აკა მორჩილაძე არცთუ აუცილებელი საიდუმლოებანი
1. ამბავი გალავნისა
საჭურისის მიერ უკანა კარიდან გამოყვანილ ნურადინ ფრიდონს მაყვლის ბუჩქებთან დაუხვდნენ თალიბ თანი, თავაზა და ალკაზ აქიმი. ჭოტ აბულ კასიმის ფრენის უნარით მათ უკვე იცოდნენ, რომ ნურადინ ფრიდონმა პირისპირ შებმისას მოჰკლა ჭაშნაგირი. ამ მკვლელობის წამს აჯანყებული ქალაქის უკაცო ქუჩებით ოთხივემ გასწია გალავნის იმ ფრთისკენ, რომელსაც უწოდებდნენ უცხო მპარავთა გამონგრეულს. მოხეტიალე მპარავნი, ჩვეულებრივ, ამ გამონგრეული ადგილიდან გაძვრებოდნენ ხოლმე ქალაქგარეთ, თუმც კი მპარავთმძებნელნი გარეთ უხვდებოდნენ და ატუსაღებდნენ. მაგრამ ახლა, აღელვებულ ქალაქში მპარავთმძებნელნი არ უნდა მდგარიყვნენ იქა. ასეც იყო: ბაღდადელ ასისთავს გზა დაულოცეს და სამშვიდობოს გაისტუმრეს. მერე ალკაზ აქიმი შინ წავიდა, თალიბ თანიც – შინ, თავაზა კი გაუჩინარდა. თალიბ თანმა შეჰკრა ყოველი ბარგ-ჭოგრიტი და ჭკუამოკლეობით იმავ გამონგრეულისკენ გასწია. მაგრამ გალავნის კედელთან მისულს იქ დაუხვდა დანიანი თავაზა, აართვა ყველაფერი და ჭიტლაყით გააგდო გარეთ.
მობრუნება არ გაბედო, ყადიდ მე დაგიხვდები. ვერა ხედავ, როგორ ბოლავს ქარვასლები? იმ ბოლიდან მე ამოვიზრდები, – დაადევნა შეშინებულს.
2. ალკაზ აქიმის ფიქრისა:
იმავ ღამით, შინ გამოკეტილ აქიმს ეწვია თავაზა და ხანმოკლე ლაპარაკის შემდეგ გამოსთხოვა უპატრონოდ შთენილი ცხენი ნურადინ ფრიდონისა, თავის სადაფიან უნაგირით.
იქავ და იმ დროს, ალკაზ აქიმმა გულმხურვალებით აუხსნა მპარავს ყოველი შიდაარსი ამ დღეებში მომხდარი ამბების და სთქვა, ერთი თითის დადებაც აღარ დარჩენილაო. რამდენიმე კაცის ტყავში მოექცა იმ მოქანცულზე ალკაზ აქიმი, იფიქრა მათი გზებით და ასე გამოიყვანა:
ყოველ მხარეში ყელზე ადგათ მოხელენი, სულტნის სახელით რომ მოქმედებენ და თავიანთ ქისებში კი იტენიან ოქროს. ყოველ მხარეში ახსოვთ, რომ ოდესღაც ასე არ იყო. ყოველ მხარეში მოჩიტულა გვირგვინოსანი, ძველ მეფეთა შთამომავალი, რომელსაც ძალუძს თავისი ქვეყნისთვის ბრძოლა და ერთი სული აქვს, როდის გასვამს ძელზე ამირასა და ყადის. განა არ იცის ახალგაზრდა მეფემ, რომ სანამ ბითლისის, თუ ფაიტაკარანის კლიტეებს არ მოიგდებს ხელში, ვერას ჩასძახებს პაპამისის სამარეს, ვერ დაიკეტავს შავ ფიქრთა ალაყაფს თავის გულში? განა ამიტომ არ ქრთამავდა მეფის ჭაშნაგირი აქაურებს ამდენ წელიწადს? განა იმიტომ არ არწევდა მათ აკვანს, რათა რული მოსდებოდა ამირას? მაგრამ გასუქდა ჭაშნაგირი და ლიბრი დაედო ფიქრზე. განა არ იყო ჯაშუში მეფისა? მაგრამ რაღას მოიხმარ ოქროში მობანავე მთვლემარე ჯაშუშს? და უთხრეს გრძელწვეროსნებმა მეფეს – ფათმა ხანუმი, პირველი ცოლი ზანქან ზორაბაბელისა იყოს ჯაშუში ჩვენი, ვინაიდან არ უკვირს სიმდიდრე, უჭრის გონება და მსუბუქი აქვს ფეხი. ეს სამი რამ კი აუცილებელია ჯაშუშის ხელობისთვის.
მპარავმა კი გაიცინა:
– შენც სამივე მაგ პირობის კაცი ხარ? ხომ ხარ ჯაშუში?
3. ერთი სურათიც ალკაზ აქიმისა
და თავაზამ გაიხსენა, რომ იმ დღით, ყავახანებში ამბობდნენ, ვიღაცას დაუწამლავს ბეღელებიო. არ უსმინა ალკაზ აქიმმა და დაანახა სურათი: ჯაშუშობის უცოდინარი ასისთავი ნურადინ ფრიდონი რომ მოვიდა აქა ვეფხვის საძებრად, შენი სულელური წყალობით შეიტყო ფათმა ხანუმმა. გდიეს მისმა მსტოვრებმა, გიკვლიეს და მოგყვნენ ჩემი სახლის კარამდე, მერე კი სირაჯხანამდე. შენზე კარგად იცოდა ფათმა ხანუმმა, რომ მოვა ჭაშნაგირი ამ დღეს და ისე არ ჩამოაღამებს, რომ არ ეწვიოს დამთვრალი სოვდაგრის სახლს და არ ეფეროს მის ცოლს კოჭებზე და სხვაგანაც. გრძელწვეროსნები მოითხოვდნენ მისგან სიჩქარეს და უკეთესი რა იქნებოდა? გაათამაშა ეს წარმოდგენა ფათმა ხანუმმა, ვინაიდან იცოდა, ფხიზელი ბაღდადელი ასისთავი ყოველთვის სძლევს მოსუქებულ მეღვინეს.
და არ მკითხო, რატომ დაემთხვა ჭაშნაგირის მოკვლა ქარვასლათა აბრიალებას. აქ რომ მოვდიოდი, მოედანზე აყაყანებულ ხალხს ვკითხე, რა მიზეზია ამ აშფოთებისა-მეთქი? მათ კი მომიგეს: მუსლიმებს მოუკლავთ ჭაშნაგირი და თავი მისი გაუტაცნიათ. მაშ, ქრისტიანებს აღარ გვედგომება ამ ქალაქში?
ეგებ ჭაშნაგირი ჯერაც ცოცხალი იყო, მაგრამ ხალხი უკვე ამბობდა, რომ მოუკლავთ.
ვინ ქნა ესა? ვინ დაქრთამა მოჭორალნი, ვინ იქირავა ქარვასლათა დამწველნი? ასი კაცი გასწვდებოდა ამ საქმეს. რას ფიქრობ, ვინ? შფოთი ხომ ნაპერწკალით მოდის და მერე აღარავის ახსოვს, ვინ მოუკიდა ჩალას ცეცხლი.
თავაზამ კი თქვა:
– ვიცი ვინც, საჭურისმა, რომელსაც ჰქვია…
4. ახალგაზრდა მეფის ნამოქმედარი
გამთენიისას ერთ ქუჩაზე იფნის ძირას იპოვნეს თავდაკარგული ტანი ჭაშნაგირისა. ხალხმა წაასვენა იგი ეკლესიისკენ და ამირა და ყადი შეეგებნენ და თქვეს წრფელად, ძმა იყო ჩვენი და შვილი, დავტირითო. ხალხს არ ეყო ესა და დაერია დუქნებს და ლეწა ისინი, ხოლო სირაჯხანებში დაამტვრია დოქები და კასრები. მეორე დილით ალაყაფს მოადგა ახალგაზრდა მეფის მეწინავე რაზმი და მეთაური ციხისთავს ელაპარაკა, მოსთხოვა კლიტენი, რათა აიღოს საფასე მეფის ჭაშნაგირის მოკვლისათვის და დააყენოს რაზმი გალავანზე. ციხისთავმა ცხვრის ნახარში გადმოასხა. იცოდა, რომც არ გადმოესხა, მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ორი დღის თავზე მოვიდა თავად ყრმა მეფე ხუთი ათასი მხედრით და მოითხოვა კლიტენი და ჭაშნაგირის მკვლელის თავი. გამოეგება ყადი, აღუთქვა მორჩილება, საფასე, ღია კარი, ოღონდ – არა კლიტენი და არ იცოდა, ვინ იყო მკვლელი. ოთხმა მხედარმა მარგილზე წამოაგო ყადი და გალავანს იქეთ გადაისროლა.
– თქვენი კუპრი გულსა მწვავს, – შეუძახა მეფემ გალავანს და ერთი კვირის თავზე აიღო ქალაქი. ლეწა სასახლენი და გადარჩენილი ქარვასლანი მხედრებს მისცა. მერე მიუშვეს წყალი ქვაფენილ ქუჩებს, უყურეს გადამწვარ ხის სახლებს და მეფემ თქვა: – ეს არის მიწა მამაჩემისა და პაპაჩემისა. ხელი მიდევს ამ მიწაზე და გეუბნებით, აღარავინ ააშენოს სახლი ხისგან ამ ქალაქში, არამედ მხოლოდ ქვითკირისგან, რათა აღარ დაიწვას იგი. ილოცეთ ყველამ თქვენს ადგილას და მე მოვალ და ვილოცებ თქენს სალოცავ ადგილას. მოკვდება მუსლიმი, ვინც იტყვის, რომ სძაგს ქრისტეანი და მოკვდება ქრისტეანი, ვინც იტყვის, რომ სძაგს მუსლიმი. ოთხას წელიწადს მოველოდით ასე ყოფნას და განაგო უფალმა მართლად…
ხოლო გრძელწვეროსანმა მრჩევლებმა თქვეს:
– აღარ არის ახალგაზრდა ჩვენი მეფე. ჩვენ აღარ ვიქნებით და ის იქნება სულ. ახლა ამირას ვირზე შესვამს და გაუშვებს ბაღდადში.
მიწა კი აღარ დაძრულა – შეშლოდა თალიბ თანს, თუ ვარსკვლავებს შეშლოდათ?
ასე იყო ყოველ მხარეში, სადაც ახსოვდათ, რომ ერთი დროება არავის შერჩება.
5. ერთი რჩევა
მონათხრობი აღრეულია შეგნებულად. თუ ვინმეს მოესურვება ნურადინ ფრიდონის ამბის დალაგებით წაკითხვა, მიჰყვეს თავთა რიგს: პირველი, მეორე… და ასე ბოლომდე.
6. საგანგებო სიცრუისათვის
სულთანი მალიქ შაჰი ბაღდადში არ მჯდარა. ბაღდადის ხალიფა ერთხანს მისი სიძე იყო, თუმც კი, ძლევამოსილ სელჩუკთა სულთანს რაც მოეხასიათებოდა, იმას აკეთებდა ბაღდადში. ამ ქალაქის ახლოსვე მომკვდარა ორმოცს (მგონი) ვერმიტანებული 1092 წელს, იმავე წელიწადს, როცა მისი მხცოვანი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი მოუკლავთ ისმაილიტებს. დავით აღმაშენებელმა კი თბილისი სამი ათეული და კიდევ მეტი წლის შემდეგ აიღო.
უფრო მცირე სიცრუეთა გამო დუმილი სჯობს.