ლიტერატურა

ოთარ ჭულუხაძე “განმანათლებლობა საქართველოში”

XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება ორიენტაციის ძიების აქტიური ხანა ქართულ სააზროვნო სივრცეში; შედარებით გამოცოცხლებულია კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრება: იბეჭდება პირველი ქართული წიგნი, ფუძნდება პირველი ქართული სტამბა, იწერება მნიშვნელოვანი სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა. ეს ყოველივე კი მიმდინარეობს ქართული კულტურის მაჰმადიანურ კულტურებთან ასიმილაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნით. საქართველო თავისი კულტურით ცდილობდა, დაბრუნებოდა გენეტიკურ წიაღს – ხმელთაშუა ზღვის აუზის ევროპულ კულტურას.

XIII-XVI საუკუნეები… დაღმასვლის ხანა

ქვეყნის უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება დაღს ასვამდა კულტურის განვითარებას. დაქვეითდა წერა-კითხვის ცოდნაც, ერის კულტურულმა დონემ დაიწია, ვეღარ ვხვდებით შოთა რუსთაველისა და იოანე პეტრიწის[1] დონის შემოქმედებას. იფიტება შემოქმედებითი სული, ხოლო ის იდეალები, რომლის დამკვიდრებასაც პეტრიწი და რუსთაველი ცდილობდნენ საერთო მეხსიერებიდან ქრება. XX საუკუნის ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის მიხედვით: „იოანე პეტრიწი, როგორც რენესანსის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი საფუძველი, ხოლო შოთა რუსთაველი, როგორც ქართული გონის შემოქმედებითი გაბრწყინება საერო და საეკლესიო არისტოკრატიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“.[2] რუსთაველს იდეოლოგიურ საფუძველზე ებრძოდნენ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა წარმოებდა არა თეორიულ დონეზე, არამედ პოემის ამა თუ იმ ადგილის გადაკეთებითა და დოგმატური მითითებებით. საეკლესიო-რეაქციული იდეოლოგიის მთავარი ბრალდება რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ვითომდა „სპარსულობა“ იყო, რაც პოემის არაქრისტიანულად გამოცხადების მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა რუსთაველის საგანძურს იცავდნენ, როგორც ფიზიკურად, ისე იდეურად. მონღოლების ბატონობისას ის ხელდახელ გადაჰქონდათ, რათა დაეცვათ ყოველივეს ამაოხრებელი მონღოლებისგან, ხოლო უკვე მოგვიანებით, მეთვრამეტე საუკუნეში, ქართველი განმანათლებელი მეფის, რუსთველოლოგიის ფუძემდებლის ვახტანგ VI პოემას ცრუ ინტერპრეტატორთაგან თეორიულ დონეზე იცავდა. „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანტიკური ფილოსოფიის – პლატონს, არისტოტელეს, ნეოპლატონიზმის – სიღრმისეულ განაზრებებს და გამოირჩევა გადმოცემის საოცარი რითმიკით, ქართველი ერის უდიდესი საგანძურია. შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეებში ბრძოლა რუსთაველის პოეტური სამყაროს გადასარჩენად იყო დაპირისპირება, ერთი მხრივ, რენესანსულ, მაღალზნეობრივ მხატვრულ-კულტურულ ღირებულებებსა და, მეორე მხრივ, დოგმატიზს, ჩამორჩენილობას, მიმბაძველობასა და გონებრივ შეზღუდულობას შორის.

გიორგი V ბრწყინვალეს დროს (1299/ 1318-1346) „ჟამთააღმწერლის“ სახელით ცნობილი უცნობი ავტორი წერს „ასწლოვან მატიანეს“, რომელიც ეხება პერიოდს მეცამეტე საუკუნის ათიანი წლებიდან მეთოთხმეტე საუკუნის ათიან წლებამდე. ეს თხზულება მნიშვნელოვანი ძეგლია, რადგან  მასში ისტორია ფილოსოფიურადაა გააზრებული. უცნობი ავტორი აგრძელებს მოხდენილი სიტყვის რუსთველისეულ დინამიკას და ამასთან ერთად, ანალიტიკურად იაზრებს ერის მანკიერებებს. „ეს ძეგლი თეორიული აზრისა და მხატვრული სიტყვის რენესანსული ტრადიციების გაგრძელებაა“.[3] ავტორი ისტორიულ ფაქტებს ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი კუთხით განიხილავს და მიიჩნევს, რომ ერის ძალა და სისუსტე მის ღირებულებით არჩევანში ვლინდება. უცნობი ავტორის წიგნი განმსჭვალულია ქრისტიანული პათოსით: გემოთმოყვარება, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარება მიჩნეულია უბედურებათა მთავარ მიზეზად. მემატიანე ქართველთა უბედურების მიზეზებს არა მხოლოდ გარეგან ფაქტორში (მონღოლთა შემოსევა) ხედავს, არამედ შინაგან ფაქტორშიც (იმ პერიოდის ქართველთა ზნეობის ნაკლებობა). ჟამთააღმწერელი მნიშვნელოვან ღირებულებათა დავიწყებას, ზნეობრივ გადაგვარებას ფიზიკურ განადგურებასთან აკავშირებს; იკარგება რა სიმართლე და ჭეშმარიტება, რთული ხდება სიძლიერის შენარჩუნება. გამოსარჩევია ნაწარმოების არა მხოლოდ აზრობრივი, არამედ ესთეტიკური მხარეც. ავტორი ისტორიულ პირებს წარმოგვიდგენს ფსიქოლოგიური პორტრეტის მეშვეობით, ისტორიულ ფაქტებს კი გადმოგვცემს არა მშრალად, არამედ სიუჟეტურ-მხატვრული სახით.

საქართველოში სპარსული პოლიტიკური გავლენის გაზრდასთან ერთად, ქართულ კულტურაში გაძლიერდა სპარსოფილური ტენდენციები, რამაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ხელოვნების ცალკეული სახეების განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სპარსულიდან ითარგმნება არა კლასიკური, არამედ თემურიდებისა და სეფიანთა დროინდელი ლიტერატურა. მათი შემოქმედება კი სპარსული კლასიკური პოეზიის დეკადანსს წარმოადგენდა. ეს აშკარა კულტურულ-ლიტერატურული აღრევა იყო, რადგან არ ვლინდებოდა ინტერესი ისეთი სიღრმისეული ფილოსოფიური ლირიკისადმი, როგორიცაა ომარ ხაიამის, ჰაფეზის, რუდაქისა და საადის პოეზია. პოლიტიკურმა დაღმასვლამ, ეროვნული იდეალების ცხოვრებაში განუხორციელებლობამ ქართულ პოეზიაში სპარსული მანერული სილაღე შემოიტანა. ლიტერატურაში გახშირდა ზღაპრული სიუჟეტები, სადევგმირო სიუჟეტები. დამკვიდრდა უიმედო სიყვარულისა და ხორციელი ვნების თემატიკა. თვით „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებიც სპარსული მინიატურული ილუსტრაციებით იფერება. მათში არ ჩანს პოემის დრამატული ვითარებების წვდომა. ყურადღება გადადის გარეგნულზე, ფორმებზე.

ამ სპარსოფილური ტენდენციის საწინააღმდეგო მოძრაობა XVII-XVIII საუკუნეში დაიწყო. ეს პერიოდი გამორჩეულია ქართული განმანათლებლობის ისტორიაში. ამ დროს, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, კვლავ იღვიძებს შემოქმედებითი სული, ჩნდება ეროვნული თვითმყოფადობის იდეა, შემოდის განმანათლებლური იდეალები. 1629 წელს რომში იბეჭდება პირველი ქართული წიგნი – „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, 1709 წელს იხსნება პირველი ქართული სტამბა, ქართული კულტურა თანდათანობით თავისუფლდება სპარსული კულტურის გავლენისგან.

თუმცა სპარსული ზეგავლენისგან თავდახსნა არ იყო მომენტალური პროცესი; ქართულ პოეზიას საუკუნეზე მეტი დასჭირდა სპარსული გავლენისგან თავდასაღწევად;  მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართველი განმანათლებელი მეფის, თეიმურაზ I-ის შემოქმედება, რომელიც, ერთი მხრივ, სპარსული პოეზიის – „ლეილმიჯნუნიანის“, „ვარდბულბულიანის“ და „იოსებზილიხანიანის“ – გავლენას განიცდის, თუმცა, მეორე მხრივ, მის შემოქმედებაში შემოდის ეროვნული და ისტორიული თემატიკა. „ზღაპრულ-ფანტასტიკურ“ სიუჟეტებს ანაცვლებს ისტორიული მოტივები. მოგვიანებით, ეს მიმართულება რეალიზმის კუთხით განავითარა ქართველმა განმანათლებელმა მეფე არჩილ II-მ. თუმც, თეიმურაზ I-სგან განსხვავებით, ის ვნებათა გზნებადობასთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს დასავლურ რაციონალიზმს.

მეფე არჩილი აღმოსავლურ ტენდენციებს ებრძვის და თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით სათავეს უდებს საქართველოში განმანათლებლობას. ის იბრძვის ევროპულ ცივილიზაციასთან დასაახლოვებლად. მისი შემოქმედება სავსეა განმანათლებლური პრობლემატიკითა და ფილოსოფიური თუ ესთეტიკური განსჯით. ამასთან ერთად, არჩილის შემოქმედებაში ძლიერია ეროვნული მოტივი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თეიმურაზისა და არჩილის მოღვაწეობა გამორჩეულია, შეიცავს თვითმყოფადობისა და სიახლის ფერმენტს და წარმოადგენს ერთგვარ მობრუნების წერტილს ქართულ კულტურაში.

განმანათლებელი მეფეები (თეიმურაზ I, არჩილ II, ვახტანგ VI)

თეიმურაზ I, მეუღლესთან ხორეშანთან ერთად (კასტელის ნახატი)

თეიმურაზ I, მეუღლესთან ხორეშანთან ერთად (კასტელის ნახატი) – Teimuraz I (1606-1648) with his wife Khoreshan (Casteli, drawing)

თეიმურაზ I (1589-1663)

თეიმურაზ Iის ცხოვრება იმდროინდელი საქართველოს ჭირ-ვარამის ანარეკლია. თეიმურაზი ტახტზე თექვსმეტი წლისა ავიდა; პირველი ცოლი ქორწინებიდან ხუთ წელიწადში გარდაეცვალა; მეორედ, ირანის შაჰის ხელდასმით, გარე-ბიძაშვილზე დააქორწინეს. დედა, ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბას I-მა უწამა, ორი შვილი კი დაუსაჭურისა; მის ცხოვრებაში შაჰ-აბას I-მა რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში, რა დროსაც კახეთის სამეფოს მოსახლეობა ორი მესამედით შემცირდა. დაუნდობელმა შაჰმა რამდენჯერმე ტახტიდან გადააყენა, თუმცა აბას I-ის სიკვდილის შემდეგ, თეიმურაზმა რამდენიმე წლით დაიმკვიდრა ადგილი ტახტზე. ამის შემდეგ იყო დაპირისპირებები ქვეყნის შიგნით და კვლავ დაკარგული ტახტი; რამდენიმე ამაო ელჩობა რუსეთში დიპლომატიური დახმარების თხოვნით. საბოლოოდ კი, სიცოცხლის დასასრული ირანის ქალაქ ასტრაბადის ციხეში (1663 წ.).

არაა გასაკვირი, რომ თეიმურაზ მეფის ნაწარმოებებში ხშირია ბედისადმი შეჩივლების, სიცოცხლით უკმაყოფილების მომენტი: „მე დამემტერა სოფელი, მტერთანა ყოფა მეყოფა. ჩემკენ არ ბრუნავს საწურთო, მისთვის მომძულდა მე ყოფა.“ („მაჯამა“). თეიმურაზმა შეძლო თავის ლექსებში პიროვნული და ეროვნული სატკივარი ისე გაეშუქებინა, რომ შემდგომი საუკუნის ქართულ მხატვრულ სააზროვნო სივრცეში დასაბამი მისცა სიკვდილ-სიცოცხლის, „სოფლის სამდურავის“, „სოფლის საზრისის“ ფილოსოფიურ გააზრებას. თეიმურაზმა თავისი დროის ტრაგიკული მოვლენები ასახა ისტორიულ პოემა „ქეთევანიანში“. ქართულ მწერლობაში სიახლე იყო პოემაში ისტორიული ფაქტის – თეიმურაზის დედის, ქეთევანის წამებით მკვლელობის – მხატვრულად გადმოცემა.

თეიმურაზის ცხოვრებიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ მის შემოქმედებაში ვხვდებით ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალების გაღვიძებას; თეიმურაზის შემოქმედების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სპარსოფილური ტენდენციების გადალახვა. თუმცა, სახსენებელია, რომ ეპოქის ტენდენციას, რუსთაველის გავლენას და მასთან მეტოქეობას, ვერც ის აღწევს თავს და მეტიც, ცდილობს მას დაუპირისპირდეს: „ლექსი ჩემი სჯობს გვარად და ტკბილად სასმენლად ყურისა, მაშინაც რუსთველს აქებენ მე იმან გამაგულისა“. [4]

არჩილ II

არჩილ II – Archil II (1661-1698)

არჩილ II (1647-1713)

უფრო სრულყოფილი და მრავალმხრივია არჩილ II ბაგრატიონის შემოქმედება. მას ქართულ ლიტერატურაში შემოაქვს ევროპული მსოფლაღქმა და ორიენტაცია. მის ფილოსოფიურ და ესთეტიკურ შეხედულებებს ორი უმთავრესი წყარო აქვს: (1) ქართული ფილოსოფიური და ესთეტიკური აზროვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები რუსთაველისა და თეიმურაზის პოეზიიდან; (2) მისი თანამედროვე ევროპული აზროვნების განმანათლებლური ნაკადი.

არჩილი სხვადასხვა წლებში ქართული სამეფოების, იმერეთისა და კახეთის მეფე იყო. მისი მოღვაწეობა ქართულ სინამდვილეში მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის გავრცელებისკენ იყო მოწოდებული. მან რუსეთში დაარსა ქართული კულტურის ცენტრი ქართველთა კოლონიის სახით, რომლის მეშვეობით ქართული საზოგადოებრივი აზრი იმ დროის რუსეთისა და ევროპის მოწინავე კულტურას დაუკავშირა.

არჩილის რაციონალისტია. ის აღიარებს სისტემური განათლების იდეალს. მისთვის გონება პრიმატულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში პირველად არჩილი წამოჭრის სოციალური უთანასწორობის პრობლემას და ჩაგრული ფენების სასარგებლოდ წყვეტს მას, თუმც კი მეტად თავისებურად.     ის სოციალურ საკითხს ეროვნულ პრობლემატიკას უკავშირებს. მეფისთვის ეროვნული პრობლემატიკა უპირველესია; არჩილი მიესწრაფვის ქვეყნის გაერთიანებას, თუმცა – არა მხოლოდ პოლიტიკურს, არამედ სოციალურსაც. არჩილი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გლეხობის დაცვისა და მათზე ზრუნვის იდეას ატარებს. ის იაზრებდა გლეხობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის და მას დიდ ეკონომიკურ და სამხედრო ძალად წარმოიდგენდა: „თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს“. არჩილი სოციალურ უთანასწორობას ზოგადცხოვრებისეულ პრიზმაში განჭვრეტს და ადამიანის პიროვნული ღირსების დაცვის საკითხს აყენებს: „ზოგს იმდენს მისცემ, სოფელო, რიცხვსა არ შეაგებინებ … მრავალთა სახლს არ აღირსებ, ერთს ცამდის ააგებინებ“. „მუშაკნი დილიდით ღამემდინ მყეფნი“ – ასე იხსენიებს ის დაბალ საზოგადოებრივ ფენას და დარდობს, რომ „დაბალ კაცს არ ახსენებენო“. მეფისგან ამგვარი სიტყვების მოსმენა უთუოდ პროგრესულ და ჰუმანისტურ მსოფლმხედველობაზე მიუთითებს. ის აშკარად თანაუგრძნობს ღარიბებს და მოქალაქეთგან ითხოვს, რომ ქვრივსა და ობოლზე არ იძალადონ და გაჭირვებულებს დაეხმარნონ. სოციალური და ეროვნული თემატიკის კავშირი არცაა გასაკვირი; უცხოელთა შემოსევები ყველაზე მეტად გლეხობას აწვებოდა კისერზე.

მაჰმადიანურ გარემოში მოქცეულ საქართველოში მომზადდა ნიადაგი ევროპასთან ინტეგრაციისთვის; ეს იყო მზაობა, აღორძინებულიყო საქართველოს „ოქროს ხანის“ იდეალები. არჩილი სოციალური საკითხების დაყენებით ეხმიანება ევროპულ განმანათლებლობას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ არჩილთან სხვადასხვა ფენის ადამიანის დანიშნულების გარკვევა ცენტრალიზებული სახელწმიფოს იდეას უკავშირდება. არჩილის სოციალური შეხედულება ფეოდალური ინსტიტუტის გაძლიერებაზეა ორიენტირებული; ეს არცაა გასაკვირი. არჩილი ამბობს: „ყმას პატრონზე გაემარჯოს, არ გვასმია ესე ძველად“. ის ეწინააღმდეგება ყმათა ამხედრებას. არჩილის ნააზრევში ერთმანეთს ერწმყის, ერთი მხრივ, ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი მოსაზრებები და, მეორე მხრივ, თავისუფლების ზოგადადამიანურ ჭრილში განხილვა. არჩილი ადამიანის ვითარებას განიხილავს და სამყაროში გაბატონებულ უთანასწორობას უსვამს ხაზს, ხოლო ადამიანის ამქვეყნიურ მოწოდებას შემოქმედებით, აქტიურ მოღვაწეობაში ხედავს. შემოქმედებითი უნარები – ტალანტი, ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა – ადამიანს საზოგადო სიკეთეებისკენ წარმართავს.

არჩილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ეთიკური ასპექტი; ის აკრიტიკებს იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ პირადი ინტერესებისკენ სწრაფვას და საუბრობს ზნეობრივი სრულყოფის, განათლების აუცილებლობაზე; განსწავლულ პირთაგან მოითხოვს უცხო ენების ცოდნას და უცხო კულტურათა შესწავლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. უნივერსალური განათლების მოყვარული მეფე-პოეტი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საერო წიგნების კითხვასა და შესწავლას.

მეფის ეთიკური შეხედულების მიხედვით, უმაღლესი ღირებულება არის სიკეთე, რომელიც ცოდნით, სიბრძნით მიიღწევა. ცოდნას, გონივრულობას სიკეთე მოაქვს ადამიანისთვის. „ისაა კარგი ზნეობა, ვინც გულით არვის ბატონობს.“ შეუძლებელია, არჩილის ამ სიტყვებმა არ მოგვაგონოს საუკუნეების შემდგომი გერმანელი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, ფიხტეს მოსაზრება, რომელიც სხვების დამონებისკენ მოწოდებულთ თავადაც მონებად მიიჩნევდა. არჩილის შეხედულებებში აშკარაა ანტიკური სიბრძნის გავლენა. ის შესანიშნავად იცნობდა არისტოტელესა და პლატონის შემოქმედებას.

არჩილთან მნიშვნელოვანია აგრეთვე „მართლის თქმის“ პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ არჩილი ტრაქტატებს არ წერდა, მის ისტორიულ პოემასა და ლირიკულ შედევრებში მოცემულია მისი მსოფლაღქმა – ის „მართლის თქმის“ პრინციპს უქვემდებარებს ესთეტიკურ შეხედულებათა სისტემას. ამით ის რეალიზმის ქართველ თეორეტიკოსად გვევლინება. არჩილ მეფე მსჯელობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნების არსი, გამოხატვის ფორმა და საშუალება; მას აინტერესებს ხელოვნების კლასიფიკაციის, ფორმისა და შინაარსის საკითხები. ის მიყვება რუსთაველის ესთეტიკას და ამის მეშვეობით კი – არისტოტელეს „პოეტიკას“. არისტოტელე პოეტიკაში ხომ ამ საკითხებს სვამს. არჩილი იზიარებს არისტოტელეს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ხელოვნებას შემეცნებითი დატვირთვა აქვს.

არჩილი ადარებს თეიმურაზისა და რუსთაველის შემოქმედებას და მიიჩნევს, რომ თეიმურაზის პოეზია „არაფრითაა სავსე“. ეს არცაა გასაკვირი: არჩილი ხომ, არისტოტელესულ ტრადიციაზე დაყრდნობით, ხელოვნებას სიბრძნის დარგად მიიჩნევდა და აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელ ფორმაზე ჭარბ ორიენტაციას დასავლეთის მძლავრ ტენდენციას – შინაარსზე ორიენტაციას უპირისპირებდა. „ვეფხისტყაოსნისთვის“ უპირატესობის მინიჭება ამ პოემაში შინაარსისა და ფორმის საოცარი პოეტური სინთეზითა და მისი ფილოსოფიური სიღრმითაა გამოწვეული.

არჩილი „მართლის თქმის“ პრინციპს უპირისპირებს სპარსოფილობის გავლენით შექმნილ ფანტასტიკურ სიუჟეტებს. მისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული ფაქტების მხატვრულ-შეფასებითი დამუშავება, თანაც არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ეროვნული კუთხითაც. მნიშვნელოვანია, რომ არჩილი ცდილობდა ენობრივი სიწმინდის დაცვას. ებრძოდა ბარბარიზმებსა და კალკებს. მათგან განწმენდას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა; ისინი ხომ, მეტწილად, ვასალობის ენობრივი შედეგი იყო. საზოგადოების მოწინავე ნაწილს მტრის შემოსევებისგან თავდაცვის ერთ-ერთ წინაპირობად კულტურის თვითმყოფდობის შენარჩუნება და განმტკიცება მიაჩნდა და ამიტომაც ებრძოდა აღმოსავლური კულტურის შემოტევას. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ემსგავსებოდა იმ დროის ევროპის ქვეყნების ვითარებას. სწორედ ამ ზოგადმა კონტექსტმა და არა უშუალო თეორიულმა გავლენამ განსაზღვრა მსოფლმხედველობათა მსგავსება. გავიხსენოთ, რომ გერმანული ენა რომანული ენების, განსაკუთრებით ფრანგულის, შემოტევას განიცდიდა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გერმანული ენის დაცვის საზოგადოებები: „პალმის ორდენი“, „ფიჭვების გულწრფელი საზოგადოება“, „მწყემსურ-ყვავილური ორდენი“, „ტბის გედების საზოგადოება“. ყურადსაღებია, რომ არჩილ-მეფე სპარსული მომენტების გამოყენების გამო თეიმურაზ პირველსა და თვით რუსთაველსაც კი საყვედურობს. ენის საკითხის ამგვარი დაყენება საზოგადოებრივ აზროვნებაში ახალ ღირებულებათა დანერგვას გულისხმობდა. არჩილი ქართული ენის ქომაგი და მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული ენის განვითარებაში; ის ხშირად იყენებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსა და ხალხურ ანდაზებს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩილის რეალისტური მიდგომისთვის განზოგადოება და ტიპიზაცია უცხოა, ის მედგრად იცავს „მართლის თქმის“, სინამდვილის მიუკერძოებლად ასახვის პრინციპს. ის კრიტიკული რეალიზმის პირველი წარმომადგენელია ქართულ ლიტერატურაში. მის იდეურ ხაზს გაყვნენ ამ პერიოდის სხვა განმანათლებლები: სულხან საბა ორბელიანი და დავით გურამიშვილი.

ამრიგად, არჩილი ქართულ მწერლობაში რეალიზმის თეორეტიკოსად გვევლინება. მან აღმოსავლური პოეზიის გავლენას – „ზღაპრის თქმას“ – დაუპირისპირა „მართლის თქმა“. ის ისტორიული ფაქტის მხატვრულ დამუშავებას ანიჭებს უპირატესობას, ასევე თანადროულ პრობლემატიკაზე ხაზგასმას. არჩილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი – სიბრძნის, ცოდნის კულტი. ამასთან ერთად, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნულ თემატიკას და, საქართველოს მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აკრიტიკებს მის თანამედროვე საზოგადოებას. არჩილი ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას და ქართულ სინამდვილეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თეორიული საფუძვლის შემქმნელად გვევლინება. ის წარმოადგენს პირველწყაროს, რომლის იდეებმა და მოღვაწეობამ შექმნა კულტურული ვითარება, რომელშიც უკვე შესაძლებელი იყო სხვა ქართველი განმანათლებლების – ვახტანგ VI-ის, სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის – მოღვაწეობა.

ვახტანგ VI

ვახტანგ VI – Vakhtang VI

ვახტანგ VI (1675-1737)

თავისი ბიძის, არჩილ II-ის, საქმე ღირსეულად განაგრძო ქართლის გამგებელმა და შემდეგ კი მეფემ – ვახტანგ VI-ემ. ვახტანგიც, არჩილის მსგავსად, პოლიტიკურ ხსნას რუსეთში ეძებდა, თუმც ამაოდ. ბიძის მსგავსად, სამშობლოდან გადახვეწილი, რუსეთში აღესრულა.

ვახტანგ VI ქვეყნის გაძლიერებისთვის იღწვოდა, როგორც პოლიტიკის, ისე კულტურის სფეროში.  მან აღადგინა აოხრებული ძეგლები, აკრძალა „ტყვეთა სყიდვა“, ალაგმა თბილისელი ყიზილბაშების თარეში; აშენებდა არხებს; აღადგინა ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები: თბილისის სიონი, სვეტიცხოველი, ურბნისის, სადგერის ეკლესიები;  გაანაშენიანა დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი; აღადგინა სამეფო სასახლე თბილისში. შექმნა „დასტურლამალი“, ქართული სამართლის წიგნი. მიუხედავად ვახტანგის პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმებისა, ქართულ ცნობიერებაში ის დარჩა, როგორც ღრმად განსწავლული მწიგნობარი, მეცნიერი, კულტურის მოღვაწე და მთარგმნელი.

ვახტანგ მეექვსის კულტურული და საგანმანათლებლო მოღვაწეობის თავისებურება მის მრავალმხრივობასთან ერთად, მისი ეროვნული ორიენტაცია იყო. მეფე იაზრებდა, რომ ქართული ცნობიერების აღორძინება ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებით უნდა დაეწყოთ. ამისთვის მან შემოიკრიბა თავისი დროის სწავლულები საეკლესიო და საერო წრეებიდან და დაავალა, ქართველი ერის სანდო ისტორია შეექმნათ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კრიტიკულად გადამუშავდა „ქართლის ცხოვრება“; ასევე დაიწერა ახალი „ქართლის ცხოვრება“, რომელიც XIV-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორიას აღწერდა. ამ საქმიანობისას, ვახტანგი რაციონალურ მიდგომას იყენებდა და ცდილობდა მოვლენები მკაცრ, მიზეზშედეგობრივ ჭრილში წარმოეჩინათ.

ვახტანგი გიორგი XI კარზე, ინტელექტუალთა წრეში იზრდებოდა. მისი ბიძა განმანათლებელი მეფე, არჩილ მეორე იყო; აღმზრდელი კი – ქართველი განმანათლებელი სულხან საბა ორბელიანი, რომელიც უშუალოდ აკონტროლებდა ვახტანგის სწავლის პროცესს. ვახტანგმა სისტემური განათლება მიიღო ბუნებისმეტყველებაში, სამართლებრივ და ჰუმანიტარულ დარგებში. მიღებული ცოდნა გამოიყენა და საკუთარი ინიციატივითა და მონაწილეობით შექმნა „დასტურლამალი“, ორიგინალური ქართული სამართლის ძეგლი. განსაკუთრებით დიდია „დასტურლამალის“ მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისათვის. მასში დაწვრილებით არის გათვალისწინებული საგლეხო გადასახადები მეფისა და დედოფლის მამულებში. სამეფო და სადედოფლო გლეხებისათვის ერთიანი გადასახადების დაწესება საკანონმდებლო გზით პროგრესული ნაბიჯი იყო. „დასტურლამალი“ კრძალავდა სამეფო და სადედოფლო სოფლებში მოხელეების თვითნებობას და მაგალითსაც აძლევდა ფეოდალებს გადასახადების დაწესების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგმა დაარსა პირველი ქართული სტამბა (1709 წ.). ამ სტამბაში დაიბეჭდა პირველი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მეცნიერულ-კრიტიკულად იყო დამუშავებული და რომელსაც ვახტანგ VI-მ კომენტარები დაურთო. ვახტანგი ცდილობს დაადგინოს პოემის ორიგინალობის საკითხი, რაც აქტუალური თემა იყო მეთვრამეტე საუკუნის ქართულ საზოგადოებაში. ვახტანგის აზრით, სპარეთში ეს ამბავი არსად არ გვხდება და რომ რუსთაველმა ამბავიც და ლექსიც თავად შექმნა. ეს განცხადება ღრმა მეცნიერულ ძიებას ეყრდნობა. ის კარგად იცნობდა სპარსულ ლიტერატურას; ვახტანგმა თავისი ცხოვრების ათი წელი სპარსეთის ქალაქ ქიმრანში გაატარა და ვერ მიაგნო ორიგინალს; ამიტომაც, მეფემ ხმამაღლა განაცხადა, რომ ფაბულა რუსთაველს ეკუთვნის. ორიგინალობის დამტკიცებასთან ერთად, ვახტანგ მეფის წინაშე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა: იდეურად, თეორიულად დაეცვა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსობრივი მხარე; როგორც ვთქვით, ქართული მწერლობის დაქვეითების ხანაში, რეაქტიული საეკლესიო და საერო წრის წარმომადგენლები „ვეფხისტყაოსანს“ ანტიქრისტიანულ, სამეძაო წიგნად მიიჩნევდნენ. პოემის მოწინააღმდეგეებს ვახტანგი უპირისპირებს არგუმენტს, რომ ის საეროა „ამბით“, აზრით კი – საღვთოა. ვახტანგი დაჟინებით იცავს პოემას და, მასში არსებულ სიბრძნეზე მითითებით, ცდილობს უკუაგდოს „ვეფხისტყაოსნის“ განმქიქებელთა შეხედულებები.

ვახტანგ მეფე დაინტერესებული იყო დიდაქტიკური თემატიკით. თარგმნიდა აღმოსავლური ლიტერატურის მრავალ დიდაქტიკურ თხზულებას. ვახტანგი კრიტიკულად ითვისებდა ტექსტებს, ურთავდა კომენტარებს, ამდიდრებდა შინაარსობრივად, ურთავდა პროლოგებსა და ეპილოგებს, სადაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა აღზრდისა და ცოდნის აუცილებლობის შესახებ. მან ასევე თარგმნა „ქილალა და დამანას“ სპარსული ვერსია „ანვარი სოჰაილი“, რომელიც, სპარსეთში ტყვეობის ჟამს, თავის აღმზრდელს, სულხან საბა ორბელიანს გაუგზავნა პოეტური დამუშავებისთვის.

ვახტანგის პოეზია გამოხატავს სამშობლოს ბედუკუღმართობას. მისი ლექსები – „რანი და მოვაკანი“, „ვაი, სიკდვილო“ – ცხოვრების სირთულისა და ბედის სიმუხთლის პათოსითაა გაჟღენთილი. პოეტი მისტირის გაცრუებულ იმედს, გმობს წუთისოფლის მუხანათობას, რომელმაც მოსწყვიტა მშობლიურ ქვეყანასა და ახლობლებს. საქართველოს იმდროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვახტანგის პოეზია აგრძელებს თეიმურაზ I-ისა და არჩილი II-ის პათოსს სოფლის ამაოებისა და ცხოვრების გაუტანლობისა. თუმცა, მიუხედავად ამგვარი ვარამისა, ვახტანგი სულით არ ეცემა და ცდილობს მხნეობა იპოვოს. ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით, თმენისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ისიც ხაზგასასმელია, რომ მასთან „მოთმენა“ უმოქმედობას არ ნიშნავს, პირიქით, ვახტანგი თანამედროვეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიითა და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც – შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.

სულხან-საბა ორბელიანი და დავით გურამიშვილი

სულხან-საბა ორბელიანი ზურაბ სამხარაძე

სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725)

სულხან-საბა ორბელიანი დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სამეფო კარზე, რომელიც ქვეყნის კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, არჩილთან, ლევანთან (ვახტანგ VI-ის მამა), გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგის (ვახტანგ VI) აღზრდა. ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716).

გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს, სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასათავისუფლებლად. 1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთში გადახვეწა დააპირა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მოღვაწეს არ დასცალდა ამ მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა.

დიპლომატიური მისიის პარალელურად, სულხან-საბას მრავალმხრივ შემოქმედებას ეწეოდა; წერდა ლექსიკოგრაფიულ, მემუარულ, თეოლოგიურ, პოეტურ, პროზაულ ნაწარმოებებს. მის კალამს ეკუთვნის:

  • „სიტყვის კონა“ – ქართულ სიტყვათა განმარტებითი საძიებელი, რომელიც აერთიანებს ლექსიკონსა და ენციკლოპედიას, დღესდღეობით სემანტიკური შინაარსის დადგენისას უტყუარ საზომად გამოიყენება;
  • „სამოთხის კარი“ – რომელშიც ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული;
  • „სწავლანი“ – სასულიერო შინაარსის მიუხედავად, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს ორბელიანის უმთავრეს ნაშრომთან, იგავ-არაკთა კრებულთან – „სიბრძნე სიცრუისა“.
  • „ბიბლიის კონკარდანსი“ (საძიებელი) – თავმოყრილია პარალელური ადგილები ბიბლიიდან.
  • საქრისტიანო-კათოლიკური შინაარსის სხვადასხვა თხზულებები: „აღთქმა ქრისტიანეთა…“, „შენდობის წიგნი“ და სხვა.
  • ბიოგრაფიულ-მემუარული სათავგადასავლო ნაწარმოები – „მოგზაურობა ევროპაში“, რომელშიც აღწერილია მისი დიპლომატიური მისიისას ნანახი ქალაქები და გადმოცემულია შთაბეჭდილებები.
  • „სიბრძნე სიცრუისა“ – სულხან-საბას უმთავრესი ნაშრომი, იგავთა კრებული, სადაც იგავ-არაკებითაა გადმოცემულია მწერლის განმანათლებლური სულისკვეთება.

„სიბრძნე სიცრუისა“ შეიცავს იგავ-არაკების კრებულს, რომელიც წარმოდგენილია ფაბულური მოთხრობის ფონზე. „სიბრძნე სიცრუისა“ დიდაქტიკური ჟანრის თხზულებაა, რომლის ლაიტმოტივია ადამიანის სრულყოფილად, ჰარმონიულად, ჯანსაღად აღზრდის იდეა. ნაწარმოებში გადმოცემულია სიმბოლური, გადატანითი მნიშვნელობის მქონე მხატვრული სახეები. ნაწარმოებში, ადამიანთა ნაცვლად, მოქმედ პირებად, როგორც წესი, ცხოველები და ფრინველები გვევლინებიან. თავად სათაური მიუთითებს, რომ ამბავი ზღაპრად თქმულია, თუმც ბევრ სიბრძნეს შეიცავს. სიუჟეტში ვხვდებით როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივ ქართულ ქალაქებს. ამით წარმოჩინდება ადამიანისთვის ბოროტებისა და სიკეთის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. პოემაში გამოხატულია სარკასტული მიმართებები ადამიანის ნაკლოვანებათადმი. გაშიშვლებულია საზოგადოების სხვადახვა იერარქიული ფენები – მტარვალი მეფეები, ამბიციური ფეოდალები, სპასპეტები, მოლები, მღდლები, მედუქნეები. სულხან-საბა ებრძვის ანგარებას, ორგულობას, სიმხდალეს, მრუშობას, სიბილწეს, პირფერობას, მედიდურებას,  სიხარბეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემატიკა საყოველთაოა, სულხან-საბას ვექტორი ქართული საზოგადოებაა და მისი თანამედროვე საქართველოს ნაკლოვანებებია.

აღსანიშნავია ნაწარმოების ესთეტიკური მხარეც. „სიბრძნე სიცრუისა“ აღმოსავლური ესთეტიკისგანაა დავალებული. ის, მსგავსად აღმოსავლური ნაწარმოებებისა, – „სიბრძნე ბალავარისა“, „ათას ერთი ღამე“, „ქილილა და დამანა“ – იყენებს მთლიან, „ჩარჩოიან“ თხრობათა სისტემას. თითოეული იგავი გარკვეულ მორალურ პრობლემას აშუქებს, გარკვეული დიდაქტიკური მარცვლის მატარებელია და უკავშირდება მთლიან ფაბულას. თუმცა ფაბულა არ არის უბრალო ჩარჩო; იგი კრავს იგავ-არაკთა სიმრავლეს და გადმოგვცემს მთავარ იდეურ ჩანაფიქრს – ადამიანის აღზრდის მნიშვნელობას. „სიბრძნე სიცრუისა“-ს სიუჟეტებსა და იდეურ მოტივებში ვხვდებით აღმოსავლურ და დასავლურ სიუჟეტებს; ავტორი იყენებს გავრცელებულ სიუჟეტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს ეპიგონობას; ორბელიანი ასხვაფერებს მათ ფორმას, შინაარსსა და სტილს; აქედან გამომდინარე, მთლიანობაში, სულხან-საბას თხრობის სტილი, შინაარსი და აღმზრდელობითი აქცენტი სავსებით ორიგინალურად გვევლინება.

ორბელიანის იგავთა ერთ-ერთი წყარო ეზოპეა. სულხან-საბა ეზოპესეულ ვრცელ თხრობას ანაცვლებს ლაკონური თხრობით, რაც ზრდის ესთეტიკურ ეფექტს. სიუჟეტის მსგავსება შეიმჩნევა ეზოპეს „ბაყაყებსა“ და სულხან-საბას „იხვი და მყვარს“ შორის; აგრეთვე, საბას „ძალა ერთობაშია“ (ეს დევიზი დღევანდელ საქართველოს გერბს ამშვენებს) და ეზოპეს „გლეხი და მის ვაჟებს შორის“. თუმცა საბა ერთი შეხედვით ყოფით პრობლემას სახელმწიფოებრივ განზომილებას ანიჭებს. ეზოპეს „გლეხი და მისი ვაჟები“ ოჯახური სიმტკიცის აუცილებლობაზე მიუთითებს, „ძალა ერთობაშია“ კი სათაურითვე იღებს ფართო, განმაზოგადებელ მნიშვნელობას და პასუხობს იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობას. ამ შემთხვევაში, შიდა დაქსაქსულობას სახელმწიფობრივი მთლიანობა უპირისპირდება. ასევე, შეცვლილია ეზოპეს იგავის „ძაღლი, მელა და მამალი“ შინაარსი. ეზოპეს შეგონება მარტივია, ადამიანის გონიერებას ხერხიანობად მიიჩნევა: როდესაც ჭკვიანებს რამე სჭირდებათ, ისინი იოლად ახერხებენ მტრისთვის სამაგიეროს გადახდას. ყურადღება გამახვილებულია მამლის მოხერხებულობასა და საზრიანობაზე. საბას მსგავსი იგავი „სოფლის მაშენებელი“ – ძაღლისა და მამლის უაზრო ქმედების წინააღმდეგაა მიმართული, როგორც ირონია მათი ამაო გარჯისა და სიბრიყვისა. სიმღერით ქვეყანას ვერ ააშენებ! – ასეთია, ამ შემთხვევაში, სულხან-საბას პათოსი.

ორბელიანი იყენებს გროტესკულობას, რაც არაკს სულ სხვა ჟღერადობას სძენს. საბას მიხედვით მტრობასაც და მოყვრობასაც თავისი შესაბამისი გამოვლენის ფორმები აქვს, ხოლო უვარგისი ვერც მტრობას ახერხებს და ვერც მეგობრობას. სულხან-საბა რეალისტია და პრაქტიკოსია. იგავში „თვალხილული და უსწავლელი“[5] ვლინდება საბას რაციონალისტური შეხედულება. გონების გარეშე ვერ ვწვდებით სინამდვილეს;  ვინც გონებით ბრმაა, ის მცდარსა და ნამდვილს ვერ არჩევს ერთმანეთისგან.

საბა ადამიანის აღზრდისას პრაქტიკულ პრინციპებს ეყრდნობა და უარყოფს უძრავ, უსიცოცხლო ცოდნას და მოხდენილად გადმოგვცემს ამ იდეას „ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილს ძევს – რა ადგილით დაიძვრის, გასუბუქდეს“. ყოველი საზოგადოებრივი მოვლენა თუ ადამიანთა სულის წყობა ამქვეყნიური მოვლენით განიზომება. ამიტომ, ის საზოგადოებრივად უნდა გამოსწორდეს. ერთ-ერთ იგავში გვასწავლის: ადამიანში მიმდინარეობს გამუდმებული ბრძოლა კეთილსა და ბოროტ საწყისებს შორის; იმარჯვებს ის საწყისი, რომლისთვისაც ხელსაყრელი საზოგადოებრივი გარემო შეიქმნება.

სულხან-საბა ერთმანეთს უპირისპირებს პესიმიზმისა და ოპტიმიზმის, „მოცინარისა“ და „მოტირალის“ ფილოსოფიას. „მოტირალის“ აზრით, ადამიანი ამ საწურთოზე ზრუნვით ჯოჯოხეთს იმზადებს. ამქვეყნიური საქმეები „არანამდვილი სინამდვილის საქმეებია“ და მისთვის გარჯა არ ღირს. „მოცინარიასთვის“ კი ეს სოფელი „ნამდვილი სინამდვილეა“, რომელზე ზრუნვაც ადამიანის ვალია, ადამიანი სიკეთისთვის იბადება და მან სიკეთე უნდა ქმნას. „მოცინარი“ ადამიანის ამქვეყნიურ საქმეებზე ორიენტაციით კი არ არის შეწუხებული, არამედ იმით, რომ ისინი ავს ჩადიან.[6] მოცინარი მწარედ, ირონიულად იცინის. ის დასცინის იმას, რომ ჭკვიანი კაცის რჩევას ყურად არ იღებენ. ის იყენებს კომიკურის კატეგორიას ეთიკურ-ზნეობრივი პრობლემის გასააზრებლად.

ორბელიანი უპირისპირდება რელიგიურ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ადამიანის არსება მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული. შემოქმედში კი არა, ადამიანის შემოქმედებაში უნდა ვეძებოთ ადამიანის არსობრივი ძალების განვითარების სათავეები – მიიჩნევს საბა. ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანის უფლება ადამიანს ეკუთვნის. თუმცა სულხან-საბა შიშველი მორალიზმისა და დიდაქტიკის წინააღმდეგია: მხოლოდ რჩევებით ადამიანი ვერაფერს მიხვდება; საჭიროა დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება. მწერალი აგრეთვე ეწინააღმდეგება შუასაუკუნებრივ შეხედულებას, თითქოს ადამიანი ცოდვებით დამძიმებული არსება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სულხან-საბა ქმნიდა თეოლოგიურ ნაშრომებსაც, მისი ხედვა ჰუმანისტურია – ადამიანი ბედნიერებისთვის მოწოდებული არსებაა. თუ ერთი ადამიანი ბედნიერია და მეორე – არა, ეს საზოგადოებრივი ცხოვრების ბრალია. ადამიანის ბუნება წოდებასა და გვარიშვილობაზე არაა დამოკიდებული: „მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგუანთა მეფეთა“.

სულხან-საბა თავისი მსოფლაღქმით განმანთლებელია; მას სწამს, რომ ზნეობრივ-განმანათლებლური საქმიანობით შესაძლებელია საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლა. თავად სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება ამგვარი საქმიანობის ნათელი მაგალითია. ის ებრძვის საზოგადოებრივ სიმახინჯეებს; საბა აკრიტიკებს საეკლესიო პირთა ნაკლოვანებებს და სულაც იტყვის: „უფალო, დიდად მოწყალე ბრძანდებით, მაგრამ კაცს ვინმეს სისხლს არ დაახევინებ, არას მიცემსო“. ღმერთი პირველმიზეზია ქვეყნისა, მაგრამ მიწიერი ქვეყანა ბუნებრივი კანონებით მოქმედებს, ამიტომ, საბას მიხედვით, ადამიანს სჭირდება სიკეთის ქმნის გენეტიკურ-მემკვიდეობითი უნარი, კარგი აღზრდა და სწავლა-განათლება. საბა ეწინააღმდეგება ავტორიტეტისადმი (თუნდაც მაღალი ღმერთისადმი) ბრმა მორჩილებას.

სულხან-საბა ორბელიანი იბრძვის სოციალური გარემოს წინააღმდეგ, სადაც ადამიანის შესაძლებლობები დათრგუნული და დაუსადგურებია ისეთ თვისებებს, რომელიც უთუოდაა ნგრევის, სიმახინჯისა და მანკიერების მომტანი.

კორნელი სანაძე დავით გურამიშვილი

დავით გურამიშვილი – David Guramishvili

            დავით გურამიშვილი (1705-1792)

დავით გურამიშვილი ქართული მხატვრული აზროვნების ტრადიციების გამგრძელებელია; ის ეხმიანება ევროპულ სააზროვნო ტრადიციებს. მის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის მკაცრი რეალიზმი, „ჰუმანური მისტიციზმი“ და მოვლენათა ქრისტიანული აღქმა. ის აგრძელებს მისი განმანათლებელი წინამორბედების – არჩილ-მეფისა და სულხან-საბას – ხაზს და, შეიძლება ითქვას, ანვითარებს მას – გურამიშვილის პოეზიაში განსაკუთრებული სიმძაფრითაა გადმოცემული ეროვნული სატკივარი და, ამასთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკა. მისი პოეზია განმსჭვალულია გონის პრიმატითა და ჰუმანიზმით.

გურამიშვილის პოეტური ტალანტი მისი სამშობლოსგან შორს იფურჩქნებოდა. პირადი უბედურებებითა და ქვეყნის არეულობის გამო, რამდენიმე წელი რუსეთის სამხედრო სამსახურში დაჰყო და რამდენიმე ომში მიიღო მონაწილეობა. გადადგომის შემდეგ მის პატარა მამულში, მირჰოროდში საკუთარი ცხოვრების ტრაგიკული და დაძაბული ოთხმოცდა შვიდი წელი აქცია ავტობიოგრაფიულ პოემად „დავითიანი“.

            განმანათლებლობის რეალისტური მსოფლაღქმა საქართველოს შემთხვევაში ეროვნულ ნიადაგს პოულობს. ქართულ ლიტერატურაში ჩნდება რეალიზმი, რომელიც მაჰმადიანური კულტურის მოძალების საპასუხო რეაქცია იყო. „მართლის თქმის“ პრინციპი მეჩვიდმეტე საუკუნიდან ქართული კულტურის უმთავრეს ტენდენციად იქცა. ისტორიის გააზრების, თანამედროვეობის მორალური დაღმასვლის თემატიკა მოწინავეა ამ დროის კულტურაში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ქართული განმანათლებლობის ამ პერიოდს თავისებური, ევროპულისგან განსხვავებული ხასიათი აქვს – აქ ჰუმანისტური იდეები გადაჯაჭვულია ქრისტიანობასთან და ღვთისმორწმუნეობასთან. ასეა გურამიშვილის მსოფლმხედველობაშიც, რომელიც „დავითიანში“ ვლინდება. ქართულ განამანთალებლობაში პიროვნების თავისუფლების, გონების კულტის აღიარება რწმენის ასპექტშია განვითარებული. გურამიშვილი რწმენისა და ცოდნის ერთიანობას ზნეობრივ ნიადაგს უძებნის. გურამიშვილის პოეზია მაღალმხატვრული ფორმით გვესაუბრება აღზრდისა და განათლების აუცილებლობაზე, ზნეობასა და ქვეყნის ჭირ-ვარამზე.

            პოეტის ევროპულ განმანათლებლობასთან სიახლოვე არაა გასაკვირი. გურამიშვილი, ახალგაზრდობაში ლეკების მოტაცებული, რუსეთში გადახვეწილ ემიგრირებულ ქართველთა წრეში ტრიალებდა, რომელიც ითვისებდა განმანათლებლურ ლიტერატურას – თარგმნიდნენ ვოლტერს, მონტესკიეს, რუსოს. გურამიშვილი იცნობს დასავლურ განმანათლებლურ ლიტერატურას.

            დავით გურამიშვილის პოემა „ქართლის ჭირი“ დაწერილია ისტორიულ-ფილოსოფიური კონცეფციით. პოეტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას სჭირდება ზნეობრივი სიმწიფე, რომელიც კულტურისა და განათლების პოპულარიზაციით მიიღწევა და აგრეთვე, ქრისტიანული სარწმუნეობის განმტკიცებითაც, რამაც საზოგადოება უმაღლესი ზნეობისკენ უნდა მიმართოს. დავით გურამიშვილის მხატვრული შემოქმედების თავისებურებას მისი მსოფლმხედველობრივი კრედო და „მართლის თქმის“ ესთეტიკური კონცეფცია განსაზღვრავს.

            გურამიშვილისთვის ზნეობრიობა მტკიცე საფუძველია ისეთი გრძნობებისთვის, როგორიცაა ქალ-ვაჟის სიყვარული. გურამიშვილის იდეალია კაცისა და ქალის  ოჯახური, მეუღლეობრივი ურთიერთობები. ოჯახური სიწყნარე სასიცოცხლო ენერგიის დაცვად მიიჩნევა. მისი აზრით, ზნეობრივი სიყვარული სულიერი სიახლოვისგან წარმოიშობა და არა ხორციელი ნდომისგან.

            პასტორალური პოემა „ქაცვია მწყემსი“ გვიხატავს
სიურრეალურ იდილიას. პოემაში პოეტი გვიხატავს საქართველოს მთის მკვიდრთა საოჯახო ცხოვრებას და წარმოიდგენს სამოთხის საქართველოს ომის, კორუფციისა და ბუნებრივი კატასტროფების გარეშე. გურამიშვილს პასტორალური მომენტი შემოაქვს ქართულ მწერლობაში, ის ხატავს სოფლურ ბუნებას და ხოტბას ასხავს გლეხობას. მან ქართული მწერლობა სამეფო კარიდან გამოიყვანა და ხალხური მომენტი გაამძაფრა. ყოველივე ეს ბოლოვდება რელიგიურ მჭვრეტელობაში დაბრუნებით, პოეტის აღსარებითა და ეპიტაფიით.

            პოეტი კარგად იცნობს ბიბლიას და მას უშუალო წყაროდ იყენებს. ეს ჩანს „ქაცვია მწემსიდან“, სადაც ბიბლიური სიუჟეტები გალექსილია. გურამიშვილი თავის განცდებსა და ფიქრებს ორ პლანში წარმოაჩენს – ერთი ხილული, რეალური პლანია, მეორე დაფარული, უხილავი, რომლის განცდა შინაგანი ჭვრეტითაა განპირობებლული. ორპლანიანობა მატერილური და სულიერი სამყაროს ამსახველია. თუმცა ეს ორპლანიანობა არ გულისხმობს ორი სამყაროს დაპირისპირებას – პირიქით, მოხსნილია დუალიზმი, დაპირისპირება ზეციურ და მიწიურ სამყაროთა შორის. პოეტი უარყოფს ანტიჰუმანურ ასკეტიზმს და ღმერთსაც იმიტომ ადიდებს, რომ მან „მან ქმნა ქალ-ვაჟობა, მისცა ტრფიალება“; აქ იგრძნობა ნეოპლატონური ხედვა სამყაროსი – სამყაროსი, როგორც ერთიანობისა: ის ღმერთის შექმნილია და მშვენიერია. მზის სინათლის ესთეტიკა ჭარბობს გურამიშვილის პოეზიაში, რაც აშკარად მიუთითებს რუსთაველის ესთეტიკური სამყაროსა და არეოპაგეტული მსოფლმხედველობის გავლენაზე. გურამიშვილის შემოქმედებაში პატივი მიეგება როგორც, ხორციელებას, ისე სულიერებას.

            1787 წელს, 82 წლის ასაკში, გურამიშვილი შემხვდევით შეხვდა ქართველ პრინც მირიანს, რომელიც რუსეთში დიპლომატიური მისიით მისმა მამამ ერეკლე II-მ მიავლინა. მირიანმა გურამიშვილის ხელნაწერები წამოიღო საქართველოში და მოგვიანებით 1870 წელს გამოქვეყნდა. 1792 წელს, პოეტი გარდაიცვალა. ის დამარხულია მირგოროდის (უკრაინა) ღვთისმშბლის მიძინების ტაძარში.

ანტონ I და ერეკლე II

ანტონ კათალიკოსი (1720-1788)

უაღესად ერუდირებული, ევროპულად განსწავლული და რუსული განათლების სისტემის მცოდნე ანტონი კათალიკოსად ერეკლე მეორემ დანიშნა. ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ანტონი სასულიერო მოღვაწეობას უთავსებდა საერო საქმიანობას: აღადგინა სტამბა, გახსნა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სემინარიები თბილისსა და თელავში, შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები. თარგმნა გერმანელი განმანათლებელი ქრისტიან ვოლფის „ფიზიკა“, ბაუმაისტერის – „ლოგიკა“, „მეტაფიზიკა“ და „ეთიკა“; შექმნა ორიგინალური ფილოსოფიური თხზულება „სპეკალი“ და „ღრამატიკა“ – პირველი ფუნდამენტური შრომა ქართულ ენათმეცნიერებაში; საკუთარი ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებები ჩამოაყალიბა „წყობილთსიტყვაობაში“. ქართული კულტურისა და განმანათლებლობის საუკეთესო ტრადიციებით, კომენტარები დაურთო პლატონის, არისტოტელეს შემოქმედებას.

ანტონი ერეკლე მეფის თანამებრძოლი იყო. თავის მხატვრულ შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობდა ერეკლე მეორის მესიანური როლის განდიდებას. მათ შორის ახლო ურთიერთობას მიუთითებს ისიც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატზე მოსალაპარაკებლად რუსეთში წარგზავნილ ქართველ დიპლომატთა ხელმძღვანელად ანტონი მიავლინა. ანტონი საქართველოს ხსნას ევროპაში ხედავდა; სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას იტალიელ მისიონერებთან მისი კავშირი და აგრეთვე, მისი გაკათოლიკება, რაც საბოლოოდ არ აპატიეს და რუსეთში გააძევეს.

აღსანიშნავია, ანტონის ღვაწლი ენათმეცნიერებაში. მას ეკუთვნის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელო – „ღრამატიკა“. წიგნში ჩამოყალიბებულია სალიტერატურო ენის გრამატიკული და ორთოგრაფიული ნორმები, რომელთაგან ბევრი თანამედროვე ქართული ენის გრამატიკის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს. ანტონი ეყრდნობოდა ტრადიციულ გრამატიკულ ტერმინოლოგიას, რომელიც მეათე-მეთორმეტე საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

ანტონ კათალიკოსის ფილოსოფიურ აზროვნებაზე წარმოდგენას გვიქმნის მისი ორიგინალური ნაშრომი „სპეკალი“. „სპეკალში“ დაწვრილებითაა დალაგებული პლატონის, არისტოტელეს, ამონიოს ერმიასის და სხვათა ფილოსოფიური შეხედულებები; მათ შეხედულებებს თანდართული აქვთ კომენტარები და ინტერპრეტაციები, რაც საშუალებას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ ანტონის ორიგინალურ ფილოსოფიურ შეხედულებებზე. ანტონს განსაკუთრებით აინტერესებს შემეცნებითი, გნოსეოლოგიური პრობლემატიკა, რაც ეხმიანება იმდროინდელ ევროპაში გნოსეოლოგიური პრობლემატიკის წინწამოწევას.

შემეცნება, ანტონის აზრით, ადამიანის სულის ისეთი მოქმედებაა, რომელიც ნივთთა ბუნების წვდომას გვიადვილებს. შემეცნება არის მიზეზთა შემეცნება, რომელსაც ცნობიერება ახორციელებს. ცნობიერების ცნება ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში სწორედ ანტონმა შემოიტანა. ანტონ I შემეცნების ამოსავალ წყაროდ ცდას თვლის, ცდასა და შეგძნებას ერთმანეთისგან განასხვავებს და ტერმინის – „ცდა“ – ორგვარ მნიშვნელობას გამოჰყოფს (1) ცდა, როგორც ობიექტური სინამდვილის უშუალო მოცემულობა და (2) ცდა – ექსპერიმენტი. ანტონის მიხედვით, ადამიანს ცდის, ექსპერიმენტის ჩატარებამდე აქვს იდეა, რომლის მიხედვით და საკუთარი მისწრაფებების საფუძველზე იყენებს ცდას და აღწევს შემეცნებას. ბუნების შემეცნებას ემპირიული საფუძვლები გააჩნია – მიიჩნევს ანტონი. შემეცნების დროს ცოდნიდან უნდა ამოვიდეთ. ანტონი არ ჩერდება ამ ემპირისტულ მოთხოვნაზე და უმაღლეს საფეხურად რაციოს – გონებას მიიჩნევს. მისი აზრით, შემეცნება რაციონალური და გრძნობადი მოვლენების ერთიანობაში ხორციელდება; ეს ეხება აბსტრაქტულ ცოდნასაც.

ანტონთან გამიჯნულია ინდუქციური და დედუქციური მეთოდები; ანტონი ინდუქციას ემხრობა. ის აგრეთვე განასხვავებს თეორიულ („ხედვით“) და პრაქტიკულ, ანუ „საქმით ფილოსოფიას“.

ანტონ I-ის შეხედულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეთიკას. მისი ეთიკა რეალისტურია; ზნეობა ინტელექტზეა დამოკიდებული; ანტონი ეყრდნობა ბაუმაისტერის ეთიკას. მას ნათარგმნი აქვს ბაუმაისტერის „ზნეობრივი ფილოსოფია“; ის სწავლობს ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა სიკეთე, ბოროტება, „სჯული“ (კანონი), მოვალოება, წყალობა, სათნოება, მიწიერება და ა.შ

გამორჩეულია ასევე ანტონ I-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ქართულ ტრადიციაში თარგმნა გულისხმობს არა მხოლოდ თარგმნას, არამედ განმარტებას, ინტერპრეტაციას.

ანტონი ასევე ქმნის საეკლესიო ჰიმნებს; ამ ჰიმნებს გამოარჩევთ ის, რომ წმინდანთა სახეები ეროვნულ გამოხატულებას ჰპოვებენ. ანტონი ხელოვნებას „სიბრძნის“ დარგად მიიჩნევს. აღიარებს გონების პრიმატს და შემოქმედებით პროცესში მთლიანად გამორიცხავს წარმოსახვით უნარებს – ფანტაზიას, წარმოდგენას. ჰიმნში გაერთიანებულია ზნეობრივი, ამაღლებული და რელიგიურ-სარწმუნოებრივი მომენტები. ეროვნულისა და ქრისტიანული ინტერესების ერთიანობა ის ძირითადი იდეური ხაზია, რომელსაც მიყვება „წყობილსიტვაობა“.

ანტონ კათოლიკოსი ქართული ფილოსოფიური და მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის, ერთი მხრივ, ეყრდნობოდა ქართული კულტურის ტრადიციებს და, მეორე მხრივ, ცდილობდა პროგრესული ევროპული იდეების შემოტანასა და დანერგვას  საქართველოში.

          ერეკლე II (1720-1798)

ერეკლე II

ერეკლე II – Erekle II

XVIII საუკუნის 20-იან წლებში სუსტდებოდა სპარსეთის იმპერია. ამის სათავისოდ გამოყენება სურდა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს. „მან გადაწყვიტა კასპიის ზღვის მიდამოები ამიერკავკასიაში ჯერ თავისი მფარველობის ქვეშ მოექცია, შემდეგ ქვეყანა დაეპყრა და შიგ ჯარისკაცები ჩაესახლებინა. ავღანელთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შიშმა თითქოს დააჩქარა ამ წადილის განხორციელება“.[7] რუსეთის ელჩმა ვოლინსკიმ ისე წარმოაჩინა, თითქოს პეტრე I ვახტანგ VI-ის დახმარებას აპირებდა. ვახტანგმა დაიჯერა პეტრეს სიტყები, შეკრიბა ლაშქარი, განჯისკენ ილაშქრა და რუსთა ხელმწიფესა და ძლიერ ლაშქარს დაუწყო ლოდინი. პეტრემ  წარმატებით ილაშქრა დარუბანდამდე, მაგრამ შემდგომი წინსვლა შექმნილი პირობების გამო სახიფათოდ ჩათვალა: ჯარს სურსათი აკლდა, გავრცელდა ავადმყოფობა, ცხენთა უმრავლესობა დაწყდა. ამასთანავე ოსმალეთი დაემუქრა პეტრეს, რომ იგი ლაშქრობას თუ არ შეწყვეტდა, ომს გამოუცხადებდა. რუსეთი არ იყო ეკონომიკურად სათანადოდ მძლავრად, ამიტომ პირველივე დაბრკოლებისთანავე შეაჩერა წამოწყება. პეტრესთვის ეს სტრატეგიული უკანდახევა იყო, ქართლისთვის კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. სანამ პეტრეს წაქეზებით ვახტანგ-მეფე საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდა, ოსმალეთი ვახტანგს მფარველობას ჰპირდებოდა. მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ მიეღო მონაწილეობა და რუსეთს ცხადად არ მიმხრობოდა, საქართველოს ოსმალეთისგან არ მოელოდა განსაცდელი, მაგრამ რადგან ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები, ჯერ ერევნიდან თავრიზამდე ტერიტორიები დაიპყრო, ხოლო შემდეგ გამოილაშქრა საქართველოშიც. ქართლში ოსმალები გაბატონდნენ. ამ დროს ასევე გაძლიერდა ჩრდილო-კავკასიელ ლეკთა თარეში. ვახტანგ VI-ს, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა. 1724 წელს ოსმალეთის განრისხებით შეშინებულმა პეტრე I-მა, საქართველოს დახმარებაზე საერთოდ აიღო ხელი და ოსმალეთთან ზავი დადო და აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს დაუთმო.

ვახტანგი იძულებული გახდა თავი რუსეთისთვის შეეფარებინა. ის რუსეთშიც ცდილობდა საქართველოს საკითხით კვლავ დაეინტერესებინა რუსეთის მთავრობა, მაგრამ ამაოდ. საინტერესოა, რომ ვახტანგმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად ასტრახანში დასახლების ნებართვა როდესაც ითხოვა, პეტრე I განრისხდა: „დახედეთ, უბედურების დროსაც მეფე ამპარტავნობას არ იშლისო“.[8] პეტრეს აზრით, ვახტანგი სადმე საზღვართან უნდა დასახლებულიყო და ასეც მოხდებოდა, ასტრახანის გუბერნატორს ხელმწიფის დაუკითხავად პეტრეს სახელით ვახტანგისთვის მისი სურვილის აღსრულება რომ არ აღეთქვა.

ვახტანგი და სხვა მამულიშვილები რუსეთში განაგრძობდნენ განმანათლებლურ საქმიანობას, თუმცა, ცხადია, მათი გავლენა საქართველოზე უფრო დიდი იქნებოდა, ვახტანგი სამშობლოში რომ დარჩენილიყო.

საქართველოს ისტორიის ეს მცირე ფრაგმენტი აჩვენებს იმ ზოგად ვითარებას, რომელშიც იმყოფებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციათა საზღვარზე მყოფი პატარა ქვეყანა. იმპერიათა შორის ძალთა გადანაცვლებები აისახებოდა საქართველოზე, ხოლო იმპერატორთა, შაჰთა თუ სულთანთა მხრიდან ტყუილი, რბევა და აოხრება ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ქართლში ოსმალთა ბატონობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა; ამ პერიოდში გამოსწორდა სპარსეთის ვითარება; ძალაუფლება ხელთ იგდო შაჰ-თამაზ II-ის ნიჭიერმა სარდალმა ნადირმა და, საბოლოოდ, თავი შაჰადაც გამოაცხადა. ნადირ-შაჰი მიემხრო თეიმურაზსა და მის ვაჟ ერეკლეს; ოსმალებმა ქართლში გამოჩენიდან მალევე მეფობა საერთოდ გააუქმეს, ქართლი რამდენიმე ნაწილად გაყვეს და თითოეული ნაწილი სამართავად ადგილობრივ ფეოდალებს გადასცეს. ნადირმა დაამარცხა ოსმალები და ირანის ჩრდილოეთ ნაწილი დაიბრუნა. ნადირ-შაჰს არ აწყობდა ოსმალთა მიერ ხელდასმული მთავრები და ამიტომაც, დაეყრდნო თეიმურაზსა და ერეკლეს; მამა-შვილის შეთანხმებული მოქმედებით აღდგა ქართლის ერთიანობა. 1744 წელს თეიმურაზი ქართლის მეფედ ეკურთხა, ხოლო ერეკლე – კახეთის მეფედ. მოგვიანებით, 1762 წელს, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე ქართლ-კახეთის მეფე გახდა.

აღმოსავლეთ საქართველო მტრების სათარეშოდ იყო ქცეული. ოსმალები და ნადირ-შაჰი ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ქვეყანას. მოშლილი იყო სახელმწიფოს მართვის ორგანოები. ამგვარ მოცემულობაში მოუწია მეფობის დაწყება მამა-შვილს. თუმცა მათმა თანდათანობითმა პოლიტიკამ, დიპლომატიამ საქართველო იმ საშინელ განსაცდელს გადაარჩინა, რაშიც საქართველო პეტრე I-ის მუხანათობისა და ვახტანგ VI-ის დაუდევრობის გამო აღმოჩნდა.

            თეიმურაზი და ერეკლე მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძოდნენ ჩრდილოკავკასიური დაღესტნური ტომების, ლეკების შემოსევებს; ერეკლე ცდილობდა დაკავშირებოდა რუსებს და რუსეთ-ოსმალეთის ომის სათავისოდ გამოყენებას, თუმც ამაოდ.

            თეიმურაზი და ერეკლე შეუდგნენ სამეფოს სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებას. გადასინჯული და შესწორებულ იქნება მართვა-გამგეობის საკითხი, განახლდა შემოსავლების დავთრების შედგენა. ერეკლე ცდილობდა განეახლებინა დიდგვაროვან ფეოდალთა ნებაზე დამყარებული სახელმწიფოს წყობილება და განემტკიცებინა ცენტრალიზებული ხელისუფლება. მან გააუქმა ნახევრად დამოუკიდებელი საერისთავო-სახანოები და მათ ნაცვლად მოხელეთა ხელისუფლება განაწესა. ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობა გაიყო – საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლისა და სამხედრო საქმეთა დარგებად. დაფუძნდა სამეფო საბჭო, რომელზეც განიხილებოდა ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები. ერეკლემ შემოიღო სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა ევროპული სახელწოდებანი: კაპრალი, ოფიცერი, მაიორი, პოლკოვნიკი, კანცლერი, სენატორი, გუბერნატორი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ერეკლემ საფუძველი ჩაუყარა მუდმივი ჯარის არსებობას; ქართლ-კახეთში ყოველწლიურად 5 000 კაცი გამოდიოდა რეგულარულ ჯარში. მნიშვნელოვანია, აგრეთვე ერეკლეს ეკონომიკური რეფორმებიც: ერეკლემ უცხოეთიდან მოიწვია მემადნეები და ქართული ლითონის ფულის მოჭრა დაიწყო.

ერეკლე მნიშვნელოვან ზომებს იღებდა ფეოდალთა მხრიდან გლეხთა გადამეტებული ექსპლოატაციის წინააღმდეგ. იგი თავად, ან თავისი მოსამართლეების მეშვეობით აქტიურად ერეოდა მებატონეთა და ყმა-გლეხთა შორის წარმოშობილ დავაში და ცდილობდა უსამართლობათა აღკვეთას. ერეკლემ აკძალა გლეხის ოჯახის დაშლა და მისი წევრების ცალ-ცალკე გაყიდვა. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოეთის ტყვეობიდან თავისი გარჯით დაბრუნებული გლეხი ძველი მებატონის ყმობიდან თავისუფლდებოდა და ვისაც უნდოდა იმას ეყმობოდა. გლეხის გაქცევაზე პასუხისმგებლობას მეფე თავად მებატონეს აკისრებდა. ერეკლე ამ ზომებით ცდილობდა გლეხური მეურნეობის წახალისებას, რაც ფეოდალური ეკონომიკის საფუძველი იყო.

ერეკლე კარგად ხედავდა, რომ ეს ღონისძიებები საკმარისი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოში მყოფი რუსი პოლკოვნიკი ბურშანოვი „შენიშნავდა, რომ ერეკლე ისე არაფრისკენ მიისწარფვოდაო, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენო.“[9] ერეკლემ არაერთხელ მიმართა ევროპულ ქვეყნებს დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ერთმორწმუნეობის იდეასთან და მაჰმადიანურ გარემოში ყოფნასთან ერთად ამანაც განაპირობა მის მიერ ევროპაზე გასასვლელ გზად რუსეთის არჩევა. 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც მხარეებს ერთმანეთისადმი მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებდა; საქართველო ცნობდა რუსეთის უზენაეს მფარველობას და დებდა რუსეთის მხარდაჭერის პირობას საგარეო საკითხებში, რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II საკუთარი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა ყოველთვის მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთისთვის. თუმცა ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ერეკლემ რუსეთისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო; ნაცვლად ამისა, რუსეთისაკენ საგარეო კურსის აღებამ, ოსმალეთისა და სპარსეთის აგრესია გააძლიერა, რამაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. ერეკლეს სიკვდილიდან სამ წელიწადში (1801 წ.) კი რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა.

მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, ერეკლეს დროს გამოცოცხლდა კულტურული ცხოვრება: უცხო ენიდან ითარგმნებოდა საუკეთესო თხზულებები; მეცნიერების დარგებისთვის იქმნებოდა მცირე სახელმძღვანელოები; 1755 წელს თბილისში დაარსდა სასულიერო სემინარია, რომელშიც ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, ქართული ენა, გრამატიკა, ფილოსოფია, ლოგიკა, ფიზიკა, მათემატიკა, გალობა. 1758 წელს სასულიერო სასწავლებელი შეიქმნა კახეთის სამეფოს მთავარ ქალაქ თელავშიც, რომელიც 1782 წელს ფილოსოფიურ სემინარიად გადაკეთდა. სწავლება აქ ლექციურ ხასიათს ატარებდა და პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნას გამოცდებით ამოწმებდნენ. ერეკლე ცდილობდა, ნიჭიერი და ბეჯითი ახალგაზრდები რუსეთსა და ევროპაში გაეგზავნა სასწავლებლად. გამრავლდა ეკლესიებთან არსებული კერძო სკოლები; სწავლა-განათლების განვითარება და მოსახლეობაში გავრცელება მოითხოვდა დიდი რაოდენობით ლიტერატურის შექმნას; ამ მიზნებისთვის 1749 წელს აღდგა, ხოლო 1782-1794 წლებში საფუძვლიანად განახლდა სტამბა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს იმერეთის მეფის – სოლომონ II-ის მცდელობით სტამბა ქუთაისშიც, იმერეთის სამეფოს მთავარ ქალაქშიც, შეიქმნა.

ამ პერიოდში ძველ ბატონყმურ იდეოლოგიას თანდათანობით ანაცვლებს განმანათლებლური იდეები. რუსეთსა და ევროპაში ნამყოფი ქართველები ეცნობოდნენ ახლებურ სამეცნიერო და პოლიტიკურ იდეებს და მათ გადმონერგვასა და საქართველოს სინამდვილესთან შერწყმას ცდილობდნენ.

ფრანგი განმანათლებლების გავლენას განიცდიდინენ მეფის ოჯახის წევრებიც. ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე დავითი (ერეკლეს შვილიშვილი) გატაცებული იყო ვოლტერით და თარგმნა მონტესკიეს „კანონთა გონი“. ის იყო პირველი ქართველი ვოლტერიანელი, საფრანგეთის რევოლუციის მხურვალე მხარდამჭერი და ნაპოლეონის თაყვანისმცემელი. მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა სამართლის დარგში. 1800 წელს, დავითმა ჩაატარა ქართული სამართლის კოდიფიკაცია შეადგინა კრებული „სამართალი ბატონიშვილისა დავითისა“, რომელსაც ფრანგი ენციკლოპედისტების გავლენა ემჩნევა. ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად დავით ბატონიშვილმა დაწერა ისტოორიული ნაშრომი – „ნამდვილი ისტორია, ანუ მოთხრობა ახალი“, რომელშიც XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის პოლიტიკური მოვლენებია ასახული.

დავით ბატონიშვილის კალამს ეკუთვნის მხატვრული ნაწარმოები „ახალი შიხი“. ეს არის ვოლტერისა და რუსოს „ბუნებითი სჯულის“ ზეგავლენით შექმნილი ქალ-ვაჟის სასიყვარულო მიმოწერა. დავით ბატონიშვილი ლექსებსაც წერდა. მისი ლირიკის მთავრი თემა სოფლის სამდურავი და სიყვარულია. ამავე დროს წერდა სატირულ ლექსებსაც, რომლებშიც კიცხავდა მეფის მოხეელებს. ბატონიშვილი დაინტერესებული იყო ლექსიკოგრაფიით.  მან სულხან-საბა ორბელიანის  „სიტყვის კონა“ შეავსო ახალი მასალით და დაუმატა  სიტყვები რუსული, სომხური და თურქული შესატყვისებით და განმარტებებით.

ასევე გამოსარჩევია ერეკლეს II-ის კიდევ ერთი შვილიშვილის იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“. „კალმასობა“ ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული აზრების მარტივად გადმოსაცემად, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, მხილებულია საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდენციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება.

თხზულება ნათლად ასახავს საქართველოში მეცნიერული ცოდნის დონეს XVIII-XIX სუკუნეების მიჯნაზე. აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანირატულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან. ზოგ შემთხვევაში მასალა თარგმნილია რუსული და უცხოური წყაროებიდან, უმეტესად კი ავტორი თავის დაკვირვებებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. მათ შორის, აღსანიშნავია, „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, რომელიც წარმოადგენს X-XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა ლექსიკონს.

            ფრანგული განმანათლებლობის გავლენას განიცდის ალექსანდრე ამილახვარი; ის 1765 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა ერეკლეს წინააღმდეგ, რის გამოც დასაჯეს. რუსეთში გადახვეწის შემდეგ წერს პოლიტიკურ ტრაქტატს „ბრძენი აღმოსავლეთისა“. ამილახვარის აზრით,  ქვეყანას უნდა მართავდეს ბრძენი და ჰუმანური მეფე, ხოლო მეფის უფლებები გაყოფილი უნდა იყოს რამდენიმე ორგანოს შორის. იგი ცენტრალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგია, მოითხოვს თავადების პოლიტიკურ უფლებების გაძლიერებას. ალექსანდრე ამილახვარის შეხედულებით, დაცულ უნდა იქნეს გლეხი, რადგან ის არის ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი. ავტორი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაჭრობას. მისი აზრით, აუცილებელი იყო დიდი ყურადღება დათმობოდა სწავლა-განათლებასა და მეცნიერებას, რადგან ამის გარეშე ვერც ერთი ერი ვერ განივითარდებოდა.

შეჯამება

            ამრიგად, ქართული განმანათლებლობის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

  • საქართველოში განმანათლებლობა განსაკუთრებით ძლიერდება მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში;
  • მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია აღმოსავლურ, სპარსოფილურ, ტენდენციებთან ბრძოლა და მისგან თანდათანობით გათავისუფლება;
  • ევროპული განმანათლებლობისაგან განსხვავებით, ქართულ განმანათლებლობაში ნარჩუნდება ქრისტიანობა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ნაკადი, რაც საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებითაა განპირობებული; საქართველოსთვის ქრისტიანობა იდენტობაა, ერთგვარი თავდაცვის იარაღია მუსულმანურ იმპერიათა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ასიმილაციის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად სწორედ რელიგიას იყენებდნენ;
  • განსხვავებით ევროპელი განმანათლებლებისა, ქართველი განმანათლებლები მიეკუთვნებიან არა ბურჟუაზიას, არამედ ფეოდალურ არისტოკრატიას. აქედანაც გამომდინარეობს, რომ ისინი აგრესიულად არ ესხმიან თავს ღმერთს, ფეოდალური იერარქიის ამ მიღმურ გარანტს, არამედ ცდილობენ რელიგიისა და განმანათლებლობის იდეების ერთგვარ სინთეზსა და რელიგიურ პრინციპებზე დაყრდნობით, ეთიკური პრინციპების შემუშავებას. ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ წარმოებს დოგმატიზმისა და „ბნელი“ აზროვნების წინააღმდეგ, პირიქით, ქართველი განმანათლებლები ებრძვიან და აშიშვლებენ საზოგადოებრივ მანკიერებებს, მათ შორის, სასულიერო პირთა მანკიერებებსაც.
  • ზნეობრივი ამაღლება და განათლება მიჩნეულია ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს წინაპირობად; ეს შეხედულება დიდწილად მიმართულია ფეოდალური სეპარატიზმის, შიდა დაპირისპირებათა წინააღმდეგ და ეფუძნება ერთიანი, ძლიერი, ცენტრალიზებული საქართველოს იდეას.
  • განმანათლებლური იდეები საქართველოში ნაკლებად გადმოიცემოდა ტრაქტატის სახით; ამ მხრივ, უპირატესობა მეტწილად ენიჭებოდა მხატვრულ ფორმას;
  • საქართველოში თანდათან ფეხს იკიდებს საბუნებისმეტყველო ცოდნისადმი ინტერესი; ითარგმნება სხვადახვა დარგის ტრაქტატები, გამოდის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, ქართული ისტორია მეცნიერულად მუშავდება, იწერება პირველი ლექსიკონი, ფუძნდება პირველი ქართული სტამბა.
  • საქართველოში განმანათლებლური იდეებისა და ტენდენციების გავრცელება მიმდინარეობს გამუდმებული პოლიტიკური რყევებისა და წარუმატებელი დიპლომატიური მისიების ფონზე რუსეთსა და ევროპაში.
  • ქართველ განმანათლებელთა უმრავლესობამ სიცოცხლე ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაასრულა.
  • მიმდინარეობს ბრძოლა უმთავრესი ქართული ნაწარმოების „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო; „ვეფხისტყაოსანს“ ებრძვიან დოგმატიზმის პოზიციებიდან, თუმცა პოემას ყავს თავისი დამცველები; მათ შორის გამოსარჩევია რუსთველოლოგიის ფუძემდებელი, მეფე ვახტანგ VI, რომელმაც პირველად დაიცვა „ვეფხისტყაოსანი“ თეორიულ დონეზე.
  • ლიტერატურაში მკვიდრდება „მართლის თქმის“, რეალიზმის, პრინციპი, რაც წარმართავს ეროვნულსა და სოციალურ თემატიკას. იწყება მოვლენების კრიტიკულად გააზრება;
  • განმანათლებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი – პიროვნების თავისუფლება – ქართველი განმანათლებლების ნაშრომებში ხშირად გვხდება;
  • საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქართული კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის სინთეზია; ქართული კულტურა ყოველთვის გახსნილი იყო სხვა კულტურათა ასათვისებლად და საკუთარ საჭიროებათამებრ გადასამუშავებლად, რაც, თავის მხრივ, ქართული თვითმყოფადობის წინაპირობა გახლდათ. ქართული კულტურა თვით უმძიმეს სოციალურ პირობებში, XIII-XVIII საუკუნეებში, ცდილობდა გამიჯვნოდა მაჰმადიანურ გავლენას და დაახლოებოდა მოწინავე ევროპულ აზროვნებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ასათიანი ნოდარ, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, თბილისი, 2003 წ;
  • თეიმურაზ პირველი, თხზ. სრ. კრებ. 1934 წ;
  • ნუცუბიძე შალვა, შრომები, ტომი IX, თბილისი, 1985 წ.;
  • ორბელიანი სულხან-საბა, სიბრძნე-სიცრუისა, თბილისი, 1986 წ;
  • წურწუმია ლია, ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, II ნაკვეთი, თბილისი, 2011 წ;
  • ჯავახიშვილი ივანე, ქართველი ერის ისტორია, ტომი V, თბილისი, 2012 წ.

[1] იოანე პეტრიწი – XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. ის სწავლობდა კონსტანტინოპოლის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი ფილოსოფოსები მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში ნეოპლატონური მსოფლმხედველობის დამკვიდრების საქმეში.

[2]  ნუცუბიძე შალვა, შრომები, ტ. IX, თბილისი, 1985, გვ.192.

[3] წურწუმია ლია, ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, II ნაკვეთი, თბილისი, 2011 წ. გვ. 9

[4] თეიმურაზ პირველი, თხზ. სრ. კრებ. 1934, გვ. 126.

[5] ორბელიანი სულხან-საბა, სიბრძნე-სიცრუისა, თბილისი, 1986 წ, გვ.84.

[6] ორბელიანი სულხან-საბა, სიბრძნე-სიცრუისა, თბილისი, 1986 წ, გვ.167.

[7] ჯავახიშვილი ივანე, ქართველი ერის ისტორია, ტომი V, თბილისი, 2012 წ., გვ 64.

[8] ჯავახიშვილი ივანე, ქართველი ერის ისტორია, ტომი V, თბილისი, 2012 წ., გვ 68.

[9] ასათიანი ნოდარ, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, თბილისი, 2003 წ. გვ. 352.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button