ბიოგრაფიახელოვნება

რემბრანდტი

რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ – ჰოლანდიელი ფერმწერი. დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში.

რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.

რემბრანდტმა მალე ისე გაითქვა სახელი რომ მის მასშტაბს ლეიდენი უკვე არ ყოფნის და 1631 წელს იგი გადადის ამსტერდამში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. იგი აღმოჩნდა ქვეყნის ცენტრში, დამსწრე და მნახველი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაფურჩქვნისა. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ არა მარტო იგი იყო ქვეყნის ცენტრში, არამედ თვითონ წარმოადგენდა ხელოვნების ცენტრს, რომლითაც ქვეყანა სუნთქავდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ მიმდინარეობდა სწორხაზოვნად, ერთნაირი ძალით, არამედ თითქოს ტალღებზე იჯდა. XVII საუკუნის 20-30-იანი წლები ის წლებია, როდესაც ქვეყნის ახალმა მეპატრონემ, კაპიტალისტმა, როგორც კი თავი მბრძანებლად იგრძნო, განეწყო განდიდებისათვის . ძველი ფეოდალი თავისი წინაპრებით ამაყობდა. ახალ წარმომადგენელს კი საამაყო წინაპრებში არავინ ჰყავდა. დინასტიის დამწყები თვითონ იყო, მომავალ თაობებს მისით უნდა ეამაყათ. ამ საქმის დასაწყისად მათ საკუთარი, თუ საოჯახო პორტრეტები მიაჩდათ. დიდსა თუ პატარა ვაჭარს, ხელოსანს მედუქნეს, ახლა ხელოვნების დაპყრობა მოუნდა.

30 იანი 40-იანი წლები

პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია. განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც. ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებია „სწავლულის პორტრეტი“ (1631.წ.). სურათზე გამოსახულია შუახნის ადამიანი რომელიც მისთვის ჩვეულ გარემოშია. წერს, მუშაობს, იღვწის და ერთ წუთით თვალს აშორებს ქაღალდს, რათა აზრი მოიკრიბოს და ლოგიკური გამოსახულება მისცეს ნაფიქრს. მუქ ფონზე სამი რამ არის გამოყოფილი: სახე, ხელები და ქაღალდი. მისი თვალები ოდნავ დაღლილია, ხელები წლებს დაუღარავს. ფაქტიურად, მხატვრის შემოქმედებაში ამ პორტრეტში პირველად ვხვდებით სიუჟეტურ მოქმედებას, მომდევნო პერიოდში ეს მხარე გახდება მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელი.

Rembrandt. A Scholar. 1631. The Hermitage, St. Petersburg, Russia

რემბრანდტის შემოქმედების ამ პერიოდისათვის, და საერთოდ კი მხატვრობის ისტორიაში, „ექიმ ტულპის ანატომია“, გარდატეხას წარმოადგენს. ერთი აზრით გამსჭვალული ჯგუფური პორტრეტი ასე მკაფიოდ მანამდე არავის დაუხატია. მართალია, ავტორი გამოდის მისი უფრო თანამედროვე ჰალსის შემოქმედებიდან მაგრამ, გაქანება მეტია, ცხოვრებისეული დაძაბულობა ჩაქსოვილი. ტილოზე წარმოდგენილია ექიმთა ჯგუფი, რომელთაც გამოცდილი პროფესორი ადამიანის ანატომიას უხსნის. კერძოდ, მან გაჭრა მიცვალებულის ხელი, დაჭიმა კუნთი და მეორე ხელის თითებით აჩვენებს მის შემოქმედებას. მარჯვნივ გადაშლილი წიგნი, ალბად, ანატომიის ატლასია.

Rembrandt – The Anatomy Lesson of Dr. Nicolaes Tulp. 1632, Royal Picture Gallery Mauritshuis,The Hague

30-იან წლებში რემბრანდტის ცხოვრება მიმდინარეობს მუდმივ შრომაში და ძიებაში. მიღწევები მას დამაჯერობლობას მატებს. იგი დაბეჯითებით აკვირდება გარე სამყაროს და საოცარი სისწრაფითა და სიღრმით ითვისებს ყველაფერს. მისი ცხოვრების თავისებურებებიდან ახსანიშნავია კიდევ ერთი მხარე, ესაა მისი მიდრეკილება კოლექციონერობისკენ. მას იტაცებს არა მარტო ხელოვნების ნაწარმოებები, არამედ ანტიკური თუ თანამედროვე, მიმზიდველი, ეფექტური ნივთები, მისი სახლი მრავალფეროვან კოლექციათა საგამოფენო დარბაზებად იქცა.

ოპტიმიზმი, რომელიც დამახასიათებელი იყო ბურჟუაზიული ჰოლანდიისათვის, არ იყო უცხო რემბრანდტისათვისაც. მის ოპტიმისტურ განწყობაზე არ შეიძლებოდა არ ემოქმედა პირად მიღწევებს მდიდარ ქალზე, დაქორწინება, ურიცხვი დაკვეთა, მას ხდის ამსტერდამის ერთ-ერთ მდიდარ პიროვნებად. იგი ყიდულობს კარგ სახლს, იძენს ადგილობრივ თუ აღორძინების ხანის ნახატებს, გრავიურებს, სპარსულ მინიატურებს და მრავალ სხვა ნივთს.

1643 წელს მან იქორწინა ცნობილი ოჯახის შვილზე, სასკია ვან ვილენბურჰზე. იწყება სიყვარულისა და აღმაფრენის პერიოდი. სასკია შევიდა არა მარტო რემბრანდტის ცხოვრებაში, არამედ მის შემოქმედებაშიც. რემბრანდტი ამ ლამაზ, მომხიბვლელ ქალს იყენებს ნატურად, როგორც ცალკეულ, ისე სიუჟეტურ კომპოზიციებში. იგი მარტო ფერებით წერს მას, არამედ ოფორტშიც.

როგორც ადრეული პერიოდი, ისე ეს, თითქოს ბედნიერი მონაკვეთიც, მაინც წინააღმდეგობით სავსე იყო. მას ერთგვარად არ მოსწონდა, რომ ასეთი სახელგანთქმული პორტრეტისტი იყო და თვითკმაყოფილ ბიურგერთა დაკვეთების შემყურე. ამ მდგომარეობიდან ერთგვარ გამოსავალს იგი პოულობდა ახლობლების ფანტასტიკურ პორტრეტების შექმნაში. ასეთ პორტრეტებში რემბრანდტი ერთგვარ რომანტიკულობას აქსოვდა. ადამიანური სითბოთი და ქალური სინაზითაა გამსჭვალული 1633 წელს შესრულებული სასკიას პორტრეტი. გვერდზე მდგარს ჩვენსკენ აქვს თავი მობრუნებული. გაღიმებული, ოდნავ ცბიერი გამოხედვით შემოგვცქერის ლამაზი ქალი. მომხიბვლელი ქალის ეს პორტრეტი შედევრია. ასეთ გამოსახვაში თვით რემბრანდტი ჩანს, მისი განწყობაა გამოვლენილი. მუქ ფონზე სახესა და ყელს თბილი ფერი გადაჰკრავს. სახეს ვარდისფერი შეჰპარვია. მრავალფეროვანია სასკიას ტანისამოსიც. ერთგვარ უდარდელ გამოხედვაში დაუოკებელი ახალგაზრდული პოტენცია ჩანს. ავტორს უღრმესი ლირიზმით აქვს ყველაფერი შესრულებული.

Rembrandt – Portrait of Saskia. 1633. Alte Meister Gallerie, Dresden, Germany

პორტრეტების პარალელურად რემბრანდტის შემოქმედებაში ისევ დიდი ადგილი უჭირავს ბიბლიიდან აღებულ თემებს,მაგრამ ეს ყველაფერი არაა მშრალად გადმოცემული, არამედ ისინი დატვირთულნი არიან ადამიანური განცდებით. ასეთი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „აბრაამის მიერ მსხვერპლად შეწირვა“. ერთგულების ნიშნად აბრაამი ღმერთს შვილს სწირავს, როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო, უკანასკნელ მომენტში ღმერთმა ანგელოზი მოუვლინა მას და განზრახვის სისრულეში მოყვანა საჭირო აღარ შეიქმნა. ბიბლიის მონათხრობიდან მხატვარი იღებს ყველაზე დრამატულ მომენტს. კომპოზიცია საოცრად დინამიულია. თითქმის შიშველი ყმაწვილი უკან ხელებგადაგრეხილი წევს მთლიანად განათებული. მამას ერთი ხელით ღონივრად უჭირავს შვილის თავი, მეორე ხელში კი მომარჯვებულ ბასრ დანას ხელიდან აგდებინებს ღრუბლებიდან მოფრენილი ანგელოზი. მოხუცის დაღარულ სახეზე განცვიფრებაა გამოსახული აქაც ისე როგორც სხვაგან, შუქ-ჩრდილის თავისებური გამოყენებითაა ნახატი სრულქმნილი.

Rembrandt – The Angel Stopping Abraham from Sacrificing Isaac to God. 1635. Oil on canvas. The Hermitage, St. Petersburg, Russia

დაახლოებით იმავე პერიოდშია შექმნილი „ ფლორა“, რომელშიც ისევ სასკიაა გამოსახული. მხატვარს ჰყავს კარგი ნატურა და ეძებს მეტყველ თემებს. ამჯერად მან ასეთ თემად გამოიყენა ყვავილებისა და გაზაფხულის ღვთაება-ფლორა. თვით გაზაფხული გამოსჭვივის ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახიდან. მას აგვირგვინებს ლამაზად დაწნული ყვავილების კონა. ქალს მარჯვენა ხელშიც ყვავილები უკავია, მაგრამ იგი ოდნავაა გამოვლენილი, რომ წონასწორობა არ დაირღვეს. მდიდრული ტანისამოსი დეტალურადაა გამოძერწილი.

Rembrandt – Saskia as Flora. 1634. The Hermitage, St. Petersburg, Russia

მრავალფიგურიანი სურათებიდან აღსანიშნავია „ჯვრიდან ჩამოხსნის“ სერიიდან ის, რომელიც ინახება ერმიტაჟში და „ურწმუნო თომა“. ორივე სიუჟეტი აღებულია სახარების ლეგენდიდან. ღამის წყვდიადში შეკრებილან ქრისტეს ახლობლები, რათა მისი ტანჯული სხეული მიაბარონ მიწას. მხატვარმა ამ დიდ ჯგუფში ორი ადგილი გაანათა, რათა მიიქციოს მაყურებლის ყურადადღება. პირველი და მთავარი ესაა ქრისტეს უსიცოცხლო სხეული, რომელიც ეს-ესაა ჩამოხსნეს და ძირს უშვებენ. მარჯვნივ ამ სცენის შემყურე გულწასული დედაა. პირველ შემთხვევაში ქრისტე ვიღაც ახლობელს მთელი ძალით უჭირავს და ნელ-ნელა უშვებს. მეორე შემთხვევაში კი მარიამს ყოველი მხრიდან თანაგრძნობით ეშველებიან. მთლიანად სცენაში არაფერია ეფექტისათვის დახატული. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, გლოვაა!

Rembrandt – Descent From the Cross. 1634. The Hermitage, St. Petersburg, Russia

მეორე ნახატშიც ჯგუფი დიდია, მაგრამ განათლებული, ე.ი. აცენტრირებული ფიგურა ორია. ამათგან ქრისტე უფროა განათლებული ვიდრე მოციქული. მხატვარს ამბის გადმოსაცემად ასე სჭირდებოდა. მთავარი იყო ქრისტეს მოვლინება თავის მოწაფეებთან. მოწაფეებმა მკვდრეთით აღდგენა როცა არ დაიჯერეს, ერთ-ერთ მათგანს, თომას, ჭრილობას უჩვენებს. ნახატი ემოცითაა კონტრასტზეა აგებული. მშვიდი ქრისტე და განცვიფრებული მოწაფეები.

Rembrandt, Incredulity of St Thomas 1634

30-იანი წლების რემბრანდტის მიღწევა მხატვრობაში და საერთოდ მხატვრობის ისტორიაში, გახლავთ “დანაე“. იგი სამართლიანად ითვლება გენიალური მხატვრის შედევრად. აქ მხატვრის გამარჯვების საწინდარია არა ლეგენდალური გმირის იდიალიზაცია, არამედ ადამიანურობა. დანაე, რომელიც მამამ დაამწყვდია, სიყვარულიდან გადამალა, სიყვარულს მაინც ეწია. შიშველი, მომხიბლავი ქალი მოუთმენლად ელის შეყვარებული ზევსის გამოჩენას. იგი მთელი გრძნობით წინაა წაწეული, ეგებება სინათლეს, რომელიც ფაქტიურად შეყვარებულის გამოჩენის მომასწავებელია. სიყვარული რომ ყველას აამაღლებს. აქ სახეზეა!

Rembrandt – Danae, 1636-1647, Eremitage, St. Petersburg…

ყოფითი ნახატები რემბრანტს ცოტა აქვს, მაგრამ ხანდახან მითოლოგიური, თუ ლეგენდის სცენები მას დაჰყავს თითქმის ყოფითამდე. ასეა მაგალითად “იუდიფის ტუალეტში“. მისი შინაარსი საკმაოდ ძნელი გამოსაცნობია. ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა ქალი. იგი ჩაცმულ-მოკაზმული მოწყენილი სახით სარკეში იხედება. მას თანაგრძნობით აკვირდება მოხუცი მოახლე. ამ შემთხვევეში საქმე გვაქვს ბიბლიურ გმირ იუდიფთან, რომელმაც გადაწყვიტა თავი დადოს მშობლიური ქალაქის გადასარჩენად და წავიდეს მტრის გარემოცვაში. რემბრანდტი არ ღალატობს თავის თავს: განათებულია სახე და მკერდი ახალგაზრდა ქალისა, ხოლო მეორეხარისხოვანი ფიგურის, მოხუცის სახე სანახევროდ ბნელშია.

Rembrandt, Young Woman at her Toilet, 1634

ამაზე ცოტა ადრეა დახატული უკიდეგანი სიყვარულისა და სიხარულის გამომსახველი ის სურათი, სადაც რემბრანდტს მუხლებზე უზის საკუთარი მეუღლე სასკია. იშვიათად ნახავთ ტილოზე გადატანილს ბედნიერების მაუწყებელ ასეთ სცენას. რემბრანტს თავის ესოდენ დიდი სიხარული ყველას სააშკაროზე გამოაქვს. იგი ბედნიერია, ხარობს და ამ სიხარულს ყველას უზიარებს, ოჯახი სავსეა ყველაფრით. ცოლ-ქმარს ყველაფერი საუკეთესო აცვიათ. პარადულია განწყობა, ჩაცმაც პარადულია! მაგრამ ყველაფერზე მეტად გიპყრობთ რემბრანდტის არაჩვეულებრივად მხიარული სახე, რომელიც მიმართულია იმისადმი ვინც კარი შემოაღო ამ “სამოთხეში“. სასკიას სახე უფრო მშვიდია, მაგრამ კეთილი განწყობა მის სახეშიც გამოსჭვივის. რემბრანდტი სავსე სასმისით ადღეგრძელებს არა მარტო ოჯახს, არამედ ყველა იმას ვისაც სიხარული შეუძლია.

Rembrandt – The Prodigal Son in the Tavern (Rembrandt and Saskia). c. 1635. Oil on canvas. Alte Meister Gallerie, Dresden, Germany

რემბრანდტის ნაწარმოებებიდან და შეიძლება გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უკანასკნელი საუკუნეების ნახატებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარულია “დაზვერვა ღამით“. სურათის ეს სახელი შემთხვევითია, რადგან თვით ავტორს მისთვის არაფერი დაურქმევია. მის სახელზე და შინაარსზე კამათი დღემდე არ შეწყვეტილა. კარგადაა ცნობილი სურათის დამკვეთნი და ნახატის შექმნის მიმდინარეაბა. ჯგუფური პორტრეტი დაუკვეთეს ამსტერდამის მსროლელთა გილდიის წარმომადგენლებმა. ეს ის ეპოქაა როდესაც ჯგუფური პორტრეტები მოდაშია და მისი სულის ჩამდგმელია ფრანს ალსი. მისი დინამიური, ხალიასიანი პორტრეტები საქვეყნოდ განთქმული იყო და მათ დღესაც აღტაცებაში მოვყავართ. რემბრანდტი კი სხვანაირად უყურებდა ჯგუფურ პორტრეტს. ერთი მათგანი, ექიმი ტულპის ანატომიის გაკვეთილი, წარმოადგენდა ერთი საქმით გატაცებულ ჯგუფს და ამავე დროს თითოეული მათგანი პორტრეტული იყო, მათი სახის ცალ-ცალკე ამოკითხვა შეიძლებოდა. ახლა კი მეტად რთული კომპოზიცია ჩაუფიქრებია ოსტატს. ამ სურათს გარკვევით ემჩნევა, რომ მხატვარი ჯერ კიდევ სუნთქავს განთავისუფლების იმ პათოსით, რომელიც სუფევდა მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდში. თავისუფლების სულისკვეთების მქონე ადანმიანს მხოლოდ დემოკრატიული იდეები ასულდგმულებს, მაშინ როდესაც 30-0იანი წლების ბოლოს ბურჟუას მხოლოდ გამდიდრების წყურვილი კლავს. ბიურგერი უკვე ოცნებობს საკუთარი თავისა და ოჯახის განდიდებაზე. მისთვის უკვე მიუღებელია ბრძოლა საერთო კეთილდღეობისათვის. ნახატის შექმნის მომენტში ერთმანეთს შეხვდა განსხვავებული განწყობის ადამიანი. მათ შორის მოსალოდნელმა კონფლიქტმა არ დააყოვნა. ჯგუფური პორტრეტი, რომელიც გილდის ხელმძღვანელობამ დაუკვეთა, მხატვარმა გამოიყენა თავისებურად. მან ჯგუფს ჩაბერა ქალაქის თუ ქვეყნის დაცვის სული. თითქოს ნაღარის ხმაზე ჯარი გამოდის ქალაქის ჭიშჯრიდან და მთელი შემართებით მიემერთება მტრის შესახვედრად. დროშა ფრიალებს, ჯარს ამხნევებსა დოლის ხმა. მებრძოლთა სწრაფ მოძრაობაში ერთმანეთში იხლართება შეირაღების სხვადასხვა სახეობა: შუბები, ხმლები, თოფები. როგორც ჩვეულებრივ, დაინტერესებული ქუჩის ბავშვები ირევიან მეომრებში. ბიჭს, რომელსაც მუზარადი ახურავს და გოგონა მტრედით, მებრძოლების შუაში არიან მოქცეულნი. ერთიც წინ გარბის. მხატვარი სინათლის წყაროს თავისებური გამოყენებით ამეტყველებს მებრძოლთა სახეებს. მხატვარი დიდი ჩანაფიქრის მთლიანობისათვის არ სჯერდება მარტო დამკვეთებით და სხვადასხვა პერსონაჟები შეჰყავს კომპოზიციაში. ნახატი, რომელიც დაიწყო 1639 წელს და დამთავრდა 1642 წელს, გაუგებარი და მიუღებელი დარჩა გილდისათვის. ამ ახალ თაობას რევოლუციური არაფერი ჰქონდა, მაგრამ საქმე მარტო კერძო შემთხვევას არ ეხებოდა, არამედ იგი დაემთხვა იმ ხანის ჰოლანდიის ბურჟუაზიის საერთო განწყობას და კონფლიქტი დასაწყისი გახადა საერთო გარღვევისა: მხატვარი და მისი გარემოცვა სხვადასხვა გზით მიდიან. ასეთი მდგომარეობა გრძელდება მისი სიცოცხლის მთელ მანძილზე, რამაც ცხოვრება ტრაგედიად აქცია.

Rembrandt – The Night Watch, The company of Captain Frans Banning Cocq and Lieutenant Willem van Ruytenburch, 1642, Rijksmuseum Amsterdam

1642 წელს დამკვეთთან კონფლიქტს და საერთო უკმაყოფილებას, ემატება ოჯახში დიდი მწუხარება – საყვარელი მეუღლის სასკიას მოულოდნელი სიკვდილი. რემბრანტის შემოქმედებაში ზემოაღნიშნული წელი ითვლება გარდატეხის პერიოდად. ამ პერიოდიდან საზოგადოებასა და მას შორის გაჩენილი ნაპრალი თანდათანობით იზრდება და ბოლოს მარტო რჩება თავის თავთან. მაგრამ, არც პირად ცხოვრებაში უბედურებამ და არც ბურჟუაზიული საზოგადოების ზურგის შექცევამ რემბრანდტი მხატვარი ვერ გატეხა. იგი მიდის საკუთარი გზით და მას არ ღალატობს. რემბრანდტი თავიდანვე იყო რეალისტი და დარჩა მხოლოდ რეალისტად. ამ ხაზს იგი აღრმავებს და აფართოებს. მისი შემოქმედება უფრო გაბედული და მრავალფეროვანი ხდება. ნახატში ჩრდილ-სინათლის თამაში კი საოცრად მეტყველი ხდება. ადრეული ერთგვარი ცივი კოლორიტი მდიდრდება. მოყავისფრო-ყავისფერი და მოწითალო ტონებით. ამ მხრივ 40-იანი წლები მხატვრის შემოქმედებაში ითვლება გარდამავალ პერიოდად, რადგან შემოქმედებითი აღმავლობა კულმინაციას აღწევს მომდევნო ათეულში.

Rembrandt – Self Portrait, 1640, National Gallery, London

40-იანი 50—იანი წლები

40-იანი წლების მონაკვეთში მხატვარი ცოტას მუშაობს პორტრეტის ჟანრში, ხოლო პეიზაჟისა და სიუჟეტურს აძლიერებს. ჭარბობს ბიბლიისა და სახარების სიუჟეტები, მხოლოდ წინა პერიოდთან იმ განსხვავებით, რომ ახლა მეტ ყურადღებას უთმობს ადამიანურ კეთილ გრძნობებს.რამბრანდტის ამ პერიოდის პეიჟაზების უმრავლესობა შესრულებულია ოფორტის ტექნიკით. აქ მხატვარს მეტი საშუალება აქვს გადმოსცეს ჰოლანდიის რბილი, ცოტა ნისლიანი პეიზაჟი. განსხვავებით იმ თანაამედროვეებთან ამ ნახატებში ავტორი ჩაგაფიქრებთ სამყაროს თავისებურებებზე. მაგალითად, ერთი მათგანი – “ამსტერდამის ხედი“(1640), სიწყნარის და სიმშვიდის თავისებურ მაგალითს. ვაკის ბოლოშო ქალაქის სილუეტი ჩანს. სიმყუდროვეს არღვევს ქარის წისქვილები. წყალუხვი მდინარე ნელა მიემართება და სადღაც ადამიანთა სილუეტებია. უფრო მკვეთრი ნახატია “სამი სახე“. აქ, მაღალ დიდ ხეებში დიდი ძალა ჩანს. ძლიერი ქარი მიერეკება ღრუბელს და წვიმას.

Rembrandt – A View of Amsterdam, 1640

XVII საუკუნის შუა ხანებში ჰოლანდიაში საერთო სიტუაცია იცვლება უარესისკენ. საუკუნის დასაწყიასის პათოსი თანდათან ქრება. ბურჟუაზიამ თანდათან დაჰკარგა ადრინდელი პათოსი და თავისი საკუთარი, კერძო მიზნების განხორციელებითაა გატაცებული. ნაწილობრივ მან საერთო ენა გამონახა ფეოდალურ არიასტოკრატიასთან. ქალაქში თუ სოფელში სიღარიბე მატულობს, მხატვრებს თანდათანობით გამოეცალათ მყარი ნიადაგი, რის გამოც რეალიზმი უკან იხევს. ფრანც ჰასლი, თუ იაკობ რეისდალი ძლივს ინარჩუნებენ რეალიზმის ამ პოზიციებს, რომლებსაც ადრე მიაღწიეს. რემბრანდტიც იმავე სამყაროში ცხოვრობდა, რომელშიც მისი კოლეგები და ცხადია, საერთო განწყობა მასაც გადაედო. მხოლოდ სხვებისაგან განსხვავებით იგი არ გატყდა, უკან დაიხია და ისევ რეალიზმის გზას მიჰყვება, მას აღრმავებს. ადრეული რომანტიკული განწყობა იცვლება მკაცრი რეალიზმით, სისადავით, ისევ და ისევ მისი ნახატი ღრმა შინაარსის მატარებელია, ფილოსოფიურად გააზრებულია ადამიანის ცხოვრების ყოველი მონაკვეთი. ამ მხრივაღსანიშნავია თემა: „წმინდა ოჯახი“ . ამ თემაზე მას არა ერთი სურათი შეუქმნია. ამათგან აღსანიშნავია ის, რომელიც შექმნილია 1645 წელს, იგი იმდენად ცხოვრებისეულია, რომ გავიწყდებათ, თუ სახარებიდან აღებული თემაა. მუქი ფონიდან გამოყოფილია ბავშვის საწოლი, წითელი საბნის მინიშნებით. მისკენ დახრილია დედაღვთისა, რომლის სახიდან სათნოება, სიკეთე და სიყვარული გამოსჭვივის. დანარჩენი ყველაფერი, დურგალი მისი ხელსაწყოებით და ანგელოზთა ჯგუფი, მეორე პლანზეა გადატანილი და მთავარისათვის მხოლოდ ფონს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მადონა მხატვარმა წარმოადგინა, როგორც ჩვეულებრივი ქალი, იგი მაინც ჟანრულ ნახატად არა არის გადაქცეული.

Rembrandt – The Holy Family. Eremitage, St. Petersburg, 1645.

აქ შეიძლება გავიხსენოთ მარქსის სიტყვები: „რემბრანდტი მადონას ხატავდა როგორც ნიდერლანდელი გლეხის ქალს“…. ეს მართლაც ასეა. მხატვარი როცა ბიბლიის ან სახარების სიუჟეტებს ხატავს, ის მოდელად იღებს მის ირგვლივ მყოფთ. ნათქვამის საილუსტრაციოდ, დიდი სურათების გარდა, ორი ოფორტის დასახელებაც კმარა. ერთია-„მათხოვრები კართან“ და მეორე – „ქრისტე განკურნავს ავადმყოფებს“. თითოეული მოქმედი პირის პოზა რეალურია და საერთო პროცესშია ჩართული. ორივეგან დაპირისპირებული მხარეებია წარმოდგენილი. პირველ სურათში ერთმანეთს უპირისპირდება მოწყალების გამღები და მოწყალების მიმღებნი. პირველი მშვიდია, მეორენი დაძაბულნი. დაახლოვებით ასევეა მეორე სურათშიც. ქრისტე, რომელიც თავის მოქმედებაში დაჯერებულია, მშვიდია და მონუმენტური, ხოლო ავადმყოფნი და მათი პატრონნი სასწაულის მოლოდინში აღელვებულნი, აფორიაქებულნი.

Rembrandt – Christ Preaching, “Hundred-Guilder Print”, c. 1643-49

აქ საუბარი გვქონდა რთულ კომპოზიციებზე, მაგრამ არანაკლები შეიძლება ითქვას ერთ ფიგურიან სურათზე. რემბრანდტის ოფორტები ერთხელ მაინც ვისაც გადაუფურცლავს, არ შეიძლება არ დამახსოვრებოდა „ბრმა ტობია“. ბიბლიის მიხედვით შვილს მონატრებულმა მოხუცმა მამამ მისი დაბრუნება გაიგო და გარბის მის შესახვედრად. გრაფიკის ხერხებით საოცრადაა გადმოცემული მოხუცის სწრაფვა.

Rembrandt – Tobias Returns Sight to His Father. 1636. Staatsgalerie, Stuttgart, Germany

პეიზაჟური ოფორტებიდან აქ კიდევ ერთი უნდა ავღნიშნოთ: „პეიზაჟი ცხენოსნით“. გორაკის ძირას გამავალი გზა აქ არც იწყება და არც მთავრდება. ამ დიდ გზას დადგომიან ვინმე დიდებული ცხენზე და მისი მონამორჩილი – ფეხით. ფონი, პეიზაჟი გამხმარი ხით მკაცრია. ცნობილია, რომ პეიზაჟის თემა რემბრანდტის შემოქმედებას არ გაჰყოლია. 50-იანი წლების შუა ხანებიდან ცალკე პეიზაჟს უკვე აღარ ვხვდებით. შეიძლება ითქვას, ამ დროიდან მხატვარს აინტერესებს მხოლოდ ადამიანი თავისი ემოციებით.

Rembrandt – Self Portrait, 1656, Vienna, Kunsthistorisches Museum

50-იანი წლების პირველი პერიოდი

50-იანი და 60-იანი წლები რემბრანდტის ცხოვრებაში მრავალფეროვნებით ხასიათდება, მას დროის ამ მონაკვეთში, თუ შეიძლება ითქვას, არაფერი დაკლებია-განუზომელი სიხარული და უსაზღვრო მწუხარება. ესაა – მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული და სიხარული ჰენდრიკე სტოფელსის შემოსვლით. აქვეა საზოგადოებასთან კომფლიქტის სავალალო შედეგი: იგი გაკოტრდა. ერთი მხრივ ადრე დიდმა ხელგაშლილობამ, უამრავი ნივთის შეძენამ, ხოლო შემდეგში შემოსავლის მინიმუმამდე დაყვანამ, მხატვარს დააკარგვინა გადახდისუნარიანობა. მისი ქონება აუქციონზე იყიდება, იგი საცხოვრებელს იცვლის, მაგრამ არა უკეთესისკენ. მხატვრის ნაწარმოებების იდეური შინაარსის გამდიდრება ხდებოდა იმის მიხედვით, თუ იგი როგორ და რა სიღრმით წვდებოდა ჰოლანდიის ცვალებადი ცხოვრების სიღრმეებს. ისე როგორც ადრე, ახლა მის მთავარ თემად რჩება მითოლოგიური, ბიბლიური სიუჟეტები და პორტრეტი. უფრო ხშირად იგი მიმართავს ბიბლიური და ანტიკური მითოლოგიის სცენებს.მათში მხატვარი ეძებს ისეთ თემებს, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს საკუთარი დამოკიდებულება საკაცობრიო საკითხებისადმი. პორტრეტებში კი ისევ ძველ გზას მისდევს:მას აინტერესებს მხოლოდ ადამიანის შინაგანი ბუნება,მისი სიღრმეების ჩაწვდომა,ერთი შეხედვით მისი პორტრეტი თემატურ ნახატს ედრება, რადგან მან უნდა გამოხატოს არა მარტო გარეგნული მსგავსება არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების რთული გზა. ხოლო ის თუ ახალგაზრდაა, მაშინ ის სიხარული და აღტაცება , რომელსაც დასაწყისში განიცდის ყოველი მომავლის მჭვრეტელია. განა კაცობრიობის წარსულითა და მომავლით არაა დაინტერესებული არისტოტელე, როცა ჩასცქერის ჰომეროსის ბიუსტს? არისტოტელე. ღრმად ჩაფიქრებული, თითქოს პასუხს ელის უდიდესი წინამორბედისაგან. პოეტი და მოაზროვნე იან სიქსი დაფიქრებული დგას. იგი კონკკრეტულად არავის და არაფერს არ უყურებს, მაგრამ მის გამომეტყველებას არაფერი ეტყობა ყოველდღიურობისა. იგი პოეტი ამავე დროს მოქმედი პირია. მისთვის უცხო არა რამის საქმიანობაც. ფერების განლაგებაში მხატვარი არ ღალატობს თავის მეთოდს.

Rembrandt – Aristotle with a Bust of Homer

რემბრანდტის პორტრეტების სიმრავლეა 40-იანი და 50-იან წლებში. ამ პორტრეტებში მრავალფეროვნებაა, მაგრამ მათში ეს კი არ არის მთავარი , არამედ პორტრეტების ჟანრულობაა. ცხადია, ჟანრული ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კი არ არის, არმედ პორტრეტის თხრობითობაშია. თითოეული მისი პორტრეტი ვიღაცის “გაყინული“ სახე კი არ არის, არმედ მათში მთელი ცხოვრება ჩანს. ყოველ პორტრეტში განვლილი ცხოვრების მოთხრობაა. ესა თუ ის პირი, როგორადაც არ უნდა უყოს დახატული, აუცილებლად მეტ-ნაკლებად დინამიურის. ყველგან მეტყველია არა მარტო სახე, არამედ ხელებიც. როგორც ეტყობა მახატვარი დიდხანს ეძებდა სწავლობდა დასახატს ობიექტს. პიროვნების შიდა სამყაროს უკეთ გამოსავლენად იგი არ ერიდება ჩაერთოს ტანსაცმლის არჩევის საქმეში. პოზა კი სპეციალურად კონკრეტული პიროვნებისათვისაა შერჩეული. დასახატი პირების მდგომარეაბაშიც არ არის ერთგვარობა. აქ თქვენ შეხვდებით ინტელიგენციის წარმომადგენელებს და საკმაო ბლომადაა დაბალი წრიდანაც. ამავე დროს არიან ნათესავები, ამსტერდამელი ებრაელები, მათხოვრები და სხვები. ტექნიკის მხრივ იგი ხმარობდა ზეთის ფერებს და ოფორტს. რემბრანტი თავის თავს თანდათანობით უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ადამიანის გამოსახვის საქმეში. ცხადია ასეთ მოქმედებას პორტრეტი აჰყავს ახალ ხარისხში. მათში მხატვარი ეუფლება ტიპურის განზოგადების სიმაღლეებს. ჰოლანდიის მაშინდელ პირობებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით – რატომ არიან მისი გმირები ასე დაღვრემილნი. ცხადია, მათ ცხოვრების გრძელ გზაზე ბევრი უბედურება უნახავთ და წინაც სახარბიელო არაფერია.

დროის ამ მონაკვეთში შესრულებული პორტრეტებიდან ამორჩევა ძნელია, ამიტომ რამდენიმეს შევეხებით. იმათში ერთ-ერთი საუკეთესოა “მოხუცის პორტრეტი“ (1654წ.) . იგი ჩვენს პიდაპირ ზის გვიყურების ბევრის მნახველი თვალით. მისი სახე ნაოჭებს დაუღარავს. ნაშრომ-ნაჯაფი, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარი ხელები მუხლებზეა დაწყობილი. მიუხედავად განვლილი მძიმე წლების, ეს ადამიანი ბევრისშემძლეა. ამ ხანდაზმული კაცისაგან ძლიერი და კეთილშობილი სული გამოიყურება. პორტრეტი მონუმენტურია. მხატვრის ყოველი ხაზი ლაკონურია. მისი მანერა, ჩრდილ-სინათლის განლაგება, ნატურის დიდებულების გადმოცემას ემსახურება. იმასვე ემსახურება ტანსაცმელი, მისი მძიმედ ჩამოშვებული ნაწილები.

Rembrandt – Portrait of the Old Man in Red. 1652-1654. The Hermitage Museum

იმავე პრინციპულობითაა შესრულებული “რემბრანტის ძმის ცოლის“ პორტრეტი (1654) . მოხუცი აქაც პიდაპირ ზის, მაგრამ ჩვენ კი არ გვიყურებს, არამედ ღრმადაა ჩაფიქრებული და მზერა შორსაა წასული. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობით მისი სახე დაღარულია და გამომეტყველება დაღვრემილი, მაინც საერთო შთაბეჭდილება სასიამოვნოა, მისგან სიკეთე გამოსჭვივის. მუქი შვინდისფერი მოსასხამის ირგვლივ მოშავო-მოყავისფრო ფონია. შუაზე კი განათებული სახეა, რომელსაც შუქს მატებს კაბის ზედა თეთრი მონაკვეთი.

Rembrandt – Portrait of an Old Woman. 1654

არანაკლებ მეტყველია იმავე წელს შესრულებული “მხატვრის ძმის“ პორტრეტი. ეს ბრგე კაცი მიუხედავად ხანდაზმულობისა, შრომასა და წლებს ვერ მოუტეხია. იგი ჯერ კიდევ ბევრის შემძლეა. ფართო თავსაბურავის ქვეშ ჩაფიქრებული მეტყველი სახეა. ფერთა კომპოზიცია აქაც იგივეა: სხვადასხვა ტონალობის სიმუქიდან განათებული სახე და ხელები გელაპარაკებათ. არის კიდევ იმავე წელს შესრულებული ერთი ბრწყინვალე პორტრეტი ქალისა, რომელიც მხატვრის ძმის ცოლადაა მიჩნეული. შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ ზემოთ განხილულ ქალთან შედარებით ეს უფო მოტეხილი, ცხოვრებაზე გულგატეხილი ჩანს. თუმცა მის ხასიათს და გუნებ-განწყობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთი რამ კი არის, მხატვარი მისდამი კეთილად განგაწყობთ. დაფიქრებული სახის უკან იმალება ხანგძლივი ცხოვრება, სადაც ყოველთვის სიხარული როდი იყო. ხატვის მანერა რემბრანდტისებურია: მუქ ფონში გათქვეფილი ტანისამოსი, განათებული-სახე, ხელები და გულისპირი. ერთი წუთით თუ უკან დავიხევთ და ქალთა ამ ორ პორტრეტს შევადარებთ ათიოდე წლით ადრე შესრულებულ პორტრეტს – “მოხუცი ქალი სათვალით ხელში“ (1643წ.), ვნახავთ, რომ განსხვავება შესამჩნევია. თავისთავად ადრეული ეს კარგი პორტრეტი ბევრად ჩამოუვარდება ზემო მოყვანილ გვიანდელ პორტრეტებს. ამ ბოლო პორტრეტებში გაცილებით მეტი სიღრმეა, ვიდრე პირველში. რემბრანტი, ყოველ დღე თავის მხატვრობას აღრმავებს და აუმჯობესებს, ამისათვის შეიძლება ასე შორს არც იყოს დახევა.

Rembrandt – An Old Lady with a Book, 1647

საკმარისია იგივე ორი პორტრეტი შევადაროთ ოთხი წლით ადრე შესრულებულ “მოხუცის პორტრეტს“ (1650წ.) ფუნჯის სიღრმე და გაქანება ისეთი აღარაა, როგორც მოგვიანებით. ცხოვრების რა ორომტრიალში არ მოხვედრილა ის “მოხუცი ებრაელი“, რომელიც მხატვარს 1654 წელს დაუხატავს. როგორც ეტყობა, განვლილმა ცხოვრებამ და წლებმა წელში მოხარა ესოდენ ოდესღაც მაგარი ადამიანი. აქ მხოლოდ გრძელი და ძნელი ცხოვრების კვალი ჩანს და არა სიღარიბის. მხატვარს აქაც თავისი მეთოდი მაქსიმალურად აქვს გამოყენებული: ყველაფერი ჩამუქებულია, განათებულია მხოლოდ სახე და ხელები. იშვიათია ასეთი დაღლილი, მაგრამ მეტყველი თვალები.

Rembrandt – Self Portrait, 1660, Kenwood House, London

50-იანი წლების მეორე პერიოდი

50იანი წლების შუაში რემბრანდტი წერს აგრეთვე საკმაოდ ბევრ ლირიკულ სურათებს. ამ სურათების სულის ჩამდგმელი ადრე თუ სასკია იყო, ახლა ჰენდრიკეა. ამ ლამაზ ქალს სხვადასხვა სიუჟეტისათვის იგი თავისუფლად იყენებს. იგი ჩაცმული თუ გახდილი, ყოველთვის მიმზიდველია. ერთი და იმავე წელს (1654წლ) მხატვარი ჰენრიკეს იყენებს ორი კომპოზიციის შესაქმნელად. ერთი მათგანია “მობანავე“ და მეორე “ვირსავია“. ორივეში მხატვარი უმღერის ქალის მშვენიერებას. შიშველი “ვირსავიას“ სახეზე ახალგაზრდის სიხარული ჩანს და თანაც უკმაყოფილება გამოსჭვივის. მან ეს წუთია მიიღო მეფე დავითის წერილი. ცხადია, იგი უნდა ეახლოს მეფეს, მაგრამ ეს მას ანიჭებს კი დიდ სიხარულს? სულ სხვა სიტუაცია იყო, როცა დანაე ელის სანატრელ ადამიანს. ამ შემთხვევაში სიხარულის მოლოდინი განუზომელია, აქ კი იძულებაა! ნახატში კონტრასტები ისევეა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზემოთ განხილულ პორტრეტებში ვნახეთ. ავტორმა ქალის სხეულის მშვენება მთლიანად გვაჩვენა. მისი ოქროსფერი სხეული ერთიანად ანათებს თეთრი მოსასხამით შემოფარგლულ მუქ საერთო ფონზე. მოახლე კი მხატვარმა ისე დააყენა, რომ იგი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ რემბრანდტის მხატვრულ ჩანაფიქრს ხელს არ უშლის.

Rembrandt – Bathsheba with David’s letter, 1654

მეორე ნახატი “მობანავე“ ჟანრულ სურათების კატეგორიაში შეიძლება გადიოდეს: ქალი ემზადება საბანაოდ, მაგრამ ამავე დროს ისეა “ამაღლებული“, რომ შესაძლოა ბიბლიურ სუსანასთან გვქოდეს საქმე. აქ ახალგაზრდა ქალის სილამაზე და მომხიბვლელობაა წინ წამოწეული. მისი სახე სიყვარულითაა გაცისკრონებული. მობანავე ჰენდრიკე, სიხარულით ჩადის წყალში. მისი ოქროსფერი სხეული თეთრი პერანგის ფონზე მეტად ანათებს. ფონის სიმუქე თანდათანობით გრადაციებით შემოდის. ეს სიმუქე გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ მთავარის უკეთ გამოსაჩენად. ორივე ნახატში ახალგაზრდობა, სილამაზე და სიყვარულია ნამღერი!

Rembrandt – A woman bathing, 1654

სხვა ამოცანა იდგა რემბრანტის წინაშე, როცა იგი ხატავდა “ახალგაზრდა ქალს საყურეებით“. ქალმა ეს ეს არის გაიკეთა საყურე და აკვირდება უხდება თუ არა. ოდნავ მოღიმარ სახეს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ იგი კმაყოფილია. მხატვარს სჭირდებოდა ახალგაზრდა ქალის მოქმედება მთლიანად, ამიტომ სახე და ხელები განათებულია. მუქ ფონზე შვინდისფერი კაბა და სავარძელი ოდნავაა გამოკვეთილი, ხოლო სახესა და ხელებს თეთრი მოსასხამი შუქს მატებს. აქაც ახალგაზრდობა და სიყვარულის მოლოდინია.

Rembrandt – Young Woman with Earrings

50-იანი წლებში რემბრანდტი ასევე ბევრს მუშაობს ოფორტის ტექნიკაშიც, ხოლო ბოლო ათეულ წლებში მან ამ დარგში მუშაობა მიატოვა (ჩვეულებრივად ამას ხსნიან ბოლო პერიოდში მხედველობის დაქვეითებით). ფერწერაში თუ გრავიურაში მხატვარს ეტყობა ყოველდღიური ზრდა, ტექნიკის ამაღლება. იგი ბევრს მუშაობს ამა თუ იმ კომპოზიციის დახვეწაზე. ნახატების დათვალიერებისას აშკარად შეიმჩნევა თუ როგორ ცდილობს მხატვარი კომპოზიცია გახადოს ლაკონური, ცხადი და ნათელი. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი ნახატის განხილვა კმარა. ესაა “ქრისტე ხალხის წინაშე“ (1655 წ). რომის იმპერიის მოხელე პილატეს ქრისტე გამოჰყავს ხალხის სამსჯავროზე. აქ საშიშროება იყო კომპოზიციის გადატვირთვისა: შენობები, ხალხი, სცენაზე გამოყვანილი ქრისტე, პილატე, მცველები და მრავალი სხვა. რამდენიმე ვარიანტის შექმნის შემდეგ ავტორმა საბოლოოდ დახვეწა კომპოზიცია, სადაც აშკარად გამოყოფილია მხატვარი მეორეხარისხოვნისაგან.

Rembrandt – Christ Presented to the People, 1655

ასევე ძლიერია რემბრანტი პორტრეტის შექმნისას. ამ პერიოდის პორტრეტიდან პირველი უნდა აღვნიშნოთ გრავიურების გამომცემი ლკიმენტი და იონგეს პორტრეტი (1651 წ.), ეს ლაღად შესრულებული გრავიურა ნამდვილადაც ითვლება მსოფლიო შედევრად. სავარძელში პალტომოსხმული ზის ენერგიით სავსე კაცი. მას სახეზე ოდნავ ღიმილი გადაჰკრავს და გამჭრიახი თვალები შორს იცქირებიან. ეს ნახატი შესრულებულია ხაზების მინიმალური რაოდენობით, მაშინ, როდესაც მხატვარი ჩვეულებრივ ნახაზების სიმრავლეს მიმართავს. ასეთებიდან აქ შეიძლება მოვიყვანოთ ორი პორტრეტი: იაკობ ანუ ახალგაზრდა ებრაელი ქრისტეს სახით, გარინგი (1655 წ.) და იან ლუთმა (1656წ.) . ორივე სავარძელში ზის, მაგრამ სხვადასახვა განწყობილებით. პირველ მათგანს, როგორც ციხის მცველს, სასიხარულო მაინც და მაინც არაფერი აქვს. მას ერთგვარად დაჭიმული მზერა აქვს, მაგრამ მისი თვალები შორს არ იმზირებიან. გისოსებიანი სარკმლის ფონზე მჯდარი ეს მოხუცი პარადულადაა მორთული. როგორც ეტყობა სინათლე, მეორე სარკმელიდან, გვერდიდანაც შემოდის, რადგან სახე ასეა განათებული. სახის განათებაში ასევე საკმაოდ როლს თამაშობს თეთრი საყელო. მეორე მოხუციც სავარძელში ზის, მაგრამ მას განსხვავებული განწყობა აქვს. იგი როგორც სკულპტორი, საუველირო ნაწარმოების შემქმნელი ყოფილა. სკულპტორის მომღიმარი სახიდან სიკეთე გამოსჭვივის. სავარძელი და ტანისამისი თითქმის შავია, სახე კი განათებით მეტყველებს.

პორტრეტული ნახატების შესადარებლად შეიძლება მოვიყვანოთ თითქმის ათი წლით ადრე შესრულებული “იან სიქსის“ პორტრეტი. იგი თავის სამუშაო ოთახშია და სარკმლის შუქზე რაღაცას კითხულობს. აქ ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი რემბრანდტისებულია, მაგრამ სახეში არ არის ჩაქსოვილი ის ემოცია, რომელიც აქვთ ზემოთ განხილულ ორ მოხუცს. ნახატის კომპოზიციაშიც თითქოს შემთხვევით კუთხეა აღებული. ასევე სარკმელსაც არ აქვს გარკვეული ფორმა. არც ინტერიერია აწყობილი, როგორც ეს გვიან ნახატებშია. მოკლედ, ამ ნახატების შედარებისას ერთხელ კიდევ ვრწმუნდებით მხატვრის აშკარად ზრდაში.

Rembrandt – Portrait of Jan Six, 1647

პორტრეტების განხილვისას არ შეიძლება არ შევეხეთ ორ პორტრეტს, რომლებიც ამათზე ცოტა გვიანა შესრულებული. თითოეულ მათგანში გამოსჭვივის ახალგაზრდული იმედი და სითბო. ამ მხრივ საოცარია პორტრეტი „ჰედრიკე სტოფელსი სარკმელთან“ (1659წ.). ახალგაზრდა ქალი თავმომწონედ გამომდგარა და მომხიბლავად იღიმება. ძნელია მეორე ასეთი ნახატის ნახვა, სადაც ამდენი ქალური მიმზიდველობა, შინაგანი დაჯერება და სიამაყე იყოს გადმოცემული. ასეთნაირად “ადამიანის გახსნა“ მხოლოდ გენიოსების ხვედრია. ასეთივე სიძლიერითაა გადმოცემული „ტიტუსის პორტრეტი კითხვისას“ (1657წ.)

Rembrandt – Portrait of Titus Reading. 1656-57. Kunsthistorisches Museum, Vienna, Austria

აქ მხატვარს თავისი შვილი დახატული ჰყავს, როგორც ამაყი ახალგაზრდა, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ მშვენიერად ესახება. მისი ღიმილიანი სახე თითქოს ანათებს. მხატვარს სახის გადმოსაცემად განსაკუთრებული მეთოდი გამოუყენებია. სახის ცალკეული ნაკვთებია განათებული. ისეთი შთაბეჭდილებაა თითქოს გზის შუქი ხის ფოთლებიდანაა გამოპარული და აქა-იქ იმიტომაცაა სახე განათებული. ტიტუსის პორტრეტები რემბრანდტს მანამდეც ბევრჯერ აქვს დახატული, მაგრამ მათგან აქ განხილული პორტრეტი მაღალ მხატვრულობით გამოირჩევა. ტიტუსისა და ჰენდრიკეს პორტრეტები თითქოს ფუნჯის ერთი მოსმით არის შესრულებული. შეიძლება ვირწმუნოთ, ასეთი ნახატების შექმნით თვით ავტორიც კმაყოფილი იქნებოდა.

Rembrandt – Self Portrait, 1669, National Gallery, London

60-იანი წლები

მხატვარი დრო და დრო სხვადასხვა მასშტაბის დაკვეთებსაც ღებულობს. ამათში აღსანიშნავია 1661 წლის დაკვეთა. ამსტერდამის რატუშას შენობის გაფორმების დიდი სამუშაოები მიმდინარეობდა. მან მიიღო მიწვევა ამ შენობის გაფორმებაში, რადგან ამ სამუშაოთა შემსრულებელი მხატვარი გარდაიცვალა.  სურათების სერია ასახავდა რომის იმპერიის წინააღმდეგ ნიდერლანდთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ბატავთა ტომის აჯანყებას. ამ აჯანყებაში ბურჟუაზიულ ჰოლანდიას უნდოდა დაენახა თავიანთ თანამედროვეთა აჯანყება ესპანეთის წენააღმდეგ. ადრე ეს თემა გამოყენებული იყო ლიტერატურაში, თეატრში, პუბლიცისტიკაში. ამ თემამ მხატვარს შთააგონა: „ცივილისის აჯანყება“, სადაც გამოსახული უნდა ყოფილიყო თავისი ხალხის ჰეროიზმი და დიდება. სურათი მთლიანად არ შემორჩა. მისი მთლიანობაში წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ესკიზების მიხედვითა და ერთი ფრაგმენტით, რომელიც სიგრძით სამ მეტრს აღემატება. ყველა ამ ნაწილებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი რემბრანდტის მონუმენტური ნახატებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნახატზე გამოსახულია ის მომენტი, როცა წყდება ხალხის ბედი – აჯანყებულები ფიცს დებენ თავიანთი ბელადის, ცივილისის წინაშე. ყოველგვარი თეატრალურობის გარეშე, მომენტის განსაკუთრებული მნიშვნელობაა გადმოცემული. ნახატი დამთავრების შემდეგ მცირე ხანს იყო განკუთვნილ ადგილზე. იქ სხვა მხატვრის ნახატი დაკიდეს. ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან შეუგუებლობა საკუთარი გზით შეუპოვრად მიმავალ მხატვარს არ აპატიეს და გარიყეს. „ცივილისის შეთქმულებას“ იგივე ბედი ეწია რაც „ღამის დაზვერვას“, მაგრამ ამას მხატვარი არ გაუტეხია, მას ხელი არ ჩაუქნევია; იგი საკუთარ გზას არ ღალატობს.

Rembrandt – The Conspiracy of Claudius (or Julius) Civilis. 1661. Nationalmuseum, Stockholm, Sweden

XVII საუკუნის 60-იან წლებში მხატვრის მიერ შექმნილ წარმოებებს არ ეტყობა წლები, ცხოვრების სიმძიმე. თითოეულ მათგანში არ ჩანს მხატვრის უშრეტი ენერგია და გენიოსის გაქანება. თითოეული ნაწარმოები მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია, რეალისტური ხელოვნების ღაღადისია. ბიბლიურ თემებზე 1660-იან წლებში დაწერილ სურათებიდან გამოირჩევა „ასური, ამანი და ესთერი“. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მუდმივ მოქმედი თემა-ღალატზე, დაუნდობლობაზე და სულაც არ არის გასაკვირი, რომ რემბრანტდმა სწორედ ეს თემა შეარჩია დასახატად. ბიბლიის ამ გრძელი ისტორიიდან, ერთი, მაგრამ კულმინაციური მომენტია აღებული. იუდეეთი, როდესაც სპარსეთის ხელქვეითი იყო, მან მოიწვია სარდალი სტუმრად, რათა თავისი განზრახვა დაებოლოებინა. ეს თემა ბევრჯერ იყო დასავლეთ ევროპელ მხატვართა მიერ გამოყენებული, მაგრამ რემბრანდტმა სხვა გეგმა აირჩია. მან ქეიფი კი არ აჩვენა აქ, არამედ სამი ადამიანის დაძაბული მდგომარეობა, ყოველგვარი ეფექტების გარეშე . სუფრას სამნი უსხედან. ისინი ასე არიან განაწილებულნი, რომ მაშინვე მიხვდებით ორნი ერთად არიან ერთი კი ცალკე. რემბრანდტმა აიღო ის მომენტი, როდესაც ერთერთმა თქვა სათქმელი, მეფეს მოახსენა, რომ ამას განზრახული აქვს იუდეველთა ამოჟლეტვა. მეფე მოულოდნელობისაგან თითქოს გაქვავდა. მან მხოლოდ ახლა გაიგო, თუ როგორ მოტყუვდა ასეთი ცბიერი კაცი მეგობრად, რომ იგულვა. კიდევ ერთი წამი და მისი მრისხანება თავს დაატყდება მოღალატეს. ამანი კი უკვე მოტყდა და თავს მაღლა ვერ წევს. ნახატზე მოძრაობათა წრეა: ესთერიმ მოყოლა კი დაამთავრა, მაგრამ მარცხენა ხელი ჯერ კიდევ მიანიშნებს იმ მხარეს, რომელიც მოყოლის ობიექტი იყო. ასევე იმავე მხარესაა მიმართული მეფის მარჯვენა ხელი კვერთხით და თავიც ოდნავ იქითკენაა. დაძაბულობა ნახატში რემბრანდტს ფერებითაც აქვს გადმოცემული: ესთერი საოცრად ფერადოვანი გამითაა დახატული. აქ ერთმანეთს ერწყმის ოქროსფერი, წითელი და მომწვანო. სურათზე სამი ფიგურიდან ფერებით იგი დომინირებს. განათების სიძლიერით მას მოსდევს მეფე, ხოლო ამან თითქმის ბნელშია. როგორც ვხედავ, მხატვარი შინაარს ფერებითაც გადმოგვცემს.

Rembrandt – Assuerus, Haman and Esther. 1660. The Pushkin Museum of Fine Art, Moscow, Russia

60-იან წლებში მხატვრის მიერ მრავალი პორტრეტია შესრულებული, როგორც შინაურების, ისე დაკვეთით. თითოეული მათგანი ნიმუშია მაღალ მხატვრული შემოქმედებისა. ცოტა არ არის აგრეთვე ბიბლიიდან, სახარების სიოუჟეტები და სხვა. რემბრანდტის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს „უძღები შვილის დაბრუნება“. სამწუხაროდ, ეს სურათი მხატვრის გედის სიმღერად იქცა;  იგი მისი უკანასკნელი ნაწარმოებია! ღრმა ადამიანური შინაარსია ჩადებული ამ ნახატში. გადმოცემულია ადამიანის მოუსვენრობა, ლტოლვა მძაფრი განცდებისაკენ და სხვა. გვიყვება იმაზე, თუ როგორ წავიდა სახლიდან ფუქსავიტი შვილი, ქონება რაც გააჩნდა ქარს გაატანა. დიდხანს იხეტიალა, იწვალა იტანჯა და ბოლოს მაინც დაუბრუნდა მამის კერას. დიდი ხნის განმავლობაში ორივე ცალ-ცალკე იტანჯებოდნენ, ახლა კი ენით აუწერელი სიხარულია. ისედაც მოხუცებული მამა წელში გატეხა დარდმა, თვალსაც დააკლდა დაუძლური ხელებით იხუტებდა შვილს. შვილიც ასევე ნატანჯი, სირცხვილეული, მამას ფეხებში ჩაუვარდა და მაშინვე იგრძნო შვილის სითბო, სიყვარული განუზომელი. არცერთს ჯერ ხმა არ ამოუღია, მაგრამ უსიტყვოდ ყველაფერი გასაგებია. ასევე სრული თანაგრძნობაა იმათგან ვინც იმ შემთხვევას ესწრება. მოულოდნელობისაგან განცვიფრება კარში მდგომისა, თანაგრძნობა მჯდომარისა და თანადგომა, სათნოება ფეხზე მდგარისა.

რემბრანტის ფერებიც შინაარსის გადმოცემას ემსახურება. სხვებზე უკეთ განათებულია მამა და შვილი. შემდეგ თანამდგომი მოხუცი და მერე თან მიყოლებით. რამდენი სითბო და მშობლიური სათნოებაა ჩაქსოვილი მოხუცი მამის სახეში. შვილის ჩამოკონკილი ტანისამოსი, დაგლეჯილი ფეხსაცმელები, იარებიანი შიშველი ფეხი, უსიტყვოდ გვიყვება მის მიერ განვლილ გზაზე. ყველაფერ ამას აგვირგვინებს უთმო თავი, რომელიც თითქოს უპატრონობისა და მოუვლელობის შედეგია. მამა-შვილის ტანისამოსის ფერები შეხამებულია, სითბოს გადმოსცემენ. სითბო კი მოდის მამისაგან, რომელიც ხაზგასმულია წითელი ფერის მოსასხამით. მამა-შვილის სიხსრულს “ფერებით თანაუგრძნობს“ გვერდზე მდგარი მოხუცი თავისი მოწითალო მოსასხამით. რემბრანდტის ეს შედევრი, შიგ ჩაქსოვილი იდეით ყოველთვის სანიმუშო იქნება, მით იამაყებს ყოველი თაობა.

Rembrandt – The return of the prodigal son, 1666-69

ამ სურათის დამთავრების შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და რემბრანდტი გარდაიცვალა (1669წლის ოთხ ოქტომბერს). მის სიკვდილზე არავითარი გამოძახილი არ ყოფილა. მართალია, მხატვრის უკანასკნელი გზა უხმაურო იყო, მაგრამ თვით მისმა ხელოვნევნებამ ისეთი ღრმა კვალი გაავლო, რომ იგი არასოდეს არ ამოიშლება მსოფლიო კულტურის ისტორიიდან. რემბრანდტის ხელოვნება დიდი იდეებისა და ღრმა გრძნობების ხელოვნებაა. ის თავისი შემოქმედებისათვის საფუძველს ხალხში ჰპოვებს. იმით ივსება. ამან კი განსაზღვრა ის ღრმა რეალიზმი, რომელიც მას ახასიათებდა. გენიალური რეალისტის გამჭრიახობით მან ასახა თავისი ეპოქა, ისე როგორც ეს არც ერთ მის თანამედროვეს არ გაუკეთებია.

წყარო: http://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button