განხილვაესე

საერო პირთა სახეები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ –

„აგიოგრაფიული მწერლობის შედევრი, გიორგი მერჩულეს მიერ 951 წელს შექმნილი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება იმითაც გამოირჩევა, რომ მასში სასულიერო პირთა დიდოსტატურად გამოკვეთილი მხატვრული სახეების გარდა დახატულნი არიან საერო პირები: დიდი ფეოდალები და მეფეები. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეპოქა, რომელიც ამ ისტორიულ თხზულებაშია აღწერილი, სწორედ იმით გამოირჩევა, რომ საერო და სასულიერო პირები ერთობლივი ძალებით, ერთნი ხმლით ხელში, მეორენი – ჯვრით, იბრძოდნენ მტრებისაგან აოხრებულ-განადგურებული, გაუდაბურებული, ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დანაწილებული ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინებისათვის. გიორგი მერჩულეს ძირფესვიანად შეუსწავლია მერვე-მეცხრე საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ვითარება. ამის დასტურია მისი ტექსტი, რომელშიც კარგად ჩანს მეფეთა და დიდებულთა ცხოვრების დეტალებიც კი. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველო ბერძნების ხელში იყო. აფხაზეთს ჰყავდა მეფე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის მფარველობის ქვეშ იყო. აღმოსავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. მხოლოდ ტაო-კლარჯეთი იყო მტრებისგან თავისუფალი, ამიტომ, ბუნებრივია, რომ აქაური მამფალებისა და კურაპალატების თაოსნობით დაიწყო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა. ამ იდეის გამომხატველია სიტყვები, რომლებსაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, ანუ საქართველო დახასიათებულია ქართული ენისა და ქრისტიანობის მიხედვით. სწორედ ეს ორი ფაქტორი – ენა და სარწმუნოება – განაპირობებდა სამეფო-სამთავროებად დანაწილებული ქვეყნის ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომ იყო დიდ ეროვნულ საქმედ მიჩნეული საქართველოში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ისინი წარმოადგენდა კულტურისა და განათლების კერებს, უფრო მეტი, მათ ირგვლივ სოფლები და ქალაქები შენდებოდა, ამიტომაცაა გიორგი მერჩულეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ეროვნული საქმისათვის თავდადებული პიროვნება. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გრიგოლ ხანძთელი თავად იყო ქართლის წარჩინებული ოჯახის შვილი, ის იზრდებოდა მამიდის ხელმძღვანელობით, ქართლის ერისმთავრის, ნერსეს სასახლეში. მას დაუბრკოლებლად შეეძლო როგორც საერო, ისე სასულიერო უმაღლესი თანამდებობის მიღება, თუმცა მან ამქვეყნიურ დიდებაზე უარი თქვა და იმ საქმეს მოჰკიდა ხელი, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებოდა მის ქვეყანას: დაიწყო დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, მათი გაცოცხლება-აღორძინება. მან გამოიჩინა დიდებული ორგანიზატორული ნიჭი, გაიჩინა თანამოაზრეები და თავისი საქმიანობისათვის აირჩია ტაო-კლარჯეთი. ეს არჩევანიც გრიგოლის სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობაზე მიგვითითებს. როგორც უკვე ვთქვით, ეს მხარე დამპყრობთაგან თავისუფალი იყო, ამდენად, ხელისშემშლელი არავინ ეყოლებოდა, მეორე, აქედან შეიძლებოდა სტარტი აეღო ქვეყნის აღორძინება- გაერთიანებისათვის ბრძოლას და, მესამე, იქ კარგი პირობები იყო ბერ-მონაზონთა ცხოვრებისათვის. სრულიად ახალგაზრდა გრიგოლ ხანძთელმა უდიდეს ეროვნულ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ მხოლოდ ბერების ენთუზიაზმის ამარა ამ უდიდესი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი გრანდიოზული მშენებლობისთვის საჭირო იყო იარაღი, მუშახელი, რაც საერო ფეოდალთა ხელში იყო. ამ მიზნით დაუკავშირდა გრიგოლ ხანძთელი დიდებულ აზნაურს, გაბრიელ დაფანჩულს, შემდეგ კი მეფეს, აშოტ კურაპალატსა და მის შვილებსაც დაუახლოვდა. მათ მისცეს გრიგოლსა და მის ძმებს „კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშენებლად.“ ასე გადაიკვეთა საერო და სასულიერო პირთა გზები. გრიგოლ ხანძთელმა შეძლო მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება, მათი ნებისყოფის წარმართვა მთავარი ამოცანის გადაჭრისაკენ, საერთო საქმის გასაკეთებლად დარაზმა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ის დამსახურებულად სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით როგორც სასულიერო, ისე – საერო პირთა შორის. მას უსმენდნენ, უჯერებდნენ, მისი ეშინოდათ და, რაც მთავარია, პატივს სცემდნენ მის აზრს. ამის ბრწყინვალე მაგალითია ჯავახეთის საეკლესიო კრება, რომელიც გუარამ მამფალის თხოვნით მოიწვიეს და სადაც არსენის კათალიკოსად დასმის კანონიერების შესახებ მსჯელობდნენ. პირველი საერო პირი, რომელსაც ვეცნობით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, გაბრიელ დაფანჩულია. ეს აზნაური დაჯილდოებული იყო ყველანაირი სრულყოფილებითა და სიმდიდრით: იყო ტანადი, ახოვანი, ყველა საქმეში წარმატებული და რწმენის ერთგულებით გამორჩეული, შეგნებული, მაღალზნეობრივი, ქვეყნის სასარგებლო საქმისთვის თავდაუზოგავად მოღვაწე. აი, როგორ ახასიათებს მას გიორგი მერჩულე: „ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილად მორწმუნეობითა ქებულ იყო.“ როგორც ვხედავთ, მწერალი ეპითეტებსა და საქებარ სიტყვებს არ იშურებს მისთვის და ეს არცაა გასაკვირი: გაბრიელ დაფანჩულმა პირველმა განჭვრიტა ის მნიშვნელობა, რაც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით დაწყებულ მშენებლობას, ბერების საქმიანობას ჰქონდა ქვეყნის მომავლისთვის და მათ შესახებ სასწრაფოდ მოახსენა აშოტ კურაპალატს. თავად კი ყველანაირად ეხმარებოდა გრიგოლს მონასტრების მშენებლობის პროცესში, ფაქტობრივად, ამ გონიერმა, შორსმჭვრეტელმა და პატრიოტმა დიდფეოდალმა დაუდო სათავე საერო და სასულიერო პირთა ერთობლივ მოღვაწეობას ამ უდიდეს ეროვნულ საქმეში. ტაო-კლარჯეთის დაუსახლებელი ადგილების განაშენიანებისას დიდი მატერიალური დახმარება გაუწიეს გრიგოლსა და მის ძმებს აშოტ კურაპალატმა და მისმა შვილებმაც. აშოტ კურაპალატი იყო ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი, უებრო მეომარი და ვაჟკაცი, გულისხმიერი და სამართლიანი მმართველი. მშვიდობიანობის დროს აშოტი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდა: ააშენა არტანუჯის ციხე, მან დაიპყრო ბევრი ქვეყანა და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის გაერთიანების პროცესს. ამიტომაც ასე განიცდის გრიგოლ ხანძთელი მის დაღუპვას, უწოდებს მას დიდებულ ღვთისმსახურ მეფეს: „ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო!“ საინტერესოა, რომ აგიოგრაფმა შეძლო აშოტ კურაპალატის პიროვნებაში, მეფის გარდა, ჩვეულებრივი ადამიანი დაენახა, პიროვნება, ვისაც შეუძლია შეცდეს, ვნებებს დაემონოს. დიდი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, საოცარი ექსპრესიით ხატავს გიორგი მერჩულე მეფისა და „სიძვის დიაცის“ სატრფიალო ურთიერთობის ამბავს. გრიგოლ ხანძთელი მტკიცედ იდგა ქრისტიანული ზნეობის სადარაჯოზე და არავის, თვით მეფესაც არ პატიობდა მორალის ნორმების დარღვევას. ის წინაღუდგა აშოტის მიერ სიძვის დიაცის სასახლეში მიყვანას და მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალის მიმართ „გარდარეული სიყუარული“ ჰქონდა, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა გრიგოლის გადაწყვეტილებას. ბევრისმთქმელია, რომ სატრფოს დაკარგვით გამოწვეულმა მწუხარებამ ამოათქმევინა ხელმწიფეს: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“ გიორგი მერჩულე მეფის გულიდან ამოხეთქილი მხოლოდ ამ ერთი ფრაზით დიდოსტატურად გვიჩვენებს იმ გრძნობის გულწრფელობასა და სიღრმეს, რომელსაც მეფე დამონებია, იმ ვნებიან ქარიშხალს, რომელიც მის სულში ბობოქრობს. მწერალი გვაგრძნობინებს, როგორ სძლიეს „ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა.“ გრიგოლ ხანძთელის ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილება აშოტ კურაპალატის საყვარელიც და მორჩილების ნიშნად წელზე საბელშებმული მიყვება ბერს ფებრონიასთან, მერეს მონასტერში. ასევე პრინციპულად დაუპირისპირდა გრიგოლ ხანძთელი აშოტის ვაჟს – ადარნერსეს, რომელმაც მეძავი ქალის ცილისწამების გამო უდანაშაულო დედოფალი, თავისი შვილების დედა სასახლიდან გააგდო. განრისხებულმა გრიგოლმა ურჩი მეფე დაწყევლა კიდეც, ამას დაემატა ადარნერსეს მოულოდნელი მძიმე ავადმყოფობა. ყველაფერმა ამან მეფე ძალიან შეაშინა, მან მოინანია და ცოდვათა შენდობა სთხოვა გრიგოლს. საერო პირთაგან ყურადღებას იპყრობს, ასევე, გუარამ მამფალი, რომელსაც სურს, თავისი ნება მოახვიოს საეკლესიო კრებას, მაგრამ ვერაფერს ხდება. მის წინ აღიმართება გრიგოლ ხანძთელის შეუვალი ავტორიტეტი, რომელიც უმტკიცებს, რომ სჯულის გამოძიება და საეკლესიო კანონების მიღება ერისკაცის საქმე არაა, თუნდ ის მეფეც იყოს. საქართველოს სამეფო დინასტიის ისტორიაში, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა დაფიქსირებული „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: აშოტის სამივე შვილი გამოირჩევა, თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ სასულიერო პირთა მხარდამხარ როგორ იღვწიან ისინი ტაო-კლარჯეთის აღმშენებლობისთვის, როგორ ითვალისწინებენ საეკლესიო მოღვაწეთა რჩევებს, თავს არიდებენ მათთან ყველანაირ კონფლიქტს. მაგრამ ამჯერად ვგულისხმობთ ერთ გასაოცარ ფაქტს: შუათანა ძმამ – ბაგრატმა, თავისი მამის, აშოტ კურაპალატის ნაცვლად, თავისი ძმების თანხმობით მიიღო კურაპალატობა. ტექსტში არ ჩანს ძმებს შორის რაიმე კონფლიქტი მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რაც, თუ ბაგრატიონთა შემდეგ ისტორიას გავიხსენებთ (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც იყო), მართლაც, სამაგალითო მოვლენაა. ვფიქრობთ, სამეფო ოჯახსა თუ საერო და სასულიერო პირთა ერთსულოვნებამ განაპირობა სწორედ ტაო-კლარჯეთის აღორძინება და ისიც, რომ აქედან დაიწყო საქართველოს გაერთიანების პროცესი. კიდევ ერთ მეფეს ვეცნობით ნაწარმოებში, ესაა აფხაზეთის მეფე დემეტრე, რომელსაც სურს, რომ ეკლესია-მონასტრების მშენებლობის საქმე აფხაზეთშიც გაიშალოს. ის ყოველმხრივ დახმარებას უწევს გრიგოლის მოწაფეებს უბეს მონასტრის აშენებაში. აქვე კარგად ჩანს, რომ გრიგოლ ხანძთელი ხმის აუმაღლებლად, თუმცა მრისხანე ტონით თქმული სიტყვებით იმორჩილებდა ურჩებს: იქნებოდა ეს უმაღლესი თანამდებობის ერისკაცი – გუარამ მამფალი, დემეტრე მეფე თუ სასულიერო პირი – ეპისკოპოსი ეფრემი; აიძულებდა მათ თავისი მითითებების შესრულებას. როგორც ვნახეთ, გიორგი მერჩულე დიდებული ოსტატია ქართული სიტყვისა: მას შეუძლია ერთი ფრაზით დაახასიათოს პერსონაჟი, ჩაგვახედოს მისი სულის სიღრმეში, მას ერთნაირად ეხერხება ადამიანის როგორც გარეგნული (გრიგოლ ხანძთელის), ისე – ფსიქოლოგიური (აშოტ კურაპალატის) პორტრეტის ხატვა, ამიტომაც ასეთ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ ჩვენზე გიორგი მერჩულეს მიერ გამოკვეთილ საერო პირთა სახეები.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button