Microsoft-მა წარადგინა შერეული რეალობის სათვალეები – HoloLens 2
კომპანია Microsoft-მა წარადგინა შერეული რეალობის ახალი თაობის ჰედსეტი – Hololens 2, რომელიც კონკურენციას გაუწევს Magic Leap One-ს. კომპანია აცხადებს, რომ მოწყობილობა უფრო ხარისხიანი და მოსახერხებელი იქნება და უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზებას. Hololens 2-ს აქვს გაორმაგებულზე მეტი თვალთახედვის არე წინამორბედთან შედარებით, ამასთან, შენარჩუნებულია პიქსელების იგივე სიმჭიდროვე.
ჰედსეტს შეუძლია განსაზღვროს რა მიმართულებით იხედება ადამიანი ვირტუალურ სივრცეში. მოწყობილობას აქვს იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Windows Hello-ს მხარდაჭერა.
Hololens 2-ს აქვს სიღრმის ახალი სენსორი – time-of-flight, რომელიც მოქმედებს მანქანური სწავლების რამოდენიმე ალგორითმთან ერთად, რათა აღქმულ იქნას ხელების ჟესტიკულაცია სამგანზომილებიან სივრცეში ყოველგვარი კონტროლერების გარეშე. დემონსტრაციის დროს Microsoft-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამგანზომილებიან სივრცეში სხვადასხვა აპლიკაცია გაუშვა, მათ შორის ვირტუალური პიანინო და Microsoft Teams-ის აპლიკაცია. ვირტუალურ ღილაკებზე დაჭერას იგი ჰაერში ახორციელებდა.
Hololens 2-ის შემთხვევაშიც Microsoft-ი კვლავ ორიენტირებულია კორპორატიულ კლიენტებზე. კორპორაცია მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, მათ შორისაა Airbus, Bosch, Honeywell, Pearson, Philips და Saab. Microsoft-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია Spatial-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დისტანციურად ერთობლივი მუშაობა. თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Anand Agarawala-მ მოახდინა ვირტუალური დაფის დემონსტრირება, სადაც რამოდენიმე ადამიანმა შეძლო ურთიერთქმედება და იდეების გაცვლა.
გარდა ამისა, Microsoft-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Hololens 2 ატარონ გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებებითაც. მაგალითად, Trimble-მა, რომელიც SketchUp-ის 3D-მოდელირების პაკეტის მფლობელია, შეცვალა ჰედსეტი და იგი დამცავ ჩაფხუტად აქცია, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტარება სამშენებლო მოედნებზე და სხვა პოტენციურად სახიფათო ადგილებზე. ამ ვერსიის სახელწოდება იქნება Trimble XR10 და იგი Hololens 2-ის ჩვეულებრივ ვერსიასთან ერთად გამოვა წლის ბოლოს. Microsoft-ი აცხადებს, რომ მუშაობას გააგრძელებს კომპანიებთან და მომავალში ჰედსეტის სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებს შემოგვთავაზებს.
ორიგინალი Hololens-სათვალეები 2016 წლის მარტში გამოვიდა, თუმცა პირველი ჰედსეტიც განკუთვნილი იყო მწარმოებლებისთვის და არასდროს წარდგენილა ფართო აუდიტორიისთვის. ფასიც შესაბამისი იყო – 3 ათასი აშშ დოლარი. პირველი თაობის ჰედსეტს ვიწრო თვალთახედვის არე ჰქონდა.
სამწუხაროდ, მეორე ვერსიის გამოშვებისას, მისი შესაძლებლობების გაუმჯობესების პარალელურად გაიზარდა ფასიც – 3500 დოლარი. Microsoft-მა განაცხადა, რომ Hololens 2 პირველ ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
2016 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. Microsoft-მა გამოუშვა Mixed Reality-ს უფრო მასიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს VR-სა და AR-ს (Virtual Reallity/Augmented Reality).
ისევე, როგორც ორიგინალი Hololens-ი – ახალი ჰედსეტიც განკუთვნილია ვიწრო სპეციალიზაციის მწარმოებლებისთვის, რათა გაგრძელდეს აპლიკაციებზე მუშაობა.