პოეზია

ნიკა ჩერქეზიშვილი – ლექსები

შალის წინდები

შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).
ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,
მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები…
მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.
მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი.
შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,
ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,
როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;
რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.
დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,
რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,
მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.
და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,
რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ – უფრო, დედი,
და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთ
და ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.
ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯით
როგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,
და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),
იცი – გიყურებ და ამზადებ (ფრთხილად) ნიადაგს –
ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი – გიყურებ,
წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,
მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,
მინდა ჩამოვხსნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.
და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები…
(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)
დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდები
და მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.

***

დოდეს-კადენ

ბექა აბუთიძეს

“ორი ლამპიონი დგას ჩემი სუიციდის ქუჩაზე. ორ ხიდს შუაა ქუჩა, რელსების გვერდით. იქ გამვლელი მატარებლის ბორბლების ხმაური არ არის – დაგან-დაგან ან დოდეს-კადენ-დოდეს-კადენ. იქ ასეთი ხმა აქვთ რკინის ბორბლებს – აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა” – ბექა აბუთიძე

შენ თქვი,
რომ მგავხარ,
რომ ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა,
შენ ჩემი ძმა ხარ,
ცრიდეს,
მინდა,
რომ ცრიდეს წვიმა,
ჩვენ გუშინ მოვკვდით,
და ორ ხიდს შუა არის ქუჩა,
შენი,
და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა – დაგან და დაგან და დაგან,
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,
და მტკივა მაგრად,
რომ ორ ხიდს შუა,
რომ ქუჩაა,
შენია,
მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,
რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება,
დადგება მარტი,
და დოდეს-კადენ,
დაგან-დაგან,
და დოდეს-კადენ,
აქ ხმა არა აქვთ,
როგორც ყველგან,
ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ,
დღეებს გიჭამს ათასი მახრა,
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,
და აქ და ახლა,
აქ და ახლა,
და აქ და ახლა,
მე მოვალ შენთან,
მოგიყვები ორი ძმის იგავს,
და ორ ხიდს შუა,
შენს ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი,
და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს –

წვიმა…

***

მარა

შენი სახელია – მარა,
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია – მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია – მარა,
ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,
ნეკნი, არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში –
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია – მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

***

კაცი

შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ
ტაძარში და იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის
ვილოცებ, რადგან მეზღვაური – ის კაცი – მე ვარ
და ახლა მართლა არ მცალია – ვამოწმებ ბადეს –
სადმე არ იყოს გახეული, არ გასხლტეს თევზი,
ღმერთო, მშიერი დამრჩებიან შვილები, ცოლი,
მთელი ოჯახი დავიმშევით, ილოცე ჩემზე
შენ თვითონ, მე არ დავგვიანდე, წითლდება ზოლი
და მზე, აქ, ჩვენთან, როგორც არსად მწველია, დამწვავს,
შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის,
რომელიც წუხელ, შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა
დასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრავს,
რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს,
როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,
ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტო
და ამას ვინმე თუ გაიგებს – შენ გაგეგება –
უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს…
და ღმერთო, თუ არ შეწუხდები – ეგ თოკი გასწი,
მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი,
რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში,
საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს…
მგონი ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინ
მივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილი
ათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა
ნაშუადღევზე, შენ არ იყო იმედზე კაცის,
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს,
მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი,
შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი,
მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე –
შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი –
ოთხია – ჭეშმარიტებაა – სჭირდება თევზი,
რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან
წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე…
ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.

***

დღენაკლულთა

ფანჯრები დაგმანეთ,
კარები აჭედეთ – შიგნიდან,
მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით,
როგორც იქცეოდით – ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა
მაშინ
და
შინ თუ შემოგეჭრნენ –
ჩაბარდით.
ასეა –
რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა,
სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს –
სუყველას,
უკლებლივ,
ურყევ გარანტიას იძლევა –
ათიდან ათია შანსი იმისა, რომ გადარჩეს –
ყველა,
ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ.
(ჰაერი, ჰა-ე-რი)
ვაგრძელებ –
ვინც ამოიქოლავს
თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე,
ცხვარივით,
მორჩილად,
თან იყო – თან არა იყო რა,
დამთავრდა,
გვეყოფა,
ვიკმაროთ,
მოვეშვათ –
გულგრილად
ყურებას –
დამფრთხალი ჩიტების,
მოკლული ბავშვების,
დაიწყოს,
ოღონდაც,
ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ –
დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები –
გავშრებით –
რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება,
რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი,
რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები,
რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი,
ვიქნებით პირველი –
და მერე –
მესამე,
მეხუთე,
მეშვიდე –
ცამდეა სავალი,
დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი,
მკვდრებს თუ დაგვინახავთ ცოცხლები იქნება შეშინდეთ,
უყურეთ ჩვენს ცხედრებს მიწაზე გულაღმა დაფენილს –
რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები,
რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს –
იქნება შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ,
მობრუნდეთ,
გამოგვყვეთ –
შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს –
თაობას,
რომელიც ვერ მოკლეს,
ვერაფრით დამალეს,
ვერაფრით ჩაახშვეს,
ვერ მოსპეს,
ვერ გამოუთხარეს
ძირი და ვყვირივართ –
ვცოცხლობთ –
ვწერთ –
და მალე –
და მალე………
სხვა თუ არაფერი – ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button