Hi-Techმეცნიერება

შემუშავდა წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის წარმოების იაფფასიანი მეთოდი

ამჟამად არსებული მეთოდები, რომელთა მიხედვითაც დიდი რაოდენობით ბიოსაწვავი იწარმოება, ეკონომიკურად არამომგებიანია: საწარმოო პროცესზე მეტისმეტად დიდი ენერგია იხარჯება. ამიტომ ამ სფეროს ექსპერტები დიდი ხანია ეძებენ უფრო ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან მეთოდებს. იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გადაჭრის ამ პრობლემას. დიდი მოცულობის ბიოსაწვავის წარმოებისთვის ისინი აპირებენ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი მომრევი/ამრევი.

წყალმცენარეები შეიცავენ ლიპიდებს – ცხიმოვანი მჟავის მოლეკულებს, რომელთაც შეუძლიათ გასწიონ საწვავის როლი. ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას ნედლეულის გადამუშავებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. როგორც ამბობენ – დამზადებაზე დახარჯული ენერგია იმაზე მეტია, ვიდრე მიღებული ბიოსაწვავი იძლევა. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი ტიპის მომრევი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა წყალმცენარეებიდან გამოცალკევდეს ლიპიდები მცირე ენერგოდანახარჯებით.

„აქ გადამწყვეტი მომენტია ენერგეტიკული პარიტეტის მიღწევა. ჩვენ ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა მისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ მნიშვნელოვანი ბარიერი მოვაცილეთ წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის ეფექტურად წარმოებისკენ მიმავალ გზას“ – აცხადებენ მკვლევარები.

ტრადიციული მეთოდით დამუშავებისას თავდაპირველად საჭიროა წყალმცენარეებიდან წყლის გამოდევნა. წარმოების ეს ეტაპი ყველაზე მეტად ენერგომხარჯველია. მშრალი ნარჩენები ერევა გამხსნელ სითხეს, სადაც ხდება ლიპიდების გამოყოფა ბიომასიდან. გამოდევნილი ლიპიდები გადამუშავდება და შემდეგ საჭირო პროპორციების მიხედვით შეერევა დიზელის საწვავს.

ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს შემრევი ექსტრაქტორი, რომელშიც ირევა გამხსნელი სითხე და ნედლეული. შედეგად ექსტრაქტორში წარმოიქმნება ლოკალიზებული ტურბულენტობა, რომელიც გამოაცალკევებს ლიპიდებს. ისინი ხვდებიან გამხსნელ სითხეში, საიადანაც შემდეგ უკვე ხდება მათი იზოლირება. გადამუშავების შემდეგ ქიმიკატის მეორედ გამოყენებაც შესაძლებელია.

„დიზაინი საშუალებას გვაძლევს არ ვხარჯოთ ზედმეტი ენერგია და აჩქარებს სამუშაო პროცესს“ – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ექსტრაქციის ამგვარი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მიკროორგანიზმებიდან (მაგ. სოკოებიდან, ბაქტერიებიდან) სასარგებლო ნივთიერებების მოპოვებისთვისაც.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2017 წელს ქვეყანაში გამოყენებული მთელი ენერგიის დაახლოებით 5%-ს ორგანული ნივთიერებებისგან მიღებული საწვავი შეადგენდა. მათ შორისაა ხის საწვავი, მცენარეული ეთანოლი, ორგანული ნარჩენებისგან შექმნილი ბიოგაზი. წყალმცენარეების უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებელია მათი გაზრდა არხებში, აუზებში ან სპეციალურად შექმნილ ბიორეაქტორებში. დიდი ოდენობით წყალმცენარეების ზრდა დადებითად მოქმედებს ატმოსფეროზეც – ჰაერში მცირდება ნახშირორჟანგი.

„ჩვენი საქმიანობა ნამდვილი გარღვევაა“ – აცხადებს პროექტის ავტორი. – „ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ ვქმნით, შეძლებს გადატრიალება მოახდინოს ორგანული ნივთიერებებიდან ბიოსაწვავის წარმოების სფეროში“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button