ვახტანგ ინაური – არმაზის მსხვრევა – ქრისტიანობის დასაწყისი (ვასილ ბარნოვი)
ქართლის მოქცევის ამსახველი წყაროები უშუალოდ ქრისტიანობის გავრცელების ფაქტებს გადმოსცემენ და ჯიუტად სდუმან იმ ეროვნულ ტკივილებზე, რაც თან ახლავს ახალი სარწმუნოების მიღებას, ახალი ღმერთის აღიარებას, ძველი რწმენის დავიწყება და ახალზე გადასვლა მოითხოვს სულიერი და მატერიალური კულტურის, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების გარდაქმნას. IV საუკუნის საქართველოში ფარული თუ აშკარა ჭიდილის შემდეგ დადგა ეს საბედისწერო დღე. ამ მოვლენას ასახავს _ ,,წმინდა ნინოს ცხოვრება» და ,,ქართლის მოქცევა»,რომელთა სიუჟეტი გამოიყენა ვასილ ბარნოვმა რომანში ,,არმაზის მსხვრევა», მაგრამ ძველი ავტორისაგან განსხვავებით ქართლის მოქცევა ეროვნულ-პოლიტიკურ პრობლემებთან უშუალო კავშირში გააშუქა და სულ სხვა ლიტერატურულ-ისტორიული მასშტაბები მისცა.
რომანში გაშუქებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ორიენტაციის პრობლემა ძირითადად სამ პლანში წყდება, მხატვრული კონტრასტი იქმნება სამი ურთიერთმებრძოლი მხარის დაპირისპირების ფონზე, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ეროვნულ-სარწმუნოებრივი საკითხის სამ მიმართულებას: ერთ მხარეს წარმოადგენენ სპარსული ორიენტაციის მიმდევარნი, მეორეს ქრისტიანულ-ბიზანტიური და მესამეს ქართულ-ეროვნული დამოუკიდებლობის ციშუბითრიშანის მომხრეები.
სპარსელთა ბატონობის სიმბოლოდ ნაწარმოებში გვევლინება არმაზი, მრისხანე ღმერთი, რომელსაც დაუმარცხებია და განუდევნია ეროვნული ღვთაება ციშუბი და თვითონ დამკვიდრებულა მცხეთაში,მაგრამ მას ამავე დროს ქართული იერ-სახე მიუღია, შესისხლხორცებია ქართულ ცხოვრებას და მზეჭაბუკად აღმართული არმაზ-ციხეზე ქართლის დამცველ ძალად გადაქცეულა.
სპარსეთის გავლენა ქართლში მირიან მეფის დროს მკვეთრად იგრძნობა. სამეფო კარი დიდი პატივით ეპყრობა შაჰის წარმოგზავნილებს. მირიანი და ბჭენი უყოყმანოდ ასრულებენ შაჰ-შაბურის მოთხოვნებს. მეფის საბჭო სპარსთა საქმეს ღვიძლ საქმედ მიიჩნევს, სპარსთა განსაცდელს საკუთარ განსაცდელად თვლის. ,,ირანი, საქართველო ვალდებულნი არიან ერთად იბრძოლონ (5-455)» ჯერ სპარსეთი ძლიერია და საქართველო მისი გავლენის ქვეშაა, მაგრამ შესუსტებული მისი ძალა. «ბიზანტიელთა სახელი შემაღლებული წელში გამართულიყო (5-498) სპარსული ორიენტაციიის შეცვლა ბიზანტიურით ხდება ღრმა პოლიტიკური ნიადაგის მომზადების შემდეგ. კეისარმა სპარსეთზე გამარჯვების შემდეგ მირიანს რისხვით სავსე წერილი გაუგზავნა. ,,სპარსეთი უკვე განრთხმულა ჩემს მძლე ფერხთა ქვეშ. განვაცდევინებ ჩემს ძლიერებას შაბურის მშველელთ». (5-499). – იწერებოდა კეისარი და ითხოვდა მძევლად უფლისწულ ბაქარს. უარის თქმა შეუძლებელია, მეფეს არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს კეისარს. ძალები მეტისმეტად არათანაბარია. იგი იძულებულია ბიზანტიისაკენ შემობრუნდეს. ეს კი თავისთავად გულისხმობს მცხეთაში ქრისტიანობისა და ქრისტიანობისადმი შემწყნარებლურ პოზიციებს. ამას გამარჯვებული კეისარიც მოითხოვდა კეთილად გეპყრას ქრისტეს სჯულის მქადაგებელნი. (5-499)
შეიქმნა ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც ქრისტიანობის აღიარება მირიან მეფისათვის გარდუვალობას წარმოადგენს. ეს იყო იმდროინდელი რეალური ვითარებით გამოწვეული ნაბიჯი. წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის მწვავე მომენტი.
ლეონტი მროველი არაფერს ამბობს იმ საერთაშორისო მდგომარეობაზე, რამაც განაპირობა ქრისტიანობის აღიარება საქართველოში. კეისრის მიერ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ნიკეის კრებაზე მისი დაკანონების შემდეგ ქრისტიანობა შეიქმნა მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად მსოფლიოს დაპყრობისათვის ბრძოლაში. ,,მან წარავლინა სჯულის ქადაგნი ყოველ მხარეს და მათ შორის საქართველოშიც. კეისარი ისწრაფოდა უცხო ტომთა დამონებას ხორციელად და სულიერად» (5-468) ,,ნინოს ცხოვრებაში» და აგრეთვე ლ. მროველის მიხედვითაც ნინო მარიამ ღვთისმშობლის დავალებით მიდის ქართლის მოსაქცევად. ოფიციალურად მას არავითარი მისია არ აკისრია კეისარისაგან, პირიქით, იგი ლტოლვილია რიფსიმესთან ერთად, მას მხოლოდ ზეციური ხმა უკვალავს გზას, მოუწოდებს იაროს მცხეთის მიმართულებით.
მემატიანე არაფერს ამბობს ბიზანტიელთა მიერ ქრისტიანობის მიღებასა და მის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე. იგი ყოველ მოვლენას ქრისტიანული პოზიციებიდან აშუქებს. ეროვნული თვითშეგნება, ქვეყნის ბედ-იღბალი ლეონტი მროველის აზრით ქრისტიანობასთან დამოკიდებულებითაა განსაზღვრული. მიიღებს ქრისტეს სჯულს ერი, აღიარებს ,,წმინდა აღდგომას»- შეიქმნება უძლეველი, მტერთაგან მიუწვდომელი, ნათელბედნიერ ერად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დარჩება ,,უფლებისა მათ ზედა ბნელისასა». მათი მეფენი და მთავარნი ცოცხლად შთაინთქმებიან ჯოჯოხეთს». ლეონტი მროველი მოკლედ მოგვითხრობს, თუ როგორ დაამარცხა გაქრისტიანებულმა კეისარმა კონსტანტინემ წარმართი სპარსნი და ქართველნი და როგორ ითხოვა ზავი მირიან მეფემ და მისცა მძველად უფლისწული ბაქარი.
IV საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი ისტორიული მდგომარეობიდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება ქართლში განაპირობა ქვეყნის შინაგანმა პოლიტიკურ-ეკონომიურმა ცვლილებებმა და სამეფო ხელისუფლების მიერ გარეპოლიტიკური ფაქტორების გამო ბიზანტიური ორიენტაციის არჩევამ.
ნაწარმოებში კეისრის საომარი მზადება და ნინოს გამომგზავრება საქართველოში ერთდროულად ხდება. აქ ნინო საგანგებო მისიით მოდის. იგი ბიზანტიის დაპყრობით პოლიტიკას ემსახურება იდეოლოგიურ სფეროში. ამდენად მისი შემოქმედება ქრისტიანულ-ბიზანტიურ ორიენტაციას გამოხატავს. ავტორის მიერ შექმნილი ნინოს სახე რადიკალურად განსხვავდება წმინდა ნინოსაგან. ,,ქართლის მოქცევაში» ნინო წმინდანის გვირგვინით შემკობილი, საღვთო საქმისათვის თავდადებული მოღვაწეა, ,,არმაზის მსხვრევაში» კეისრის ძლიერებისა და გავლენის პროპაგანდისტია. მისთვის ქრისტეს დიდება ბიზანტიის დიდებაა.
შემთხვევით არ არის, რომ კაბადოკიის მღვდელმთავარმა საგანგებოდ შეარჩია ნინო, რომელიც დახელოვნებული იყო ქართულში, ზედმიწევნით იცოდა აქიმობა. გამომგზავრებისას ჰანიბალ პონტოელს წერილსაც გამოსთხოვს. რაც ნინოს ბიზანტიის ოფიციალური წარმომადგენლის უფლებამოსილებას ხელშეუხებლობას ანიჭებს.
ჯავახეთში ერთ-ერთი კერპის შელახვის შემდეგ ამ წერილით იხსნის თავს ხალხისა და ქურუმის რისხვისაგან. მეფე მირიანიც იღებს წერილს ქრისტეს სჯულის მქადაგებელთა შეწყნარების შესახებ. ე.ი. ნინოს შემოსვლა ქართლში წინასწარ ყოფილა დაგეგმილი და თვითონ ნინოც საგანგებოდ იყო მომზადებული ამ მისიისათვის. ამ მისიის განხორციელრბას ექვემდებარება ნინოს მთელი მოქმედება და მწერალიც ამ ასპექტში. ხატავს მის სახეს. დამპყრობელის განწყობილება განაპირობებს მის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ქართველებთან. ქადაგი შემთხვევით არ უახლოვდება მცხეთელ ურიებს _ებრაელებს. ვასილ ბარნოვი ამით ნინოს ორი ჩანაფიქრის განხორციელებაზე მიგვანიშნებს: ერთი, რომ ქრისტეს კვართის საიდუმლოს ამოხსნის, რომელიც მცხეთელ ურიებთან, ებრაელებთან იმალება და რის გარკვევაც ნინოსთვის აუცილებელია, როგორც ქრისტიანისათვის, ისე ქადაგისათვის. და, მეორეც, ემიგრირებულ ხალხთან ურთიერთობა იოლიც იქნებოდა და შემდეგში დასაყრდენადაც გამოიყენებდა ადგილობრივ მკვიდრთა წინააღმდეგ, რომლებსაც თავისი ღმერთი მტკიცედ სწამდათ და უცხოს ვერ იგუებდნენ და უფრო რთული იქნებოდა მათთან ურთიერთობის დამყარება. ნინო წინასწარ დასახული გეგმით მოქმედებს: ხალხის გულის მოსაგებად იგი ქადაგებს ქრისტიანობის კაცთმოყვარეობას და ჩაგრულთა მიმართ ლმობიერებას. ხაზს უსვამს სოციალურ თანასწორობას, რითიც ღარიბთა უმრავლესობის თანაგრძნობას იმსახურებს. ამას თან ერთვის საგანგებოდ კარგად შესწავლილი მკურნალობა.
ნინოს განწყობილება ქართლის მიწაზე დაბიჯებისთანავე მჟღავნდება. მისთვის ყოველივე არაქრისტიანული და არაქრისტიანი ბნელია და ბოროტებასთან წილნაყარი. ამიტომ მას სურს გარდაქმნას იგი. ქრისტესმიერი უწოდოს ყოველივეს, აღმოაცენოს _ ,,სამკალი უხვი ქრისტეს ყანისა» (5-47). მან იცის, რომ ბრძოლად მოდის ქართლში, დარწმუნებულია, რომ ეს იქნება დაუნდობელი და ხანგრძლივი ომი, ამიტომ ზოგჯერ, როგორც ქალს, სისუსტე სძლევს ხოლმე, ამ უძნელეს გზაზე. ზოგჯერ შიში ერევა უფსკრულებისა და უზარმაზარი მთების დანახვაზე, მაგრამ მას შინაგანი «ხმა იდუმალი» მოუწოდებს იაროს წინ და ისიც აგრძელებს გზას. მოდის შეუპოვრად.
ნინო დაკვირვებული დიპლომატია. ებრაელებთან დამეგობრებისა და მოქცევის შემდეგ სამეფო კარი ამოიღო ნიშანში. ჯერ ხვარამზეს გადაბირება განიზრახა, ხოლო მისი მეშვეობით სურდა ამზაილიც მოექცია. მირიანის თხოვნით, მოგვი აბუხვასროს განკურნვის შემდეგ საკმაო პოპულარობა მოიპოვა სატახტო ქალაქში, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ფრთხილად მოქმედებს. არ ამხელს თავის ვინაობას. იგი მხოლოდ შაჰ-შაბურზე კეისრის გამარჯვების შემდეგ აიმაღლებს ხმას. მანამდე მოღვაწეობა ბრძოლის მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობს, რითაც ავტორი ხაზს უსვამს ნინოს საქმიანობის მჭიდრო კავშირს ბიზანტიის მიერ დაპყრობის პოლიტიკასთან, უფრო სწორად ქართლის მოსაქცევად კეისრის ხმალი და ნინოს ხელით შემართული ქრისტეს ჯვარი ერთდროულად შეთანხმებულად მოქმედებენ. ორი სახე ჰქონდა დასავლეთით მოვლენილ ქრისტეს: გარედან, რომ თავმდაბლობის ძაძა ემოსა, ქვეშ ბექთარი ჩაეღილნაქაჯთა ნაკვერი, იმის ხის ჯვარში დაშნა იდვა ურჩთ ცეცხლის მდები. მშვიდობის სახე, ბაიას რტო ნიში იყო ხმაჩაწყვეტილი მორჩილებისა (5-508). საჭირო დროს გაშიშვლდება ხოლმე დამალული მახვილი და აშკარავდება მისი ნამდვილი ბუნება.
ბიზანტიელთა ძლიერებით ზურგგამართული ნინო ავადმყოფ დედოფალს უკვე თავისთან იბარებს მაყვლოვანში. ნანას მიმართ ესოდენ დამამცირებელი ჟესტით იგი საკუთარ ამაღლებაზე მიანიშნებს გვირგვინოსანთა ზედა. ვერ გაბედავდა იმ თავხედობას, რომ არ იყოს ბიზანტიით განმტკიცებული (5-511).
ამ დროს კიდეც ერთი რეალური მიზეზი იჩენს თავს ქრისტიანობის აღიარებისათვის. დედოფალი უფრო და უფრო სუსტდება. ნინოს ხელოვნების უარყოფით შეიძლებოდა დაღუპულიყო იგი. სხვა გზა არ ჩანდა, ყველა ცდა და წამლობა ამაო აღმოჩნდა. სამეფო კარი იძულებულია ქადაგს აახლონ დედოფალი. საგულისხმოა, რომ მეფეს ამის შესახებ რჩევას აძლევს არმაზის ქურუმი ბაბექი, ქრისტეს შეურიგებელი მტერი. იგი აგრეთვე აღიარებს, რომ ნინოს ცოდნა და მკურნალობის საშუალებები აღემატებიან ჩვენს ცოდნას (იქვე). მწერალი სიმბოლურად მიგვანიშნებს ქართლის სახელმწიფო რელიგიისა და სამეფოს ახალი სჯულის წინაშე ქედის მოხრაზე.
დედოფლის საოცარმა განკურნებამ საბოლოოდ გადახარა ბედის სასწორი. იგი ,,აქამდისინ მტკიცე ბურჯი იყო არმაზისა. აწ იძულებით უთაყვანა ღმერთს ბიზანტიურს. თავისდახრა რომაელთ წინ, დამორჩილება» (5-513) ძველი რწმენა, ირღვეოდა, ახალი ფრთებს შლიდა, ძლიერდებოდა, მაგრამ ნინომ იცის, რომ ვიდრე არმაზი დგას თავის დიდებულ კვარცხლბეკზე, ერი არ მიიღებს ჯვარცმულის მოძღვრებას. მის მოწაფეთა შორის ძირითადად უცხონი არიან: ებრაელნი, ჰაიკანნი, ბიზანტიელნი. მათშიც გულით მორწმუნენი ცოტანი არიან, ისინი მისულიყვნენ ნინოსთან კეისრისაგან კეთილისმყოფის იმედით. ამიტომ იგი მკვეთრად იცვლის ტაქტიკას. აგრესიული ხდება არმაზის მიმართ.
კერპთან დრამატული შეხვედრისას არმაზის გამტეხი მზერით აჟრჟოლებული ქადაგი ქალი ემუქრება მას – დადგება ჟამი, ჩემის ხელით აგმოგწოდა თვალნი საზარნი (5-518). არმაზის სიმშვენიერემ კი არ მოხიბლა, არამედ გააგულისა და გაანაწყენა და ხელსაყრელმა მდგომარეობამ, ხალხის მერყევმა განწყობილებამ ნინო მიიყვანეს ხელჩართული ბრძოლის გაჩაღებამდე. იგი ძლევამოსილი კეისრის ხმალსა და ქართველთა ძველი ღმერთების ციშუბ-ითრუშნის თაყვანისმცემლებზე დაყრდნობით იმედოვნებს არმაზის დამარცხებას. მოისპობა ყოველი ხატი ადგილობრივი! მათი სახელიც აღმოფხვრას ხალხის ხსოვნიდან, ცეცხლი ყოველს ნაშთს წარმართობისას, მსხვრევა მათ ღმერთებს! ძველი ქართველი ღმერთები ციშუბ-თოხნაბეჯი არმაზისაგან მაღალ მთებში განდევნილნი ანაზდეულად შემოდიან მოქმედების ასპარეზზე.
მანგიური ეროვნული სარწმუნოების გამომხატველი პერსონაჟი, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართულ რწმენას და უმწიკლოდ იცავს წინაპართა ძველისძველ ადათ-წესებს, არმაზის დაუძინებელი მტერია. მისი ხსოვნიდან არ მოდის გადმოცემით აღქმული საუკუნეთა მიღმა მომხდარი ღმერთთა ბრძოლა. თითქოს უშუალო მონაწილე ყოფილიყოს, ისეთი გატაცებით ხატავს შერკინების სურათს. მიაწერს რა არმაზის მიერ ციშუბის მარცხს განგების ნებას, მანგიური იმედს არ კარგავს, რომ დამთავრდება არმაზის ზეობა, მას ღრმად სწამს გამარჯვებისა, იცის, რომ არმაზის სპარსელთა ბატონობის სიმბოლოა, და მისი ბძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გულისხმობს. იგი ამოდის ქართული სულის სიღრმიდან, მისი მოქმედება, მისი შეურიგებლობა არმაზთან განუყოფლად უკავშირდება ხალხის თვითმყოფადობას, მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ის ეტრფის იმ დროს, როცა ქართველი ერი თავის ღმერთებს სცემდა თაყვანს, საქართველოს ცას და მიწას განაგებდნენ ციშუბ-ითრუშნი. ციშუბები ცვარს ადენდა ზეცით, ითრუშანი აღმოაცენებდა უხვ ნაყოფს კეთილსა “(5-457) ციშუბ_თარხუჯი_ითრუშანი ქართველი კაცის ბუნებას გამოხატავს ქართული ხასიათების მატარებელი და მფარველია. ცვარ-ნამის წვიმა, ნაყოფის სიუხვე და ქვეყნის თავდაცვა – სამი ფაქტორი ახასიათებს ქართულ ცხოვრებას, ტრადიციული გაგებით და ამ ღმერთთა სამსახოვნება შესაბამისად გამოხატავს ქართველის ყოფით ცხოვრებას. ანგიური ვერ ეგუება უცხო ღმერთს, არმაზი მისთვის ბოლომდე უცხოდ დარჩა. მისთვის ციშუბ-თარხუჯ-ითრუშანია სათაყვანებელი ღვთაება. მიუხედავად იმისა, რომ მთიელთა გარდა ქართველნი აღარ ლოცულობენ ძველ ღმერთებს, ის კვლავ ძველებურად ერთგულია მათი. ციშუბის მთაზე მისი განდეგილად ცხოვრება მოწმობს, რომ ის მარტოდმარტო დარჩენილა მცხეთაში ციშუბის ქომაგად. მრევლსა და მლოცველებს მოკლებული კვლავ ერთგულად ემსახურება მას და მტკიცედ სწამს ბედისწერისაგან დევნილი ღმერთი კვლავ აღსდგება, როგორც ქართული ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო და დაიბრუნებს სპარსელთა მიერ წართმეულ დიდებას. მთებში შემორჩენილი რწმენა ქართული ეროვნული სარწმუნოების აღდგენის იმედს უსახავს მას.
მანგიური ამტკიცებს, რომ არმაზის ზეობა სპარსელთა ბატონობას ნიშნავს, ხელისუფალთ არმაზი მფარველად დაუსახავთ მას ესავენ, მისთვის კი იგი მტერია, უცხო, დამპყრობელი და ყოველ წუთს ცდილობს შური იძიოს.
რომანის შესავალში სამეფო საბჭოზე მკვეთრად იკვეთება მანგიურის მეფექურუმთაგან განსხვავებული პოზიცია ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძოლაში. მან პირველმა იგრძნო არმაზისათვის განსაცდელის მოახლოვება, მშობლიური მიწისა და ცის ერთგული, მასთან შეზრდილი მანგიური შინაგანი ცნობიერებით ზუსტად ზომავს თავის საომარ მოქმედებას, საუკეთესოდ აღიქვამს დროსა და ადგილს. იცის რა მომენტში, როდის ჩაებას ჯვარცმულსა და არმაზის შერკინებაში.
მანგიურის რწმენით არსებობს ყოვლის გამგებელი ბედისწერა, რომელიც “უკვდავსაც ჟამიერად მიაყუჩებს, ცინარობს, შემდეგში კვლავ აღბრწყნდეს შუქმომფინარი!» (5-512). ამ რწმენით შეიარაღებული ციშუბის ქურუმი მედგრად ეკვეთება არმაზ მრისხანეს.მათ შემართებას კმაყოფილებით ხვდებიან ჯვარცმულის მომხრენი. რადგან ციშუბის შემართება არმაზზე გზას უკვალავდა დასახული მიზნისაკენ.
ეროვნულ და სარწმუნოებრივ პრობლემას, უფრო ნათლად წარმოსახვისათვის, მწერალი ხსნის ამზაილისა და მეფის ასულის ხვარამზეს სიყვარულის ფონზე. მათი ურთიერთობა ღმერთია ბრძოლების პარალელურად ვითარდება. ქადაგი ნინო ცდას არ აკლდება, რომ როგორმე ხვარამზე ქრისტიანობაზე მოექცია. მისი გადაბირებით ნინო ორ დიდ საქმეს უყრიდა საფუძველს. ერთი რომ მეფის ოჯახში შეიტანდა ქრისტეს სჯულს და მეორეც, მეფის ასულის საშუალებით ამზაილთან გასდებდა ხიდს, რომელიც მას აუცილებლად ესაჭირეობოდა, როგორც რჩეული ჯარისა და არმაზის დამცველი რაზმის სარდალი. მაგრამ ნინომ ამზაილი ვერ მოაქცია, ხვარამზე ამზაილსა და ნინოს შორის აღმოჩნდა.
საიდუმლო პაემანზე ამზაილი არმაზს შესთხოვს შემწეობას: «..არმაზ ბრწყინვალე, ტურფა სიზმარი გარდამიქმენ ტკბილ სიცხადეთა». ხოლო ხვარამზე ქრისტეს ევედრება « – ღმერთო იესო, ზმანებად არ გარდაგვიქმნა ეს სინამდვილე». მაგრამ გულით ის ამზაილთანაა: «სიცოცხლე ჩემი შენივ სიცოცხლე, ქვეყანა შენი ჩემივ ქვეყან, ღმერთები შენი ჩემივ ღმერთები». (5-545) ეფიცება უფლისწული თავის რაინდს.
ციშუბისა და არმაზის შერკინებიდან გამარჯვებული გამოვიდა ქრისტე. დადუმებულ ბრძოლის ველზე, სადაც მკვდართა ზვინები და შემუსრული კერპი გდია, რომლის ბივრილიონის თვალები ქადაგმა ტრაპეზის ქვაზე დაანაჭუჭა, აღარ ჩანს არც ციშუბ-ითრუშანი, არც მისი ქურუმი მანგიური. მხოლოდ ქადაგი ნინო დაიარება ხელსისხლიანი.
მწერალმა ფინალში მოუყარა თავი კვანძის ყველა ბოლოს: მანგიურის შურისძიება, ქრისტიანობაზე სამეფო კარის გადასვლის გამომწვევ ფაქტორებს და ამზაილისა და ხვარამზეს სიყვარულის დასასრულს. არმაზის დაცემა ნინოს ცხოვრებისაგან განსხვავებით ფინალში გადმოიტანა, რითაც ერთგვარად მიგვანიშნებს, რომ არმაზის მსხვრევით მთავრდება წარმართობა და არმაზის მსხვრევით იწყება ქრისტიანული ერა საქართველოს ისტორიაში.