გოგი მაისურაძე – იაკობ გოგებაშვილი და აფხაზეთის საკითხი
რუსეთის თვითმპყრობელურმა იმპერიალისტურმა სახელმწიფომ ამიერკავკასიაში მყარად ფეხის მოკიდების შემდეგ, გეგმაზომიერად წარმართული მზაკვრული საქმიანობითა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკით ყველაფერი იღონა ორი ხალხის – ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი და კეთილმეზობლური ურთიერთდამოკიდებულების საძირკველის შესარყევად. ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, გ. შერვაშიძე, ი. გოგებაშვილი, გ. ემუხვარი და სხვები, თავიანთი გუმანით ჭვრეტდნენ რა მათი თანამემამულეების მიმართ რუსეთის მმართველი წრეების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შორსმიმავალ და არასახარბიელო შედეგებს, გულისტკივილით ადევნებდნენ თვალყურს ამ ყოველივეს და ცდილობდნენ თავიანთი სიტყვითა და საქმით მათ გამოფხიზლებას, მოსალოდნელი საშიშროებების თავიდან არიდებას.
დიდ ქართველ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს, არაერთჯერ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება ქართულ–აფხაზური ურთიერთობებისადმი. ქართველი ხალხის გასაგონად იგი ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა, რომ აფხაზები, მათი ენა, კულტურა, ფოლკლორი თვითმყოფადია და, რომ ჩვენი ერის მოვალეობა იყო ხელი შეეწყო და დახმარებოდა მათ თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. “მართალია, – წერდა ი.გოგებაშვილი – აფხაზეთი მრავალი საუკუნის მანძილზე შეადგენდა საქართველოს პოლიტიკური სხეულის ნაწილს, იქ ღვთისმსახურება სრულდებოდა ქართულ ენაზე და დამწერლობა ქართული იყო თვით აფხაზთა სურვილისამებრ, მაგრამ ხომ უეჭველი ფაქტია, რომ აფხაზური ენა ქართული კილო არ არის, არამედ დამოუკიდებელი ენაა, თუმცა ქართული ენის მონათესავე”. დიდი პედაგოგის აზრით, მას, აფხაზურს, როგორც “დამოუკიდებელ” ენას უდავოდ აქვს უფლება თავის ღვთისმსახურებაზე, თავის დამწერლობაზე, თავის ხალხურ ლიტერატურაზე”( ი.გოგებაშვილი, თხზ. ტ.4. თბ. 1955, გვ.200 ).
მე–19 საუკუნის 80–იან წლებში განსაკუთრებით დიდი რეზონანსი მოჰყვა ი.გოგებაშვილის სტატიების სერიას გაზეთ “ტბილისსკი ვესტნიკის” ფურცლებზე, რომელიც მიძღვნილი იყო აფხაზეთის მიწა–წყლიდან აფხაზების თურქეთში მასობრივად გადასახლების საკითხებისადმი. მის პირველსავე წერილს გამოეხმაურა იმჟამინდელი სოხუმის ოლქის მმართველი ვედენსკი, რომელიც სისტემატიურად კითხულობდა მის წინააღმდეგ მიმართულ პუბლიკაციებს და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დათანხმებოდა კრიტიკულ შენიშვნებს და თავის საქმიანობაში გარკვეული კორექტივები შეეტანა. ი. გოგებაშვილს სხვა ავტორებთან ერთად ვედენსკისათვის ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით დამაჯერებლად დაუდასტურებიათ მათი შენიშვნების მართებულობა. საბოლოოდ მას განუცხადებია კიდეც, რომ “…მე კალამს ვდებ, გაზეთის პოზიცია დამაჯერებელიაო”. (სხვათაშორის, ი. გოგებაშვილს აფხაზეთისა და აფხაზთა შესახებ 12 წერილზე მეტი ჰქონდა მისთვის მიწერილი).
როგორც ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარები აღნიშნავენ, ი. გოგებაშვილის დასკვნებით და ფაქტობრივი მონაცემებით, პეტერბურგში გასაგზავნი მოხსენების შედგენისას, ფართოდ უსარგებლია ქუთაისის გენერალ–გუბერნატორს სტაროსელსკის. იმ პერიოდში საზოგადოებისათვის ისიც გახდა ცნობილი, რომ იმ პრობლემების მოგვარებისათვის, რომელთა შესახებაც თავის წერილებში მიუთითებდა ი.გოგებაშვილი, საქმეც ქართველთა და აფხაზთა სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, რომ არა მოსკოვური შავრაზმული გაზეთის “მოსკოვსკიე ვედომოსტი”– სა და მისი რედაქტორის გაშმაგებული თავგამოდება. რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან აყრილი მოსახლეობა საქართველოში, კერძოდ – აფხაზეთში ჩამოასახლეს…
ი.გოგებაშვილმა შესანიშნავად იცოდა, რომ “ტერიტორიის ხელიდან გამოცლა და დაკარგვა ყველა უბედურებას აღემატება, მეტადრე იმისთანა ერისათვის, რომელიც ცხოვრობს მარტო მხვნელ–მთესველობით… ტერიტორიის დაკარგვა სავსებით უდრის ამისთანა ერის აღმოფხვრას…” (ი.გოგებაშვილი, რჩ. ნაწერები, ტ.1, თბ., 1910, გვ.1 ). ი.გოგებაშვილს სწამდა, რომ ხალხის განვითარება–გაძლიერება ეროვნული პრინციპების განვითარების გარეშე ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა. “თვით კერძო ადამიანი მაშინ იმოსება შესაბამისი ძალ–ღონით, როდესაც აღიზრდება ისე, როგორც მოითხოვს მისი თავისებური აგებულობა – ფიზიკური და ფსიქიური. მითუმეტეს ეს უნდა ითქვას მთელს ერზე. ერი თავისებური კოლექტიური აგებულებაა, თავისებური კოლექტიური პიროვნებაა. ამიტომ მისი აღორძინება შეიძლება მხოლოდ თავისებური, ეროვნული გზით. ისტორიაში ვერ მოძებნით ისეთ მაგალითს, რომ ერს ეღალატოს თავისი ეროვნებისათვის, ეროვნული კულტურისათვის და არ გახრწნილიყოს, არ აღმოფხვრილიყოს…” (ი.გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, წინასიტყვაობა ავტორისა, გვ.11 ).
1907 წლის ნოემბერში ი. გოგებაშვილი კიდევ ერთხელ უბრუნდება აფხაზეთის საკითხს. წერს საყურადღებო სტატიას “პოლიტიკანობა აფხაზეთში”, რომელსაც აქვეყნებს სოციალ–დემოკრატების ყოველდღიურ გაზეთ “წყაროში”. ი.გოგებაშვილი აღნიშნავს: “ამჟამად აფხაზეთს ორი მოტრფიალე ჰყავს. ერთნი ცდილობენ სრულიად დააშორონ იგი საქართველოს, გაიმარტივონ და გადაიბირონ თავისკენ. მეორენი, მონატრულნი არიან დაიცვან ისტორიული კავშირი აფხაზებისა ქართველებთან.
ეს ორი მოწინააღმდეგენი სხვადასხვა ხერხებს ხმარობენ თავისი წადილის მისაღწევად… პირველნი სწერენ და შესაბამის საქმეებსაც აკეთებენ – ქმნიან ფაქტებს და ამ ფაქტების ძალით იმედი აქვთ ლელო გაიტანონ. მეორენი მხოლოდ ბუზღუნებენ, სჩივიან, წერენ კორესპონდენციებს გაზეთებში, სადაც თავის უკმაყოფილებას აცხადებენ – საქმით კი არაფერს აკეთებენ. ამ დალოცვილებს დავიწყებიათ ის საანბანო ჭეშმარიტება, რომ უკუღმართის საქმის ძლევა, შეიძლება მხოლოდ წარმართი საქმით და არა ცარიელი სიტყვით; ფაქტის გაქარწყლება ძალუძს მარტო ფაქტსავე და არა ლიტონს სიტყვასა. ისტორიული ერთობის დამცველთ აფხაზთა და ქართველთა შორის რიგიანად ვერ შეუგნიათ, რომ ძველებური ხერხებითა და ტაქტიკით ახლა აღარ ძალუძთ ფონს გავიდენ, რომ ახალნი გარემოებანი ახალს ტაქტიკას თხოულობენ. რაში უნდა მდგომარეობდეს ეს ტაქტიკა? ამის პასუხად ერთობის მოციქულებს გავუზიარებ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის – ოსების მოქმედებას უკანასკნელ ხანებში. ამათ ისარგებლეს ქართული “დედაენით” და მოკლე ხნის განმავლობაში შექმნეს “ოსური დედაენა”. რადგანაც სურათების დამზადება დიდ ხარჯს ითხოვს, მეზობლურად ითხოვეს ქართველებისაგან კლიშეები, რომელნიც მათ სრულიად უფასოდ დაეთმოთ. სრული თვე არ იქნება გასული, რომ ეს “დედა–ენა” დაბეჭდეს და მოკლე ხანში მოფინეს ხალხში. ზედ მიაყოლეს თარგმანი ქართული საყმაწვილო მოთხრობისა. პირველად გადათარგმნეს, სომხებსავით, “იავნანამ რა ჰქმნა?” ითხოვეს “წერა–კითხვის საზოგადოებისაგან” მოთხრობის კლიშეები და შეუდგნენ ბეჭდვასა. თარგმნიან აგრეთვე ქართულიდან სხვა მოთხრობებსაც. თუ სოხუმელი ერთობის მოციქულნი ამ მაგალითს ჩაუკვირდებიან, ადვილად მიხვდებიან, თუ რა გზას უნდა დაადგენ პოლიტიკანების გასაცურებლად და თავისი მისწრაფების განსახორციელებლად… სოხუმში მოიპოვებიან როგორც ქართველი ისე აფხაზი პედაგოგები. მათ ადვილად შეუძლიათ რამდენიმე თვის განმავლობაში შეადგინონ შეერთებული ძალებით აფხაზური დედა–ენა და დაბეჭდონ იგი. დაბეჭდონ არა იმ მახინჯური ანბანით, რომელიც შეუთითხნიათ პოლიტიკანებსა, არამედ ისტორიული აფხაზური ანბანით, რომელიც ქართული ანბანიც არის და რომელსაც გამოჩენილი მეცნიერი უსლარი აღიარებს “უუსრულეს ანბანად ყველა ანბანთა შორის”. ეს ანბანი ხატავს ყოველ ხმას აფხაზური ენისას და ზედ გამოჭრილია მასზე. მარტო იგი იხმარებოდა მრავალი საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთში და შესისხლხორცებულია მასთან. ყველა ამის გამო, კითხვის შესწავლა, განათლების მიღება იხსნის მათ იმ მავნებელი განმარტოებისაგან, რომელსაც უმზადებენ პოლიტიკანები მახინჯური ანბანით. აფხაზური “დედა–ენის” შემდეგ აფხაზმა პედაგოგებმა, ქართველების დახმარებით, უნდა გადათარგმნონ საუკეთესო საყმაწვილო და სახალხო მოთხრობები და გამოსცენ. უნდა აგრეთვე შეკრიბონ აფხაზური სახალხო ლექსები, არაკები, ზღაპრები, გამოცანები და ბეჭდონ. თუ ადგილობრივ ვერ შეძლებენ ამ წიგნების დაბეჭდვას, გამოუგზავნონ თბილისში “წერა–კითხვის საზოგადოებას” და იგი დიდი სიამოვნებით გამოსცემს თავის ხარჯით.
რაც შეეხება წირვა–ლოცვის შემოღებას აფხაზურ ენაზე, ყოველგვარი ირონიები, დაცინვა და მასხრად აგდება და წინააღმდეგობა დიდ უტაქტობას წარმოადგენს. აქაც ბუზღუნის მაგივრად მეგრელებმა ფაქტი უნდა დაუპირისპირონ ფაქტსა; კარგი წირვა–ლოცვისა და გალობის მოწყობას ქართულ ენაზე სოხუმში და სხვა ადგილებშიაც, რომელიც თითქმის დღემდე აკრძალული იყო და, რომელსაც სრულ ნებას აძლევს ახალი კანონი სარწმუნოების თავისუფლებისა. ქართულ ღვთისმსახურებას აფხაზთა ყური ისმენდა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, შეჩვეულია მასთან და საღმრთო ენას სახელი და პატივი აქვს მათ შორის. ამის გამო ყოველს ეჭვგარეშეა, რომ თუ აფხაზებს თავის ახლო ექნებათ რიგიანი ქართული წირვა–ლოცვა და გალობა, მას არასოდეს არ გაცვლიან დეკანოზის გოლუბცევის მიერ შემოღებულ პროვინციალურ წირვა–ლოცვაზე, რომელიც თურმე ძლიერ ეუცხოვებათ და ეჩოთირებათ აფხაზებს და, რომელსაც მსმენელად ეყოლება მხოლოდ ეკლესიის კედლები. თუ მაინც და მაინც აფხაზები შეითვისებენ ახალს პროვინციალურ წირვა–ლოცვას, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ეს ერთის მხრივ ძლიერ სასარგებლო იქნება მეგრელებისა და სხვა ქართველებისათვის, რადგანაც ახალი ბურჯივით განამტკიცებს პრინციპს ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას სოხუმიდან დაწყებული დაღესტნის მთებამდე. თუ შეგნებული აფხაზები დაახლოებით გაიცნობენ თავისი სამშობლოს წარსულს, ცხადად დარწმუნდებიან, რომ აფხაზეთი მხოლოდ იმ საუკუნეებში სტკბებოდა კეთილ–დღეობით და კაი სახელით, როცა შეკავშირებული იყო საქართველოსთან პოლიტიკურად, სარწმუნოებით და ღვთისმსახურეობით; მეტსაც შეიტყობენ. მაშინ აფხაზეთი სათავეში უდგა მთელ დასავლეთ საქართველოს, რომელსაც აფხაზეთის სახელმწიფო ერქვა. მაგრამ, როცა ისტორიის უკუღმართმა ტრიალმა იგი მოსწყვიტა საქართველოს და გაამარტოვა, აფხაზები უკან უკან წავიდნენ, დაეცნენ, გაველურდნენ, რიცხვით მეტად შემცირდნენ და ახლა, წინანდელის მოზრდილი ერის ნაცვლად, წარმოადგენენ ერთ–მუჭა თემს, რომელსაც გაქრობა ემუქრება, თუ პოლიტიკანებმა გააცალკევეს, გაიმარტოვეს და მოსწყვიტეს საქართველოსა. მტკიცე კავშირი მეგრელებთან და სხვა ქართველებთან წელში გამართავს აფხაზებს, ზურგს გაუმაგრებს, ძალას და ღონეს მისცემს და კარგის მომავლის იმედით აღავსებს.
პირადად ჩვენ მზად ვართ ყოველი დახმარება აღმოვუჩინოთ, შეძლებისდა გვარად, ტრადიციულის ძმობისა და ერთობის მოციქულებს, მეტადრე ახალის მწიგნობრობის შექმნასა და გამოცემაში”.
“ექსპერტთა კლუბი”
წყარო: http://expertclub.ge