რობოტი-პოლიციელი, რომელიც მძღოლების დოკუმენტებს ამოწმებს
პოლიციის თანამშრომლები ყოველდღე ათასობით მძღოლს აჩერებენ საგზაო წესების დარღვევისთვის. თითოეული შემთხვევა შესაძლებელია გახდეს კონფლიქტის მიზეზი, რომლის შედეგადაც როგორც წესრიგის დამცველმა, ასევე დამრღვევმა მიიღოს დაზიანება. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – SRI International-ის თანამშრომელი რუბენ ბრიუერი თვლის, რომ მისი გუნდის მიერ შექმნილი რობოტი შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრას. ნაცვლად იმისა, რომ მიუახლოვდნენ გაჩერებულ ავტომობილს, პოლიციელები შეძლებენ საქმე მიანდონ რობოტს, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერითა და მართვის მოწმობის სკანერით.
მოძრავი კონსტრუქცია მაგრდება პოლიციის ავტომობილის გვერდით ნაწილზე. კანონდამრღვევის გაჩერებისას კი რობოტი დაგრძელდება დამღვევის ფანჯარამდე. ინტეგრირებული კამერისა და დისპლეის წყალობით ორი ადამიანი შეძლებს ერთმანეთთან ისაუბროს დაშორებული მანძილიდან. სპეციალური სკანერის მეშვეობით პოლიციელი შეძლებს შეისწავლოს დამრღვევის დოკუმენტები, პრინტერით კი ჯარიმა გამოიწერება.
გამორიცხულია კანონდამრღვევებმა შეძლონ გაჩერების ადგილიდან გაქცევა, რადგანაც რობოტი-პოლიციელი ავტომობილის ქვეშ წვეტიან საფენს განათავსებს. თუკი მძღოლი მაინც გარისკავს გაქცევას, გახვრეტილი ცალი საბურავით შორს მაინც ვერ წავა. არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებულად ურჩმა კანონდამრღვევებმა რობოტის დამტვრევაც მოინდომონ, თუმცა ეს კარგი არაფრით დამთავრდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მსოფლიოში პირველი რობოტი-პოლიციელი. ჯერ კიდევ 2017 წელს დუბაის პოლიციამ თავის რიგებში აიყვანა რობოტიზებული დამხმარე RoboCop, რომელიც მართალია ისევე არ გამოიყურება, როგორც ამავე სახელობის ცნობილი ფილმის პერსონაჟი, თუმცა მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს ასრულებს.