ნიკო ნიკოლაძე რაღაც-რაღაცეები რაღაც-რაღაცეების შესახებ
(ნაწყვეტი)
ჩვენი პუბლიცისტების და მათი ორგანოებისათვის ზედგამოჭრილია ასეთი ანდაზა: „სანამ არ დაუქუხებს-გლეხი პირჯვარს არ გადაიწერს“. „მოვლენათა კუდში ჩანჩალი“ მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. მხოლოდ „გვერდში ჩანგლის გაყრას“ შეუძლია აიძულოს ისინი ამოძრავდნენ, გარკვეული მანძილი ჩორთით გაირბინონ.
მაგალითისათვის შორს წასვლა არ მოგვიხდება. ამ ცოტა ხნის წინათ მოსკოვის ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიბეჭდა რამდენიმე ნაწყვეტი მიმოწერიდან განსვენებული სტუდენტის ნეკრასოვასი, რომელიც ფერშლად მუშაობდა რომელიღაც ლაზარეთში დუნაის გაღმა. გამოქვეყნებული ნაწყვეტები საკმაოდ საინტერესოა და ფარდას ხდიან იმ ამბავს, თუ რა მდგომარეობაშია ფერშალი ქალები ბრძოლის ველზე… „მამაკაცებს აქ ადამიანური აღარაფერი შერჩათ და ნამდვილ ქაჯებად გადაიქცნენ“ – წერდა იგი 17 სექტემბერს ფრატეშიდან. „მზად არიან მოაწყონ მთელი ჰარემები და თავი სულთანად იგრძნონ. ახლა მე მესამე თავხედი უნდა მოვიშორო თავიდან. და ეს მესამე სხვა არავინაა, თუ არა ჟდანკო. მე მხოლოდ ამისთვის მივატოვებდი ფრატეშტს, რადგან როცა ჟინმოუკვლელნი მიდიან, შემდეგ ათასგვარ საზიზღრობას სჩადიან. სწორედ ასეთი საზიზღრობა ჩაიდინა სტუდენტსკიმ (ქირურგი პრედგომიტი) იგი არ უშვებს არც ერთ ქალს, უნდა ყველას მოგლიჯოს ერთი ბღუჯა თმა. მე ძალზე აღშფოტებული ვიყავი, როცა ერთმა ჩვენმა სტუდენტმა ქალმა მიამბო, რომ იგი მას სხვადასხვა ბინძური წინადადებებით მიმართავდა, ერთხელ კი პირდაპირ ეცა, კოცნა დაუწყო და გაჰყვიროდა: „მაშ თქვენ არ გინდათ?!“ და ასეთი აღშფოთებული ფაქტები იმის ღირსიც არ გახდა, რომ „საკითხად“ დასმულიყო. ამ ამბავს მხოლოდ ერთადერთი ორგანო „ნედელია“ გამოეხმაურა. მათ საჭიროდ სცნეს შეხებოდნენ ეგრეთ წოდებულ ქალთა საკითხის მტკივნეულ ადგილს. სხვა ორგანოები კი ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ გამოეხმაურნენ, რომ განსვენებული ნეკრასოვა მანიაკად გამოეცხადებინათ.
ეს წერილები, ალბათ, ბევრმა წაიკითხა. წაიკითხეს და, როგორც ხდება, გვერდზე გადასდეს. იქნებ ოდნავ მაინც ამოძრავდა გამოკვლევის გაუბედავი გრძნობა, იქნებ სულის სიღრმიდან დაიძრა დავიწყებული, საყოფაცხოვრებო წვრილმანებით შეზღუდული, მაგრამ ოდესღაც ძვირფასი, მღელვარების გამომწვევი თუნდაც „მწარე“ საკითხები… შეიძლება! ყველაფერი ხდება-ისეთი უგვანო მოვლენებიც კი, რაზედაც წერდა ნეკრასოვა და, როგორც დავინახეთ, ამგვარი მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებაც…
ზოგიერთი, ალბათ, ამ ამბავს ბუნებრივად მიიჩნევს და საბუთად სქესის თავისებურებას მოიყვანს, რაც თითქოს საშუალებას არ აძლევს მამაკაცს ქალების დანახვისას დაივიწყონ ეს თავისებურება. ზოგიერთ ქალს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ჰგონია – მამაკაცებით გარშემორტყმული ციხესიმაგრეა და ამავე დროს უნდა, რომ მასზე უფრო ენერგიული იერიში მიიტანონ, რათა სასურველი კაპიტულაცია არც ისე სამარცხვინო გამოჩნდეს. ასეთი ქალისათვის სიყვარული „ნეტარების მომენტისათვის“ ბრძოლაა და მამაკაცის ცდას არა თუ ბუნებრივად, არამედ სასიამოვნოდაც მიიჩნევს… ამგვარი ქალი, რა თქმა უნდა, მედგრად არ მოიგერიებდა იერიშებს, არ გამოიტანდა სახალხოდ, მასში იმ წამსვე აღმოჩნდებოდა მოღალატე,-ნაზი, სიტკბოების მოყვარული გული და, თუ თვითონ ქალი არა, ეს გული ჩააბარებდა მტერს ციხესიმაგრის გასაღებებს, გახსნიდა კარებს და ციხესიმაგრის მფლობელი ჩუმჩუმად გააბამდა მაცდუნებელ სიყვარულს სამხრეთის ცისა და კვიპაროსების ქვეშ, როცა ირგვლივ ქვემეხების სროლა ისმის და ძმები იხოცებიან…
მართლაცდა რა გასაკვირია, თუ მამაკაცს სხვანაირად ვერ წარმოუდგენია ქალთან თანამშრომლობა თუ არა თანაცხოვრებით, თუ ყოველთვის ისწრაფვის დაუახლოვდეს მას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. სისხლის, ყვირილის, ჭრილობის შეხვევის მეტი არაფერია და უეცრად გამოჩნდება „შავგრემანი ან ქერა მაცდური ქალი“. როგორ არ გამოიყენო შემთხვევა, როგორ არ ისარგებლო მისი სისუსტით, გამოუცდელობით, წუთიერი გატაცებით და, რა თქმა უნდა, სხვა ამგვარი შესაძლებლობით. ხოლო თუ ამის გამო ჩვენი უმანკო საზოგადოება გაწყდება, ეს ხომ გამეორება იქნება უნ ფაპ პროსტიტუციისა საერთოდ. შეიძლება აღმოჩნდეს პატიოსანი ადამიანი, რომელიც „თავგანწირულ გმირს“ სახეში შეაფურთხებს, მაგრამ რა მოხდა? მოიწმენდს და განაგრძობს „სამსახურს“. თუ მათ ზურგს შეაქცევს ყველა პატიოსანი ქალი, ამგვარი გმირები გაურბიან და თითქოს ეშინიათ კიდეც მათი, და თუ ბრძოლის ველზე ქალებს მათი სქესისათვის დამახასიათებელი „სამსახური“ სთხოვეს, ეს მხოლოდ შეცდომით, რადგან ნამდვილი „სუსტი“ ქალები მათ მახლობლად არ იყვნენ. ხოლო თუ თავს ვერ შეიკავებ და, რომელიმე საბედისწერო შემთხვევის გამო, საბრალდებულო სკამზე აღმოჩნდები – ფული იყოს და ყველაფერი კეთილად დასრულდება: არსებობს სპეციალური ხალხი და სპეციალური, შემამსუბუქებელი, გამამართლებელი გარემოება: სამხრეთის მდიდრული ცა, აღგზნებული ნერვები, გახურებული თავი, ქალის სილამაზე, ურთიერთობის შესაძლებლობა… და საქმე მოგვარდება-გმირი მზადაა ახალი საგმირო საქმეებისათვის. გარემოებათა დასახელება და არგუმენტების მოყვანა შეიძლება ყველა დარგიდან, პოეზიიდანაც კი! წყეულო არგუმენტებო! რატომ ხართ მუდამ ძლიერის მხარეზე?
შეიძლება პრესამ… მაგრამ რა უნდა გააკეთოს პრესამ ყალბი თანაგრძნობითა და ხელოვნური აღშფოთებით? აღშფოთების გამოთქმა და მხოლოდ აღშფოთების გამოთქმა… ამას იქით იგი არ მიდის…
განა ეს სიმართლე არაა? განა ჩვენ მხოლოდ აღშფოთებას არ გამოვთქვამთ ყველა მოხერხებულ შემთხვევაში? განა ჩვენი პუბლიცისტიკა აღშფოთებათა გრძელი რიგი არაა? დაუშვით შეცდომა. გამოვთქვამ აღშფოთებას. გვინდა გამოვასწოროთ როგორმე, მაგრამ რაღაც არ გამოგვდის. ერთ შეცდომას მეორე, კიდევ უფრო ძნელად საპატიები, შეცდომა მოვაყოლეთ, და ისევ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება. ჩვენ აღშფოთებული ვიყავით (ამ ცოტა ხნის წინათ) თურქებით, სერბებით, ჩერნიაევით, ჩვენი მოხალისეებით, მოწყალების დებით, ჩვენი ფინანსისტებით, საკუთარი თავით, კოგანით, გორვიცითა და K-ით, ინგლისელებით, ავსტრიელებით, ბისმარკით, სულთანით, რუმინელებითა და ბერძნებით. რა მოგვიტანა ამ აღშფოთებამ?
რაა ამის მიზეზი?…
საბრალო რუსო ქალო! შენ, ეს ესაა გამოხვედი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე. ჯერ რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწარი ჩვენს სისიხლით მორწულ, ტალახიან ასპარეზზე და რამდენი მწარე წუთის გადატანა მოგიხდა, რამდენი სიცრუე, ცილისწამება, დაცინვა, ლანძღვა, ნარეხცი წყალი ამოდინდა ყველა სოროდან და ბუნაგიდან და მორჩილ, დახრილ თავზე გადაგესხა! ყველა ჯურის ციტოვიჩები ახლაც ცდილობენ იძულებული გაგხადონ საკუთარი სხეულით იცხოვრო… ოჯახის სულისშემხუთავი და პირადი ინტერესების სფეროდან გამოსვლას აქამდე გიხშობს მამაკაცის ხვევნა. შენ ადამიანი ხარ, მაგრამ არვის არ სურს შეეგუოს ამ აზრს, რომ მხოლოდ ძუ არა ხარ. მთელი ძალღონით ეძებ პატიოსნური მოღვაწეობის ასპარეზს, ისინი კი ცდილობენ თავს მოგახვიონ დამცველი და მფარველი, მაგრამ მე ვფიქრობ, შენ უკვე შეიცანი შენი და მისი ნამდვილი როლი.