ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი საქორწილო მტრედი

შავი არაგვის ხეობაში მარტო შუღლიათ გაგილას ჰყავს მტრედი. ადრე კი, როცა გუდამაყარში მამულები იხვნებოდა და პურის ყანები ითესებოდა, გარეული მტრედები ბევრი იცოდა. გუნდ_ გუნდად დაფრინავდნენ შემოდგომით, მკის დროს. სწორედ მაშინ დაიჭირა ძნის ხუთულაზე შემომჯდარი ცისფერი მტრედი გაგილამ და სახლში წაიყვანა. მტრედის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა გაგილაის უბეში და შეშფოთებული ღუღუნებდა.

გაგილაი უწილ_ უკერძო კაცია, არც ცოლ_ შვილი ჰყავს, არც ვინმე ისეთი ნათესავი, რომ იმის მარტოობაზე გული შესტკიოდეს. მარჯვენა ფეხით კოჭლობს და წელში ოდნავ მოხრილია, სიარულის დროს მიწას დასჩერებია. ღარიბია, მარტო ცხოვრების უღლის ტარება უჭირს, სამადლოდ თუ ვინმე გამოუცხობს პურს. ზაფხულში თავს უმეტესად მხალეულით ირჩენს.

მტრედი სახლში მოიყვანა და უბიდან ამოსვა.  მერე საცერი დააფარა ზემოდან.

მეზობლის ყანაში პურის თავთავები მოწყვიტა და მტრედს დაუყარა.

პირველ დღეებში გაუჭირდა მტრედს გაგილაის ჩამობნელებულ სახლში გაძლება. ერთთავად ტრიალებდა საცრის ქვეშ და შეშფოთებული ღუღუნებდა. პურის მარცვლებს იშვიათად შეკენკავდა, თანაც უხალისოდ. წყალს კი სვამდა.

გაგილაი გვერდიდან არ შორდებოდა,  რომ მტრედს სიმარტოვე არ ეგრძნო.

ელაპარკებოდა კიდეც ცხოვრების შესახებ,  სიმარტოვისა და გაჭირვების შესახებ.

მტრედი მის ხმას მიეჩვია და განაბული ყურს უგდებდა ხოლმე.

_ იცი რა, რომ გითხრა, ბედნიერი კაცი ვარ_ მეთქი, არ დამიჯერებ. რა მეტყობა მე საამისო, არაფერი. არ ვიცი, რატომღაც უბედურად არ ვთვლი თავს, აქამდე სულ რაღაცის იმედი მქონდა. ახლაც იმედი მაქვს, არ ვიცი კი, რის იმედი მაგრამ მაქვს, რაღაცა დიდის მოლოდინი მაქვს!… რა კარგია, რომ ჩემთან ხარ. არ ვიცი, ისე მიხარია შენი აქ ყოფნა, ვერ აგიწერ. აქამდე კი სულ მარტო ვიყავი ამ კედლებში.

მტრედი ყურს უგდებდა გაგილას.

მერე ისე შეეჩვივნენ ერთიმეორეს, დილით რომ გაუშვებდა, საღამოთი ისევ სახლში ბრუნდებოდა ხოლმე და გაგილაის მარჯვენა მხარზე, ან მუხლისთავზე ჩამოჯდებოდა.

იმ ხანებში ხალხმა ხვნა_ თესვას თავი გაანება და გარეული მტრედებიც გაფრინდნენ. მას მერე აღარ გამოჩენილან.

მარტო გაგილაის ცისფერი მტრედიღა შემორჩა გუდამაყარს.

გაგილას ახლა მტრედი აჭმევდა პურს. თუ ვინმეს ქორწილი იყო, წავიდოდა იმ

სოფელში გაგილაი,  საქორწილო დარბაზში ნეფე_  დედოფალის თავზე მტრედს

შეაფრენდა და დაიძახებდა:

_  იხარეთ! იბედნიერეთ!

მტრედი ნეფე_ დედოფლის თავზე, სადმე თავხეზე შემოჯდებოდა და ახალყოილთ დაჰღუღუნებდა. გაგილას კი ან მეჯვარე აჩუქებდა ფულს, ან ეჯიფი, ან ოჯახის უფროსი. უფრო კი მეჯვარეები აჯილდოვებდნენ ამ სამსახურისათვის.

გაგილაი ჩქარადვე გამობრუნდებოდა ქორწილიდან და აბა მტრედსაც თან ხომ არ წამოიყვანდა. ფრინველი ისე იყო გაწვრთნილი, გაგილაის წასვლის მერე ცოტა ხან კიდევ იღუღუნებდა, მერე, ყველას რომ დაავიწყდებოდა მისი აქ ყოფნა, სახლისაკენ გაფრინდებოდა.

გაგილაი ყოველთვის მოუთმენლად მიელოდა მტრედს. უიმისოდ არც პურს ჭამდა. არც იძინებდა. ყოველთვის, როცა ქორწილში მიატოვებდა და თვითონ კი სახლში წამოვიდოდა, რაღაცნაირი ტკივილით ევსებოდა გული.

“უსინდისო ვარ, ფულზე ვცვლი და სხვებს ვუტოვებ”, _ ფიქრობდა ის. შიოჟაურთას ქორწილი იყო. კალო ბანით იყო გადახურული და მაყრიონი იქ

ისხდა. კედლებზე ირმიანი ფარდაგი ეკიდა. ირმები წყალს სვამდნენ და მათ უკან კი ხესამოფარებული მონადირე თოფს უმიზნებდა. ერთ ირემს თავი მაღლა ჰქონდა აწეული და შეშფოთებული იყურებოდა, ეტყობოდა, რომ საფრთხეს გრძნობდა.

_ იხარეთ! იბედნიერეთ! _ გაისმა გაგილაის ხმა და ნეფე_ დედოფალის თავზე იმისმა ცისფერმა მტრედმა შეიფრთხიალა ღუღუნით. ოჯახის უფროსმა ფული აჩუქა გაგილას.

მტრედი გულთაბოძის კიდეზე ჩამოჯდა.

გაგილაი წავიდა.

მტრედი ღუღუნებდა.

უცებ მეჯვარე წამოდგა და მტრედი დაიჭირა… თითქოს ფარდაგზე გამოხატულ მონადირეს ესროლოს ირმებისათვის თოფი, ისეთი შეშფოთების ძახილი აღმოხდა ხალხს:

_  რა ჰქენ!

ნეფის მეჯვარემ მტრედს თავი წააგლიჯა…

_ ეგ მამაძაღლი, მატყუარა არის. გაწვრთნილი ჰყავს, წავიდა და იცოდა, რომ ეს მტრედიც თან გაჰყვებოდა. დადის და ფულს აკეთებს. _ თქვა მეჯვარემ.

ხალხი გაშრა მწუხარებისაგან.

ნეფე იყო ცისფერთვალება. დედოფალი კი მტრედს ჰგავდა. მაყრები ჰგავდნენ შავ გუგულებს, შეშფოთებულ გუგულებს.

სიჩუმე ჩამოვარდა.

_ წადი! _ უბრძანა მეჯვარეს ცისფერთვალება ნეფემ. სიჩუმეში მეხივით გაიჟღრიალა მისმა ხმამ.

მეჯვარეს არ ესიამოვნა, მტრედის გულისათვის რომ დაითხოვეს. გავიდა კალოდან და სიბნელეს შეერია.

ქორწილი გაგრძელდა… მუსიკოსებმა საცეკვაო დაუკრეს.

მეზობელ სოფელში დიდხანს ელოდა სახლის ბანზე ჩამომჯდარი გაგილაი მტრედს. მერე სახლში შევიდა და დაწვა. არ მიეკარა ძილი. რაღაცნაირი მქისე მოწყენილობა რეკდა ჩაბნელებულ სახლში და გაგილამ თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო, რომ უბედურია, რომ ბედნიერება ფულზე გაყიდა.

შეეშინდა.

ისევ გარეთ გამოვიდა. ცას შეხედა.

მტრედისფერ ცაზე წითელ_ ყვითლად ყვაოდნენ ვარსკვლავები. ცა გალობდა. მთვარე მოცურავდა აყვავებულ ზეცის გალობაში. ახლა იგი ძალიან ჰგავდა საქორწილო მტრედს.

ქვემოთ კი, სადღაც, შავი არაგვის ბნელ ხეობაში, მიწური სახლის ბანზე, წელში მოხრილი კაცი, შეშინებული უყურებდა ზეცას და მის არსებაში ერთსა და იმავეს იმეორებდა მისივე სული:

_ ცაო! ცაო! მაღალო ცაო! მოჭიკჭიკე ვარსკვლავნო; იცოდე, ცაო, ამ მიწაზე ისევ მარტო ვარ, _ ერთი გაფრენა დამრჩა შენამდე…

მერე მოხუცს შეეშინდა, მართლა არ გაჰფრენოდა ცაში სული და ისევ თავის ბნელ ოთახში მიიმალა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button