ფსიქოლოგია

ერთგულების შიში

შიზოიდური პიროვნებები

«მოდი, ნუ დავემსგავსებით იმ მრავალთ, ბრბოდ რომ დალაშლაშებენ ჩვენ გარშემო»
შპიტელერი

      ამ თავში იმ პიროვნებებს აღვწერთ, რომელთა მთავარ პრობლემასაც, შიშის თვალსაზრისით, ერთგულების წინაშე შიში წარმოადგენს, მათი მთავარი იმპულსი კი «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვით» გამოიხატება, რასაც ფსიქოლოგიის ენაზე თვითგადარჩენისა და «მე»-ს განდგომის იმპულსი ჰქვია. მათ ჩვენ შიზოიდურ ადამიანებს ვუწოდებთ.

      ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი, გამორჩეული ინდივიდი იყოს. რა გულნაკლული ვრჩებით და, როგორ განვიცდით ხოლმე, როდესაც ჩვენს სახელს ან გვარს ვინმე შეცდომით წარმოთქვამს, დაამახინჯებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ გვინდა, ნებისმიერი სხვა ვინმეთი ჩაგვანაცვლონ, რადგან საკუთარი განუმეორებლობის დამკვიდრებას ინდივიდის სახით ვცდილობთ. ამგვარი გამორჩეულობის სურვილს თან ახლავს საპირისპირო სწრაფვა, რომელიც მიზნად რომელიმე ჯგუფის ან კოლექტივისადმი მიკუთვნებულობას ისახავს, რაც მის სოციალურ შინაარსზე მიუთითებს. ამრიგად, ჩვენ პირადი ინტერესებით ცხოვრება გვსურს, მაგრამ იმავდროულად პარტნიორული თუ ადამიანური ურთიერთობების დამყარება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც გვინდა. მაშინ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმ ადამიანის საქციელს, რომელიც უარს აცხადებს სხვების მიმართ ერთგულებაზე და ცხოვრებაში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს?

      ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს, რაც შეიძლება დამოუკიდებელი და ავტარკიული ცხოვრებით იცხოვროს; მას არავინ სჭირდება, რადგან არ სურს, ვინმეს მიმართ რაიმე ვალდებულებას გრძნობდეს; ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გამოც ცდილობს, ყველასგან შორს დაიჭიროს თავი, არ აძლევს ადამიანებს მასთან მიახლოების საშუალებას და შეზღუდული ურთიერთობებით კმაყოფილდება. თუ ამ ზღვარს ვინმე გადმოაბიჯებს, ეს ამ ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული სივრცის დარღვევად მიაჩნია, ფიქრობს, რომ ამით მის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას ემუქრებიან და გამალებით ცდილობს თავის დაცვას. ამგვარი ქცევით იგი ხელს უწყობს საკუთარ თავში ტიპური შიშის განვითარებას, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე იწვევს. მაგრამ, რაკი შეუძლებელია, ცხოვრებაში გაექცეს ამ სიახლოვეს, იგი თავდაცვის მიზნით ისეთ ქმედებებს მიმართავს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ადამიანებთან სიახლოვეს. ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს გაექცეს პირად კონტაქტებს და ინტიმურად არავინ დაიახლოვოს, აშინებს ცალკეულ ადამიანთან თუ პარტნიორთან პირადად შეხვედრა და მათთან საქმიანი ურთიერთობებით კმაყოფილდება. საზოგადოებაში ყოფნისას იგი ყველაზე უკეთ იმ ადამიანთა გარემოში ან წრეში გრძნობს თავს, სადაც მას ვერ ამჩნევენ, თუმცა იცის, რომ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც მათ მიეკუთვნება. იგი ამ დროს სიამოვნებით დაიხურავდა «უჩინმაჩინის ქუდს», რომელიც მას დაიცავდა და საშუალებას მისცემდა, ისე შეუმჩნევლად ჩარეულიყო სხვების ცხოვრებაში, რომ, თავის მხრივ, არავითარ დათმობაზე არ წასულიყო.

      ასეთი გარიყული, ძნელად საკონტაქტო, გაუპიროვნებელი და უკარება ადამიანები საზოგადოებაში უჩვეულოდ გამოიყურებიან და თავიანთი უცნაური რეაქციებით გარშემომყოფთა გაოცებას იწვევენ. შესაძლოა, ასეთ ადამიანებთან დიდი ხნის ნაცნობობაც გვაკავშირებდეს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდეთ, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში. აი, მაგალითად, დღეს თუ გვგონია, რომ ასეთ ადამიანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხვალ შეუძლია ისე მოიქცეს, თითქოს არც კი გვიცნობს და პირველად გვხედავს; რაც უფრო ახლოს ვართ მასთან, მით უფრო მკვეთრად შეუძლია შეგვაქციოს ზურგი; ამასთან, იგი ხშირად ემოციების გარეშე გამოხატავს თავის უსაფუძვლო აგრესიას და მტრულ განწყობას, რის გამოც შეიძლება თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ.

      შიზოიდური პიროვნებები, საკუთარი თავისადმი ერთგულების მიზნით, რაც უფრო მეტად გაურბიან ადამიანებთან სიახლოვეს, მით მეტად ექცევიან იზოლაციაში და მარტოსული ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ პიროვნებებს ადამიანებთან სიახლოვის შიში განსაკუთრებით იმ დროს შეიპყრობთ ხოლმე, როდესაც ვინმე მათთან დაახლოებას ცდილობს ან თავად უახლოვდებიან ვინმეს. და, რაკი ადამიანთა სიახლოვე ყოველთვის კეთილგანწყობას, სიმპათიას, სინაზეს და სიყვარულს გულისხმობს, შიზოიდური პიროვნება ამ გრძნობების გამოვლინებას განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ, მსგავს სიტუაციებში რატომ იქცევა შიზოიდური პიროვნება ასე აგრესიულად და თითქმის მტრულად მეორე ადამიანის მიმართ, ასე მოულოდნელად რატომ ჰკრავს ხოლმე ხელს. იგი ამ დროს წამიერად გაითიშება, წყვეტს ადამიანებთან კონტაქტს, საკუთარ თავში იკეტება და მის პიროვნებაში შეღწევა შეუძლებელი ხდება.

      ამის შედეგად შიზოიდურ პიროვნებასა და არსებულ რეალობას შორის ღრმა უფსკრული ჩნდება, რომელიც წლების მანძილზე ღრმავდება და ადამიანებისგან მის იზოლაციას უწყობს ხელს, ამას კი ყოველთვის ახლავს რიგი პრობლემები: რაკი ასეთ პიროვნებას ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, მან თითქმის აღარაფერი იცის სხვა ადამიანების შესახებ; ამის გამო მის გამოცდილებაში ჩნდება მზარდი ხარვეზები, რაც ადამიანებთან ურთიერთობისას მის უნდობლობას იწვევს. ამრიგად, შიზოიდურმა პიროვნებამ არასოდეს იცის, რა ხდება სხვა ადამიანში, რის გაგებასაც (თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია) ადამიანი მხოლოდ ახლობლურ, გულითად და კეთილგანწყობილ გარემოში შეძლებს. ამის გამო ადამიანების მიმართ შიზოიდური პიროვნებების ორიენტაცია ცრუ ალბათობებს და ვარაუდებს ემყარება, თუმცა თავად ღრმად არიან დარწმუნებული, რომ სხვა ადამიანებზე მათი შთაბეჭდილებები და წარმოდგენები სრულად შეესაბამება სინამდვილეს, და ვერ ხვდებიან, რომ მათ მიერ აღქმული «სინამდვილე» მხოლოდ და მხოლოდ მათივე წარმოსახვისა და პროეცირების შედეგია.

      სურათი, რომლის მეშვეობითაც შულც-ჰენკე ამასთან დაკავშირებით შიზოიდური პიროვნებების მსოფლშეგრძნებებს აღწერს, უფრო თვალნათლივ წარმოაჩენს ჩემ მიერ გამოთქმულ აზრს, რადგან მსგავსი სიტუაცია ალბათ ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ვსხედვართ და მეზობელ ლიანდაგზეც მატარებელი დგას; უეცრად ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ადგილიდან დაიძრება. რაკი თანამედროვე მატარებლები ყოველგვარი რყევისა და ბიძგების გარეშე, შეუმჩნევლად იწყებენ მოძრაობას, მათ გადაადგილებას მხოლოდ ოპტიკურად აღვიქვამთ; ამიტომ მანამდე ვერ ვახერხებთ გავარკვიოთ, თუ რომელი მოძრაობს იმ ორი მატარებლიდან, ვიდრე გარეთ, სივრცეში, რომელიმე უძრავ საგანთან მიმართებაში არ დავადგენთ, რომ ჩვენი მატარებელი ჯერ ისევ დგას, მეზობელი მატარებელი კი მოძრაობს, ანდა პირიქით.

      აღწერილი სურათი ნათლად წარმოაჩენს შიზოიდური პიროვნების შინაგან ბუნებას.

      ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, შიზოიდურ პიროვნებას გამძაფრებული აქვს საფრთხის შეგრძნების უნარი, ამიტომ მან ზუსტად არასოდეს იცის, მისი წარმოდგენები მხოლოდ თავად მასში არსებობს, თუ ისინი გარესამყაროს სურათებსაც ასახავს. ადამიანებთან და გარესამყაროსთან იშვიათი ურთიერთობის გამო, იგი მერყეობს საკუთარი განცდებისა და შთაბეჭდილებების შეფასებაში და არ არის დარწმუნებული, ისინი სინამდვილეს შეესაბამებიან, თუ მხოლოდ მის წარმოსახვას და შინაგან სამყაროს გამოხატავენ. შიზოიდურ პიროვნებას, მაგალითად, ვერ გაურკვევია, მას ვიღაც დაცინვით უყურებს, თუ ეს მხოლოდ ეჩვენება; ან შეუძლია იფიქროს, რომ ესა თუ ის პიროვნება დღეს განსაკუთრებით ცივად შეხვდა, და დაასკვნას, რომ იგი მის წინააღმდეგაა განწყობილი, რადგან საეჭვოდ იქცეოდა. შიზოიდურ პიროვნებას ასეთ შემთხვევებში ჰგონია, რომ რაღაც სჭირს და ყველაფერი წესრიგში არა აქვს, ამიტომ საკუთარ თავს ეკითხება – ადამიანები მას ნამდვილად უცნაურად უყურებენ, თუ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის შედეგია. ამგვარმა ეჭვებმა, შესაძლოა, მძიმე ფორმით იჩინოს თავი, რაც საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილი ფრთხილი უნდობლობით იწყება, მოგვიანებით კი ავადმყოფური წარმოსახვისა და აღქმის ფორმას იღებს. ამ დროს ადამიანი როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, ფაქტობრივად, იცვლება, თუმცა ამ ცვლილებებს თავად ვერ აცნობიერებს, რადგან სინამდვილეს ახლა მხოლოდ მის მიერ პროეცირებული სამყარო წარმოადგენს. ამგვარი ეჭვების ხანგრძლივად განცდა ალბათ ძალზე შემაწუხებელი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიზოიდური პიროვნება ადამიანებთან კონტაქტს გაურბის და თავის ეჭვებსა და შიშს ვერავის უზიარებს, რადგან გრძნობების განდობას გულითადი სიახლოვე სჭირდება. რაკი მას ასეთი სიახლოვე არავის მიმართ აქვს, ფიქრობს, რომ ვერ გაუგებენ, დასცინებენ და სულაც გიჟად შერაცხავენ.

      შემდგომში დავინახავთ, რომ შიზოიდური პიროვნებებისათვის დამახასიათებელი სრული უნდობლობისა და დაუცველობის შიში მათი იშვიათი ადამიანური კონტაქტების მიზეზს, მოგვიანებით კი – შედეგს წარმოადგენს. საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შიზოიდური პიროვნებები ისეთ ფუნქციებს და უნარ-ჩვევებს ივითარებენ, რომელთა საშუალებითაც სამყაროში უკეთესად შეძლებენ ორიენტაციას. აქ იგულისხმება: გრძნობადი აღქმა, შემმეცნებელი ინტელექტი, ცნობიერება და რაციონალურობა. ვინაიდან შიზოიდური პიროვნებები საერთოდ ეჭვის თვალით უყურებენ ემოციებისა და გრძნობების ყოველგვარ გამოვლინებას, ამიტომ მათ მიზანს გრძნობებს მოწყვეტილი, «წმინდა» შემეცნება წარმოადგენს, რომლის შედეგებიც მათ ნდობას იმსახურებს. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ შიზოიდები უმთავრესად ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებიან, რადგან ამ სფეროში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და სუბიექტური განცდებისგან თავისუფლდებიან.

      გონებრივი განვითარების საპირისპიროდ, ემოციური სფეროს განვითარება შიზოიდურ პიროვნებებში უკანა პლანზე გადაინაცვლებს, რადგან იგი პარტნიორთან ურთიერთობას მოითხოვს და დაკავშირებულია ემოციების გაცვლა-გამოცვლასთან. ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებებს ინტელექტი საშუალოზე მეტად აქვთ განვითარებული, თუმცა ემოციური განვითარების დონით საკმაოდ ჩამორჩებიან და ხანდახან უმწეობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ. სწორედ ამის შედეგია ადამიანური ურთიერთობების მიმართ აღძრული ძლიერი ეჭვი, რის გამოც გამუდმებით რთული ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ. შიზოიდურ პიროვნებებს იმდენად არ გააჩნიათ ზომიერების გრძნობა და ადამიანებთან დამოკიდებულების საჭირო თვისებები, რომ მათ თვით ყველაზე მარტივი ურთიერთობაც კი ხშირად პრობლემებს უქმნით. მოვიყვან ამის მაგალითს:

      სწავლის პერიოდში რეფერატის დაწერა დაევალა მავან სტუდენტს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა და ამპარტავნულადაც ეჭირა თავი, რითაც საკუთარი თავდაუჯერებლობის დამალვას ცდილობდა. მას აზრადაც არ მოსდიოდა, რომელიმე კოლეგისთვის მიემართა და გაეგო, როგორ შეიძლებოდა ამ საქმისთვის თავი მოება; ამიტომ იგი მარტოდმარტო იტანჯებოდა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მხოლოდ მას კი არა, საქმესაც ეხებოდა. ეს ადამიანი ფიქრობდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო საერთო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, გადაჭარბებული თვითშეფასებისა და არასრულფასოვნების განცდა ეუფლებოდა, და, ამ ორ გრძნობას შორის გამომწყვდეული, საკუთარ თავს ხან გენიოსად, ხანაც სრულიად ბანალურ და არასრულყოფილ პიროვნებად წარმოიდგენდა. გარდა ამისა, ის ვერ ახერხებდა საკუთარი რეფერატის სხვების ნამუშევრებთან შედარებას, რადგან ფიქრობდა, რომ ამით უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა და თანაკურსელების თვალში ღირსება შეელახებოდა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ ასეთი ურთიერთობა სტუდენტებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ის კი ამ დროს გაზვიადებულმა შიშმა შეიპყრო, რომელსაც სულ ადვილად დააღწევდა თავს, ამხანაგებთან ნორმალური ურთიერთობა რომ ჰქონოდა.

      მსგავსი სიტუაციები და ქმედებები ხშირად გვხვდება შიზოიდური ადამიანების ცხოვრებაში; ისინი დიდად უწყობენ ხელს ყოველდღიური, სრულიად მარტივი ვითარებების არაბუნებრივად გართულებას. შიზოიდები ვერ აცნობიერებენ, რომ სიძნელეებს ადამიანებთან მათი ურთიერთობის არასრულყოფილება იწვევს, და არა ის, რომ მათ რაღაც საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ.

შიზოიდური ადამიანი და სიყვარული

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიზოიდურ პიროვნებას განვითარების იმ პერიოდებში ექმნება ხოლმე პრობლემები, როდესაც საქმე ადამიანებთან ურთიერთობაზე მიდგება. ეს არის საბავშვო ბაღში და სკოლაში შესვლის პერიოდი, მოპირდაპირე სქესთან შეხვედრა, პარტნიორული თუ სხვა სახის ურთიერთობების დაწყება. რაკი შიზოიდურ პიროვნებაში ადამიანებთან ნებისმიერი სიახლოვე შიშს იწვევს, ის იძულებულია, მათთან დაახლოების დროს საკუთარ თავს უფრო დაკვირვებით მოეკიდოს; მაგალითად, მას იპყრობს შიში, რომ «ვინმეს არ შეუყვარდეს», რადგან ფიქრობს, ამით მის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება.

      თუ ბავშვს ადრეულ ასაკში უკვე უძნელდება ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, მშობლებისა და აღმზრდელების ვალია, დროულად გაიაზრონ, რომ ისინი შიზოიდური პრობლემის წინაშე დგანან, რომელსაც შეიძლება ჯერ კიდევ ეშველოს, ვიდრე იგი უფრო გაღრმავდება. ამგვარი სიტუაციაა მაშინ, როდესაც ბავშვი ბაღში ან კლასში ვერ ამყარებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, მათგან თავს გარიყულად გრძნობს და მას სხვებიც ასეთად აღიქვამენ; ანდა, როცა სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყმაწვილი გოგონებთან შეხვედრას თავს არიდებს, მათთან ურთიერთობას გაურბის, მთლიანად წიგნებშია ჩართული, განმარტოებას ცდილობს, რაღაცით ჩხირკედელაობს ან სხვა საქმით ერთობა; შესაძლოა, იგი ამ დროს მძიმე მსოფლმხედველობრივ კრიზისს განიცდიდეს და, სიცოცხლის არსზე დაფიქრებული, ვერ ბედავდეს თავისი ფიქრების ვინმესთვის გაზიარებას. ამგვარი საგანგაშო სიგნალების შემთხვევაში, მშობლებმა რჩევა-დარიგებისათვის აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ.

      შიზოიდური პიროვნებისათვის კიდევ უფრო პრობლემური აღმოჩნდება ხოლმე ის პერიოდი, როდესაც სქესობრივი მომწიფების დამთრგუნველი წლების შემდეგ, იგი ადამიანებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. სასიყვარულო ურთიერთობის შემთხვევაში საქმე ადამიანების სულიერ და ფიზიკურ სიახლოვეს ეხება და გამოდის, რომ ამ დროს ადამიანის «საკუთრივ არსებობას» და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება; ეს საფრთხე მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტად მიენდობა ადამიანი პარტნიორს; მაგრამ შიზოიდურ პიროვნებას გაცილებით დიდ საფრთხეს საკუთარი «თვითობის» შენარჩუნების მცდელობა უქმნის. აქედან გამომდინარე, სასიყვარულო შეხვედრების დროს ხშირად წამოიჭრება ის პრობლემები, რომლებიც აქამდე წყალქვეშა რიფებივით იყო სადღაც მიმალული, ახლა კი უკვე მათი გაცნობიერება ხდება.

      როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმ დროს, როდესაც იგი პარტნიორის მიმართ მტანჯველ ლტოლვას განიცდის, მასთან სიახლოვე სურს და სიყვარულის ნაზი გრძნობითაა შეპყრობილი? რა უნდა მოიმოქმედოს, რათა პარტნიორიც ამ ძლიერი სექსუალური ლტოლვის თანამონაწილე გახადოს? იმის გამო, რომ ახალგაზრდას ადამიანებთან ურთიერთობაში არ გააჩნია ზომიერების გრძნობა, რასაც ამ ასაკში გამოუცდელობაც ემატება, მისი სექსუალური ინტეგრაცია განსაკუთრებით მძიმე ფორმით მიმდინარეობს. შიზოიდურ პიროვნებას არა აქვს საკუთარი ქცევების რეალურად შეფასების უნარი. ამ დროისათვის იგი არ გამოირჩევა არც მიმზიდველობით და არც მაცდუნებელი თავდაუოკებლობით, რომ პარტნიორს ამ მხრივ დაანახოს თავი; მისთვის უცხოა სინაზისა და კეთილგანწყობის როგორც ვერბალური, ასევე ემოციური გამოვლინება, ამასთან იგი პარტნიორთან საკუთარი თავის იდენტიფიკაციასაც ვერ ახდენს.

      ის კონფლიქტი, რომელსაც, ერთი მხრივ, დამთრგუნველი სქესობრივი ლტოლვა და, მეორე მხრივ, პარტნიორთან სიახლოვის შიში წარმოქმნის, სხვადასხვა გზით შეიძლება მოგვარდეს. შიზოიდი ხშირად მხოლოდ ადვილად მისაღწევ ან «ცოდვიან» სექსუალურ ურთიერთობებს ეტანება, როდესაც მას შეუძლია სექსუალობა და საკუთარი ემოციები ერთმანეთისგან დაუყოვნებლივ გამიჯნოს. ამ დროს პარტნიორი მისთვის «სექსის ობიექტია», რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს; მაგრამ, რამდენადაც ამ პროცესში შიზოიდური პიროვნების ემოციური თანამონაწილეობა გამორიცხულია, ამდენად მისი პარტნიორული ურთიერთობებიც ადვილად იცვლება. ამრიგად, შიზოიდური ადამიანი თავს იცავს, რათა პარტნიორთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდეს, ამ საქმეში საკუთარი ემოციური უმწეობა და გამოუცდელობა არ გამოავლინოს და სიყვარულის საფრთხე თავიდან აიცილოს. შიზოიდური პიროვნება ამავე მიზეზით ცდილობს, უგულებელყოს პარტნიორის მხრივ გამოვლენილი ყოველგვარი კეთილგანწყობა, რომელიც მასში უხერხულობის გრძნობას იწვევს.

  • ერთ-ერთ «საქორწინო საშუამავლო» ფირმას მიაკითხა მავანმა მამაკაცმა და შეთავაზებულ ფოტოებს შორის იმ ქალის ფოტო შეარჩია, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოეწონა. მისი აზრით, ასეთი ქალი მას ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, ვინაიდან მისი შეყვარება გამორიცხული იყო.
  • მავანი ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა მამაკაცთან სექსზე, თუ წინასწარ იცოდა, რომ მას ამის შემდეგ ვეღარასოდეს შეხვდებოდა.
  • მავან ცოლიან კაცს «საიდუმლო» ბინა ჰქონდა იმავე ქალაქში, სადაც თავისი ოჯახით ცხოვრობდა. იგი დროდადრო დადიოდა ამ ბინაში და იქ იმდენ ხანს რჩებოდა, ვიდრე ოჯახში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებოდა; ეს კაცი ცდილობდა, შორს ყოფილიყო ოჯახისაგან, რათა ცოლ-შვილის პრეტენზიებს გარიდებოდა (ისინი კი, თავის მხრივ, სწორედ ამ «განმარტოების» გამო ცდილობდნენ მასზე ზემოქმედება მოეხდინათ და იგი ოჯახში დაებრუნებინათ, რითაც კიდევ უფრო უძლიერებდნენ იქიდან გაქცევის სურვილს).

      ამ მაგალითებიდან ჩანს: შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე «გამოიჭერს», მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ თავისი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროში, რომელიც მას იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე, იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან იცის, რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს. ბუნებრივია, ასეთი ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ისეთ პატნიორთანაა მხოლოდ შესაძლებელი, რომელსაც მეორე ადამიანის თანადგომა, დაცვა და მასთან სიახლოვე სჭირდება. ადამიანებთან ურთიერთობის შიშმა, შესაძლოა, შიზოიდური პიროვნება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მან პატარძალი საკურთხეველთან ან ქორწილის დროს მიატოვოს და გაიქცეს.

      ქალ-ვაჟი ერთმანეთს უკვე კარგახანია იცნობდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი არ აპირებდა ცოლქმრობის მარყუჟში თავის გაყოფას. ბოლოს და ბოლოს იგი დასთანხმდა ქალის დაჟინებულ თხოვნას – დანიშნულიყვნენ; ერთ დღეს საქორწინო ბეჭდებით მივიდა მასთან და ნიშნობა შედგა. საღამოს ახალგაზრდა კაცი დანიშნულს დაემშვიდობა და წავიდა. ქალის სახლიდან გამოსვლისთანავე საფოსტო ყუთში ჩააგდო წინასწარ მომზადებული წერილი, რომელშიც დანიშნულს აუწყებდა, რომ ნიშნობას აუქმებდა.

      მსგავს საქციელს შიზოიდური პიროვნებები არცთუ იშვიათად ჩადიან. ისინი ხშირად სწერენ ქალებს თბილ და იმედიან წერილებს, მაგრამ ახლო ურთიერთობების დროს უკან მიაქვთ თავიანთი სიტყვები და საკუთარ თავში იკეტებიან.

      სექსუალური და ემოციური სფეროების ზემოხსენებული გამიჯვნის გამო, შიზოიდურ პიროვნებებს ინსტინქტების სფეროც თითქმის გამიჯნული აქვთ. გარდა იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ «სექსის ობიექტად» აღიქვამენ, სასიყვარულო ურთიერთობა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციურ პროცესს წარმოადგენს; ამიტომ შიზოიდური პიროვნება არ ცნობს წინასასიყვარულო თამაშების სიამოვნებას და ეროტიკას, ანგარიშს არ უწევს პარტნიორის ნება-სურვილს, ემოციებს და ჯიქურ ცდილობს საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. პარტნიორის მიმართ «სინაზეს» იგი საპირისპირო, მახინჯი ფორმებით გამოხატავს და ამ დროს ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდება, რაც, სავარაუდოდ, პარტნიორში ემოციების გამოწვევების სურვილს უნდა უკავშირდებოდეს. სქესობრივი აქტის შემდეგ, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, პარტნიორი, რაც შეიძლება, სწრაფად მოიშოროს თავიდან. მისი ცნობილი სიტყვებია: «ამის შემდეგ (იგულისხმება სქესობრივი აქტი) მას სიამოვნებით მოვისროდი აქედან». ამით შიზოიდური პიროვნება შიშს იმ გრძნობებისა და პრეტენზიების გამო განიცდის, რაც შეიძლება პარტნიორ ქალს «ამის შემდეგ» გაუჩნდეს.

      სიტუაცია რთულდება, როდესაც შიზოიდი პიროვნება ცდილობს, სიყვარულისა და სიძულვილის საკუთარი ამბივალენტური განცდები პარტნიორზე გადაიტანოს. ამ დროს იგი შეპყრობილია ძლიერი ეჭვით, რომ პარტნიორს, შესაძლოა, იგი შეუყვარდეს; ამიტომ მას, სიყვარულთან დაკავშირებით, ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა დაკმაყოფილების შედეგად პარტნიორი მას ყოველგვარ ეჭვს გაუფანტავს. შიზოიდი პიროვნების ამგვარმა ქცევამ, შესაძლოა, ემოციური ან აშკარად გამოხატული სადიზმის სახეც კი მიიღოს და დესტრუქციულ ქმედებად იქცეს. იგი ამ დროს უგულებელყოფს პარტნიორის მხრივ კეთილგანწყობისა და სიყვარულის ყოველგვარ გამოვლინებას, აანალიზებს მის სიტყვებს და, ეშმაკეული ეჭვებით შეპყრობილი, ყველაფერში მხოლოდ პარტნიორის მზაკვრულ ჩანაფიქრს ხედავს. ამრიგად, შიზოიდი ადამიანი მიიჩნევს, რომ პარტნიორი, თავისი კეთილგანწყობით, საკუთარი არასუფთა სინდისის და დანაშაულებრივი გრძნობების შენიღბვას ცდილობს და ამით მის მოსყიდვას ისახავს მიზნად. «ამით რას გინდა მიაღწიო?» «ნუთუ სინდისი არ გაწუხებს?» – ასეთია ამ დროს შიზოიდის რეაქცია. ზოგადთეორიული და ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, ამ დროს შიზოიდს შეუძლია უამრავი მიზეზი გამონახოს ამგვარი ტენდენციური დასკვნების გამოსატანად. რომან «სიმშვიდის ბალიშში» ქრისტიანე როშფორი შესანიშნავად აღწერს ასეთ ურთიერთობას. განსაკუთრებით დამაჯერებელი და შთამბეჭდავია ის ადგილები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიიყვანს შიზოიდური პიროვნება შეყვარებულ ქალს წლების განმავლობაში სასოწარკვეთის ზღვართან.

      შიზოიდური პიროვნება, არც თუ იშვიათად, ცდილობს, საკუთარ თავშიც და პარტნიორშიც ცინიზმით ჩაახშოს სინაზის ყოველგვარი გამოვლინება, რათა მას «ხელში არ ჩაუვარდეს». ამ დროს, როდესაც პარტნიორი მის მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და სინაზეს განიცდის, შიზოიდი ცდილობს, თავისი საქციელით – დამცინავი გამომეტყველებითა და ირონიული სიტყვებით – მას შეურაცხყოფა მიაყენოს. მაგალითად, შეუძლია პარტნიორს უთხრას: «ერთგული ძაღლის თვალებით რატომ შემომყურებ?», «რომ იცოდე, ამ წუთში რა სასაცილო სანახავი ხარ!», ან «შეეშვი ამ სულელურ მოფერებას და ბოლოს და ბოლოს საქმეს მივხედოთ». ბუნებრივია, ამ დროს შიზოიდი პიროვნება პარტნიორში ანადგურებს სიყვარულის სტერეოტიპს, მაგრამ, თუ ამგვარი უჩვეულო ურთიერთობა მათ შორის მაინც გრძელდება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორსაც არაბუნებრივი სასიყვარულო მიდრეკილებები აქვს, ან მაზოხისტურ ტიპს წარმოადგენს; უნდა ვიფიქროთ, რომ მან თვითბრალდების, პარტნიორის დაკარგვის შიშით ან კიდევ სხვა მოტივით, უნდა აიტანოს ყველაფერი, ანდა მას ამგვარი წამება სულაც სიამოვნებას ანიჭებს. სხვა შემთხვევაში, ამ დროს პარტნიორმა წერტილი უნდა დაუსვას ასეთ ურთიერთობას, ან სიძულვილი მაინც უნდა იგრძნოს, რაც შიზოიდმა პარტნიორმა, შესაძლოა, საკუთარ გამარჯვებას მიაწეროს («აი, ახლა კი ბოლოს და ბოლოს გამოაჩინე შენი ნამდვილი სახე»). მაგრამ ამგვარი სიძულვილის გამოვლენა არ ხდება ხოლმე, რა უკიდურეს მდგომარეობამდეც უნდა მიიყვანოს შიზოიდმა პიროვნებამ პარტნიორი. სტრინდბერგი თავის ავტობიოგრაფიულ რომანებში შთამბეჭდავად აღწერს შიზოიდური პიროვნებების ტრაგიზმს, მათი განვითარების პროცესს და ცხოვრებისეულ სივრცეს (მაგ., რომანში «მოახლის ვაჟი»). რომანში «ღია ზღვასთან» მთავარ გმირს, აქსელ ბორგს, მწერალი ბრწყინვალედ აღწერს, როგორც შიზოიდურ ადამიანს, რომელშიც აშკარად იკვეთება ავტობიოგრაფიული მომენტები.

      თუ პარტნიორისადმი შიზოიდური პიროვნების გულგრილი დამოკიდებულება უკიდურეს ავადმყოფურ ფორმას მიიღებს, შესაძლოა, ძალადობამ იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მან პარტნიორი მოკლას და ამ დროს სიამოვნებაც კი განიცადოს. როდესაც შიზოიდს პარტნიორზე «გადააქვს» (როგორც ამას ფსიქოანალიზი უწოდებს) იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიძულვილისა და შურისძიების გრძნობა, რომლებსაც იგი ბავშვობაში ხვდებოდა, მაშინ მის პიროვნებაში არაინტეგრირებული, გახლეჩილი ინსტინქტები მეტად სახიფათო ხდება. თუ მას არ გააჩნია პარტნიორის შეგრძნების უნარი, და, ამასთან, ემოციებიც მოჩლუნგებული აქვს, მაშინ შიზოიდმა შეიძლება ყველანაირი დანაშაული ჩაიდინოს.

      შიზოიდები ცდილობენ თავად გადალახონ ის სიძნელეები, რომლებიც უკავშირდება პარტნიორთან ემოციური ურთიერთობის დამყარებას და, საერთოდ, პარტნიორის პოვნას. ასეთ შემთხვევებში შიზოიდური პიროვნებები, თვითდაკმაყოფილების მიზნით, პარტნიორად საკუთარ თავს ირჩევენ, ანდა, როგორც ეს ფეტიშიზმის დროს ხდება, «შემცვლელ ობიექტებზე» გადაერთვებიან; რა თქმა უნდა, აღნიშნული «ობიექტები» მათში სიყვარულის უნარს ვერ განავითარებენ, თუმცა ამგვარი სიყვარულის გაუკუღმართებული ფორმები მაინც გამოხატავს სიყვარულისკენ სწრაფვას და მისი ძიების მოთხოვნილებას.

      შიზოიდურ ადამიანებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით ინტელექტუალურ პიროვნებებს, რომლებიც, შეფერხებული სექსუალური განვითარების გამო, ინფანტილურ თვისებებს ავლენენ. ისინი სექსუალურ პარტნიორებად ხანდახან სქესობრივად მოუმწიფებელ ბავშვებს და მოზარდებს ირჩევენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება, ამიტომ ასეთი პარტნიორების მიმართ ნაკლებ შიშს განიცდიან და ფიქრობენ, რომ მათი ნდობა შეიძლება.

      შიზოიდურ პიროვნებაში დათრგუნული სიყვარულისა და ერთგულების მწველი სურვილი დროდადრო უკიდურესი ეჭვიანობის სახით ვლინდება, რაც, შესაძლოა, ეჭვიანობის მანიაში გადაიზარდოს. შიზოიდი ადამიანი გრძნობს, რომ თავისი ქცევებით საერთოდ არ ძალუძს სიყვარულის გამოხატვა და გუმანით ხვდება, რომ ამგვარი მწირი გრძნობების გამოვლენით ვერ შეძლებს პარტნიორის შენარჩუნებას; ამიტომ ყველაში მეტოქეს ხედავს და ხშირად სამართლიანადაც ფიქრობს, რომ სხვებს უფრო ძლიერად შეუძლიათ სიყვარული, რადგან საამისოდ მასზე მეტი უნარი გააჩნიათ.

      შიზოიდი პიროვნება პარტნიორის უწყინარ და სავსებით ბუნებრივ საქციელს ვერაგობად და მზაკვრობად აღიქვამს, რის საფუძველსაც, მისი აზრით, დემონური ზრახვები წარმოადგენს.

      ამგვარი განწყობა შიზოიდ პიროვნებას, შესაძლოა, მანიად ექცეს, რაც მასთან შემდგომ პარტნიორობას აუტანელს ხდის, ბოლოს კი ურთიერთობას საერთოდ ანადგურებს. ეს პროცესი იმ აკვიატებული სურვილის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც შიზოიდს თავად ტანჯავს, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. მისი სიყვარულის მოტივაცია შემდეგში მდგომარეობს: «რაკი არ არსებობს შანსი, რომ ვინმეს ვეყვარები, მაშინ, უმჯობესია, ჩემი ხელითვე გავანადგურო ის, რისი შენარჩუნებაც არ შემიძლია, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ტანჯული კი არა ვარ, ქმედითი ადამიანიც მქვია».

      შიზოიდი პიროვნების საქციელი, ალბათ, შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: სწორედ იმ დროს, როდესაც იგი სიყვარულისკენ მიილტვის და სურს, რომ ისიც უყვარდეთ, შიზოიდი ყველაზე ნაკლებად ავლენს სიყვარულის უნარს. თუ პარტნიორი ამის გამო ზურგს შეაქცევს, ეს მისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება; ის თავს უარესად იგრძნობდა, თუ პარტნიორის შენარჩუნებას ყველანაირად შეეცდებოდა, ის კი მაინც ზურგს შეაქცევდა. ამგვარი იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, შიზოიდური პიროვნება არცთუ იშვიათად იჭერს ხოლმე თადარიგს. ამასთან, მისი საქციელი ქვეცნობიერად პარტნიორის შემოწმებასაც გულისხმობს, როდესაც ამბობს: «თუ ჩემი ასეთი ქცევის მიუხედავად, მას მაინც ვეყვარები, ესე იგი ეს ნამდვილი სიყვარულია». ყოველივე ამის მიღმა იგრძნობა, როგორ უძნელდებათ შიზოიდებს იმის აღიარება, რომ სიყვარულს იმსახურებენ. ამ ადამიანებმა ექსტრემალურ სიტუაციებში, უნდობლობისა და ეჭვიანობის გამო, შესაძლოა, მკვლელობა ჩაიდინონ შემდეგი მოტივით: «თუ პარტნიორს არ ვუყვარვარ, მაშინ სხვაც ვერ გახდება მისი სიყვარულის ღირსი».

      შიზოიდურ პიროვნებებში ერთგულების წინაშე გაცნობიერებულ შიშს ადამიანებთან ურთიერთობის შიში განაპირობებს. ერთგულების სურვილი, რომელიც ასევე ყველა ჩვენგანს გააჩნია, შიზოიდურ ადამიანს დათრგუნული განწყობის გამო უჩნდება, და უძლიერებს წუხილს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მან «საკუთარი თავი მთლიანად ვინმეს უნდა დაუთმოს», ეს კი მისთვის საკუთარი «მე»-ს სხვისთვის გადაცემას და მის მიერ შთანთქმას ნიშნავს. ეს იწვევს პარტნიორის დემონიზირებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ შიშს და შიზოიდის მიერ ჩადენილ, ჩვეულებისამებრ, გაუგებარ საქციელს ჩვენთვის ასე თუ ისე გასაგებს ხდის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება იმ უეცარ სიძულვილს, რომელიც შიზოიდში ვინმე ძლიერი ადამიანის მიმართ ამ უკანასკნელის მხრივ წამოსულმა მუქარამ შეიძლება გამოიწვიოს. შიზოიდი ვერ აცნობიერებს, რომ სხვა ადამიანს ასეთ ძალას მხოლოდ მისი საკუთარი პროექცია ანიჭებს.

      შიზოიდური პიროვნება ძნელად ახერხებს ადამიანებთან ხანგრძლივ, ემოციურ ურთიერთობას. მას ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და ცვალებადი ურთიერთობებისაკენ აქვს მიდრეკილება. იგი მიიჩნევს, რომ ქორწინება, მთელი თავისი სტრუქტურით, ერთ-ერთი არასრულფასოვანი ინსტიტუციაა და მისი გაუქმება თავისთავად ხდება, როგორც კი ვეღარ აკმაყოფილებს ადამიანების მოთხოვნებს; ამიტომ ეს ინსტიტუცია ანგარიშს უნდა უწევდეს ამ მოთხოვნებს და, შესაბამისად, აკმაყოფილებდეს მათ.

      შიზოიდი ფიქრობს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ, პარტნიორებს შორის ღალატი გარდაუვალია. იგი საკუთარ თავისუფლებას ესწრაფვის და მზადაა, თავისუფლება პარტნიორსაც მიანიჭოს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თეორიული მოსაზრებაა და, რა თქმა უნდა, შიზოიდი ყოველთვის ვერ ახორციელებს მას ცხოვრებაში. იგი ხშირად გამოდის ქორწინების თეორეტიკოსისა და რეფორმატორის როლში. ასეა თუ ისე, მას ჰყოფნის გამბედაობა, არსებული კონცეფციებისა და ტრადიციების საწინააღმდეგო ცხოვრების სტილი დაიმკვიდროს და საკუთარი რწმენით იცხოვროს. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში შიზოიდური პიროვნება სხვა ადამიანებზე მეტ პატიოსნებასა და მოქალაქეობრივ სიმამაცესაც იჩენს. მას პარტნიორთან ხანდახან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს ხოლმე, მაგრამ მათი ლეგალიზაცია აშინებს; ამიტომ ეს ურთიერთობები ქორწინების გარეშე გრძელდება.

      თუ ადრეულ ასაკში დედის სიკვდილის ან მისი მხრივ იმედგაცრუების გამო, შიზოიდს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, იგი ხშირად კავშირს უფროსი ასაკის ქალებთან ამყარებს, რომლებიც მასში დედის ასოციაციას იწვევენ. ასეთ ქალებს შეუძლიათ მას სითბო და სიმშვიდე აგრძნობინონ, ისე რომ პრეტენზიები არ წაუყენონ. ეს ის კეთილგანწყობილი ქალები არიან, რომლებსაც ესმით შიზოიდის მდგომარეობა და მისგან არაფერს მოელიან ისეთს, რისი მოცემაც მას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ამ ქალებს უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ შიზოიდურ პიროვნებასთან, ვიდრე იგი ამას სხვა შემთხვევაში დაუშვებდა. იმ შიზოიდებს, რომლებსაც ღრმად დარღვეული აქვთ ფსიქიკა და თან ადრეული ცხოვრებისეული გამოცდილებებიც გააჩნიათ, ქალის მიმართ აშკარად გამოხატული სიძულვილისა და შურისძიების იმპულსი უვითარდებათ. რაკი ყველაფერი, რაც შიზოიდის ცხოვრებაში ქალთან იყო დაკავშირებული, მასში უნდობლობასა და საფრთხის შეგრძნებას იწვევდა, იგი პარტნიორად ხშირად თავისივე სქესის ადამიანს ან ისეთ ქალს ირჩევს, რომელიც მამაკაცური თვისებებით გამოირჩევა და ნაზი, მომხიბვლელი ქალივით არ გამოიყურება. ხშირად ეს დაძმურ ან მეგობრულ ურთიერთობებს მოგვაგონებს და მათ საერთო ინტერესები უფრო განაპირობებს, ვიდრე – ეროტიკული ლტოლვა. შიზოიდისთვის, ნებისმიერი ურთიერთობების დროს, აუტანელია ადამიანებთან ხანგრძლივი სიახლოვე. პარტნიორისაგან განცალკევებული საძინებელი ოთახი მისთვის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს, რასაც პარტნიორი ქალი გაგებით უნდა მოეკიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიზოიდი იძულებული გახდება, თავდაცვის მიზნით, მისგან საერთოდ შორს დაიჭიროს თავი.

      ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შიზოიდურ პიროვნებაში ძალიან რთულად მიმდინარეობს სასიყვარულო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი, რის მიზეზებსაც უფრო უკეთ მოგვიანებით შევიტყობთ. შიზოიდი საოცრად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. შიზოიდური პიროვნება საკუთარ გრძნობებს ძუნწად, მაგრამ დიდი მადლიერებით გამოხატავს, თუ პარტნიორი თავისი ყურადღებით და კეთილგანწყობით მას თავს არ მოაბეზრებს და მშობლიურ სითბოს და უსაფრთხოებას აგრძნობინებს. ვინც შიზოიდის გულის მოგებას მოახერხებს, შეუძლია მისი კეთილგანწყობის იმედი ჰქონდეს, თუმცა შიზოიდს ამის გამოხატვა და აღიარება არ შეუძლია.

შიზოიდური ადამიანი და აგრესია

      გადავწყვიტე, აქაც და შემდეგ თავებშიც, «სიძულვილის» ნაცვლად, აგრესიაზე ვილაპარაკო, რადგან სიძულვილი უმთავრესად აგრესიის სახით ვლინდება. ამიტომ მისი სხვადასხვა ფორმით აღწერა უფრო თვალნათლივ შეიძლება. შიში და აგრესია მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანში აგრესიას თავდაპირველად უკმაყოფილებისა და შიშის გრძნობა იწვევს, რომლის დროსაც «უკმაყოფილება» შიშისწინარე, არქაულ ფორმას უნდა წარმოადგენდეს. განვითრების ადრეულ საფეხურზე ადამიანი ვერ ახერხებს თავისი უკმაყოფილების გააზრებას და შიშის დაძლევას, ამიტომ სრულიად უმწეოა მათთან ბრძოლაში.

      ადამიანის განვითარების ადრეულ პერიოდში შიშს თავდაპირველად ისეთი ძლიერი ფრუსტრაციები იწვევს, როგორიცაა შიმშილი, სიცივე და ტკივილი; შემდეგ ამას ემატება ბიორიტმის დარღვევა, ცხოვრებისეულ სივრცეში ინტეგრაცია, გრძნობის ორგანოების მეტისმეტად გადატვირთვა და თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ადამიანი შეიგრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც მის არსებობას, სხვა ადამიანებთან სიახლოვეს ემუქრება და ცხოვრებისეულ სივრცეში მათ აქტიურ ჩარევას უკავშირდება. შიში თავდაპირველად ძლიერი უკმაყოფილების სახით გამოვლინდება; ბავშვისათვის კი შიში და აგრესია ჯერ კიდევ ემთხვევა ერთმანეთს და ერთდროულად იჩენს ხოლმე თავს. უკმაყოფილებისა და შიშის მიზეზები იმავდროულად აგრესიისა და გაბრაზების გამომწვევ ფაქტორებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

      როგორ შეუძლია ამ დროს პატარა ბავშვს, დაძლიოს შიშისა და უკმაყოფილების გრძნობა? თავდაპირველად იგი მხოლოდ უმწეოდ ბრაზობს და აღშფოთებას ჯერ ყვირილით, მერე კი ხელების ქნევითა და ფეხების ფართხალით გამოხატავს. ამ დროს იგი ცდილობს, მოტორულად განიმუხტოს და დაიცხროს სიბრაზე. ვინაიდან ადამიანის განვითარების ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს განსხვავება «მე»-სა და «შენ»-ს შორის, ამიტომ აგრესიის ამ სახით გამოხატვა სრულიად უმისამართოდ ხდება. ამგვარი აგრესია, უბრალოდ, ცუდი განწყობისა და უკმაყოფილების შედეგად გამოწვეული რეაქციაა და ამ განწყობისგან ორგანიზმის განმუხტვის მცდელობად წარმოგვიდგება. ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი აგრესიის არქაულ ფორმაზე, რომელიც მარტივად, სპონტანურად, გაუცნობიერებლად და ადამიანებთან მიმართების გარეშე გამოვლინდება; აქედან გამომდინარე, იგი ჯერაც გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს და თვითბრალდების გრძნობა არ გააჩნია, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება.

      არქაული შიში საოცარი ინტენსივობით გამოირჩევა, რადგან პატარა ბავშვი, სრული უმწეობის გამო, ამ შიშს განიცდის, როგორც საკუთარი არსებობის საფრთხეს და მუქარას. შესაბამისად, ამ დროს აგრესია და გაბრაზება ტოტალურად გამოვლინდება და ბავშვს ასეთ სიტუაციებში «მთლიანად სიბრაზე» ან «მთლიანად შიში» იპყრობს. გარდა ამისა, მას უჩნდება სურვილი, სათანადო რეაგირება მოახდინოს და, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდეს ამ შეგრძნებებისგან.

      სამყაროდან რეფლექტორული გაქცევა და მისგან თავის დაღწევა, ანდა, შიშთან და უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ზემოაღწერილი მძაფრი მოძრაობები სხვა ცოცხალ არსებებთანაც ასევე თავდაპირველი რეაქციის ორივე ფორმით გამოვლინდება; ესაა გაქცევა «საკუთარ თავში» და სიტუაციიდან გამორიდება, თვით «თავის მომკვდარუნების» რეფლექტორულ მცდელობამდე; ან გაქცევა «გარეთ», ქარიშხლისებრი მოძრაობა და თავდასხმა. მარტოსული, დაუცველი და უმწეო შიზოიდური ადამიანი საკუთარი არსებობისათვის საფრთხედ აღიქვამს რეალურ თუ ვითარს თავდასხმებსა და მუქარას და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი შესაბამისი რეაქციები ამ დროს მთლიანად არქაული წარმოშობისაა. ეს არის მყისიერი, გაუცნობიერებელი აგრესია, რომელიც მიმართულია მხოლოდ შიშისა და მისი გამომწვევი მიზეზების დაძლევაზე, საკუთარი განწყობის განმუხტვაზე, რასაც ზუსტად გამოხატავს ინგლისური გამოთქმა: «to get it out of one`s system». ადვილი წარმოსადგენია, რა სახიფათო შეიძლება გახდეს ეს არქაული, შიზოიდური აგრესიები იმ ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც ამ აგრესიის სათავეს ეგზისტენციალური საფრთხის გრძნობა წარმოადგენს და რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. აღნიშნულ აგრესიებს არავითარი ხელჩასაჭიდი, მყარი საფუძველი არ გააჩნია, მათი ინტეგრირება ადამიანის მთლიან პიროვნებაში არ ხდება და, ამდენად, ელემენტარული, მყისიერი და ინსტინქტური რეაქციის სახით გამოვლინდება. როგორც სექსუალობის საკითხის განხილვისას დავინახეთ, ამ ადამიანების აგრესიები და აფექტები ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, იზოლირებული, წმინდა ინსტინქტური რეაქციებია და არაა ჩართული ადამიანის ემოციური განცდების მთლიან სისტემაში; ვინაიდან მათ სამომავლოდაც არ გააჩნიათ გრძნობებისა და განცდების გამოვლინების უნარი, გამოდის, რომ მათი დამამუხრუჭებელი ძალა პრაქტიკულად არ არსებობს.

      ამრიგად, ასეთ შემთხვევებში აგრესია მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას წარმოადგენს, არ ექვემდებარება კონტროლს და ადამიანში თვითბრალდების გრძნობას არ ბადებს. გარდა ამისა, რაკი შიზოიდურ პიროვნებებს გარესამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობა არა აქვთ, ამიტომ უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ რა გავლენას ახდენს და როგორ მოქმედებს სხვებზე მათი აფექტები და აგრესიები; ისინი ფიქრობენ, რომ ამით «მხოლოდ და მხოლოდ» საკუთარი რეაქცია გამოხატეს. სხვა ადამიანი მათთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამიტომ მას ხშირად უხეშად, შეურაცხმყოფლად და აგდებულად ექცევიან, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებენ.

      ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ვიღაც ახალგაზრდა კაცმა პატარა ბიჭი მოკლა. როდესაც მკვლელს ჰკითხეს, რატომ ჩაიდინა ეს, მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თქვა: «ამის განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია; უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ეგ ბიჭი რაღაცნაირად ხელს მიშლიდა».

      ამრიგად, ცხოვრებას და საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანის აგრესიამ, რომლის საფუძველსაც სიძულვილისადმი მზაობა წარმოადგენს, შესაძლოა, სულ მცირე საბაბით იფეთქოს და სახიფათო სახე მიიღოს. ასეთი აგრესია საგანგებოდ გამოცალკევდება და უკიდურესად მწვავე ფორმით გამოვლინდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი არაინტეგრირებულ, სექსუალურ ინსტინქტს უკავშირდება. ამ ფაქტს საოცარი სიზუსტით აღწერს «იურგენ ბარჩის ავტოპორტრეტი».

      ამერიკელმა ფსიქიატრმა კინზელმა პატიმრებზე კვლევების ჩატარებისას შეიტყო, რომ აგრესიულ პატიმრებს (violent men) ორჯერ უფრო დიდი «დამცავი წრე» ჰქონდათ, ვიდრე არააგრესიულებს. აგრესიული პატიმრები (curcle protection, ჩვენ მათ შიზოიდებს მივაკუთვნებთ), როგორც კი დაინახავდნენ, რომ ამ უჩინარი, ვირტუალური, დამცავი წრის საზღვარი ვინმე უცხომ გადმოკვეთა, საშინელ პანიკაში ვარდებოდნენ და, გამძვინვარებულნი, თავდასხმაზე გადადიოდნენ. შიზოიდური მსოფლშეგრძნების შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს ერთ-ერთი პაციენტის სიტყვები: «როდესაც ჩემ მიერ დაწესებულ საზღვარზე გადმოდიან, სიძულვილის გრძნობა მიპყრობს». გავიხსენოთ ასევე კონრად ლორენცის მიერ აღწერილი მკვეთრი რეაქციები ცხოველებში, რომლებიც გააფთრებით ესხმიან თავს ყველას, ვინც მათი ტერიტორიის საზღვარს გადააბიჯებს (კონრად ლორენცი, «ეგრეთ წოდებული ბოროტება»). შიზოიდი პიროვნება თავს დაუცველად და გარიყულად გრძნობს და ამის გამო ადამიანების მიმართ უნდობლობას განიცდის, რის შედეგადაც იგი სხვასთან სიახლოვეს უყურებს როგორც საფრთხეს, რაზეც თავდაპირველად შიშით, შემდეგ კი აგრესიით უპასუხებს. შიზოიდი ადამიანების ეს უმთავრესი ცხოვრებისეული განცდა მათ ზოგიერთ, თითქოს ხშირად გაუგებარ, რეაქციას გასაგებს ხდის. არქაული, არაინტეგრირებული, გახლეჩილი აგრესია შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს და მაშინ შიზოიდი მისთვის აუტანელ ადამიანს, აბეზარი მწერივით, ერთი დარტყმით მოიშორებს თავიდან. როგორც ზოგადად ყოველგვარი განცდა, შესაძლოა, განდევნილი ინსტინქტების მსგავსად, აგრესიაც სახიფათო ფორმით გამოცალკევდეს და ასოციალურ, კრიმინალურ მოვლენად იქცეს.

      მაგრამ უნდა ითქვას, რომ შიზოიდური ადამიანები, ამგვარი ექსტრემალური შემთხვევების გარეშეც, ძნელად აკონტროლებენ საკუთარ აგრესიებს, რის გამოც უფრო მეტად მის გარშემო მყოფნი იტანჯებიან. თუ შიზოიდური პიროვნების აგრესია თავდაპირველად შიშისაგან თავდაცვის რეაქცია იყო, მერე და მერე იგი, შესაძლოა, აგრესიის ისეთ ფორმად გარდაისახოს, რომელიც შიზოიდურ პიროვნებას ნეტარებას აგრძნობინებს და სადიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინდება. მოულოდნელი, მყისიერი, შეურაცხმყოფელი უკმეხობა, სრული გულგრილობა, ზესთამჩენობა, ცინიზმი, კეთილმოსურნე და მტრული განწყობების წამიერი მონაცვლეობა აგრესიის გამოხატვის შესაძლებელ ფორმებს წარმოადგენს. შიზოიდის აგრესიას ამ შემთხვევაშიც არ გააჩნია სიტუაციის შესაფერისი თავდაჭერილობა, ზომიერება თუ ტაქტის გრძნობა. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ გარეშე თვალი ამჩნევს, რადგან თავად შიზოიდს მიაჩნია, რომ თავისი საქციელით სიტუაციას სრულიად ადეკვატურად აღიქვამს.

      შიზოიდური პიროვნებების აგრესიას, თავდაცვის გარდა, ხშირად სხვა ფუნქციაც აკისრია. სიტყვა ad-gredi, რომლის უძველესი მნიშვნელობა «ვინმესთან მისვლას ან მიახლოებას» გამოხატავდა, შიზოიდისთვის ხშირად სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარების ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აგრესია თვითგამოხატვის ის ერთადერთი ფორმა იყოს, რომელიც მოპირდაპირე სქესთან სიახლოვის წარუმატებელი მცდელობების შედეგია და აგრერიგად დამახასიათებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის. ამ დროს, შიზოიდის მსგავსად, ყველა ადამიანს უჩნდება შიშისა და სურვილის ნაზავი გრძნობა და ფარული განცდები. მოკრძალებული და მისთვის მიუწვდომელი სინაზის ნაცვლად, იგი აგრესიული ხდება იმის შიშით, რომ თავი არ შეირცხვინოს, და მზად არის უკან დასახევად. ამ დროს კი ისეთ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს განიცდის, როგორიცაა კეთილგანწყობა და ცინიზმი.

      შიზოიდურ პიროვნებებთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ, შესაძლოა, აგრესია მათი «თვითგამოხატვის» ფორმა იყოს. ისინი აგრესიულობას ძალიან იოლად ავლენენ, სამაგიეროდ, უჭირთ კეთილგანწყობისა და სხვა დადებითი გრძნობების გამოხატვა. შიზოიდებს ადამიანებთან ურთიერთობისას სიძნელეები იმის გამოც ექმნებათ, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა აქვთ დაკარგული. ფსიქოთერაპიული მკურნალობის შედეგები გვიჩვენებს, რომ, თუ მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოვიჩენთ, დროს დავუთმობთ და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევაში დავეხმარებით, შიზოიდური პიროვნებები ახერხებენ საკუთარი აგრესიის ინტეგრაციას და მათ ადეკვატურად მართვას სწავლობენ.

ცხოვრებისეული სივრცე

      როგორ უნდა მივუდგეთ შიზოიდური პიროვნების განვითარების საკითხს და როგორ ავხსნათ მასში სხვა ადამიანის წინაშე ერთგულების შიში, შესაბამისად, – თავდაცვის მიზნით, «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» დაუცხრომელი სურვილი?

      შიზოიდის გარეგნული მონაცემების საპირისპიროდ, მისი სულიერი წყობა ნაზ, მგრძნობიარე, მოწყვლად და ლაბილურ ხასიათზე მიგვანიშნებს. შიზოიდი პიროვნებისათვის თავდაცვის საშუალებას საკუთარ თავსა და გარესინამდვილეს შორის არსებული მანძილი წარმოადგენს, რადგან იგი ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს «კანგაცლილივით» შეიგრძნობს და მეტისმეტად «ხმაურიანად» აღიქვამს. ამრიგად, ამ მანძილის შენარჩუნება შიზოიდი პიროვნებისთვის უსაფრთხოებას, სხვა ადამიანების შემოტევებისა თუ თავდასხმებისაგან თავდაცვას ნიშნავს. იგი თავისი გუნება-განწყობითა და მიდრეკილებებით მეტისმეტად «კანგაცლილ» შთაბეჭდილებას ტოვებს და ღია სისტემას მოგვაგონებს, ამიტომაც სურს გაემიჯნოს ადამიანებს, რათა გამღიზიანებლების ნაკადმა არ წალეკოს.

      შიზოიდისათვის თავდაცვის საშუალებას ასევე ინტენსიური მოტორული, ექსპანსიური, აგრესიული და ინსტინქტური მიდრეკილებები და ადამიანებთან ურთიერთობის შეზღუდული უნარი თუ, საერთოდ, უუნარობა წარმოადგენს. ეს ის თვისებებია, რომელთა მიხედვითაც, ადრევე შეგვიძლია დავადგინოთ, ადამიანს რთული ფსიქიკური მდგომარეობა აქვს, თუ ფსიქიურად არის აშლილი. გამოცდილება ისევ და ისევ ცხადყოფს, რომ შიზოიდებს საზოგადოება არ იღებს და ურთიერთობაზე უარს ეუბნება; ამის გამო მათ უნდობლობა იპყრობთ და ადამიანებს განუდგებიან, რაც მათთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ტიპური ნიშან-თვისებაა.

      აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ შიზოიდური პიროვნებების ზემოხსენებული ფიზიკური მონაცემები, რომლებიც მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს შეადგენს, არამედ გარესამყაროსთან დაკავშირებული აშკარა ფიზიკური თუ სხვა სახის ფაქტორები; ამის გამო ბავშვს ადრევე უცრუვდება მშობლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, დედასთან და საკუთარ სურვილებთან მიმართებაში განცდილი მოლოდინები. ამგვარი იმედგაცრუება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ იმან, რომ ბავშვი დედისათვის არასასურველი სქესისა დაიბადა; ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვა ფსიქიკური თვისებებიც იყოს, რომელთა გამოც დედას უძნელდება შვილის მიმართ ესოდენ საჭირო კეთილგანწყობისა და სითბოს გამოვლენა. ეს ეხებათ მშობლებისთვის არასასურველ შვილებსაც.

      შიზოიდური ადამიანის განვითარების პროცესში მის გარეგნულ მხარეზე გარემოს რეაქციას ხშირად უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თავად შიზოიდის გუნება-განწყობას და მიდრეკილებებს. ამის უკეთ გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა დაბადებიდან პირველ კვირებში.

      სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, ბავშვი დაბადებიდან დიდხანს სავსებით უმწეოა და მთლიანად გარემოზეა მინდობილი. ადოლფ პორტმანი ადამიანს ამის გამო «დღენაკლულს», ანუ «დროზე ადრე დაბადებულს» უწოდებს.

      იმისათვის, რომ ბავშვი ნელ-ნელა ეზიაროს გარესამყაროს და «სხვა ადამიანის» პირველად აღქმა შეძლოს, უნდა იგრძნოს, რომ ეს სამყარო მას მიიღებს, მის ნდობას გამოიწვევს და იქ მისი ასაკის შესაფერის ადგილს მიუჩენს. ბავშვს უსაფრთხო, მზრუნველი გარემო და სათანადო ცხოვრების პირობები სჭირდება. მან უნდა გაიაროს აღსრულებულ მოთხოვნილებათა მისთვის განკუთვნილი ეს «სამოთხისეული ხანა» – მხოლოდ ამ დროს მოპოვებული ნდობის წყალობით შეძლებს იგი, თანდათანობით შეიგრძნოს სიცოცხლისადმი ერთგულება და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ მას გაანადგურებენ.

      საოცარია, მაგრამ ბავშვისათვის საჭირო ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა. ხშირ შემთხვევაში სათანადოდ ვერ ვახდენდით ვერც ახალშობილის თავისებურებებისა და აღქმის უნარის შეფასებას, ვერც იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მათზე გარემო. ამ თვალსაზრისით, მეტად შთამბეჭდავია შვეიცარიელი პედიატრის – შტირნიმანის მიერ ახალშობილებზე ჩატარებული კვლევები. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას მისი წიგნიდან «ახალშობილის ფსიქოლოგია»: «სავსებით სერიოზული ნაშრომების ავტორები… გამორიცხავენ, რომ ბავშვს დაბადებიდან ექვსი კვირის განმავლობაში ტკივილის შეგრძნება აქვს. მაგრამ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როდესაც ახალშობილებს ინექციებს უკეთებდნენ, ისინი მომდევნო ნემსის გაკეთების წინ, დეზინფიცირების დროს, უკვე ტირილს იწყებდნენ». შტირნიმანი ახალშობილთა მახსოვრობის შესახებ წერს: «…არსებობს დაბადებამდელი მეხსიერება. მორიგე ექთნების დაკვირვებით, ღამის ცვლაში მომუშავე ქალების შვილები ხშირად შუაღამემდე ვერ იძინებენ, მაგრამ ამ დროს არ ტირიან; ხაბაზი ქალების შვილები კი დღის 2 საათიდან 3 საათამდე მოუსვენრად არიან. იმის მიხედვით, დედა დღისით მუშაობს თუ ღამით, ბავშვი დაბადებამდე გამოიმუშავებს ჩვევებს რიტმულად მონაცვლე მოძრაობასა და სიმშვიდეს შორის».

      ამ სფეროში, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, მაგრამ, შტირნიმანის ამ და სხვა დაკვირვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად არ ექცეოდა სათანადო ყურადღება ახალშობილის ემოციურ თუ აღქმით შეგრძნებებს. დიდხანს მიაჩნდათ, რომ ახალშობილისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სავსებით საკმარისი იყო მზრუნველი მოვლა, კვება და ჰიგიენა. მხოლოდ ბავშვის ადრეული პერიოდის გულდასმით შესწავლის, ფროიდისა და მისი მოწაფეების ფსიქოანალიტიკური კვლევების შედეგად გაჩნდა ამ სფეროში სრულიად ახალი თვალსაზრისები, რასაც ადამიანის ქცევების შესწავლაც დაემატა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ცოდნას ბავშვის პირველ შთაბეჭდილებათა შესახებ; განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რომლებიც გამოვლინდა ბავშვის დაბადებიდან პირველ კვირების პერიოდში.

      ჯერ კიდევ გოეთე გამოთქვამდა მსგავს თვალსაზრისს (საუბარი კნებელთან, 1810), როდესაც ამბობდა: «ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ ძალიან უყურადღებოდ ვეკიდებით ბავშვის აღზრდას მისი განვითარების ადრეულ პერიოდში; არადა, სწორედ ამ დროს ყალიბდება ადამიანის ხასიათი და მთელი მისი მომავალი არსებობის წესი». მსგავს თვალსაზრისს ინტუიციის დონეზე მხოლოდ ერთეული ადამიანები გამოთქვამდნენ და აქედან საჭირო დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდებოდა.

      დღესდღეობით ვიცით, რომ ზემოხსენებული აუცილებელი მოვლა-პატრონობის გარდა, ბავშვს ადრეულ ასაკში სითბო, კეთილგანწყობა, სიმშვიდე და ცხოვრებისეული სივრცის გარკვეული სტაბილურობა სჭირდება, რათა იგი გარესამყაროს მიმართ კეთილად და ნდობით განეწყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ამ დროს დედის სხეულის სითბოსა და სინაზეს გრძნობდეს.

      თუ ბავშვი ცხოვრების ადრეულ პერიოდში ხედავს, რომ მის გარშემო სამყარო სასტიკი, არასაიმედო, და ძალადობრივია, იგი ითრგუნება და, ნდობის ნაცვლად, ამ სამყაროს მიმართ ნაადრევი და ღრმა უნდობლობით განეწყობა. მას მთელი სამყარო დაცარიელებული ეჩვენება, როდესაც დიდხნობით მარტო ტოვებენ. ამასთან, ბავშვზე შიზოიდურ გავლენას ახდენს ერთად თავმოყრილი გამღიზიანებლები და ურთიერთმონაცვლე შთაბეჭდილებები: გარესამყაროსთან შეხვედრით გამოწვეული შიშის შედეგად ბავშვი საკუთარ თავთან მარტო რჩება. რენე შპიცმა საბავშვო სახლის აღსაზრდელებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ იმ ბავშვებმა, რომლებიც დაბადებისშემდგომ პირველ კვირებში დიდხანს დარჩნენ უდედოდ, და, შესაბამისად, ძალიან ადრე მოაკლდათ დედობრივი სიყვარული, განვითარებისას მძიმე, თითქმის შეუქცევადი დარღვევები განიცადეს. პრესტიჟულ საბავშვო სახლში, სადაც 10 აღსაზრდელზე ერთი მომვლელი მოდიოდა, ბავშვებს საუკეთესო კვება და უნაკლო ჰიგიენური პირობები ჰქონდათ, ყველა ადრე მიტოვებულმა, განსაკუთრებული გამღიზიანებლების მიზეზით შიშით შეპყრობილმა ბავშვმა, სულ მცირე, ცალმხრივი შეფერხებები და მისი ასაკისათვის შეუსაბამო გონებრივი ჩამორჩენილობა და უმწიფრობა გამოავლინა; რაკი ამ ბავშვებს მათთვის საჭირო გარემოში არ უხდებოდათ ცხოვრება, ისინი თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელ შიშებს განიცდიდნენ.

      შიზოიდური დარღვევების გამომწვევ ადრეულ ნიშნებს ვხვდებით იმ ბავშვებშიც, რომლებიც მშობლებს თავიდანვე არ უყვარდათ, რაღაც მიზეზით არასასურველნი იყვნენ, ავადმყოფობის გამო დიდხნობით მარტო მოუხდათ ყოფნა ან დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ ეულად. იგივე შეიძლება ითქვას იმ ბავშვებზე, რომელთა დედებსაც არ უყვართ თავიანთი შვილები და გულგრილად ეკიდებიან მათ. ეს ეხებათ მეტისმეტად ახალგაზრდა დედებს, რომლებიც ჯერ მზად არ არიან დედობისთვის, ასევე ე.წ. «ოქროს გალიის ბავშვების» დედებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ხშირად გულცივ და უსულგულო «პერსონალს» გადააბარებენ ხოლმე, რადგან მათთვის «არ სცალიათ». აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის დედებიც, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მალევე იწყებენ მუშაობას და ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ.

      ამრიგად, დედის მხრივ მზრუნველობისა და კეთილგანწყობის ნაკლებობა დიდ გავლენას ახდენს შიზოიდური პიროვნების შემდგომ განვითარებაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ იმ დედების როლიც, რომლებიც თავისი გამაღიზიანებელი მოპყრობით ბავშვს მოსვენებას არ აძლევენ და მის მოთხოვნილებებს ვერ აცნობიერებენ. ამ საკითხს ნათელი რომ მოვფინოთ, მასზე, ალბათ, უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ.

      ბავშვის საწყისი ორიენტაციისათვის აუცილებელია, მისი გარემო გარკვეულწილად სტაბილური იყოს, რათა ბავშვი მას ნელ-ნელა დაუახლოვდეს და შეეჩვიოს, ვინაიდან ამ გარემოს მიმართ ნდობის მოპოვება მისი განვითარების საფუძველს შეადგენს. ბავშვს უჭირს ადამიანებთან ხშირ ურთიერთობათა მუდმივად ცვალებად გარემოებათა და შთაბეჭდილებათა გადამუშავება (მაგ., ის ვერ იტანს რადიოსა თუ ტელევიზორის განუწყვეტელ ხმაურს, ძილის წინ კაშკაშა შუქს, ხშირ, დამღლელ მოგზაურობებს და ა.შ.).

      შეშინებული და გაღიზიანებული ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, როდესაც დედა თითქოს მის არსებაში იჭრება, უგულებელყოფს მარტოდ დარჩენისა და სიმშვიდის მისეულ სურვილს და, ამასთანავე, მცირე დროს უთმობს მის აღზრდას; თუმცა ასეთი დედა იმავდოულად თავს არ ანებებს და თვალს არ აშორებს ბავშვს, ყველგან თან დაატარებს და საშუალებას არ აძლევს, საკუთარი იმპულსებით იცხოვროს. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ძალადობრივი გარემო, რომელიც ადრეულ ასაკში შიზოიდურად მოქმედებს ბავშვზე; ამ გარემოში მოხვედრილ ბავშვს მძიმე ხასიათის, გონებაშეზღუდული და უმწიფარი ადამიანების გვერდით უხდება ცხოვრება. ეს ადამიანები ბავშვს გამუდმებით დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებენ და იმ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ახვევენ თავს, რომლებსაც თავად ვერ უმკლავდებიან. ამის გამო ბავშვი ადრეულ ასაკშივე ცდილობს, შექმნილ სიტუაციებს მიესადაგოს და წინასწარ შეიგრძნოს ამ ადამიანების გუნება-განწყობა, რათა თავიდან აიცილოს უსიამოვნება და მისთვის შეურაცხმყოფელ გარემოებებს როგორმე დააღწიოს თავი.

      ამ დროს ბავშვი ხშირად იძულებულია, მშობლების როლი თავად იტვირთოს, რადგან მათ მხარდაჭერას ვერ გრძნობს და თან ხედავს, რომ ისინი საკუთარ თავსაც კი ვერ პატრონობენ. რა თქმა უნდა, ბავშვისათვის ეს მძიმე ტვირთია – მას ხომ მშობლების ფუნქციის შესრულება მაშინ უხდება, როცა პიროვნებად თავად ჯერ არ ჩამოყალიბებულა. იგი იძულებულია, გაგებით მოეკიდოს უფროსების საქციელს, მაგრამ ამასობაში საკუთარი თავის შეცნობას ვერ ახერხებს, რადგან ყველაფერზე ფიქრი თავად უწევს. მან შუამავლის როლი უნდა შეასრულოს, უნდა მიხვდეს უფროსების ყოველი სიტყვის მნიშვნელობას და მათი გული მოიგოს. ამრიგად, ბავშვი გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ, საკუთარი ცხოვრების ნაცვლად, სხვა ადამიანების ცხოვრებით იცხოვროს, სანაცვლოდ კი მხოლოდ წართმეული ბავშვობა და განუვითარებელი პიროვნება შერჩება ხელში; იგი კარგავს საკუთარი თავის რწმენას და ყოველთვის ექნება იმის შეგრძნება, რომ ფეხქვეშ ნიადაგი აქვს გამოცლილი.

      ამ სამყაროში ყოფნისას ადამიანი ცდილობს, მოუწყვლელი გახდეს ზიგფრიდის მსგავსად, რომელმაც სხეული გველეშაპის სისხლში განიბანა, რათა ქვეყნისათვის თავისი ჭრილობები დაემალა; მაგრამ ნაიარევი არ ქრება! მაინც როგორ შეუძლია ადამიანს, საკუთარი თავი მოუწყვლელი გახადოს? რა თქმა უნდა, თუ იგი გრძნობების სფეროში ვეღარაფერს შეცვლის, მაშინ მან «უჩინმაჩინის ქუდი» უნდა დაიხუროს, რათა ყველასთვის შეუმჩნეველი და უჩინარი გახდეს. ამით ადამიანი თავის წინ აღმართავს დამცავ კედელს, რომელშიც ვერავინ შეაღწევს და არავის ეცოდინება, რა ხდება მის მიღმა. მაგრამ რაკი კაცი გრძნობებს მაინც ვერსად გაექცევა, იგი ცდილობს მათი შეგნებულად, გამოზომილად მართვა ისწავლოს, იწყებს საკუთარი გრძნობების გააზრებას და შესწავლას, რათა საჭიროების შემთხვევაში გონივრულად გამოხატოს ისინი ან უარი თქვას მათზე. მაგრამ ის არასოდეს სპონტანურად არ მიენდობა ამ გრძნობებს, რადგან, შესაძლოა, ეს მისთვის სახიფათო გამოდგეს. როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდა პაციენტ ქალს მეგობარმა უთხრა, შენი მშობლები ჩემთან ჩივიან, რომ მათ ძალიან ცუდად ეპყრობი და მათდამი სიძულვილს ვერ მალავო, პაციენტმა მცირეოდენი ფიქრის შემდეგ მიუგო: «კი, ბატონო, მაშინ ამ ჩემს სიძულვილს გვერდზე გადავდებ». ამის შემდეგ მშობლებთან მისი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა და, ბოლოს, შეუძლებელი გახდა.

      აქვე უნდა დავძინოთ, რომ ჩვენ, მოზრდილ ადამიანებს, გრძნობების გამოხატვისას ამტანობის გარკვეული ზღვარი გაგვაჩნია. ცნობილია, ზოგიერთ ქვეყანაში რა მეთოდებით დაჰკითხავენ ხოლმე პატიმრებს: მათ დიდხანს ამყოფებენ საშინელ ხმაურში, მკვეთრი სინათლის ზემოქმედების ქვეშ ან უეცრად წამოაგდებენ მძინარეს, რაც ადამიანს სულიერად ანადგურებს; სიბნელეში დიდხანს მარტოდ ყოფნამ, შესაძლოა, მასზე საშინელი გავლენა მოახდინოს.

      რა თქმა უნდა, პატარა ბავშვის ამტანობის ზღვარი ბევრად უფრო მყიფეა. აქედან გამომდინარე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი ძუძუთი იკვებება თუ ხელოვნურად. დედის მუდმივი ყურადღება და ის სიხარული, რომელსაც ძუძუთი კვება დედა-შვილში იწვევს, ბავშვს საშუალებას აძლევს, ნელ-ნელა შეიცნოს დედის პიროვნება, რომელიც რუდუნებით ზრუნავს მასზე და ყველა სურვილს უსრულებს. ამ დროს ბავშვს, საერთოდ, ადამიანის მიმართ აღეძვრება იმედის, მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა. როდესაც ე.წ. «ბოთლით გამოსაკვები ბავშვის» გარშემო გამუდმებით ირევიან ადამიანები და თან ყველა მათგანს მისდამი თავისი, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ამან, შესაძლოა, სულ ცოტა, გაართულოს ბავშვის განვითარების პროცესი, რადგან ამ დროს ბავშვი გარესამყაროს აღქმას სწავლობს და მას, ახალშობილის მსგავსად, ერთ კაცთანაც კი უჭირს ურთიერთობა. როდესაც შიზოიდის ჩამოყალიბების გადამწყვეტ მიზეზად ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა ვაღიარეთ, ამაში, შესაძლოა, დედა-შვილს შორის ზემოხსენებული შინაგანი სითბოს არარსებობასაც მიუძღოდეს ბრალი.

      ასეა თუ ისე, ჩვენ მიერ აღწერილ წინააღმდეგობათა დასაძლევად ბავშვი იძულებულია, გარესამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში თავი დაიცვას, ან ამ ბრძოლაში იმედგაცრუებული დარჩეს. თუ თავის გარშემო შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობს, ბავშვი თავის თავთან იწყებს ურთიერთობას, მაგრამ საკუთარი «მე»-სკენ გადადგმული ამ ნაბიჯით ვერ ჩაანაცვლებს სხვა ადამიანთან ურთიერთობას. თუ იგი განვითარების შემდგომ პერიოდში ვერ შეძლებს ამ მდგომარეობის გამოსწორებას, ზემოაღნიშნული გადახრების შედეგად ბავშვი ეგოცენტრიზმში გადავარდება, რაც საკუთარ თავთან დამოუკიდებლად ურთიერთობის სურვილის სახით გამოვლინდება.

      ასე გამოიყურება ზოგადად გარესამყაროს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების შიზოიდური თვისებების განვითარებას. აქ შეიძლება მხოლოდ დავძინოთ, რომ იმ თაობისთვის, რომლის ადრეული ბავშვობაც ომის პერიოდს დაემთხვა, ზემოაღწერილ გარესამყაროდ სწორედ ომი იქცა (დაბადებისშემდგომი პირველი მოუსვენარი კვირები, ღამის დაბომბვები, ლტოლვილობა, ოჯახთან დაშორება, დაკარგული სამშობლო და ა.შ.). შიზოიდური ნიშნები თავს ჭარბად სწორედ ამ თაობაში იჩენს. ეს ადამიანები უარს ამბობენ ოჯახურ ურთიერთობებზე, ქმნიან საკუთარ დაჯგუფებებს და აწყობენ მასობრივ შეკრებებს, რომლის დროსაც თავს ამ ღონისძიებების თანამონაწილედ მიიჩნევენ, მაგრამ იმავდროულად ანონიმურნი რჩებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რაც დაკავშირებულია ე.წ. «ნინველების პრობლემასთან». აღნიშნული პრობლემა იმ დროისთვის წამოიჭრა, როდესაც ამ თაობის ბიჭებს სქესობრივი მომწიფების პერიოდი დაუდგათ და ამ ასაკისთვის დამახასიათებელ სიძნელეთა გადალახვა მათგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

      აქვე შეიძლება მივუთითოთ თანამედროვე ხელოვნების იმ ნიშან-თვისებაზე, რომელსაც «ცენტრის დაკარგვას» უწოდებენ. როგორც ამბობენ, იმ ორკესტრების მუსიკოსები, რომლებსაც უმთავრესად თანამედროვე მუსიკის შესრულება უხდებათ, ფურმაისტერისა და ვიზენჰიუტერის («მეტამუსიკა») ნაწარმოებების შესრულების შემდეგ თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობენ.

      შიზოიდურ გავლენას დასავლეთის ადამიანზე მთლიანად მისი გარემოსამყაროც ახდენს, რომელიც სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება. ცხოვრების კომფორტული პირობების მიუხედავად, ადამიანი მზარდი შიშით, უიმედოდ უყურებს გარესამყაროს იმ უამრავი გამღიზიანებელი ფაქტორის გამო, რომელთა თავიდან აცილება არ ძალუძს. მას გამუდმებით თან დასდევს მოსალოდნელი საშინელი ომის აჩრდილი და იმის შეგნება, რომ ადამიანს საკუთარი თავის განადგურება შეუძლია; ტექნიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფი განვითარება ხიფათს უქმნის გარესამყაროს; ამის გამო ადამიანი განიცდის იმ ეგზისტენციალურ შიშს, შიზოიდური სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რომ აღვწერეთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ გრძნობას უკავშირდება ადამიანის გატაცება იოგათი და მედიტაციური ვარჯიშებით. საკუთარ შინაგან სამყაროსთან დაბრუნების აშკარა მოთხოვნილებით შეიძლება ავხსნათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტიც. «ჰიპები» და სხვა მეამბოხე ახალგაზრდული ჯგუფები შეგნებულად აცხადებენ პროტესტს ტექნიკისა და ცივილიზაციის მიღწევების მიმართ, რომელთა განუყოფელ ბატონობასაც ყოველი ჩვენგანი სულ უფრო ეჭვის თვალით უყურებს. ტექნიკა, რომელიც ბუნებაზე, დროსა და სივრცეზე გაბატონებას ცდილობს, ასევე ცხოვრების ის პირობები, რომლებშიც ჩვენი არსებობისათვის ბრძოლას ვაწარმოებთ, გადაგვარებით ემუქრება ჩვენს სულიერებას, ეს კი საფუძველს გვაძლევს, ვილაპარაკოთ დასავლეთის საზოგადოებაში მიმდინარე შიზოიდურ პროცესებზე.

      ამრიგად, ადამიანის შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზი ადრეულ ბავშვობაში განცდილი უსაფრთხოების დეფიციტია, რამდენადაც ის ასევე გარესამყაროს გავლენებს უკავშირდება. ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე მუცლადყოფნის პირობები, თუმცა მათი გავლენა აშკარაა. მაგალითად, შირნიმანი ზემოხსენებულ წიგნში ასაბუთებს, რომ ბავშვს დაბადებამდე გააჩნია სმენის უნარი. როდესაც ფეხმძიმე ქალი რენტგენის აპარატის ეკრანთან დააყენეს და მანქანის სიგნალიზაცია ჩართეს, ეკრანზე გამოჩნდა, როგორ შეკრთა ბავშვი ამ ხმის გაგონებაზე. დედის დამოკიდებულება ფეხმძიმობისა და ბავშვის მიმართ, შესაძლოა, გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვს დაუცველობის შეგრძნება მუცლადყოფნის პერიოდშივე გაუჩნდეს; ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დედა იმედიანი და სასიხარულო მოლოდინის ნაცვლად, მომავალი შვილის მიმართ რაღაც მიზეზით უარყოფითად ან სიძულვილით განეწყობა.

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button