მოთხრობა

შატაიძე ნუგზარ – თრეფიკინგი

ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა».

ჟამთააღმწერელი

ტყეში რაღაც გაფაჩუნდა.

ოსმანამ ყურები ცქვიტა, მიწაზე წამოჯდა და იქაურობას თვალი მოავლო. მინავლულ ცეცხლთან დაღლილი ტყვეები იწვნენ და მკვდრებივით ეძინათ. სიბნელეში დაბორკილმა ცხენმა დაიხვიხვინა.

თურქმა გატენილი დამბაჩა აიტაცა და ჩახმახი ფეხზე შეაყენა.

ტყიდან შავი ლანდი გამოვიდა, ზურგზე ტომარა ეკიდა და მძიმედ მოდიოდა.

ტომარააკიდებული კაცი საშიში არ იყო და ამიტომ ოსმანამ ჩახმახი დაუშვა. ახოში მომავალ კაცს ჩუმად უყურებდა, მერე დამბაჩა უნაგირზე დადო და ჯერ ისევ მბჟუტავ მუგუზლებს ხმელი, ფოთლიანი ჩინჩხვარი მიაყარა.

ფოთოლი აბრიალდა და ცეცხლმა სიბნელეს პატარა, კალოსოდენად განათებული ადგილი გამოსტაცა, სადაც ძონძებში გახვეულ სამ პატარა ტყვეს – ორ ბიჭსა და ერთ გოგოს – ეძინა.

მალე იმ განათებულ წრეში ტომრიანი გლეხიც შემოვიდა და ოსმანამ ახლაღა შენიშნა, რომ იმ კაცს ზურგზე ტომარა კი არა, მძინარე ბავშვი ეკიდა.

თმაწვერგაბურძგნილი, ფეხშიშველი გლეხი ჩალმიან თურქს პირმოთნე ღიმილით მიაჩერდა.

– გამარჯობა არ იცი, კაცო, შეენ?! – გაეცინა ოსმანას.

– ღმერთმა გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო!

– ვინ ხარ, სადაური ხარ?

– გიგილოს მეძახიან. ქასრიეთი ხო გაგიგონია?

– როგორ არა!

– ე, იქიდან ვარ.

– მაი ბღარი სა იშოვე?

– ჩემია, ბატონო.

– ნამდვილათ?

– კი, ჩემია.

– რა ხნისაა?

– რვა წლის შესრულდება ამ შემოდგომაზე.

ოსმანა წამოდგა და გლეხს ზურგიდან შემოუარა.

– ბიჭია?

– გოგოა, ბატონო. მომეხმარე, თუ კაცი ხარ, ჩამომასმევიე.

ოსმანამ ბავშვს იღლიებში შეუყო ხელი, ასწია და მისკენ შემობრუნებულ გიგილოს ხელებში მიაჩეჩა.

ბავშვს გაეღვიძა და ლეკვივით აწკმუტუნდა.

– რატო ტირის, ავათ ხო არაა?

– ღმერთო კი მომკალი! რა უგავს ავადმყოფს, ბოტონო! შია, დილას აქეთ ლუკმა არ ჩასვლია პირში.

– დასვი, ეგერ, ცეცხლთან, – ოსმანამ ხის ტოტზე ჩამოკიდებული აბგიდან ნახევარი ჭადი ამოიღო და გლეხს მისცა.

– იცოცხლე, ბატონო, არ დაგივიწყებ სიკეთეს, თუ კაცი ვყოფილვარ!

გიგილომ ჭადს ცოტა ჩამოატეხა, ლუკმა პირში გაიქანა, დანარჩენი კი ბავშვს ჩაუდო ხელში.

ოსმანამ დამბაჩა აიღო და უნაგირზე ჩამოჯდა.

– მოდი, აბა, დაჯექი, დავილაპარაკოთ!

მამამ ხელში ჭადჩაბღუჯული შვილი ცეცხლთან დასვა და თვითონ თურქთან მივიდა.

– თქვი ახლა მართალი – ვისია აგი ბღარი.

– ჩემია, ბატონო, ა, თუ არ გჯერა! – გლეხმა პირჯვარი გადაიწერა.

– მაგისთანას ასს გადავიწერ, თუ გინდა, – ოსმანამ ბავშვს გახედა, რომელიც ჭადს იღმურძლებოდა, – ვინაა, გოგო, აი კაცი შენი!

– მამაა! – ამოიზმუვლა ჭადით პირგამოტენილმა ბავშვმა.

– ა, ხო გითხარი! – გაუხარდა გიგილოს.

– დაჯექი მერე, რავა ასასივით დამდგომიხარ თავზე!

გიგილო ფეხებთან მიუჯდა და შემტვერილ ჩექმაზე მოფერებით დაუსვა ხელისგული.

– ლამაზი გოგოა ძალიან.

– შენ თუ გგავს, კი იქნება ლამაზი, – გაიცინა ოსმანამ.

– დედას გავს.

– წითელა ბატონები მოხდილი აქვს?

– კი, რავა არა!

– ყივანახველა?

– ყივანახველაც.

– ტყუილი არ თქვა, იცოდე.

– ხვთის სახელს ვფიცავარ! – გიგილოს ისევ შუბლისკენ გაექცა სამი თითი, მაგრამ პირჯვარი აღარ გადაუწერია.

– რვას მოგცემ და წადი შენი გზით.

– აბა, თორმეტიო?!

– რაის თორმეტი?!

– ნუ დამჩაგრავ, ბატონო, სოსოიეს გოგო ქე გიყიდია თორმეტად და…

– სოსოიე?

– ჩვენებური, ქასრიეთელი…

– კაი, აბა, ათი და გავათავოთ!

– ცოდვა ვარ, ბატონო! – ტირილნარევი ხმით თქვა გიგილომ და თავი ჩაღუნა.

– მე არ ვარ ცოდვა, რო დავწანწალებ ამ ტყე-ღრეში ნადირივით? – ოსმანამ სარტყელში გაჩრილი ქისა ამოიღო, თავი გაუხსნა და ხელისგულზე ლითონის ფული გადმოიყარა, – ა, შენ თერთმეტი და ბასტა!

– თორმეტიო, სოსოიემ და… – აწუწუნდა გიგილო.

ოსმანა გაბრაზდა:

– თუ იღებ, ეიღე, თუ არა და, მეიკიდე ზურგზე ეს შენი ბაღანა და წეიყვანე უკან!

– მეიტა, რას ვიზამ…

თურქმა ფული გამოწვდილ მუჭში ჩაუყარა.

გიგილომ გადათვალა.

პირველ დათვლაზე თორმეტი გამოუვიდა, მეორეზე – ათი, ამიტომ თვლას შეეშვა და ფული ბაღდადში გამოკრა.

– იცოდე, არ დაკარგო მაი ფული და უკან არ მომადგე, თვარა აგიჭრელებ გვერდებს მათრახით.

– არა, ბატონო, რავა გეკადრება! – წამოდგა გიგილო, – ახლა რა უნდა გთხოვო, თუ იცი…

– რა?

– სტამბოლში მიგყავს ესენი, ხო?

– ტრაპიზონში. რა იყო?

– სტამბოლი და ტრაპიზონი რამ გაყო, მარა, თუ კაცი ხარ, აგი ბაღანა მდიდარ კაცს მიმიყიდე, ლამაზი ქალი დადგება და ცოდვაა ღარიბის ხელში.

– ნუ გეშინია, რავარც შენ გინდა, ისე იქნება ყველაფერი, – დაამშვიდა თურქმა.

– კაი, აბა, წავალ მე, – წამოდგა გიგილო.

ბავშვს ჭადი სულ შეეჭამა, ახლა თავისზე ცოტა უფროს გოგოს მისწოლოდა ზურგში და ეძინა.

მამამ შვილს ძლივს მოსწყვიტა თვალი, მერე შებრუნდა და როგორც კი ცეცხლის შუქით განათებული წრიდან გავიდა, მაშინვე გაუჩინარდა.

თურქი ერთხანს სიბნელეს უყურებდა, მერე გულაღმა გადაწვა, თავი უნაგირზე მიდო და თვალები დახუჭა. რაღაც შეუცნობელი სევდა უღრღნიდა შიგანს.

ტყეში რომ შევიდა, გიგილომ ბაღდადი საიმედოდ შემოიკრა წელზე, თან თავისთვის ფიქრობდა:

«რა იცი, იქნებ ბეგის ცოლობასაც კი გამოკრას ხელი – ეგერ კაკოიეს ცუცა ვერ ყოფილა განცხრომაში?»

გაჩერდა და უკან მიიხედა: ცეცხლი ოდნავღა ბჟუტავდა, ერთმანეთს ჩახუტებულ ბავშვებს ტკბილად ეძინათ. თურქი უნაგირზე მიწოლილიყო, თუმცა რის თურქი – გიგილომ იცოდა, რომ იმ კაცს ბეჟანი ერქვა, ქართველი იყო, ქრისტიანი, თავი ყასიდად შეეხვია ჩალმით.

ბაღდადში გამოკრული ფული ხელით მოსინჯა, – «ამ ზამთარს რამეფრად გევიტანთ თავს და გაზაფხულზე ბიჭიც ქე მოყვინჩილდება».

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button