ლიტერატურასაკითხავიწიგნები

ერიკ ემანუელ შმიტი- ნოეს შვილი (მიმოხილვა)

დღეს, მოდით ვისაუბროთ თანამედროვე ფრანგ მწერალზე (და არა მარტო მწერალზე) ერიკ-ემანუელ  შმიტზე. შმიტი თანამედროვე მწერლობაში ნამდვილად, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. ვისაც მისი წიგნები წაგიკითხავთ, აშკარად შენიშნავდით, რომ მოცულობით ისინი ძალიან პატარაა, ადვილად წასაკითხი და შესაბამისად, ადვილად გასაგებიც. მას არ აქვს ძალიან ღრმადფილოსოფიური საკითხების ფილოსოფიური განხილვისკენ მიდრეკილება, ცდილობს, რაც შეიძლება მარტივი ენით დაწეროს და სათქმელიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, ადვილად მიაქვს მკითხველამდე. ეს ყველაფერი კი განაპირობებს მისი წიგნების დიდ პოპულარულობას, რადგან მართლაც საინტერესო ნაწარმოებს კითხულობ მარტივად, ყველანაირი ზედმეტი გადაძაბვის გარეშე, წიგნში არსებული სიუჟეტიც და ქვეტექსტიც , ადვილი გასაგებია, რაც სერიოზული ფილოსოფიური ნაშრომის ათვისების შემდეგ განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. ცალკე თემაა, თუ საერთო ჯამში, რამდენად ღირებულ ნაწარმოებებს წერს ეს მწერალი, ეს ალბათ მკითხველის გადასაწყვეტია, რადგან როგორც უმბერტო ეკო ,,ვარდის სახელში“ საუბრობს, ,,მწერალი დაწერისთანავე უნდა მოკვდეს და ნაშრომი მკითხველს დაუტოვოს სამსჯელოდ.“ ფაქტი კი, ვფიქრობ, ერთია- შმიტი ძალიან კარგად მიუხვდა თანამედროვე მკითხველთა უმეტესობის გემოვნებას და შესაბამისად წერს მარტივ, ფილოსოფიური წიაღსვლებიდან დაცლილს, მაგრამ, სამაგიეროდ უაღრესად ემოციური შინაარსის მქონე ნაწარმოებებს.
დღეს შევეხები ჩვენი ფრანგი მწერლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნს – ,,ნოეს შვილი“. როგორც სხვა ნაწარმოებები, ესეც არ გამოირჩევა დიდი ფილოსოფიური თემებისადმი მიძღვნილი აზრებით, თუმცა მკითხველში ნამდვილად აღძრავს ემოციებს. სანამ სათაურის ახსნამდე მივალთ, რომელიც საკმაოდ მარტივია, მანამდე სიუჟეტური ხაზი მინდა წარმოვიდგინოთ. სიუჟეტი მოიცავს, ჩემი აზრით, აწ უკვე გაცვეთილ პერიოდს – მეორე მსოფლიო ომს. ბევრი მწერალი ამ მოვლენიდან მოყოლებული დღემდე ვერ გასცდა ამ საყოველთაო ტრაგედიას, მუდამ წრეზე ტრიალებს და აღწერს მხატვრულად, არამხატვრულად, ისტორიულად, მეცნიერულად, ფსიქოლოგიურად, ფილოსოფიურად ამ მოვლენას. შმიტმაც ხელახლა მოინდომა ეჩვენებინა ომის ტრაგედია, მაგრამ მწერლის ყველაზე კარგ ჩანაფიქრად მიმაჩნია ის, რომ რომ შმიტმა ისიც აჩვენა, რომ ამხელა ტრაგედია შობს დიდი ადამიანებსაც, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით უტოლდებიან აწ უკვე გარდასული დროის გმირებს, ბიბლიურ და საზოგადო მოღვაწეებს. ანუ, მწერალმა აჩვენა ის, რომ ძნელბედობის ჟამსაც არ კვდება იმედი და სწორედ იმედის ,,არმომკვდარობის“ მაგალითად მოჰყავს ასეთი გმირების სახე.
ომის შუა ქარცეცხლია, ებრაელების მიმართ გაცხარებული ბრძოლა გერმანელების მიერ. ებრაელი ოჯახი იძულებულია თავისი მცირეწლოვანი ვაჟი – ჟოზეფი ჩააბაროს ქრისიტიან მღვდელს, რომელსაც ერთგვარი პანსეონი აქვს გაკეთებული, სადაც ომის დევნილებს იფარებს, რომელთა შორის ძალიან ბევრი ებრაელია. ძალიან მალევე ჟოზეფსა და ამ მოსიყვარულე მღვდელს შორის საკმაოდ მტკიცე კავშირი შეიკვრება, დაახლოებით მამა-შვილური სიყვარულის მსგავსი. ჟოზეფიც მიხვდება, თუ რაოდენ დიდი ძალისხმევაა მღვდლის მიერ საჭირო მათ თავდასაცავად. სწორედ ამ ,,მიხვედრის“ პერიოდში შეუძლია მკითხველს მარტივად ამოიცნოს ნაწარმოების სათაური. ქრისტიანი მღვდელი, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მიზნად ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ჰქონდა დასახული, ბიბლიური ნოეს მსგავს საქმიანობითაც იყო დაკავებული. იგი ცდილობდა ეპოქაში გავრცელებული ძალადობის, განუკითხაობისა და უსამართლობის წარღვნისგან ეხსნა ყველაფერი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა. ბუნებრივია ეპოქის ცვლასთან ერთად იცვლებოდა მსხვერპლი და შესაბამისად ის წარღვნის ტიპიც, რომელიც ,,მსხვერპლს“ წალეკვით ემუქრებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წარღვნისგან, რომელსაც მეორე ნარიად ნაცისტები ერქვა, უნდა ეხსნა ყველა და ყველაფერი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა, ყველა ლიტერატურული ნაშრომი, ენა და მუსიკა, რასაც გერმანელები დაბალი ერის გადმონაშთად რაცხავდნენ. 1945 წლის შემდეგ კი ერთი წარღვნა მეორე წარღვნამ შეცვალა, რასაც საბჭოეთის სულისკვეთება ერქვა, აი რას წერს შმიტი:,,-დაუჯერებელია! ებრაული წიგნები აღარაა. გამაგებინეთ რა ხდება.(ჟოზეფი)-ახალი კოლექციის შექმნა დავიწყე.(მღვდელი)მამა პონსმა რამდენიმე წიგნის ყდას მოფერებით გადაუსვა ხელი. მათი დამწერლობა ჩემთვის გაუგებარი იყო.-სტალინი საბოლოოდ ჩაკლავს რუსულ სულს. ამჟამად დისიდანტი პოეტების ნაწარმოებებს ვაგროვებ. ჟოზეფ, მე შენ არ გღალატობ. ებრაელებზე ზრუნვა ახლა შენ უნდა იტვირთო. ამიერიდან ნოე შენ ხარ!“
როგორც ხედავთ,  ეპოქისა და შესაბამისად მოცემული ეპოქის საფრთხეებთან ერთად იცვლება მამა პონსის ,,ნოესეული“ მისიაც. იგი ყოველთვის უნდა მდგარიყო გადაშენების პირას მყოფ საგანთა დაცვის სადარაჯოზე. აქ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი. ჩემი აზრით, შმიტზე აშკარად იგრძნობა ამერიკული ლიტერატურის გავლენა, კერძოდ, ამერიკული ლიტერატურა ყოველთვის ოპტიმისტურად მთავრდება, ანუ გისახავს სიცოცხლის გაგრძელების სურვილს, რისგანაც ის ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპული ლიტერატურისგან, რომელშიც ბლომად ვხვდებით უკიდურეს ნიჰილიზმს. თუმცა ისიც საკითხავია რა იგულისხმება ,,ამერიკულ“ ოპტიმიზმში, რამდენად გამართლებულია ამგვარი ოპტიმიზმი, თუმცა ამაზე საუბარი თემას მოგვწყვიტავს. ეს ოპტიმიზმი იმიტომ ვახსენე, რომ ანალოგიურად, ამ წიგნსაც დასასრული ოპტიმიზმით აღსავსე აქვს, მამა პონსს უჩნდება მოვალეობის გამგრძელებელი ჟოზეფის სახით, რაც ადამიანებს იმის იმედს უტოვებს, რომ გარკვეულ ,,წითელ წიგნში“ შესატან ინდივიდებსაც გამოუჩნდებიან დამცველები, რომლებიც არაფერს დაიშურებენ მათ გადასარჩენად. აი როგორ მთვარდება ნაწარმოები: (მოვლენა ხდება ებრაელ-პალესტინელთა დაპირისპირების დროს, სადაც ებრალი და პალესტინელი ბავშვები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ).,,პატარა ჩხუბისთავები სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ. დავიხარე, ძირს ბავშვების ჩხუბის დროს ჯიბეებიდან ამოცვენილი ნივთები ეყარა.ებრაულ ქიფასა და პალესტინურ თავსაბურავს დავავლე ხელი, ერთი მარჯვენა ჯიბეში ჩავიჩურთე, მეორე- მარცხენაში.-         რას აკეთებ?- დაინტერესდა რუდი ( ჟოზეფის მეგობარი)
–         კოლექციის შექმნას ვიწყებ!“

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button