გოდერძი ჩოხელი წერილი ნაძვებს
ახლა ამ წერილს ჩემი სოფლიდან გწერთ. კარგადა ვარ. ხშირად დავსეირნობ ტყეში. ჩემი სოფლელები შეშინებულნი არიან, ერიდებათ ჩემთან სიახლოვე. გუშინ გეოგრაფიის მასწავლებელმა მთხოვა, რომ საახალწლოდ მე მომრთონ. მე დავეთანხმე, მაგრამ ცოტა მეშინია კიდეც, ტოტები არ ჩამომალეწონ. ერთადერთი, ვისთანაც ადამიანური ლაპარაკი შეიძლება, მეტყევეა. გირჩებს შევპირდი, მაგრამ ცოტა ხარბი კაცია. მაინც ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ნაძვი ვარ. წამოსცდება ხოლმე ხშირად, ბალი მაინც იყო, პირს მაინც გავისველებდიო.
დღესაც სასეირნოდ ვიყავი. ჩემი ცოლი სულ გვერდით დამყვება, რომ სადმე კლდეზე ტანმა არ გადამძლიოს და ხრამში არ გადავიჩეხო. შეურიგდა ბედს.
ჯღუნაი გადასახლდა, აღარ ეკარება ჩვენს სოფელს. მენატრება, ადრე კარგი მეგობრები ვიყავით.
ერთი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ერთ ლამაზ გოგონასთან ვიცეკვე. იმ დალოცვილს ჩემსავაით აშოლტილი ტანი ჰქონდა.
ერთი ლოთი კაცი ცხოვრობს აქ, რამდენჯერაც დათვრება ის კაცი, აიღებს ცულს, დაუწყებს გალესვას და თან იძახის:
_ ბერი უნდა მოვჭრა! ბერი უნდა მოვჭრაო!
ვერიდები.
მეშინია.
რას გაიგებ, მთვრალი კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მართლა მომჭრას. აქაურ ტყეებს სიყვითლე შეეპარა. ამათ ძალიან უკვირთ, მე რომ სულ მწვანე ვარ და ფერს არ ვიცვლი. ეს კიდევ არაფერი, მე რომ სიარული შემიძლია, ამაზე მთლად გიჟდებიან.
მე ვუთხარი მათ, რომ არა ვარ სხვაგნიდან მოსული.
არ დამიჯერეს:
_ თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან, არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.
რა უნდა ვუთხრა.
რით დავაჯერო.
წიფელს კიდევ რამეს ვაგებინებ, სხვები მთლად ურწმუნოები არიან.
არ მინდა ტყეებს თავის რწმენა დავუკარგო. არადა, ვერც ვშორდები. შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უამისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე, ალბათ, მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო დროს მასთან სიახლოვეს ვერიდები. მგონი, ჩემი ცოლი ეჭვიანობს, მეშინია, მე რომ მემუქრება, ის ლოთი კაცი არ მოისყიდოს და ვერხვი მოაჭრევინოს.
ჩემს სოფლელებსაც მგონი შეეპარათ ტყეების ეჭვი.
სოფლის თავს ერთი ბებერი კაცი ცხოვრობს, არც ცოლი ჰყავს იმ კაცს, არც და_ ძმები, მარტოა, რაც თავი მახსოვს. ადრე ღმერთი არა სწამდა და სოფელს იმიტომ გამოშორდა. სოფლის თავს სახლი აიშენა და შეუვალი ღობე შემოავლო. მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის გმობაში გაატარა. ეხლა მოხუცდა, ჯან_ ღონე წაერთვა და სიღარიბემ წელში მოხარა. სამადლოდ თუ ვინმე მიაწვდის პურ_ წყალს. ჩამომხმარ სხეულში ცოდვილობს იმისი სული. ყოველდღე ღმერთს ევედრება შეწყა-ლებას.
ტყისკენ მიმავალი გზა იმ მოხუცის სახლის გვერდზე გადის და ყოველთვის, როცა ტყეში მივდივარ ხოლმე, იმისი საცოდაობით მიკვდება გული. სახლის წინ მუხლებზე დაჩოქილი დგას ხოლმე და ცას შესძახის:
ჩამამეშველე, ზენაარო;
ეგ თალხი კალთა ჩამომაფარე.
ა, ეს თვალები დამიხუჭე,
ა, ეს ენა_ პირი დამიდუმე,
ა, ეს მუხლები ჩამიშალე,
სული ნამგალივით გამიღუნე
და
წამიყვანე!…
ამ სახის მიღმა გამიყვანე,
თორემ დავიღალე,
ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე,
და ამ ლოცვის დროს მე თუ დამინახა, აკანკალებული მეხვეწება:
სთხოვე უფალს, ჩამომეშველოს,
სთხოვე, ჩამომეშველოს,
მიშველე, სთხოვე _ მეცოდება ეგ კაცი, არ ვიცი, რა ვქნა, რით ვუშველო. რომ არ ვაწყენინო, შევუშვერ ხოლმე ზეცას ხელებს და შევთხოვ:
_ ჩამოეშველე! ჩამოეშველე!
არ სჩანს გამკითხავი.
იგვიანებს…
საოცარ სიზმრებს ვხედავ ღამ_ ღამობით: ხან მეჩვენება, რომ ჰაერში დავფრინავ, მერე ქვემოთ ვეშვები, მიწის გულში ჩავდივარ და იქ მისი გულის ბაგაბუგს ვისმენ.
სუნთქავს მიწა.
როგორც კაცი, ამოისუნქთავს და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს.
თითქოს სუნთქვის ხმაც მესმის.
მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია.
ხან შორიდან მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას.
დედამიწას იქიდან სხვანაირად ვხედავ:
ცოცხალს!
მდინარეები მისი სისხლძარღვებია.
ზღვები და ოკეანეები ფილტვები.
ტყეებით სუნთქავს.
ჰაერი მისი სულია.
თვითონვეა კაციც და დედაკაციც.
შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ
მიწას უერთდებიან…
ნეტავი ერთხელ ჩემს სიზმრებში ჩაგახედათ და განახათ, როგორი სახე აქვს იქ დედამიწას.
ღმერთი?
მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ ყველანი დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია.
ჯერ ეს სიზმარში არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთს.
მე რატომღაც მგონია, რომ ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი, რამდენი სახეცა დგას მასში.
ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა უფრო გაინტერესებთ. ნუ იდარდებთ. წინანდებურად აღარ მაწუხებს გულის ტკივილი.
დღეს ჩემ ტოტებზე ისე გულიანად იგალობა შაშვმა, რომ სულ გადამავიწყდა, თუ როდისმე გული მტკიოდა.
აქაურ ტყეში მარტო მე ვარ ნაძვი. ერთი ადგილი მომწონს მაღალ მთაზე, ხშირად ვდგავარ იქ. აქედან კარგი გადასახედია, მთელი ხეობა მოჩანს.
ღამ_ ღამობით სიზმარში მეჩვენება, რომ ფეხები მიწაში მიდგას.
თქვენ მენატრებით.
გკოცნით ბევრს…
წერილს გარედან მისამართი ეწერა:
,,79», ბორჯომი
ეს წერილი ნაძვის ტყეში დააგდეთ.
ბერი”.
შემოდგომაზე გულის ტკივილმა მოუმატა ბერს.
ერთ საღამოს ნაძვის ფესვები მუხლებს ქვემოთ იგრძნო.
საშინლად სწიწკნიდა გული.
მთვარიანში სახლიდან გამოვიდა, კალოდან ბარი გამოიტანა და ტყისაკენ აუყვა აღმართს.
გვიანი შემოდგომა იყო.
მთვარის შუქზე ვედრებასავით იდგნენ გაძარცული ტყეები.
ტყის მცველის ქოხს ჩაუარა.
შუაღამისას თავის საყვარელ ადგილს მიაღწია.
აქედან ხელისგულივით მოჩანდა ხეობა.
ბერმა ღრმა ორმო ამოთხარა და შიგ ჩადგა. მერე ნათხარი მიწა შიგნით ჩაიყარა და ხელებით ფეხებში ჩაიტკეპნა წელამდე.
იდგა ასე.
უკანასკნელი, რაც ბერმა იგრძნო, ის იყო, თუ როგორ შეავსო ორმო სხეულმა ერთი მთლიანი და გახდა ერთსახე, რომელიც წვრილი ფესვებით საოცარი სისწრაფით ჩაებღაუჯა მიწას.
ხოლო პირველი, რაც ნაძვმა იგრძნო, ეს მზის ამოსვლა იყო.