ, ამ ლექსზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით, კარგად არის გაშლილი ნაწარმოებში. პირველ რიგში ადვილი შესამჩნევია, რომ სანამ მწერალი უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავიდოდა, მანამდე ის ლაპარაკს იწყებს ზოგადად ბოროტი ძალის, დემონის(თუმცა არ აგერიოთ ის ლუციფერში, ის უბრალოდ დემონია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ქვემოთ დაგვჭირდება) სვე ბედზე და მის არსზე. ლერმონტოვი აღნიშნავს, რომ ოდესღაც ის ბოროტი ძალაც კეთილი ანგელოზი იყო, რომელიც ლაღად გადაადგილდებოდა ნათლის სამეფოში. მას გააჩნდა სიყვარულის რწმენა და შესაბამისად ,,არ იტანჯვოდა სვებედნიერი არც მძულვარებით, არცა თუ იჭვით“. აქ უნდა დავუკვირდეთ რას ნიშნავს გამუქებული სიტყვები. თუ ქრისტიანობის ელემენტალურ დოგმატიკას გავიხსენებთ, ვნახავთ რომ სიყვარულში იგულისხმება ღმერთი( იონაე მახარებლის სიტყვები ,,ღმერთი სიყუარულისაი არს“), ხოლო რწმენა არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ყურადღება ექცევა არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ მგონი ყველა რელიგიაშიც.( მაცხოვრის სიტყვები ,,იოტისოდენა რწმენაც რომ გაგაჩნდეთ, მთებს გადადგამდით“). აქედან გამომდინარე ლერმონტოვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიყვარულისადმი რწმენის დაკარგვა ნიშნავდა ღმერთისადმი რწმენის(კავშირის) გაწყვეტას, ხოლო სიკეთისა და სიყვარულის ნაკლებობა პირდაპირპროპორციულად ზრდის ბოროტის წილს. (სიბნელე ხომ უბრალოდ სინათლის ნაკლებობაა).
შემდეგი რამდენიმე თავის განმავლობაშიც ავტორი აგრძელებს დემონზე საუბარს და გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო აზრს: ,,ის დედამიწის იყო მფლობელი, თესავდა ბოროტს- გულგრილი თავად…“. მწერალს აშკარად მიაჩნდა რომ დედამიწის ბატონ-პატრონი ბოროტი ძალა იყო, რაც თავის თავში გულისხმობდა იმ უიმედობას, მწუხარებას და მარტოობას, რომელიც მწერლის აზროვნებაში იყო ფესვგადგმული. ეს პასიური რომანტისტული აზროვნების უტყუარი ნიშანია, როდესაც მწერალი ნიჰილისტურადაა განწყობილი წუთისოფლის ცხოვრების მიმართ და ფიქრობს რომ სიკეთე ძალიან ცოტაღაა დარჩენილი, ანუ ის მარტოა ამ ქვეყნად. ხელოვნების განვითარების შემდგომ საფეხურზე ამასთან დაკავშირებით მრავალი აზრი გაჩნდება, მაგალითად რეალიზმში რამდენიმე წლის შემდგომ დოსტოევსკი ,,ძმებ კარამაზოვებში“ შემდეგნაირ აზრს განავითარებს: ,,სატანა ღმერთს ებრძვის, ხოლო ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“. აქ უკვე აშკარად ობიექტური ხედვა იკვეთება, დოსტოევსკმა აქ ყოველგვარი ნიჰილიზმის გარეშე ობიექტური ფაქტი დადო ლერმონტოვისგან განსხვავებით, რაც ეპოქათა შორის იდეოლოგიური განსხვავების ნათელი მაგალითია.
ამის შემდეგ ავტორი გადადის უშუალოდ ამბის თხობაზე, რომელიც საქართველოში ვითარდება. ამბის თხრობაც სწორედ ჩვენი ქვეყნის აღწერით იწყება. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლერმონტოვს ამ ნაწარმოებზე მუშაობა საქართველოში გადმოსახლებამდე ჰქონდა დაყწებული, ხოლო საქართველოში გადასახლების მერე კი ძირფესვიანად დაიწყო პოემის ადრინდელი ვარიანტების გადამუშავება, გაამდიდრა ნაშრომი ქართული უძველესი ლეგენდებითა და რწმენა-წარმოდგენებით და რაც ყველაზე მთავარია, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირად აიღო ქართველი ქალის- თამარის სახე.
თამარი არ იყო ჩვეულებირვი ქალი. ის გახლდათ თავადიშვილი, რომლის სილამაზე განთქმული იყო მთელს რეგიონში. სიუჟეტის განვითარება კი სწორედ მისი ქორწილის სამზადისით იწყება, როდესაც მისი საქმრო ამალასთან ერთად მასთან მიიჩქარის. პარალელურად ვითარდება მეორე საინტერესო მოვლენაც. დემონი, რომელიც უგზო-უკვლოდ, მარტოდმარტო და სასოწარკვეთილი დაეხეტებოდა კავკასიის მთებში, ნახავს მოცეკვავე თამარს, რომლის არამიწიერი სილამაზე მყისიერად მოხიბლავს და თითქოს სიცოცხლის ხალისს, აზრს უბრუნებს და სწორედ ამიტომ, მის ერთადერთ კონკურენტს, ქალის სატრფოს მარტივად მოიშორებს თავიდან. საინტერესოა, დემონს, რომელიც სამარადჟამოდ ბოროტს, უიმედობასა და მწუხარებას თესავდა ქვეყნად, უეცრად ისეთი გრძნობა უჩნდება, რასაც სიყვარული შეიძლება დავარქვათ. განა ეს შესაძლებელია? ლერმონტოვს კი ამის აშკარად სწამს. მას მიაჩნია, რომ თვით უბოროტესი არსებაც კი შეიძლება შეიცვალოს სიყვარულის ზემოქმედებით, ანუ თვით აბსოლუტურ წყვდიადშიც კი არსებობს მცირედი ნათელიც.(სხვათაშორის ეს წმინდა ქრისტიანული აზროვნებაა, ჩვენი რელიგიაც სწორედ ამას იძახის). მწერალმა დემონი დაგვიხატა ამ ეპიზოდში როგორც ტრაგიკული არსება, რომელიც თავისივე ამპარტავნებისა და სიძულვისი მსხვერპლია, მაგრამ ამასთანავე სიყვარულის მცირედი ამბიციის მატარებელიც. დემონის პლანეტალური მასშტაბის ტრაგიზმსს ჩვენ უფრო კარგად შემდეგ ეპიზოდებში დავინახავთ, თუმცა მანამდე საჭიროა გავიხსენოთ როგორ ვითარდება სიუჟეტი.
მომავალი საქმროს გარდაცვალება შოკისმომგვრელი აღმოჩნდება თამარისთვის და მონასტერში მონაზვნად აღიკვეცება, თუმცა იგი მთელი თავისი სულით და გულით თავის გარდაცვლილ საქმროსთანაა გონებით, თვით ლოცვაზეც კი მასზე ფიქრობს: ,,თუ მოისურვა ლოცვის დაწყება, მხოლოდ ი მ ი ს თ ვ ი ს ლოცულობს გული…“. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დემონი მცდელობას გამოეცხადოს თამარს და ამაში ის მთელ თავის ცბიერებას ჩააქსოვს, რათა ქალს უბრალოდ არ შეშინებოდა და ზურგი არ შეექცია მყისიერად.( ამ ყველაფერისთვის მას უკვე საფუძველი მომზადებული აქვს იმ სიზმრებით, რომელიც ქალას ესიმზრებოდა ხოლმე, სადაც დემონის ტრაგიკული სიტყვები ესმოდა). ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ ამ ტექსტში არის ის, რომ მწერალს არ უნდოდა დაეხატა ბოროტი სული , როგორც უბრალოდ სატანა, ბოროტების ბუდე მთელი თავისი მსახვრალი ბუნებით. მას სურდა მკითხველში თანაგრძნობა გაეღვიძებინა თავისი ტრაგიკული გმირის მიმართ. ლერმონტოვმა ძალიან ორიგინალური იდეა შესთავაზა მკითხველს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სატანა ტკივილს ანიჭებს ადამიანთა მოდგმას, ხოლო დემონი კი თავად იჩაგრება ამ ტკივილის ფასად. სატანა განასახიერებს სამყაროში არსებულ ტკივილს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო დემონი კი უდიდეს სულიერ ტკივილს და მწუხარებას. აი რა სიტყვებს ამბობს ქალის წინაშე მდგომი ბოროტი ანგელოზი:
,,იგი ვარ, ვისი ხმებიც გსმენია ღამის დუმილში, ყოველ ცისმარე,
ვისი ნაღველიც შენ მოგწვდენია, გევლინებოდა ვინაც სიზმარით,ვინაც უწყალოდ ღუპავს იმედებს, ვისთვის სიყვარულს არვინ იმეტებს…“
ლერმონტოვის ბრწყინვალე ჩანაფიქრად მიმაჩნია ისიც, რომ დემონის ბნელ სულში არსებულ ბოროტებაზე ესტეთიკურ სილამაზეს და სიყვარულს ამარჯვებინებს, რაც გენიალური იდეა იყო მწერლის მხრიდან. თვალთმაქცი, ტირანი და სისხლისმსმელი დემონი სიყვარულით ,,დაბრმავებული“(კარგი მნიშვნელობით) პირველად იძახის გულწრფელ სიტყვებს:
,,ძალგიძს მომმადლო სიკეთის მადლი, კვლავ დამიმკვიდრო ზეცის ბინაშივით ანგელოსი, პირითა ნათლით, ახლად მიხილონ უფლის წინაშე…“
ზემოთ როგორც ვახსენე, ჩვენ პოემის მეორე ნაწილში ვხვდებით უფრო დიდ ტრაგიზმს, რაც სიბნელის ანგელოზის სიტყვებში ჩანს. იგი გარემოების მსხვერპლია, რომელმაც მას სამუდამოდ ეულად ყოფნა მიუსაჯა. მასში დაახლოებით ისეთივე მასშტაბის მარტოობას და მწუხარებას ვხვდებით, როგორიც მერი შელის ,,ფრანკენშტაინის“ შექმნილი მონსტრის გულშია:
,,მაშინ ვუხმობდი ჩემებრ განდევნილთ განწირული და მიუსაფარი, ბოროტი სული იყო რამდენი, მაგრამ ვერ ვიცან ვეღარაფერიდავქროდი ისევ, არ შემეყარა აღარც მიზანი, არც იმედებიყველამ დამტოვა, თვითონ ქვეყანაც, უცხოდ გადმექცა, როგორც ედემი.“
მოგეხსენებათ, რომ ლერმონტოვზე სერიოზული გავლენა ჰქონდა რომანტიზმს და მის ნიჰილისტურ იდეოლოგიას, შესაბამისად წარმოუდგენელი იყო მას ნაწარმოები დაემთავრებინა ოპტიმისტურად(როგორც თუნდაც სხვა რომანტიკოსები აკეთებდნენ), მას აუცილებლად ისე უნდა განევითარებინა მოვლენები, რომ მთავარი პერსონაჟს დიდი უბედურება დატყდომოდა თავს. ეს უბედური განაჩენის გამოტანა იყო მწერლის თავისებური ხელწერა, რომელშიც ის თავისივე გრძნობებს და განწყობას აქსოვდა. ვფიქრობ, ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ ლერმონტოვს შესაძლოა საკუთარი თავი გარკვეულწილად დემონში წარმოესახა, ანუ ყველა ის იმედგაცრუება, რაც მან ცხოვრებაში ნახა(თუ ბიოგრაფიას ვენდობით), ბნელი ანგელოზის განწყობაში განასახიერა. მგონი ძალიან ცუდი სპოილერი იქნება რომ დავწერო როგორ მთავრდება ჩვენი პოემა, ამიტომ ეს ჯობია თავად მკითხველმა წაიკითხოს.