ლიტერატურამოთხრობა

ტიციან ტაბიძე, კაფე ქიმერიონი

როდესაც დავფიქრდით, ქართული ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე რა აქცენტების გამოკვეთა შეიძლებოდა დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეულ ეტაპზე მას ასაზრდოებს ქრისტიანობა, ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი და ა.შ. ტექსტი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, გვაძლევს საშუალებას, ყველაზე ცხადად დავინახოთ, რომ ხელოვნება არის სივრცე, სადაც წარმატებით იშლება ეთნიკური, სოციალური, რელიგიური ბარიერები. კაფე “ქიმერიონი” ქართულ კულტურაში სწორედ ეს მოვლენაა. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ აქ არამხოლოდ დროისა და სივრცის საზღვრები ირღვევა, არამედ რეალურისა და გამონაგონის, სინამდვილისა და მხატვრულის. რადგან აქ ერთად მოღვაწეობენ ეროვნებით სუდეიკინი, ზდანევიჩები, ტიციან ტაბიძე, ლადო გუდიაშვილი, ლელი ჯაფარი, დავით კაკაბაძე, ნიკოლოზ ევრეინოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი, შექსპირის, ვიიონისა და სერვანტესის გმირები, რომელთაც წარმოსახვით აცოცხლებდნენ კაფე “ქიმერიონში” შეკრებილი ხელოვანები.

ნაწყვეტი

რაც არ უნდა მოაბრუნოს ვალერიან გაფრინდაშვილმა უკუღმა პეიზაჟი, ვერავინ იტყვის, რომ იყოს მეტი სიხარული, გარდა აპრილის სითეთრისა. ჩემთვის აქამდე აუხსნელი ფაქტია, აზიის პოეტებმა რატომ გააღმერთეს მაისი. გოლოვინის პროსპექტს მაშინ უკვე რუსთაველისა ერქვა, როცა ერთმა მოსკოველმა ჟურნალისტმა და თეატრალმა ი. ლვოვმა პირველად გაგვაცნო სერგეი სუდეიკინი. ყველა ხელოვანთაგან, რომელიც რუსეთის სამოქალაქო ომმა ჩამოიყვანა საქართველოში, უთუოდ საინტერესო დარჩა ს. სუდეიკინი. სუდეიკინმა ჯერ რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი. ავადმყოფი და ნერვებ განადგურებული, ის მაინც მოხდა მობილიზაციაში და მსახურობდა არმიაში, შემდეგ კი თითქმის ერთი წელიწადი იწვა ყირიმის სანატორიუმში. მისმა მეგობრებმა და ყველაზე უფრო თვითონ მან დაჰკარგა გადარჩენის იმედი. მე არასდროს მიგვრძნია სიკვდილის მეტაფიზიკა ისე დაჯერებით, როგორც სუდეიკინთან საუბარში.

მისმა მეგობარმა, პეტერბურგელმა მხატვარმა საველი სორინმა, ურჩია მას პირველად საქართველოში წამოსვლა. არის რაღაც აუხსნელი სუდეიკინისა და სორინის მეგობრობაში-ეს შეუძლებელი შემთხვევა მოცარტის და სალიერის დამეგობრობის. სუდეიკინში ნამდვილად არტისტის სულია, რომელიც მხატვრის სახით დადის ქვეყანაზე; სორინი აძლევს მის ცხოვრებას მიწიერ აზრს, რაც საჭიროა, რომ შიმშილით არ მოკვდეს არტისტი. არ ვიცი, დარჩა თუ არა ვინმეს აწერილი სამი წლის წინანდელი რუსეთი: იყო რაგაც ფანტასმაგორია, მართლა ასტრალური მტვერი გაყინული სიცივით თოვდა, იყო სამოქალაქო ომი, ჩრდილო პოლუსის ოკეანის სიცივე და მისტერიამდე მისული შიმშილი.

კულტურული ადამიანები ჩვენ თვალ წინ კოცნიდნენ თბილისის მიწას და ტიროდნენ, როცა ხედავდნენ ელექტრონის სინათლეს; თითქო საფლავიდან გამოღვიძებული ხალხი ვერ იტანდა ჰაერს და სინათლეს.
ყველაზე მეტად ბოჰემა და გაბედული, სტენკა რაზინის ტემპერამენტის პოეტი, ვასილი კამუნსკი ტიროდა კაფეში, როცა გრძნობდა სითბოს ჟრუანტელს და დაუსრულებლად, რუსული სიმართლით ჰყვებოდა მოსკოვის სიცივეზე.

მაშინ ჩვენ გვესმოდა ფრაზა, რომელიც შემდეგ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა ჩამოიტანა პრაღიდან. აკადემიკოსი პოეტი ივ. ბუნინი ამთქნარებს და ამბობს: “ღმერთო, ნეტავ დამსვა საქართველოშიო“.
აქედან წარმოდგა ლეგენდა საქართველოს ოაზისობისა.
აქედან განმეორდა ბიბლიური ლეგენდა, რომ სამოთხე უნდა ყოფილიყო ევფრატის გადმოღმა.
ერთი შეხედვით გრძნობთ უთუოდ დიდ არტისტს: ღია ცისფერი თვალები, რომელსაც შევხვდები მხოლოდ რუს არისტოკრატიაში;
ასტრალის სიმჩატისა და აანტიური ფორმების ტანი;
ორმოც წელზე მეტი, _ ვინ იტყვის, რომ ის კიდევ არ იყოს ლიცეისტი;
ნამდვილი გამართლება დორიან გრეის;
ღია თვალები მაინც ინახავენ ახალგაზრდობასა და შემოქმედებასთან ეთად რაღაც დიდ დაწყევლას.
სუდეიკინს მარტოს ვერავინ წარმოიდგენს.
მას თან დაჰყვება თავისი მუზა.
ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავია საუკუნო არტისტული სიყვარულისა,_ გრეტხენისთვალება ვერა არტუროვნა ლური-სუდიეკინისა, რომელიც აჩერებდა ერთ დროს თბილისში ყველა გამვლელს, ვისაც ესტეთიკური გრძნობა ჰქონდა.

ამ ქალმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა სუდეიკინს, მაგრამ ამ თავგანწირვას ჰქონდა და აქვს გამართლება. ეს ალბათ ყველაზე უფრო შეყვარებული ცოლ-ქმარი ყველა არტისტებში.
სუდეიკინის ყველა სურათი ვარიციაა ერთი სახის, რომელიც ჰგავს თანამედროვე მადონას, და ამ გარემოებებში სრულიად არ არის ერთსახეობა. ძლიერი სიყვარული ანათებს უთვალავი სხივებით.
პირველი შეხვედრა, როგორც ყოველთვის, იყო პაოლო იაშვილი. წვიმიან აპრილის დღეს ჩვენ მოვხვდით კაფე “დარბაზში“. . . პირველი გრძნობა, რომელიც შეიძლება შენიშნო – სუდეიკინის აღტაცება პაოლო იაშვილით. ეს არის პალო იაშვილის ახალგაზრდა სიხარული – მისი პირველი სახე პუშკინის ახალგაზრდები: გაბედვა, პათოსი, მოცარტობა. სუდეიკინი გრძნობს ამას, როგორც არტისტი. მეორე: სუდეიკინისთვის საქართველო პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის კავკასიაა.
ს. სუდეიკინმა ნ. მიწიშვილს პირვლად იმ დღეს დაარქვა ნაპოლეონი, და ამ დღის მერე ყოველთვის იკითხავდა მას, როგორც ჭინკას. მე მგონია, პირვლად სუდეიკინმა იგრძნო პოეტური სახე ნ. მიწიშვილის.

სუდეიკინმა მთხოვა მივსულიყავი მასთან ბინაზე, რომ მენახა ყირიმის ეტიუდები – გრიბოედოვის ქუჩა, ლვოვის ბინის ქვეშ, თითქმის სარდაფის ოთახი, ოთახი საცსე სურათებით. მე იმ დღეს პირველმა ვიგრძენი, რომ სუდეიკინი არის მუსაიფის გენია, როგორც უაილდი.

პირველი აზრი იყო დაგვეწერა დიალოგი მხატვრობაზე და კერძოდ, ქართულ გამოფენაზე, რომელიც მთავრობის ხარჯით იყო მოწყობილი დიდების ტაძარში. გულახდილად ვუთხარი, რომ ვერ მივიღებდი დიალოგით ფორმას, რადგან ის თვითონ გენიალურად ლაპარაკობდა მხატვრობაზე. მე ჩავწერე მაშინ მისი წერილი ქართველ მხატვებზე და დავბეჭდე გაზეთ “საქართველოში“, და მგონია ეს ნამდვილი ოსტატის ერთადერთი წერილია საქართველოში, დაწერილი ცოდნით და სიტყვის უჩვეულო ეკონომიით. პირველი გაკვირვება ეს იყო ნიკო ფიროსმანი, გენია აუხსნელი და საქართველოს გამმართლებელი, პური და ღვინო…. ქეიფი და სიხარული. თუ ნიკო ფიროსმანს კახეთში არ უცხოვრია, კახეთში მაინც უმოგზაურია. ამბობენ, ერთ დროს ობერკონდუქტორი ყოფილა. არის ბედის ირონია.
სხვა ყველა აპოკრიფული სიტყვები, თუნდაც რომელსაც ავრცელებს მოსე თოიძე – მხოლოდ მოგონილი ამბებია.

ჩვენ, “ცისფერყანწელებმა“, პირველად თბილისში გავხსენით სეზონი კაფეში. ბევრი ალბათ მოიგონებს კაფეს, რომელსაც მაშინ „დარბაზი“ არ ერქვა, დიასახლისებში გვახსოვს პოეტესა განდეგილი და იუსტიციის მინისტრის შალვა მესხიშვილის ცოლი ქეთო. მოულოდნელად დაიწყებდა და შემდეგ სხვა გამოსვლებს დირიჟორობდა პაოლო იაშვილი. ლექსებს ამბობდნენ: ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ლექსი უთქვამს კ. ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ი. ზდანევიჩს და ბევრ სხვას.
“მეგობრებო, არის დრო,
რომ წარმოდგეს არისტო.”

არისტო ჭუმბაძე – რომელიც ამ დროს ემზადებოდა დიპლომატად სკანდინავიაში.
მაშინ ჩვენ მოვინდომეთ გვქონოდა ჩვენი საკუთარი კაფე. ბინა აღმოჩენილი იყო, მაგრამ იყო სიძნელე. საქართველოს მთავრობა ერიდებოდა რეკვიზიციას, ისე კი ვინ დასთმობდა ბინას. მაშინ ქართველი არისტებისთვისაც არ იყო თეატრი.

დავიწყეთ ფიქრი კაფეს მოწყობისათვის გრანდიოზულ ფორმებში. სამი თვის შემდეგ, როცა ბინა გადაცემული ჰქონდა მწერალთა კავშირს და მისი თავჯდომარე კოტე მაყაშვილი ელოდა ვინმეს, ვინც ამ კაფეს მოაწყობდა, უცებ გამოჩნდა ილო მაჩაბელი, საქართველოში ვერავინ დაიჩემებს მეტ თეატრალურობას, ვიდრე ი. მაჩაბელი. ბევრს მოიგებდა ყოფილიყო ასტრეპრენიორი. მას აქვს გამბედაობა და არტისტებისთვის საჭირო დიქტატორის ხელი. აქ პირდაპირ იწყება ისტორია “ქიმერიონისა“.

მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა, რომ კაფეთვის დაერქმია სახელი. იყო აუარებელი წინადადება ყველა პოეტის, მაგრამ შერიგება მაინც არ მოხდა. უკანასკნელი კრება შედგება „ნაკადულის“ რედაქციაში. მწერალთა კავშირს მაშინ არ ჰქონდა თავისი ბინა. “ცისფერი ყანწელი“ პოეტები გაჩერდნენ “ქიმერაზე“. იყო წინადადება “ქიმერეთის“ _ პაოლო იაშვილი, „ქიმერია“_ ტიციან ტაბიძე. გაიმარჯვა წინადადებამ:_ „ქიმერიონი“_ სიტყვა აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ მიმართეს ს. სუდეიკინს დაეხატა დეკორაცია “ქიმერიონისა“: ს. სუდეიკინი, ლ. გუდიაშვილი და დ. კაკაბაძე შეუდგნენ “ქიმერიონის“ მოხატვას.
ცალ-ცალკე ყოველი ამათაგანი ცდილობდა დაეხატა “ცისფერი ყანწების“ ორდენი. როცა პირველად გუდიაშვილი და კაკაბაძე შევიდნენ ბინაში და წარმოიდგინეს მისი დახატვა, ორივეს ფერი ეცვალა… დეკორაციას არც ერთი მათგანი არ იყო ნაჩვევი და ორივე შეაშინა გრანდიოზულმა შენობამ.
მაგრამ საკმაო იყო გამოჩენილიყო რუსეთის საიმპერატორო თეატრის და პარიზის დიაგილევის სეზონის გემტარებელი ნამდვილი ოსტატი_დეკორატორი სუდეიკინი, რომ ყველაფერი გამოეცვალა. ქართველმა მხატვარმა ა. ზალცანმა თეატრიდან გამოაგზავნა ორი მღებავი-მალიარი, გუდიაშვილმა იმათ დაარქვა მალარმე, და ქიმერიონის დარბაზში აიმართა ორი მაღალი კიბე_ ერთი სუდეიკინისთვის და მეორე გუდიაშვილისთვის. გუდიაშვილის მეორე კედელი შედევრია ქართული ხელოვნებისა. ეს სუდეიკინმაც იწამა, პირველი კედელი დაიწყო სუდეიკინმა.

შესავალ კარებთან რომის კეისრის წამოსასხამში დგას პოეტი. მისი მეორე სახე იხედება ალაყაფის კარის სარკმელში. მის წინ დგანან ქალები: განსაკუთრებით ყველაში უფრო გამოირჩევა ერთი ქალი მარგო, ნამდვილი პროტოტიპი ფრანსუა ვიიონის კაბატჩიცა მარგოსი. ესპანური ქუდით და წამოსასხამით, ყანწებით ხელში. დახატულია პაოლო იაშვილი, თავს ახვევია მტრედები და სახე უბრწყინავს, როგორც ილია წინასწარმეტყველს… ფონი _ ცისფერი მტრედები ცისფერ ყანწებში აღნიშნავენ მის გულკეთილობას.
შემდეგ სუდეიკინის ავტოპორტრეტი. ხელში უჭირავს სარკე, რომელშიაც იყურება ამური, და როგორც მადონა_დგას ვერა არტუროვნა. ეს არის ახალი მისტერია. ეს სახეები გადაღებულია ორიგინალურად. ეს სახეები გადაღებულია ორიგინალურად. შემდეგ ხეზე_რომელიც აღნიშნავს ხეს ცნობადისას-მიყუდებული დგას ტიციან ტაბიძე პიერის წამოსასხამში, ქვევით ტრაგიკული ბალაგანი; არღანი და თუთიყუში _ ფონი მეწამული ქალდაესი, შემდეგ, როგორც საიდუმლუ სერობა, ნინა მაყაშვილი კოლომბინას კოსტუმში ნიღაბით და კიდევ ქართული სამება მხატვრების ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე.
ერთი ეპიზოდიც: იმ დღეებში დიდების ტაძარში გამართული იყო გამოფენა. ლ. გუდიაშვილი ეუბნება სუდეიკინს: მემარცხენე მხატვრებმა, ფუტურისტებმა, მე და ზდანევიჩი აგვირჩიეს ჟიურიში, მემარჯვენე მხატვრებმა_თქვენ, და კრებას დაესწარითო. გუდიაშვილს არ გაეთავებია სიტყვა, რომ მას თავს დაეცა საღებავის ვედრო მალარმესი და გაბრაზებული სუდეიკინი მზად იყო ხელით მივარდნილიყო: მე თქვენ გიჩვენებთ მემარცხენეობას; თქვენ დაბადებული არ იყავით, რომ მე ვიყავი ნოვატორი და ფუტურისტიო. ამ სცენას ჩვენ არ დავსწრებივართ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გუდიაშვილი ძლივს შევგზავნეთ ქიმერიონში, რადგან ეშინოდა, სუდეიკინი მომკლავსო. ლადო თავის შიშს ისეთი ეთნოგრაფიული კინტოური აქცენტით გამოთქვამდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. შემდეგ სუდეიკინი ჩავიდა მთავარ დარბაზში. ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“.

ბევრი დიდი მარკის მხატვარი ყოფილა აღტაცებული იმ ახალი ბაიარეტით, სადაც საუბედუროდ, თუმცა იყო ნ. ევრეინოვი და დიდი პოეტებიც, მაგრამ ვერ დაიდგა პოეზიის სიმფონია.
სუდეიკინისათვის საჭირო იყო პარიზის კაფეების გენიალური ცოდნა, რომ ისე შთაგონებულიყო. აქ არიან ძვეელი კოკოტკები, ახლად შესული კაფეში, მხატვრები, პოეტები: რემბო, ანდრეი ბელი და ულამაზესი ქალები.

…უკვე სეზონის სამზადისია. ქვეყნად არც ერთ რეჟისორს არ უფიქრია ისე ტანჯულად სეზონზე, როგორც სუდეიკინს. მაშინ თბილისში იყო ნიკოლა ევრეინოვი, ერთი ხუთთაგანი მსოფლიო რეჟისორებში, მაგრამ იმასაც აკვირვებდა სუდიეკინი. ერთ ფელეტონში არ აიწერებოდა ყოველი დღე და მოგონებები ვიაჩესლავ ივანოვზე, კუზმინზე, მაქ. ვოლოშინზე, ბალმონტზე, სოლოგუბზე, ვრუბელზე, ყველა ამ მხატვრებსა და ლამაზ ბალერინებზე… ყველა ამ მუშაობისთვის სუდეიკინმა აიღო 10.000 მანეთი. მან უარი თქვა, როცა ჩვენ შეძლება გვქონდა მიგვეცა ნახევარი მილიონი პარიზში წასვლის წინ. მაშინ ფრანკი ღირდა 15 მანეთი. მან ტფილისში დატოვა ყველა თავისი სურათი და მათ შორის ავტოპორტრეტი, რომელიც ამშვენებდა ხელოვნების სასახლეს „ცისფერ ყანწების“ რედაქციაში.

„ქიმერიონის“ გახსნის დღეს, როცა ას უცხოელ სტუმარში მხოლოდ სამი რუსი იყო: სერგეი სუდეიკინი, ნიკოლოზ ევრეინოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი, მან წააკითხა თავის ცოლს პოემა ორმოც სტრიქონში, სადაც იყო ნამდვილი აპოლოგია რუსული გენიის. პარიზში წასვლის წინ, თბილისის ვაგზალზე სუდეიკინები და სორინი გააცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა. სუდეიკინები გულწრფელად სტიროდნენ საქართველოზე. რკინიგზის მოსამსახურეებმაც იგრძნეს, რომ მიდიოდნენ პატიოსანი სტუმრები და იყვნენ თავაზიანი, როგორც არასდროს. შავ ზღვაზე მათ წამყვან გემს თავს დაესხნენ პირატები. ყველა მგზავრი გაძარცვეს, სუდეიკინებს არტისტის გულს ვინ წაართმევდა. ყოველღამ „ქიმერიონში“ სადღეგრძელოს და მოგონებას თავადი მიშკინისას, რომელიც ჩვენთვის სუდეიკინი იყო, იმეორებდნენ გამტყდარი სარკეები და უთვალავი ქიმერები.

1921 წელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button