ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი თუნა

თუნა და თინა მეგობრები არიან და მთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობენ.

თუნა ძროხას ჰქვია, თინა კი მისი პატრონია.

_  თუნა! თუნა!  _  გადადგება სოფლის გორაზე და გასძახის ძროხას.

სადაც არ უნდა იყოს ამ დროს თუნა, პატრონის ხმას გაიგონებს თუ არა, თავს მაღლა ასწევს და რაც შეუძლია ხმამაღლა გამოეხმაურება პატრონს:

_  მუუუ!  _  ეგ არის მისი პასუხი.

_  მოდი თუნა, მოდი, მარილი გაჭამო.

თუნა კისერს წაიგრძელებს კუდს მაღლა აპრეხავს და გარბის პატრონისაკენ. _ მოდი, გენაცვალოს ბებო, (თინა თუნას ბებიაც არის)

_ მოდი _ ხელის გულზე დაყრილ მარილს გაუწვდის თინა და ძროხა ისე გემრიელად ლოკავს მის ხელს, თანაც პატრონი ისე ფხანს კისერზე და შუბლზე, თუ გინდა სადმე სიყვარულის სრული გამოხატულება ნახო, მათ უნდა უყურო ამ დროს.

_  წამო, ეხლა წყაროზე წავიდეთ,  _  წყაროსკენ მიუძღვება თინა.

წყალს რომ დალევენ, თინა ეტყვის:

_ წადი თუნა, დეკიანებში გადადი და იქ მოძოვე, ოღონდ საღამოს არ დაიგვიანო, თავი არ მაძებნინო.

თუნა ძოვნა-ძოვნით გაუყვება ფერდობს. თინა ერთ ხანს უყურებს და სიყვარულით ჩაილაპარაკებს:

_  შენ გენაცვალოს ბებო, შენა!

მერე წყაროზე დატოვებულ კოკას ცივი წყლით გაავსებს და მძიმედ, ბებრული ნაბიჯებით გაუყვება სახლისაკენ მიმავალ ბილიკს.

მზე რომ სხივებს აიკრეფს და მთების იქით ჩაიწვერება თუნაც მოადგება სახლს.

_  მუუუ!  _  წყნარად შესძახებს პატრონს.

თინა ვედროთი გამოეგებება და მერე რძის ჩხრიალი და თინას ჩურჩული ერთმანეთში ირევა, რაღაცნაირ დაუწერელ მუსიკასავით ისმის:

_ რო აღარ ამოგვივიდნენ ბებო, რო აღარ ამოგვაკითხეს. ი ქალაქის სიცხეში ხრუკავენ ბალღებს. გაზარმაცდნენ, თორემ ისეთი რა საქმეები აქვთ, რომ ორი კვირით მაინც არ ამოგვხედონ…

და სწორედ ამ დროს მოადგება თუნასთან მოლაპარაკე თინას მისი ჯალაბი.

_ თქვენამც გაგახარებთ უფალი, როგორც მე ახლა გამახარეთ თქვენი მოსვლით და თქვენი დანახვით _ სიხარულისაგან აქეთ-იქით აწყდება თინა.

მერე ცეცხლზე რძე დუღს.

თინა ხაჭაპურებს უცხობს შვილიშვილებს, თუნა კი სახლის დერეფანში წევს და ტკბილად იცოხნება.

და ერთხელაც, შემოდგომის მიწურულს დადგება ხოლმე ჟამი, როცა თინა და თუნა უნდა გაიყარნენ. თინა საზამთროდ მიჰყავთ შვილებს ქალაქში, რადგან ერთი-ორი კაცის მეტი აქ აღარავინ რჩება, თუნა კი მეზობელ სოფელში მიჰყავთ გამოსაკვებად. თუნას მოგებული ხბო გამკვებავს რჩება გაზაფხულზე ძროხის მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, გაზაფხულობით კი თინა ამოდის ქალაქიდან და თუნა სახლში მოჰყავს.

რაღა თქმა უნდა, დარდობს თუნა შვილთან განშორებას, მაგრამ მაინც სიხარულით მიჰყვება თინას.

და ერთხელ გაზაფხულზეც თვალზეცრემლმომდგარმა გასძახა სოფელში დარჩენილმა თინას მეზობელმა თავის მეუღლეს:

_  ქალო, აბა გამოიხედე!

ქალი სახლიდან გარეთ გამოვიდა და იმ მხარეს გაიხედა, სადაც მისი მეუღლე იყურებოდა: თინას სახლის ჭიშკართან თუნა იდგა და ზმუოდა.

_ ხედავ, საქონელსაც კი ზოგიერთ ადამიანზე დიდი გული აქვს და დიდი სიყვარული შეუძლია, _ ჩაილაპარაკა კაცმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.

სწორედ ამ დროს თინა ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდაზე იწვა და ექიმს ეხვეწებოდა:

_ ექიმო, შენ ჯან-სიყმეს ვენაცვალე, ვითომ შენი ბებია ვყოფილვარ, გადმარჩინე; ისე არ მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ ავიდე სოფელში და ჩემი თუნა არ ვნახო.

_  თუნა ვინღა არის ბებო, ქმარია თქვენი?

_ არა ბებო გენაცვალოს, ქმარი კარგა ხანია შავ მიწას არის ამოფარებული; თუნა ჩემ ძროხას ჰქვიან, ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ ჩამოვწველო, ერთხელ მაინც არ ავალოკინო ჩემი ხელიდან მარილი.

_ დაწყნარდი ბებო, ყველაფერი კარგად იქნება სამაგისო არაფერი გჭირს, _ დაამშვიდა ექიმმა, და შუბლზე დაადო ხელისგული.

თინამ იმედი და სიმშვიდე იგრძნო.

მერე?

მერე ის ექიმი ტიროდა და ერთსა და იმავეს გაიძახოდა:

_ როგორ მთხოვა, როგორ შემეხვეწა, ნეტავი ერთხელ მაინც ჩამოეწველა თავისი ძროხა და ხელისგულიდან აელოკებინა მარილი.

,

_ ღმერთმა გაანათლოს, ნათელში ამყოფოს იმის სული, ყველაფრით თადარიგიანი ქალი იყო, ეს ძროხაც ეტყობა თავის საქელეხოდ ჰყავდა გაზრდილი, რომ შვილები ზედმეტ ხარჯში არ ჩაეგდო, _ იძახდა ვიღაც შუახანს მიღწეული კაცი.

_  გაანათლოს! გაანათლოს!  _  ხმამაღლა იძახდა სუფრა.

ცხელი ოხშივარი ასდიოდა სუფრაზე ჩამოტარებულ ხაშლამას.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button