
დავით ყიფშიძე ჯაზი მანჰეტენზე
საღამოს ჯაზი რომ უხდება ამ ქალაქს,
არ არის სიგნალი, არ გესმის ზუზუნი,
ყვითელი ტაქსები მოჩანან აქა-იქ,
და ამ დროს ჩაგესმის რითმების გუგუნი.
თეთრი და მულატი, შავი თუ ყვითელი,
ყველას აქვს თავისი აზრები, მითები,
ზაფხულის საღამოს კვამლს ხედავ მიწიდან,
ცხელი წყლის ჭებია, ეტყობა?! – ფიქრდები.
ახედავ ცათამბრჯენს, ვერ ითვლი, რას ითვლი,
სართული – მეასე, ფანჯრებში – ნათელი,
ყოველმხრივ ბეტონის ჯუნგლებში ჩაივლი,
სართული, ფანჯარა, სინათლე – რამდენი.
არ ძინავს არავის, ყველას აქვს მუღამი,
შენ ისევ დაეძებ სინათლეს ჯუნგლებში,
ბეტონი თანდათან იცვლება სიმწვანით,
სართულმაც მოიკლო, პატარა უბნებში.
სიოა ნოტიო, სიჩუმე – საეჭვო,
არ იცი სადა ხარ, მუსიკა გამხნევებს,
ნაცნობი რითმები გრძელდება აზრებში,
მიდიხარ, ისმენ და თან თვალებს აცეცებ.
შორიდან მოჩანან ბეტონის კოშკები,
შენს თავზე მეტროთი მგზავრობენ ყველანი,
ვაგონის რითმები ჯაზს ერწყმის თანდათან,
ჩერდები, მდინარის სურნელს გრძნობ, ნებდები.
სკვერები იცლება, სახლებში მიდიან,
ხვალ არის ახალი, დღე ყველას მითების,
მაგრამ შენ ეს მოგწონს, სიბნელე ქალაქის,
სინათლე ფანჯრებში, ჯაზი და რითმები.
1/8/2019