ისტორია

საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის აჯანყება

1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო-საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ( სსრკ ). შემოკლებით – საბჭოთა კავშირი. თავიდან საბჭოთა კავშირი შემადგენლობაში შევიდა 4 რესპუბლიკა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). 1936 წელს, ახალი კონსტიტუციით ამიეკავკასიის ფედერაცია გაუქმდა და მასში შემავალი რესპუბლიკები სსრკ–ში ცალკეულ ერთეულებად შევიდნენ. საბჭოთა კავშირმა თანდათან შეიერთა ყოფილი რუსეთის იმპერიის თითქმის მთელი ტერიტორია. 40-ანი წლებისთვის მასში 15 რესპუბლიკა შედიოდა.

საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. უკვე 1921 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამოსვლები დაიწყო. წითელ არმიასთან საბრძოლველად შეიარაღებული რაზმები შეკრიბეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა და მიხეილ ლაშქარაშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სარიყამიშის ბრძოლის დროს, გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. 1922 წლიდან წითელი არმიის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარტიზანულად იბრძოდა. მან და მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიებლობისათვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, მათ ”შეფიცულები” ეწოდათ.

1922 წელს გენუაში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 ქვეყანა მონაწილეობდა და ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ამავე კონფერენციაზე დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის იურიდიულად ცნობის საკითხი იდგა. კონფერენციის მონაწილეებს სპაციალური წერილით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. მიმართვაში ის ხაზს უსვამდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის და ბოლშევიკების მიერ სამღვდელოების 32 დევნის ფაქტს. ის თხოვდა კონფერენციას, რუსეთზე გავლენა მოეხდინათ, რათა მას საქართველოდან საოკუპაციო ჯარი გაეყვანა და ქართველ ხალხს უფლება მიცემოდა ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. თუმცა ამ დროს ევროპის ქვეყნებს საქართველოსთვის არ ეცალათ

1922 წლის გაზაფხულზე ჩამოყალობდა ”საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიები გაერთიანდნენ. იმავე წელს საყოველთაო აჯანყების ორგანიზების მიზნით, გენერალმა კოტე აფხაზმა ”სამხედრო ცენტრი” დააარსა. კოტე აფხაზი ი.ჭავჭავაძის დიშვილი იყო. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამააარსებელი გახლდათ. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. იმავე წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მიმართა ერთა ლიგას დახმარებისთვის, რათა აღკვეთილიყო ერის განადგურება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა. თუმცა ეს მიმართვაც უშედეგო იყო. მალე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც. მიუხედავად ამისა, 1924 წელს საქართველოში აჯანყება დაიწყო. 28 აგვისტოს გამოსვლა დაიწყო ჭიათურაში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედო და ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მანგლისი აიღო და დუშეთისთვისაც იბრძოდა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა. ბრძოლებს და ხელისუფლების რეპრესიებს ოთხიათასამდე ადამიანი შეეწირა. ქაქუცამ თანამებრძოლებთან ერთად საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.

1924 წლის 21 სექტემბერს ერთა ლიგაში სსრკ–ს საგარეო საქმეთა კომისარმა გ. ჩიჩერინმა 1924 წლის აჯანყება შეადარა ბურჟუაზიული მთავრობების მიერ მხარდაჭერილ უაზრო ავანტიურას, რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის საერთაშორისო დისკრედიტაცია და იზოლაცია იყო, რასაც აჯანყებულებმა ვერ მიაღწიეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button