
შატაიძე ნუგზარ – მეკვლე
– გცივა, ბებო?
– ჰა?
– გცივა-მეთქი?
– არა, არა.
– გინდა, ჩაის მოგიტან.
– რაო?
– ცხელ ჩაის მოგიტან, გინდა?
– არა მცივა, გოგო, არა!
– ხომ არ გშია?
– ჰა?
– ხომ არ გშია-მეთქი!
– რომელი საათია?
– ათი.
– რომელი?
– ათია უკვე, ათი!
– დილისა თუ საღამოსი?
– საღამოსი… ორ საათში ახალი წელი მოვა.
– რა მოვა?
– ახალი წელი, ა-ხა-ლი!
– ახალი წელი…
– გიხარია, ბებო, ახალი წელი?
– რაო?
– გიხარია-მეთქი?
– რა უნდა მიხაროდეს, გოგო?!
– ახალი წელი.
– ახალი წელი?!
– ხო, გიხარია?
– რა არის გასახარელი…
– როგორ თუ რა, ახალი წელი მოდის!
– მერე რა, მოდის და მოვიდეს.
– დედამ გოზინაყი გააკეთა!
– რა გააკეთა?
– გო-ზი-ნა-ყი!
– ფიჰ!
– რა იყო?
– რა იცის, გოგო, დედაშენმა გოზინაყის…
– როგორ არ იცის!
– დაეწვა?
– არა.
– აბა?
– ძალიან გემრიელი გამოუვიდა!
– გემრიელი არა, ის…
– ნუ იცი რა, ბებო, ეგრე!
– რა ნუ ვიცი, გოგო, რა! როდის აქეთია, დედაშენი გოზინაყს აკეთებდა საახალწლოდ?!
– რა ქნას აბა, შენ აღარ შეგიძლია და…
– რაო?
– შენ აღარ შეგიძლია-მეთქი!
– ჰო, მე აღარაფერი შემიძლია, მარტო თქვენ ხართ ამ ოჯახში ყველაფერი…
– ოო, კარგი რა, ბებო!
– ბიჭი რას აკეთებს?
– ტელევიზორს უყურებს.
– ენაცვალოს ბებო… მამაშენი?
– ისიც.
– ჰა?
– ისიც ტელევიზორს უყურებს!
– თიკა, თიკა!
– რა გინდა, დე!
– მოდი აქ!
– ხო, რა გინდა…
– მომეხმარე, გოგო, ხო ხედავ, გავწყდი წელში!
– მითხარი, რა გავაკეთო, არაფერს მავალებ და…
– გავალებ, თორემ… სუფრა გადააფარე მაგიდას, თეფშები და დანა-ჩანგალი გაწმინდე.
– გავშალოთ უკვე?
– აბა, არ გავშალოთ?! თერთმეტი დაიწყო უკვე…
– უი, რა კარგია!
– ის მწვანე არ გინდა, თეთრი სუფრა გადააფარე… ცელოფანი არ დაგავიწყდეს, გესმის?
– შენ ბევრი დაგრჩა?
– გოზინაყი მაქვს დასაჭრელი, ეს ინდაურიც მოიხარშა, მგონი… საცივი უნდა დავიწყო.
– მერე, მოასწრებ?!
– რას მოვასწრებ თქვენს ხელში, თითის განძრევა არ გინდათ არავის!
– გახსოვს, ბებომ რა საცივი იცოდა?
– არც მე გამომდის ნაკლები, ნუ გეშინია!
– კი, შენც კარგი გამოგდის, მაგრამ…
– წადი, გოგო, ნუ გაიტლიკე ენა… მამაშენს დაუძახე, რო მიცივებია იმ ტელევიზორს!
***
– მეძახდი, გულიკო?
– ნახე ერთი, ეს ინდაური თუ მოიხარშა.
– შენ ვერ ნახავ?
– კაცო, მარტო მე ვარ ამ ოჯახში?! გავწყდი ქალი წელში, აღარ შემიძლია მეტი, დილიდან ფეხზე ვტრიალებ!
– ოქრო ხარ, გულიკო, ოქრო!
– ენა კი გაქვს, ნუ გეშინია…
– კი მაგრამ, მე არ გაგეგზავნე დილას ბაზარში?! მომეცი ერთი, ჩანგალი…
– უჯრაშია.
– გენახა ერთი, რა ამბავი იყო, არ მეგონა, ცოცხალი თუ გამოვაღწევდი იქიდან. რომ ჰკითხო, ხალხს ფული არა აქვსო… რა გინდა, მოხარშულა უკვე… ფულის მეტი რა აქვთ, სულ ორ-ორ ინდაურს ყიდულობდნენ!
– აი, ამ ლანგარზე ამოიღე და მერე გოზინაყი დამიჭერი.
– კალენდარში ეწერა, მოხარშულ ინდაურს გარეთ გადგმა უხდებაო.
– გადგი, მერე! ოღონდ, ჯერ მარილი მოაყარე.
– აბა, მარილი?
– ცხვირწინ არ გიდგას?!
– სად, ქალო?
– ეს რა არის?! ხელი თუ არ დაგიდო კაცმა, ვერ იპოვი!
– ჰო, კარგი, კარგი…
– ძალიან არ დაამლაშო, შენებურად.
– იფ რა ინდაურია!
– მაგ ფასად ორს იყიდიდა კაცი…
– ორს არა, სამს. იცი, რა სიძვირე იყო?
– დროზე ქენი და დამიჭერი ეს ოხერი გოზინაყი, მე საცივი უნდა დავიწყო.
***
– გძინავს, დედა?
– ჰა?
– არაფერი, გძინავს-მეთქი?
– რა დამაძინებს…
– ხომ არ გცივა?
– რაო?
– ხომ არ გცივა-მეთქი!
– არა, არა!
– თუ გინდა, გულიკოს ვეტყვი და ჩაის აგიდუღებს.
– რად მინდა ჩაი!
– არც გშია?
– ჰა?
– ხომ არ გშია-მეთქი!
– აჰ, არა, არა!
– აბა, არაფერი გინდა?
– რომელი საათია?
– თერთმეტის ნახევარი. საათ-ნახევარში ახალი წელი დადგება.
– რა დადგება?
– ახალი წელი!
– ახალი წელი?!
– ჰო. გულიკო საცივს აკეთებს.
– რას აკეთებს?
– საცივს.
– ფიჰ!
– რა იყო?!
– რა იცის გულიკომ საცივის!
– როგორ არ იცის, შენ არ ასწავლე?
– მე კი ვასწავლე, მაგრამ…
– კარგი რა, ნუ იცი შენ ეგრე…
– რა ვიცი, ბიჭო, რა?
– ჰო, კარგი, კარგი… ესე იგი, ჩაი არ გინდა, ხომ?
– ჭირი მინდა მე, ჭირი და სიკვდილი!..
– მოდი რა, ნუ ვიჩხუბებთ, დედა, ამ საღამოს მაინც ნუ ვიჩხუბებთ…
***
– რა ქენი, გადგი ინდაური?
– კი.
– კატა არ მიეპაროს.
– რა უნდა აივანზე კატას!
– ახლა გოზინაყი დამიჭერი.
– დანა?
– უჯრაშია. ალესე ცოტა.
– დედაჩემმა იცოდა კარგი გოზინაყი…
– რას შვრები, რას! მაგიდა არ უნდა გადაწმინდო?!
– ტილო?
– ყველაფერი ხელში უნდა მოგაწოდოს კაცმა!
– გულიკო…
– გადამრევენ მე ესენი, გადამრევენ!
– მოდი რა, დღეს მაინც ნუ ვიჩხუბებთ, კარგი? თუ გინდა, შეგიღიტინებ, გინდა?
– გაიწი იქით!
– შეგიღიტინებ, რა მოხდება?
– გაიწი-მეთქი!..
– ეგრე, შე ქალო, გაიცინე, ახალი წელი მოდის!
***
– ბებო გეძახის, ბიჭო, არ გესმის?
– აუ, ტელევიზორს ვუყურებ, რა!
– გეძახის, შე დებილო!
– დებილი თავი გაბია!
– შენ იცი, რას გიზამ?
– აუ, გადი, რა!
– დედა! დედა!
– მორჩი ახლა!
– აგე, გეძახის, ხო გაიგე!
– აუ, გააჭირა, რა…
***
– რა გინდა, ბებო, რა!
– მოხვედი, შვილო?
– ხო, რა გინდა?
– მომეცი აბა შენი ხელი…
– ეე, კარგი რა, ბებო!
– მომეცი, ბიჭო, რა მოხდება…
– აჰა!..
– გენაცვალოს ბებო… ჩემო ვაჟკაცო, ჩემო იმედო…
– აუ, კარგი რა, ბებო!
– რატომ, შვილო, რატომ არ გიყვარს ჩემი მოფერება, ბებერი რომ ვარ, იმიტომ? ვინ მყავს შენს მეტი, გენაცვალოს შენი ბებო…
– აუ, ბებო, რაა!
– აი, ერთხელაც გაკოცებ, ერთხელაც და მეტი აღარ…
– კარგი, ხო, წავედი…
– რომელი საათია?
– თერთმეტია. ერთ საათში ახალი წელი იქნება.
– რა იქნება?
– ახალი წელი.
– ახალი წელი?
– ხო, რა იყო?
– არაფერი, არაფერი…
– კარგი, წავედი ახლა…
– მოიცა… ჩამოჯექი ცოტა ხანს, რაღაც უნდა გითხრა…
– რა გინდა.
– ჩამოჯექი, რა მოხდება…
– აუ, ტელევიზორს ვუყურებ, რა!..
– დაჯექი, ბიჭო, არსად გაგექცევა ის ტელევიზორი!
– კარგი, აჰა, დავჯექი!
– შვილო, პაპა გახსოვს?
– პაპა?
– ჰო.
– ისე, ბუნდოვნად…
– მაინც, რანაირად?
– მახსოვს, ერთხელ, ახალი წელი იყო და გარედან კარზე დააკაკუნა…
– ჰო, ჰო!
– ჩვენ რაღაც ვკითხეთ, ვინ არისო თუ რაღაც… თან სულ გვეცინებოდა…
– მერე?
– მერე შემოვიდა და შემოიტანა დიდი ლანგრით მანდარინები, კანფეტები და ნამცხვრები… კანფეტებს იატაკზე ყრიდა და თან ამბობდა, შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო…
– ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისო?
– ხო, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისო.
– მერე, მერე?
– მერე ხელში ამიყვანა… თოვლის სუნი ჰქონდა, თოვლის და სიცივის…
– სიცივის სუნი ჰქონდა, ბიჭო?!
– ხო. შენ ხომ არ გცივა? თუ გინდა, დედაჩემს ვეტყვი და ჩაის აგიდუღებს.
– არ მინდა, არა!
– არც გშია?
– არა, არაფერი მინდა.
– წავალ მაშინ, კარგი?
– წადი, შვილო, წადი…
***
– თიკა!
– ხო, დედიკო!
– გადააფარე, შვილო, სუფრა?
– კი. თეფშებიც დავაწყვე, დანა-ჩანგალიც…
– ხომ გაწმინდე, დედიკო?
– როგორ არა!
– მარილი? მარილი ხომ არ დაგავიწყდა?
– არა. მარილიც ჩავდგი და ხელსაწმენდებიც.
– ყოჩაღ! აბა, მომეხმარეთ ახლა ყველანი, შენ ესენი გაიტანე, მამაშენი პურს დაჭრის!
– ღვინო არ ჩამოვასხა?
– ღვინოც ჩამოასხი და პურიც დაჭერი!
– რომელი საათია?
– თორმეტის ნახევარია უკვე… დედაშენი არ გამოვა სუფრასთან?
– ვეტყვი, რა ვიცი…
– ძალიან შეეხვეწე, იცოდე!
– ეჰ, ხო იცი, რანაირი ქალია…
– შენი ჭირიმე, ოღონდ ახლა შეიკავოს ყველამ თავი, ოღონდ ახლა ნუ ვიჩხუბებთ და თუ გინდა, მომკალით!
***
– რაო, არაო?
– ეე, გამანებე რა თავი…
– ეს ახალი წელი თუ არ ჩაგვაშხამა, ისე როგორ იქნება!
– რომელი საათია?
– თხუთმეტი წუთი აკლია!
– მიდი, ბიჭო, უთხარი. გამოვიდეს, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს…
– მიდი, შვილო, მიდი, ხომ იცი, მაგას ამ ოჯახში, შენს მეტი არავინ უნდა!
***
– ბებოო…
– უი, მოხვედი, შვილო?!
– ხო.
– მოდი, გენაცვალე, მოდი… აი, აქ ჩამომიჯექი.
– მითხარი, ბებო, გიყვარვარ?
– რაო?
– გიყვარვარ-მეთქი?
– მიყვარხარ, შე ციგანო, აბა, არ მიყვარხარ?!
– ძალიან გიყვარვარ თუ ისე რაა…
– ჰა?
– ძალიან გიყვარვარ-მეთქი?
– ძალიან, შვილო, ძალიან… ვინ მყავს, მე საწყალს, შენს მეტი?
– მართლა?
– მართლა, აბა, ტყუილად?!
– მაშინ, ადექი ახლა და წამოდი…
– რაო?
– წამოდი-მეთქი!
– შენც კარგი მამაძაღლი ხარ, ნუ გეშინია!
– აუ, კარგი რა, ბებო!
– რა კარგი, ბიჭო, რა კარგი!
– სადაცაა ახალი წელი დადგება, წამოდი რა, გეხვეწები…
– დედაშენმა გამოგგზავნა?
– წამოდი და გაკოცებ, გინდა?
– რაო?
– გაკოცებ-მეთქი!
– რას ამბობ, ბიჭო?!
– აი, ლოყაზე გაკოცებ, აჰა!
– შენ რას გეტყვი, მე შენ…
– აუ, რა გატირებს, ბებო?!
– ჰა?
– რატომ ტირი?
– არ ვტირი…
– კარგი ახლა, კარგი, დაწყნარდი…
– გენაცვალოს შენი ბებო…
– ახლა წამოხვალ?
– ოხ, შე ციგანო, შე ციგანო…
– ადექი, აბა, ადექი!
– დამაცადე…
– რაღა დაგაცადო, საცაა თორმეტი შესრულდება… თუ გინდა, ხელში აგიყვან, გინდა?
– არა, არა!
– აგიყვან!
– უიმე, დამსვი, ბიჭო!
– ხელი კარგად მომხვიე!
– დამსვი, შე მამაძაღლო, არაფერი იტკინო!
***
– ესეც ბებოო!
– გაგიჟდი, ბიჭო?!
– რომელი საათია?
– ჩქარა, ჩქარა!
– ჩასვი სავარძელში, რამდენ ხანს უნდა გეჭიროს ეგრე!
– დაჯექი, ბებო… აი, ასეე! გავხსნა შამპანური?
– ჩქარა, ჩქარა!
– ჭიქები, ჭიქები!
– აუ! აუ!
– გიხარია, ბებო?
– აბა, მივუჭახუნოთ ერთმანეთს!
– გაგვიმარჯოს, მრავალ ახალ წელს დაგვასწროს! დედა, გილოცავ, მრავალს დაესწარი!
– გილოცავ, ბები!
– მეც გილოცავთ, შვილებო…
– აბა, დავლიოთ და გადავკოცნოთ ყველამ ერთმანეთი!
– მოდი, გულიკო…
– აკოცეთ, ბებოსაც აკოცეთ!
– გენაცვალოთ ბებო…
– მოდი, თიკა, გაკოცო… შენც, შვილო…
– ბებოს?
– აჰა, ბებოსაც!
– იცოცხლეთ, შვილებო, გაიხარეთ… მრავალს დაესწარით, სულ ჯანმრთელად, ბედნიერად, სიხარულით… გიყვარდეთ ერთმანეთი… ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის, ბარაქა და დოვლათი მოგცეთ ღმერთმა… წმინდაო გიორგი, გადმოხედე შენის მოწყალე თვალით ჩემს შვილებს, შვილიშვილებს – გამიმრავლე, ამიღორძინე…
– ასე არ სჯობია?
– ჰა?
– ასე არ ჯობია-მეთქი?
– რა სჯობია ასე?!
– ტკბილად ყოფნა…
– მერე, ქალო, მე მეუბნები მაგას?!
– აბა, ვის ვუთხრა?!
– შენს თავს უთხარი!
– რა ვუთხრა ჩემს თავს, რა!..
– გულიკო!
– ჰო, რა ვუთხრა!
– რა გთხოვე, გულიკო, მე შენ?
– ვაიმე, გავგიჟდები!.. ახლაც მე ვარ დამნაშავე?!
– აუ, არ იჩხუბოთ, რა!..
– გავწყდი წელში, დილიდან ფეხზე ვტრიალებ, ჩემი მომხმარე არავინაა, სახლი, სამსახური, სარეცხი, შინ და გარეთ… პურს არ მოგიტანს არავინ, პურს!
– დედა!
– ვერ ხედავთ, რას დავემსგავსე?
– არც ადრე ყოფილხარ დიდი მზეთუნახავი!
– ბებო!
– ეგეც მე ვარ? რატომ მაგას არ აჩუმებ, მითხარი, რატომ არ აჩუმებ!
– ნეტავი ფეხი მოგტეხოდა და შენ ჩემს ოჯახში არ შემოსულიყავი…
– აუ, ბებო, რაა!
– კარგი რა, დედა, კარგი, ნუ ჩამაშხამეთ ეს ახალი წელი!
– ჰო, გაუსწორე კუდი, გაუსწორე!
– მომაშორეთ ეს გამოყრუებული დედაბერი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!
– გულიკო!
– აუ, დედა, რაა!
– წამოდი, შვილო, წამიყვანე ჩემს ოთახში… ახია ჩემზე, ახი…
– რა არის ახლა ეს, რა!
– დაიწვას ჩემი გაჩენის საათი…
– კარგი, დედიკო, დაწყნარდი…
– გამორთე, გოგო, ეგ ოხერი ტელევიზორი!
***
– აუ, ბებო, არ იტირო, რა!..
– არა, შვილო, არ ვიტირებ და დედაშენის ჯიბრზე არც მოვკვდები!.. მომეცი ხელი…
– აჰა, ოღონდ არ იტირო, კარგი?
– ჰო, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო იმედო… გენაცვალოს ბებო… რა მითხარი, რისი სუნი ჰქონდაო?
– რა სუნი?!.
– ხელში რომ ამიყვანა, სიცივის სუნი ჰქონდაო, არ მითხარი?
– ა, პაპას?
– ჰო.
– კი, სიცივის და თოვლის.
– რაო, როგორ ამბობდა, შემოვდგი ფეხიო?..
– შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისო!
– კვალი ანგელოზისო?
– ხო, კვალი ანგელოზისო… არ იტირო ახლა, არ იტირო!
– არ ვიტირებ, ნუ გეშინია.
– თუ გინდა, აქ მოგიტან საჭმელს…
– რაო?
– საჭმელს გამოგიტან-მეთქი!
– არა, არაფერი არ მინდა!
– არც ჩაი?
– ჰა?
– ჩაიც არ გინდა? მე თვითონ აგიდუღებ და მოგიტან.
– არა, შვილო, არა!
– რას იზამ, აბა, დაიძინებ?
– რაო?
– დაიძინებ-მეთქი?
– კი, შვილო, კი, დავიძინებ, აბა რას ვიზამ… კვალი ანგელოზისო?
– ხო… დაიძინე.
– და სიცივის სუნი ჰქონდა?
– ხო, სიცივის. წავალ მე, კარგი?
– წადი, შვილო, წადი…
– დაიძინე, იცოდე!
– დავიძინებ, აბა, რას ვიზამ…
ბიჭი გავიდა და ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
ქუჩიდან კანტიკუნტად ისმოდა სროლის ხმა – ეშხში შესულ ჩაჩაინჩ ბიჭებს ახალი წლის დადგომა უხაროდათ.