ზღაპარი

როგორ გაემგზავრა შავი ქათამი ქალაქ აჯმირს – ინდური ზღაპარი

ერთხელ შავმა ქათამმა უცნაური სიზმარი ნახა. მას ძილში ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა ჩაესმა:

— ქათამო, შავო ქათამო, ახლავე გაემგზავრე კეთილშობილ ქალაქ აჯმირს, თორემ ქვეყნიერება დაიღუპებაო.

გამოიღვიძა შავმა ქათამმა და გაიფიქრა:

ასეთი სასწაულებრივი რამე მხოლოდ ჩემნაირ ქათამს თუ შეიძლება დაესიზმროს. ქვეყნიერება მე უნდა გადავარჩინოო.

ქათამი ბევრ კვერცხს დებდა და ამიტომ მეტისმეტად ამაყობდა. თანაც თავი ყველაზე უფრო ლამაზ ქათმად მიაჩნდა, სხვებს მაღლიდან დაჰყურებდა. საღამოობითაც კი, როდესაც ქათმები ქანდარაზე შემოსხდებოდნენ ხოლმე, შავი ქათამი განსაკუთრებულ ადგილს ირჩევდა.

მეორე დღეს, ინათა თუ არა, შავი ქათამი კეთილშობილ ქალაქ აჯმირისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბევრი იარა თუ ცოტა, წინ ერთი ბებერი მამალი შემოხვდა.

— გამარჯობა, მამალო! — უთხრა ქათამმა.

— გაგიმარჯოს! — უპასუხა მამალმა. — ასე ადრიანად საით ან რა საქმეზე გაგიწევიაო?

— კეთილშობილ ქალაქ აჯმირში მივემგზავრები. რომ არ ჩავიდე, ქვეყნიერება დაიღუპებაო!

— მერედა, ეს ამბავი ვინ გითხრაო? — გაოცდა მამალი.

— როგორ თუ ვინ, ძილში მე თვითონ ჩამესმაო.

— აი, თურმე საქმე როგორ ყოფილა! თუ ასეა, მეც წამოვალო.

მართლაც, ერთად განაგრძეს გზა. იარეს, იარეს და წინ იხვი შემოხვდათ.

— გამარჯობათ! — მიესალმა მათ იხვი. — ასე ადრიანად საით მიეჩქარებითო?

— გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს! — უპასუხა მამალმა. — კეთილშობილ ქალაქ აჯმირში მივიჩქარით, მეტისმეტად დიდი საქმე გვაქვს მოსაგვარებელიო.

— ასეთი რა საქმე არისო? — შეეკითხა იხვი.

— რა და, ჩვენ თუ იქ არ მივედით, მთელი ქვეყნიერება დაიღუპებაო.

— აი, ესეც ახალი ამბავი! — გაიკვირვა იხვმა. — კი მაგამ, როგორ გაიგეო?

— ქათამმა მიამბოო!

— ქათამო, შენ ვინღა გითხრაო?

— როგორ თუ ვინ, ძილში მე თვითონ ჩამესმაო! — მიუგო შავმა ქათამმა.

— დიდი საქმე გქონიათ! რა იქნება, მეც თან წამიყვანოთო!

— კარგი, წამოდიო! — დაეთანხმნენ ქათამი და მამალი. განაგრძეს გზა და წინ ახლა კაკაბი შემოხვდათ.

— გამარჯობათ, დარბაისელნო, ასე ადრიანად საით გაგიწევიათო?

— კეთილშობილ ქალაქ აჯმირში მივდივართ, დიდი საქმე გვაქვს მოსაგვარებელიო, — მიუგო იხვმა.

— ასეთი რა საქმე არისო?

— რა და, ჩვენ თუ იმ ქალაქში არ ჩავედით, ქვეყნიერება დაიღუპებაო!

— ვინ გითხრათ?

— მამალმა.

— მამალო, შენ ვინღა გითხრაო?

— ქათამმა მიამბოო.

— ქათამო, შენ ვინღა გითხრაო?

— როგორ თუ ვინ, ძილში მე თვითონ ჩამესმაო.

— მაშინ მეც თქვენთან ამოვალ. მართლაც რომ დიდი საქმე გქონიათ მოსაგვარებელიო, — უთხრა კაკაბმა და გაჰყვა.

შავი ქათამი, მამალი, იხვი და კაკაბი ერთად გაუდგნენ გზას. მზე შუბის ტარზე იდგა, როცა ტყეს მიუახლოვდნენ. ტყის პირას ერთი ქოხი დაინახეს. ქოხის ზღურბლზე მელია იჯდა.

— გამარჯობათ, დარბაისელნო! — მიესალმა მათ მელია. — საით გაგიწევიათო?

— კეთილშობილ ქალაქ აჯმირში მივდივართ, დიდი საქმე გვაქვს მოსაგვარებელიო, — უპასუხა კაკაბმა.

— ასეთი რა საქმე არისო?

— რა და, იქ რომ არ ჩავიდეთ, მთელი ქვეყნიერება დაიღუპებაო.

— ეს ამბავი საიდან გაიგეო?

— იხვმა მითხრაო, — უპასუხა კაკაბმა.

— იხვს ვინ უთხრაო?

— მამალმაო.

— მამალო, შენ საიდან გაიგეო?

— ქათამმა შემატყობინაო.

— ქათამო, შენ ვინღა გითხრაო?

— როგორ თუ ვინ, ძილში მე თვითონ ჩამესმაო!

— მართლაც რომ დიდი საქმე გქონიათ, პატივცემულო მგზავრებო! — დაასკვნა მელიამ. — თქვენთან წამოსვლის წინააღმდეგი არც მე ვიქნები, მხოლოდ გატყობთ, რომ გზაში მეტისმეტად დაღლილხართ, შემობრძანდით ჩემს ქოხში, დაისვენეთ და მერე გზას ერთად გავუდგეთო.

— რა გაეწყობა, ცოტა ხანს შევისვენოთო, — გადაწყვიტეს მგზავრებმა.

შევიდნენ ქოხში და კერიას შემოუსხდნენ. მელიამ კი კარი მაგრად ჩაკეტა და თქვა:

— ოო, ახლა კი ყველას შეგჭამთო!

— რას ამბობ, მელიავ, რას ამბობ! — შეშინდნენ მგზავრები. — რომ შეგვჭამო, მაშინ ხომ ვეღარ ჩავალთ კეთილშობილ ქალაქ აჯმირში. ჰოდა, თუ ვერ ჩავალთ, ქვეყნიერება ხომ დაიღუპებაო!

— კარგი ერთი, ქვეყნიერებას არაფერი დაემართება! თქვენც დაიჯერეთ სულელი ქათმის ნაამბობი! ახლავე სუყველას ბოლოს მოგიღებთო!

მელიამ დიდი დანა მოიტანა და ლესვა დაუწყო. დანაღვლიანდნენ მგზავრები. შიშისგან ბუმბულაბურძგნულებს აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ. მელიამ კი

ამასობაში დანა გალესა და მერე ცეცხლის გაღვივებას შეუდგა, თან ცალი თვალით მალიმალ მგზავრებისკენ იყურებოდა და ტუჩებს ილოკავდა. უცებ მამალმა მელიას მოტყუება გადაწყვიტა. ფანჯარაში თავი გაყო და თქვა:

— ნეტავ დაგანახათ გზაზე რამდენი მსუქანი იხვი მობაჯბაჯებს, უკან ნაზი და ფრთაბუმბულა ჭუჭულებიც მოჰყვებიანო…

გაიგონა თუ არა მელიამ ეს სიტყვები, სიხარბისაგან თვალები აენთო, გამოაღო კარი და გარეთ გამოვარდა.

ჩვენს მგზავრებსაც ეს უნდოდათ: მაშინვე გამოცვივდნენ ქოხიდან და სულ სირბილ-სირბილით გასწიეს შინისაკენ.

გვიან საღამოს ძლივს მივიდნენ სოფელში.

ეს იყო და ეს, მას შემდეგ შავ ქათამს აღარავითარი სიზმრების არა სჯერა და არც მამალს, იხვსა და კაკაბს მიუწევთ გული შორეულ სახიფათო გზებზე სამოგზაუროდ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button