გარემოს გავლენა პრენატალურ განვითარებაზე
ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე ძალიან ბევრ ფაქტორს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. მშობელს კი ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ნაყოფის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
ტერატოგენი და ტერატოლოგია
ტერატოლოგია (TERAS ბერძ. – სიმახინჯე) არის მეცნიერება განვითარების ანომალიებზე.
ტერატოგენი არის ფაქტორი, რომელიც არღვევს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
ტერატოგენებით გამოწვეული ზიანი საკმაოდ რთული ბუნებისაა და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ესენია:
დოზა: რაც მეტია ტერატოგენის დოზა და მოქმედების ხანგრძლივობა, მით მეტია ზიანი.
მემკვიდრეობა: მნიშვნელოვანია დედის და განვითარებადი ორგანიზმის გენოტიპი.
სხვა ნეგატიური ფაქტორები: ერთდროულად რამოდენიმე ნეგატიური ფაქტორმა, როგორიცაა – არასრულფასოვანი კვება, არასათანადო სამედიცინო ჩარევა, პლუს ტერატოგენებმა, შეიძლება გააძლიეროს მავნე ფაქტორის ზემოქნედება. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ახალშობილის მცირე წონა დაბადებისას (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვანი კვებით) კორელაციაშია, მოზრდილობის ასაკში ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა – გულის დაავადებები, ინსულტი და დიაბეტი.
ინგლისელმა მეცნიერებმა 15 000 ქალისა და მამაკაცის დაბადებისას მცირე წონასა და შუა ხანში გამოვლენილ დაავადებათა შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს. 2.5 კილოგრამზე ნაკლები წონით დაბადებულებს გულის დაავადებით და ინსულტით დაღუპვის 50%-ით მეტი ალბათობა ჰქონდათ. კავშირი გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებსა და დაბადებისას მცირე წონას შორის ძალიან მაღალი აღმოჩნდა.
ასევე რისკ-ფაქტორია დაბადებისას დიდი წონა.
ასაკი: ტერატოგენების მოქმედების ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმის ასაკზე.
ამ ბოლო ფაქტორს კარგად გავიგებთ, თუ გავიხსენებთ სენზიტიური პერიოდის ცნებას.
სენზიტიური პერიოდი არის განსაზღვრული ინტერვალი, რომლის დროსაც სხეულის ნაწილი ან ქცევა ბიოლოგიურად მომზადებულია სწრაფი განვითარებისთვის. ამ დროს ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს ზემოქმედების მიმართ.
თითოეულ ორგანოს და სტრუქტურას აქვს თავისი განვითარების სენზიტიური პერიოდი, რომლის დროსაც ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ (ამ პერიოდს კრიტიკულსაც უწოდებენ).
განვიხილოთ პრენატალური განვითარების თითოეულ პერიოდში როგორ მოქმედებს ტერატოგენები.
ზიგოტის პერიოდი: იმპლატანციამდე ტერატოგენები იშვიათად ახდენენ ზეგავლენას, ხოლო თუ ეს მოხდა, უჯრედების მცირე მასა იმდენად ზიანდება, რომ იღუპება.
ემბრიონის პერიოდი: სერიოზული დეფექტების ყველაზე დიდი ალბათობა სწორედ ამ პერიოდშია, რადგან ამ დროს მთელს სხეულს ეყრება საფუძველი. ამიტომ ყველაზე მეტად საფრთხილო პერიოდი ორსულობის დროს სწორედ ეს პერიოდია (მეორე კვირიან მერვე კვირის ჩათვლით)
ნაყოფის პერიოდი: მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი შედარებით ნაკლებად სენზიტიურია წინა პერიოდთან შედარებით, ისეთი ორგანოების განვითარება, როგორიცაა – ტვინი, თვალები, გენიტალიები შეიძლება ძლიერ დაზიანდეს, რადგან მათი ფორმირება ამ პერიოდშიც გრძელდება.
განსხვავებულია ტერატოგენებით გამოწვეული დაზიანებები. იგი მარტო ფიზიკური დაზიანებით არ შემოიფარგლება. ზოგი დეფექტი იმდენად უხილავია, რომ დიდი ხნის შემდეგ ხდება შესამჩნევი, რაც სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებაში შეფერხებით ვლინდება.
მედიკამენტები
1960 წელს მსოფლიომ მწარე გაკვეთილი მიიღო მედიკამენტებისა და პრენატალური განსაკუთრების შესახებ. პრეპარატი თალიდომიდი, რომელიც ძალზე გავრცელებული იყო კანადაში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში, ერთ-ერთი მწვავედ მომქმედი ტერატოგენი აღმოჩნდა. კვლევებით დადასტურდა, რომ თუ ფეხმძიმე ქალები თალიდომიდს ორსულობის მე-4, მე-6 კვირეებში იღებდნენ, ეს იწვევდა ემბრიონის ხელებისა და ფეხების დეფორმაციას. შედარებით იშვიათად აზიანებდა გულს, თირკმლებს და გენიტალიებს. უკვე მოზრდილ ასაკში კი აღენიშნებოდათ საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი.
ერთ-ერთი მედიკამენტი დიეთილსტილბესტროლი ასევე ძლიერ მომქმედი ტერატოგენი აღმოჩნდა. იგი ფართოდ გამოიყენებოდა მუცლის მოშლის თავიდან აცილების მიზნით. მოწიფულობის ასაკს მიღწეულ ქალიშვილებს, რომელთა დედებს ეს წამალი ჰქონდათ მიღებული საშვილოსნოს ყელის კიბოს, საშვილოსნოს სიმახინჯეების და უშვილობის ჩვეულებრივზე მაღალი მაჩვენებლები აღენიშნებოდათ. ხშირად მათი ორსულობა მუცლის მოშლით მთავრდებოდა. ამ დედათა ვაჟებში კი გენიტალიების ანომალიებისა და სათესლეების კიბოს რისკი იზრდებოდა.
ასპირინი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული წამალია. თუმცა, ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ასპირინის რეგულარული მოხმარება ჩვილთა მცირეწონიანობის, სუსტი მოტორული განვითარების, ახალშობილთა დაღუპვის და ასევე ადრეულ ბავშობაში ინტელექტის დაბალი კოეფიციენტის მიზეზია. თუმცა, ამის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, რომ ასეთ სერიოზულ აღმოჩენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რთულია განვითარების შეფერხების ზუსტი მიზეზის განსაზღვრა. ხშირად, ორსული დედები ერთზე მეტ წამალს ღებულობენ, იქნებ წამალთან ერთად სხვა ფაქტორი მოქმედებს. ამიტომ, სანამ არ იქნება გარკვეული, თუ რა ფაქტორები მოქმედებენ და იწვევენ შეფერხებას პრენატალურ განვითარებაში, იძლევიან რეკომენდაციას, რომ ქალბატონებმა თავი შეიკავონ ორსულობის პერიოდში რისკშემცველი წამლების მიღებისაგან.
ყავა, ჩაი, კაკაო, კოლა – შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს. დიდი დოზით, რეგულარულად (დღეში 3 ჭიქაზე მეტი ყავა) კოფეინის მიღება იწვევს: ახალშობილის მცირე წონას, გარიყულობას, გაღიზიანებადობას.
ნარკოტიკული ნივთიერებები
გარდა იმ მედიკამენტებისა, რომელსაც უკვე შევეხეთ, არსებობს ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც ასევე ძლიერმომქმედი ტერატოგენებია. მათ ბავშვებს, ვინც ჰეროინს, მეტადონს და კოკაინს მოიხმარენ, მრავალი საფრთხე ემუქრებათ – მცირეწონიანობის, უდღეურობის, ფიზიკური დეფექტების, სუნთქვის პრობლემების და ნაადრევად დაღუპვის ჩათვლით. ამას გარდა ეს ჩვილები ნარკოტიკზე დამოკიდებული იბადებიან. ასეთი ბავშვები მოუსვენრები, ნერვიულები და ძნელადაღსაზრდელები არიან. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ბავშვების მშობლები გამოირჩევიან უყურადღებობით შვილების მიმართ, მოზრდილ ასაკში მათ სხვა ქცევითი პრობლემებიც ექმნებათ.
რამდენიმე მკვლევარი მარიხუანას პრენატალურ ზემოქმედებას უკავშირებს მის შორეულ შედეგებს. კერძოდ, ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ მოზარდობის ასაკში პრობლემათა გადაჭრის უუნარობა, ყურადღების და მეხსიერების პრობლემები, ხოლო ჩვილებს თავის მომცრო ზომა (ტვინი ზრდის
თამბაქო. თამბაქოს მოხმარება ყველაზე დიდი პრობლემაა. ორსულობის დროს მოწევის ყველაზე გავრცელებული დარღვევა ახალშობილის მცირეწონიანობაა. თუ ორსული დედა მესამე ტრიმესტრში მაინც შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაძლო პრობლემების ალბათობას. მწეველი დედების ბავშვებისთვის დამახასიათებელიაა: ასთმა და კიბო ბავშვობის ასაკში, გულის ცემისა და სუნთქვის დარღვევები. ხშირია ახალშობილის დაღუპვა. მაშინაც კი, თუ მწეველი დედის შვილი დაბადებისას კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, მათ შემდგომში შეიძლება აღენიშნებოდეთ – მაღალი აღგზნებადობა; მუცლის კოლიკა, რასაც ხანგრძლივი ტირილი ახლავს (ეს მიუთითებს თავის ტვინის განვითარების ფარულ უარყოფით ეფექტზე); ყურადღების კონცენტრაციის ცუდი უნარი; სუსტი მეხსიერება; დაბალი ინტელექტი და ქცევითი პრობლემები ბავშვობასა და მოზრდილობაში.
ალკოჰოლი. ალკოჰოლი ასევე ძალიან ძლიერ მომქმედი ტერატოგენია. ერთი მხრივ, იგი ხელს უშლის უჯრედების დაყოფას და მეორე მხრივ, ალკოჰოლის ასათვისებლად ორგანიზმი დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარს. ალკოჰოლის გადამუშავებას ხმარდება ის ჟანგბადი, რომელიც ნაყოფს უჯრედების განვითარებისათვის სჭირდება. ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება იწვევს “ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადებას”.
ამ სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის დამახასიათებელია: გონებრივი ჩამორჩენა; მოტორული კოორდინაციის, ყურადღების, მეხსიერების და მეტყველების შეფერხება; ჰიპერაქტიობა. მათ ასევე გამოკვეთილი ფიზიკური სიმპტომები ახასიათებთ – ნელი ფიზიკური ზრდა; ფართოდ დასმული თვალები; ვიწრო ქუთუთოები; პატარა, ზემოთ აწეული ცხვირი; თხელი ზედა ტუჩი; პატარა თავი (რაც ტვინი განუვითარებლობის მაჩვენებელია).
ეს სინდრომი, ასევე იმ ბავშვებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომელთა დედები მცირე რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარდა. თუმცა ამ ბავშვებს ანომალიის მცირე ნაწილი აღენიშნებოდა. ცალკეული დეფექტები დამოკიდებულია ალკოჰოლის მოხმარების პერიოდსა და ხანგრძლივობაზე. უცნობია, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლი იწვევს აღნიშნულ დარღვევას. მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს „ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი“.
გარემოს დაბინძურება
ქიმიკატები. სამწუხაროდ არსებობს ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელსაც ორსული დედა ვერ გააკონტროლებს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით, სამრეწველო ქვეყნებში გარემოში ძალიან ბევრი საშიში ქიმიკატი ხვდება. მათ შორის ვერცხლის წყალი (მერკური) და ტყვია ყველაზე ძლიერმომქმედი ტერატოგენია. კვლევები ადასტურებენ, რომ იმ ქალაქებში, სადაც ჰაერში ქარხნებიდან დიდი რაოდენობით ვერცხლის წყალი ხვდება ახალშობილებს აღენიშნებათ – მცირე წონა დაბადებისას, გონებრივი ჩამორჩენა, მეტყველების პრობლემები, ფიზიკური დეფექტები. ვერცხლის წყალი ხელს უშლის პრენატალურ პერიოდში ნეირონების წარმოქმნასა და გადაადგილებას, ამიტომ იწვევს თავის ტვინის ძლიერ დაზიანებას.
ტყვიის ზემოქმედება (გამოიყენება საღებავებში და მრეწველობაში) უკავშირდება ნაადრევ მშობიარობასა, დაბალ კოგნიტურ შესაძლებლობებს და მრავალ სხვადასხვა ფიზიკურ დეფექტს. შეიძლება სულ მცირე ზემოქმედებამაც კი გამოიწვიოს ბავშვის მოტორული განვითარების პრობლემები.
რადიაცია. რადიაციას შეუძლია დნმ-ის მუტაციის გამოწვევა. განსაკუთრებით მძიმე მაგალითი მიიღო მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დაიბომბა ხიროსიმა და ნაგასაკი. ბავშვთა ანომალიები გამოვლინდა 1986 წელს უკრაინაში ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების შედეგადაც. ორივე დასახელებული კატასტროფის შემდეგ გაიზარდა ქალებში მუცლის მოშლის შემთხვევები და გამოვლინდა ახალშობილთა სხვადასხვა ფიზიკური დეფექტები.
ინფექციური დაავადებები
დაავადებათა უმრავლესობა (მაგალითად, გაცივება) არ მოქმედებს ემბრიონისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა – ჩუტყვავილა, ყბაყურა, წითურა, ჰერპესი, ტუბერკულიოზი, მალარია, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მზარდ ორგანიზმს.
წითურა. წითურას ვირუსი განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ემბრიონს. ბავშვების 50%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში დაავადნენ, აღენიშნებათ – თვალის კატარაქტა; სმენის, გულის, გენიტალიების, საშარდე გზების და ნაწლავური ანომალიები. ნაყოფად ყოფნის პერიოდში წითურა ნაკლებად საშიშია, თუმცა შესაძლებელია – მცირეწონიანობა, სმენის დაქვეითება და ძვლის დეფექტები.
შიდსი. შიდსის ვირუსით დაავადებული ჩვილისთვის დამახასიათებელია 6 თვის ასაკში წონის მკვეთრი კლება, კუჭის აშლილობა, სუნთქვის პრობლემები და ტვინის დაზიანება. პრენატალურ პერიოდში შიდსით დაინფიცირების შედეგად, ბავშვთა უმეტესობა სიმპტომების გამოჩენიდან 5-8 თვე ცოცხლობს. ანტივირუსული წამალი ზიდოვუდინი პრენატალურ პერიოდში შიდსით დაინფიცირების შემთხვევათა 95%-ს ამცირებს.
ჰერპესი. განვითარებადი ორგანიზმი განსაკუთრების მგრძნობიარეა ჰერპესის ოჯახის ვირუსების მიმართ, რომელთა საწინააღმდეგოთ არანაირი მკურნალობა არ არსებობს.
დედისეული ფაქტორები
ტერატოგენების გარდა, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე გავლენას ახდენს – დედის ვარჯიში, კვება , ემოციური მდგომარეობა და ასაკი.
ვარჯიში. თუ ორსული ქალი ზომიერად ვარჯიშობს (სეირნობს, ცურავს, დადის ველოსიპედით), ეს პოზიტიურად მოქმედებს მზარდი ორგანიზმის განვითარებაზე. თუმცა ხშირი და ენერგიული ვარჯიში, შეიძლება ბავშვის მცირე წონის მიზეზი გახდეს. ბოლო ტრიმესტრში დედამ უმეტეს შემთხვევაში უარი უნდა თქვას ვარჯიშზე.
კვება. პრენატალური განვითარებისას ბავშვები მთლიანად დედის კვებაზე არიან დამოკიდებული. ბალანსირებული კვება დედა-შვილის ჯამრთელობის გარანტია. დედის არასრულფასოვანი კვება, დაბადებისას მცირე წონის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების დაზიანების მიზეზი ხდება.
სტრესი. ძლიერი სტრესი იწვევს მზარდი ორგანიზმის სხვადასხვა გართულებას. შიშისა და შფოთვისას ორგანიზმში გამოიყოფა დიდი რაოდენობით – კორტიზოლი და ნორადრენალინი, რომელიც სისხლში გადადის. ორგანიზმი თავდაცვისთვის ემზადება, რის გამოც სისხლის დიდი ნაკადი იგზავნება ტვინში, გულში, კუნთებში, ფეხებში, მკლავებსა და ხერხემალში. სისხლის ნაკადი სხვა ორგანოებში, საშვილოსნოს ჩათვლით შესუსტებულია. შედეგად ნაყოფს ჟანგბადი და საკვები აკლდება. ასევე, სტრესის ჰორმონები პლაცენტაშიც გადის და ნაყოფის გულისცემასა და აქტიობის დონეს მკვეთრად ზრდის. ამას კი ნაყოფის ნავროლოგიური ფუნქციონირების შეცვლა შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორსული ქალბატონის მიმართ ახლობლებმა გამოხატონ ზრუნვა და მხარდაჭერა.
ასაკი. დედის ასაკმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის პრენატალურ განვითარებაზე. 19 წლამდე და 35 წლის ზემოთ ასაკის მქონე დედების შვილებს, უფრო ხშირად აღენიშნებათ განვითარების ანომალიები. მაგალითად, დაუნის სინდრომი უფრო ხშირად აღენიშნებათ იმ ბავშვებს, რომელთა დედის ასაკიც 35 წელს აღემატება.
დღეს მიიჩნევენ, რომ 35-40 წლის ჯამრთელ ქალბატონებს პრენატალური და მშობიარობის გართულებების დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვთ, რაც 20 წლისებს.
მ. მელიქიშვილი