ზღვაში მობინადრე უცხოპლანეტური გარეგნობის მქონე არსებები
● ატოლას მედუზა
ეს მედუზა საკმაოდ გავრცელებულია და მას ყველა ოკეანეში შეხვდებით, თუმცა სანაპიროზე ლოდინს აზრი არ აქვს – მათი საბინადრო წყალქვეშ 700 მეტრში მდებარეობს. ოკეანის სიღრმეებში მობინადრე ბევრი სახეობის მსგავსად, ატოლას მედუზაც ბიოლუმინესცენტურია (აქვს ნათების უნარი). თუმცა ზღვის ეშმაკისგან განსხვავებით, ამ თვისებას არა მსხვერპლის მისაზიდად, არამედ გასაქცევად იყენებს. საფრთხეში აღმოჩენისას ატოლა სინთლეს ასხივებს და უფრო დიდ თევზებს იზიდავს, რომლებიც მის თავდამსხმელს ედევნებიან და მას თავის დაღწევის საშუალებას აძლევენ. ამ მედუზას ასევე გააჩნია წაგრძელებული საცეცი, რომელსაც სანადირო დანიშნულება აქვს. საცეცი მსხვერპლს სხეულზე ეხვევა და აქეთ-იქით აქნევს, სანამ ძალას არ გამოაცლის – სწორედ ისე, როგორც მეთევზეები ღლიან მსხვილ თევზებს.
● ანტარქტიდის ყინულის თევზი
ექსტრემოფილები (ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები არსებები) როგორც წესი, უჩვეულოები და უნიკალურები არიან, მაგრამ ანტარქტიდის ყინულის თევზი ამ ფონზეც კი გამორჩეულია. როგორც სახელი მიგვანიშნებს, ის ანტარქტიდის წყლებში ბინადრობს, როგორც წესი, მინიმუმ 1 კმ-ის სიღრმეზე და 0°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში. ისინი სრულიად უფერულები არიან, მათი სისხლიც კი გამჭვირვალეა. სისხლი არ შეიცავს ჰემოგლობინს, რომელსაც ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქცია აქვს და სისხლს წითელ ფერს აძლევს. ისინი მსოფლიოში ერთადერთი ხერხემლიანები არიან ასეთი მახასიათებლით და მეცნიერები დღემდე იკვლევენ, თუ რატომ ჩამოყალიბდა ყინულის თევზი ამ ფორმით. მათი სისხლი შეიცავს გაყინვის საწინააღმდეგო ცილებს, რაც სისხლსა და რბილ ქსოვილებს დაბალი ტემპერატურისგან იცავს. სწორედ ამ ცილის დამსახურებაა, რომ ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში ნაყინს არ ემსგავსებიან.
● სამეფო კრევეტი
ეს პატარა ფერადი კრევეტი შაქარყინულს უფრო ჰგავს, ვიდრე ცოცხალ არსებას, მაგრამ მის შეფერილობას თავისი დანიშნულება გააჩნია… ალბათ. საქმე იმაშია, რომ მისი ფერადობის მიზეზი ჯერ არავინ იცის, მიუხედავად იმისა, რომ 1967 წლიდან შესწავლის საგანია. კამუფლაჟის ვარიანტი შესაძლოა, არც ისე ახლოს იყოს რეალობასთან, რადგან ისინი ზღვის ლოქორათა ერთ-ერთი ჯგუფის, თავლაყუჩიანების ზურგზე ცხოვრობენ ხოლმე, განსაკუთრებით კი სახეობა Hexabranchus marginatus „მოსწონთ”. ამ უკანასკნელს მტაცებლები იშვიათად ესხმიან თავს, რადგან თავისი საკვებიდან შხამს ისრუტავს და შემდეგ თავდაცვისთვის იყენებს. შესაბამისად, სამეფო კრევეტსაც ამ მხრივ ნაკლები სანერვიულო აქვს.
● ზღვის ლოქორა – ლურჯი დრაკონი
ცხოველთა უმეტესობა მასზე პატარა არსებებზე ნადირობს, ფაუნა ძირითადად ასეა მოწყობილი. მაგრამ ლურჯ დრაკონს ეს წესი არ ანაღლებს და უზარმაზარ არსებას, პორტუგალიურ ხომალდს ეტანება. ხოლო თუ მას ვერ მიაგნებს, სხვა ლოქორებზე იწყებს ნადირობას. საცეცების დაგემოვნებით ლოქორა იწოვს შხამიან უჯრედებს, რომლებსაც შემდგომ თავდასხმის შემთხვევაში თავდასაცავად იყენებს. ზღვის ლოქორების უმეტესობა ოკეანის ფსკერზე დაცოცავს, ლურჯი დრაკონი კი ჰაერის ბუშტს ყლაპავს და წყლის ზედაპირამდე ამოდის. ქვემოდან შეხედვისას ისინი სარკეზე მოსიარულე ობობებს ჰგვანან. ისინი ტივტივებენ, საითაც ტალღები გააქროლებთ, გზაში შემხვედრ არსებებს კი მუსრს ავლებენ.
● Felimare Picta
ეს ზღვის ლოქორა თბილ, სუბტროპიკულ წყლებში ბინადრობს, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვასა და მექსიკის ყურეში. ის თავლაყუჩიანებს მიეკუთვნება და სხვა სახეობების მსგავსად, უნიკალური გარეგნობა აქვს. თავლაყუჩიანები მომცრო ზომისანი არიან, იზრდებიან მხოლოდ 20 სმ-მდე, თუმცა დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა სიგრძე 60 სმ-ზე მეტი ყოფილა. ისინი მოლუსკები არიან, თუმცა ნიჟარების ნაცვლად სხვა ხერხს მიმართავენ თავდაცვისთვის – სხეულის ზედაპირზე არსებული ფორებიდან მჟავას გამოყოფენ.
● Nemanthus annamensis
ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების წყლები მასპინძლობენ პლანეტის ყველაზე მრავალფეროვან სიცოცხლის ფორმებს, მათ შორის ზღვის ფრინტას Nemanthus annamensis-ს, რომელიც მტაცებლებს მიეკუთვნება. ზოგჯერ ისინი წარმოქმნიან კნიდოციდს, რომელიც შხამის შემცველ ფეთქებად უჯრედს წარმოადგენს. მისი მეშვეობით ახდენენ მსხვერპლის პარალიზებასა და თავდამსხმელის მოგერიებას. ფრინტას შხამის გამოტყორცნის პროცესი ერთ-ერთი უსწრაფესი მოვლენაა ცხოველთა სამყაროში, მის მოსახდენად სულ რაღაც 700 ნანოწამია საჭირო (1 ნანოწამი წამის მემილიარდედია).
● Wonderpus
ეს იშვიათი მტაცებელი რვაფეხა ფილიპინების სანაპიროებთან ბინადრობს. მას საინტერესო ლათინური სახელი აქვს – Wunderpus photogenicus. ასე იმიტომ შეარქვეს, რომ ადამიანებს უყვართ მათთვის ფოტოების გადაღება და ისინიც ფოტოგენურები არიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვანდერფუსი უვნებელი არსებაა, ის შებინდებისას ნადირობს და მსხვერპლს საცეცებს მაგრად უჭერს, შემდეგ კი ფსკერზე ახოხიალებს. ჩასაფრების მომენტში მისი ფერადი ზოლები ღიავდება და საბოლოოდ ქვიშასა და მარჯნებს ერწყმის. მაგრამ საკმარისია პოტენციურმა მსხვერპლმა ან მომაბეზრებელმა თავდამსხმელმა გამოიაროს და „ქვიშა” მაშინვე შეტევაზე გადასულ ზოლიან რვაფეხად იქცევა. სხვა რვაფეხების მსგავსად, ვანდერფუსიც გამორჩეულად ჭკვიანია. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ აშენებს ის მარჯნის კედელს, რომელსაც დასამალად გამოიყენებს. მის ზურგზე არსებული თეთრი ლაქები კი უნიკალურია, ისევე როგორც ჩვენთვის – თითის ანაბეჭდები.
● თევზი-ზებრა
მისი 10 სახეობა არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თევზია. ეს ლამაზი და საშიში არსება ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სამხრეთში ბინადრობს, 90-იანებში კი ორი სახეობა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზეც გავრცელდა. ეს კი გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან სწრაფად მრავლდებიან და ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყავთ. მათი პოპულაცია იმდენად მზარდია, რომ ჰონდურასში მკვლევარებმა ზვიგენების გაწვრთნა დაიწყეს თევზ-ზებრაზე სანადიროდ. ბედის ირონიით, ყველაზე საშიში მტერი თევზ-ზებრასთვის მისი თანამოძმეა – საკვების გამოლევისას ისინი ერთმანეთს ჭამენ.
● გიგანტური სიფონოფორი
ეს არსება ზღვის სიღრმეებში (700-1000 მ) ცხოვრობს და სიგრძით 40-50 მეტრს (!) აღწევს, რაც 13 სართულიანი შენობის ტოლი და ლურჯ ვეშაპზე (ყველაზე დიდ ხერხემლიანზე) გრძელია. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გიგანტური სიფონოფორი ერთი კი არა, მილიონობით ცოცხალი ორგანიზმის კოლონიაა, სადაც თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს – ზოგი საკვებს მიირთმევს, ზოგი ინელებს, სხვები კოლონიას იცავენ. შეთანხმებული მუშაობის შედეგად კოლონია ერთი ორგანიზმივით მუშაობს. სიღრმეებში ცხოვრების გამო სიფონოფორს მაღალი წნევის პირობებში უწევს არსებობა – ზედაპირის ყოველ კვადრატულ სმ-ზე ნახევარი ტონა წნევა მოდის. ამის გამო მათი შესწავლა ძნელია, ზედაპირზე ამოყვანისას ბუშტივით იბერებიან და სკდებიან.
● ბობიტის ჭია
წყლის მტაცებელი ბობიტის ჭია ოკეანეების ფსკერზე ბინადრობს და ზომით 3 მეტრს აღწევს. ნადირობისას ის ქვიშაში ეფლობა და მხოლოდ მცირე ნაწილს ტოვებს ზემოთ, ხოლო როცა თევზი ჩამოივლის და მისი 5 ანტენიდან ერთ-ერთს შეეხება, მაშინვე ეცემა ბასრი კბილებითა და მასიური მარწუხებით და მიწისქვეშ წაათრევს. ამ დროს მისი სიჩქარე იმდენად დიდია, რომ მსხვერპლი ზოგჯერ შუაზე იპობა. ბობიტის ჭიების უმეტესობა არა ოკეანეებში, არამედ აკვარიუმებში აქვთ აღმოჩენილი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იპოვეს 2009 წელს ინგლისში მდებარე ლურჯი რიფის აკვარიუმში, როცა მუშებმა აკვარიუმის შემოწმება გადაწყვიტეს იმის დასადგენად, თუ რატომ იხოცებოდნენ თევზები ერთიმეორის მიყოლებით.