მოთხრობა

ვუდი ალენი – კუგელმასის შემთხვევა

კუგელმასი, სითი-კოლეჯში ლიტერატურის პროფესორი, მეორედაც უიღბლოდ დაქორწინდა. დაფნა კუგელმასი მეტად თავქარიანი აღმოჩნდა. პირველ ცოლთან, ფლოსთან, მას ორი მოსულელო ვაჟიშვილი ჰყავდა და ყელამდე იყო ჩაფლული ალიმენტებსა თუ შთამომავლობაზე ზრუნვის გაწამაწიაში. – ნუთუ უნდა მცოდნოდა, რომ ყველაფერი ასე ცუდად შემომიბრუნდებოდა? შეჰკნავლა ერთხელ კუგელმასმა თავის ფსიქოანალიტიკოსს.
– დაფნა ხომ დამპირდა! ვინ წარმოიდგენდა, რომ თავს აიშვებდა და პლაჟის ბურთივით გაიბერებოდა. ჰო, კიდევ, ცოტა ფულიც ჰქონდა, რაც, თავისთავად, დაქორწინების წინაპირობას არ წარმოადგენს, მაგრამ არც არაფერს ავნებს ჩემსავით ანგარიშგასაწევ კაცს. ხვდებით, რას ვამბობ? კუგელმასი მელოტი და დათვივით ბანჯგვლიანი იყო, მაგრამ სული ნამდვილად ჰქონდა. – ახალი ქალი მჭირდება, რომანი მჭირდება. შეიძლება, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ისეთი კაცი ვარ, რომლისთვისაც რომანტიკა აუცილებელია. ნაზი გრძნობები მჭირდება, ფლირტი მჭირდება. თანდათან ხომ არ ვახალგაზრდავდები, ჰოდა, სანამ გვიან არ არის, მინდა, სექსით დავტკბე ვენეციაში, გონებამახვილურად ვიხუმრო კაზინო “21”-ში, მორცხვი მზერა გავაპარო სანთლის შუქზე, ხელში წითელი ღვინით.
გესმით, რას ვამბობ?დოქტორ მანდელმა სკამზე გვერდი იცვალა და უთხრა:- რომანი არაფერს შეცვლის. თქვენ რეალობას ხართ მოწყვეტილი. თქვენი პრობლემები გაცილებით ღრმაა. – რასაკვირველია, საკმაოდ თავშეკავებული ვიქნები, – განაგრძო კუგელმასმა. – მეორე განქორწინებას ვერ გადავიტან. დაფნა სულს ამომხდის.- მისტერ კუგელმას…- სითი-კოლეჯიდან არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დაფნაც იქ მუშაობს. არა, ფაკულტეტზე ისეთიც არავინ არის, თუმცა სტუდენტ გოგონებს შორის…

– მისტერ კუგელმას…- დამეხმარეთ. წუხელ სიზმარი დამესიზმრა. მდელოზე ვხტოდი, ხელში პიკნიკის კალათით და კალათზე ეწერა: “ვარიანტები”. მერე კი დავინახე, რომ კალათში ნახვრეტი იყო. – მისტერ კუგელმას, ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მოქმედების დაწყებაა. უბრალოდ, თქვენი გრძნობები უნდა გამოხატოთ და ჩვენ ერთად შევეცდებით მათ გაანალიზებას. საკმაოდ დიდი ხანია, მკურნალობთ, ისიც იცით, რომ ერთ ღამეში ჯერ არავინ გამოჯანმრთელებულა.
და ბოლოს, ფსიქოანლიტიკოსი ვარ, ჯადოქარი ხომ არა! – ჰო, ალბათ ჯადოქარი მჭირდება, – თქვა კუგელმასმა და წამოდგა. მისი ფსიქოთერაპიაც აქ დამთავრდა. ორი კვირის შემდეგ, როდესაც კუგელმასი და ფლორა ძველი ავეჯივით იღუშებოდნენ საკუთარ ბინაში, ტელეფონმა დარეკა. – მე ავიღებ, – თქვა კუგელმასმა. – ალო.- კუგელმასი? – იკითხა ხმამ. – კუგელმას, პერსკი ვარ.- ვინ?- პერსკი. ისე წარმოგიდგეთ, როგორც დიდი პერსკი?- უკაცრავად?- გავიგე, მთელ ქალაქში ჯადოქარს ეძებთ, თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი ეგზოტიკა რომ შემოიტნოს.
ჰო თუ არა? – ჩშშშ, – კუგელმასმა დაიჩურჩულა. – არ დაკიდოთ. საიდან რეკავთ, პერსკი? მომდევნო შუადღით მან სამ ნაბიჯად აირბინა ბრუკლინის ღარიბული კვარტლის სანახევროდ მინგრეული სახლის კიბე. ბნელ ჰოლში მიმოიხედა, ის კარი იპოვა, რომელსაც ეძებდა და ზარი დარეკა. “აი, ამას კი ვინანებ,” –გაივლო გულში. ორ წამში მას დაბალი, გამხდარი კაცი მიესალმა, რომელიც თითქოს ცვილისგან იყო ჩამოსხმული.- თქვენ ხართ პერსკი დიდი? – ჰკითხა კუგელმასმა.- დიდი პერსკი. ჩაი გნებავთ?- არა, რომანტიკა მინდა.
მუსიკა მინდა. სიყვარული და სილამაზე მინდა. – ჩაი არ გნებავთ? საოცარია. კარგი, დაბრძანდით. პერსკი მეორე ოთახში გავიდა და კუგელმასმა ყუთებისა თუ ავეჯის გადაადგილების ხმა გაიგონა. დაბრუნებისას ჭრაჭუნაბორბლებიან დიდ ნივთს მოაგორებდა. მან ძველი აბრეშუმის რამდენიმე ცხვირსახოცი აიღო, ყუთის თავზე რომ ეწყო და მტვერს სული შეუბერა.
ეს ცუდად გალაქული, იაფფასიანი ჩინური კარადა აღმოჩნდა. – პერსკი, – თქვა კუგელმასმა. – ითვალთმაქცებთ, არა?- ყურადღებით იყავით, – თქვა პერსკიმ. – მშვენიერი ტრიუკია. გასულ წელს პითიას რაინდების თავყრილობისთვის დავამუშავე, მაგრამ ბილეთები არ გაიყიდა. შეძვერით კარადაში. – რატომ? დაშნებს გაუყრით და რამე?- აქ დაშნებს ხედავთ?კუგელმასი დაიმანჭა და ბუზღუნით შეძვრა კარადაში.
ცხვირწინ უხეშ ფანერზე მიწებებული ორიოდე უშნო მთის ბროლი შეამჩნია. “ეს რომ მასხრობა იყოს…”, ჩაიბურტყუნა მან. – გარკვეულწილად, ასეცაა. ახლა, ყურადღებით მისმინეთ. თუ კარადაში თქვენთან ერთად რომელიმე რომანს მოვათავსებ, კარს დავკეტავ და სამჯერ დავაკაკუნებ, წამსვე იმ წიგნში აღმოჩნდებით. კუგელმასის სახემ სკეპტიკური გამომეტყველება მიიღო.- წმინდა წყლის სიმართლეა, – თქვა პერსკიმ. – ხელი გამიხმეს, ასე თუ არ იყოს.
თუმცა რომანი აუცილებელი არ არის. მოთხრობა, პიესა, ლექსი… შეგიძლიათ, მსოფლიოს საუკეთესო მწერლების მიერ შექმნილი ქალებიდან ნებისმიერს შეხვდეთ. ვისზეც კი გიოცნებიათ. ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას მოახერხებთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებთან, ხოლო როცა მოგბეზრდებათ, შემომძახეთ და ნახევარ წამში უკან დაგაბრუნებთ. – მითხარით, პერსკი, ამბულატორიული მკურნალობის კურსს გადიხართ?- გეუბნებით, ეს მაღალი კლასის მომსახურებაა.კუგელმასი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი. – რას ამბობთ, განა შესაძლებელია, ამ უვარგის, თვითნაკეთ ყუთში ისე ვიმოგზაურო, როგორც თქვენ აღწერთ? – ოც დოლარად კი.

კუგელმასმა საფულე ამოიღო.- მაშინ დავიჯერებ, როცა ჩემი თვალით ვნახავ, – თქვა მან.პერსკიმ შარვლის ჯიბეში ჩაიდო ფული და წიგნის თაროებისკენ შებრუნდა. – კარგი, ვისთან გსურთ შეხვედრა? და კერი? ჰესტერ პრინი? ოფელია? იქნებ ვინმე სოლ ბელოუს რომანებიდან? ტემპლ დრეიკზე რას იტყვით? თუმცა თქვენი ასაკის კაცისთვის ეს თავის ატკიებას ნიშნავს. – ფრანგი. მინდა, ფრანგი საყვარელი მყავდეს. – ნანა?- არა, არ მინდა, რომ ფულს ვუხდიდე. – ნატაშა “ომი და მშვიდობიდან”?- ფრანგი-მეთქი, ვთქვი. ვიცი! ემა ბოვარიზე რას იტყვით? სწორედ ის არის, ვინც მინდა.

– კუგელმას, იგი თქვენია. დამიყვირეთ, როცა აღარ გენდომებათ. პერსკიმ ფლობერის რომანის თხელყდიანი გამოცემა შეაგდო კარადაში. – დარწმუნებული ხართ, რომ უსაფრთხოა? – იკითხა კუგელმასმა, როდესაც პერსკი კარის დაკეტვას შეუდგა.- უსაფრთხო… განა არის რამე უსაფრთხო ამ შეშლილ სამყაროში?მან სამჯერ დააკაკუნა კარადაზე და შემდეგ კარი გამოაღო.კუგელმასი გამქრალიყო. სწორედ ამ დროს ის იონვილში, შარლისა და ემას საძინებელში აღმოჩნდა.
მისგან ზურგშექცევით მდგარი მშვენიერი ქალი საწოლს მარტოდმარტო ალაგებდა.
“ვერ დავიჯერებ,” ფიქრობდა კუგელმასი, თან დოქტორის მომხიბლავ ცოლს აშტერდებოდა. – “ზებუნებრივია. აქ ვარ. ეს ის არის”. ემა გაოგნებული შემობრუნდა.- ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინეთ, – თქვა მან.- ვინ ხართ? – ის დახვეწილი ინგლისური თარგმანის სიტყვებით ლაპარაკობდა, როგორც იმ თხელყდიან წიგნში. “ჭკუიდან გადავალ”, გაიფიქრა კუგელმასმა. მერე კი, როცა გააცნობიერა, რომ ემამ მას მიმართა, თვითონაც წარმოთქვა:- უკაცრავად.
სიდნეი კუგელმასი ვარ სითი კოლეჯიდან. ლიტერატურის პროფესორი გახლავართ. ნიუ იორკის სითი-კოლეჯი იცით? ქალაქის ზემო მხარეს მდებარეობს. მე – უჰ, ჯანდაბა! ემა ბოვარიმ გამომწვევად გაუღიმა და უთხრა:- ხომ არ დალევდით? იქნებ ერთი ჭიქა ღვინო?“რა მშვენიერი ქალია”, გაიფიქრა კუგელმასმა. ისეთი კონტრასტი იყო იმ ტროგლოდიტთან, რომელიც მის სარეცელს იყოფდა! უცებ დაუძლეველი სურვილი იგრძნო, მკლავებში მოექცია ეს მოჩვენება და ეთქვა, რომ მთელი ცხოვრება ასეთ ქალზე ოცნებობდა. – დიახ, ღვინო, – ამოიხავლა მან. – თეთრი.
არა, წითელი. არა, არა, თეთრი. თუ შეიძლება, თეთრი. – შარლი მთელი დღე შინ არ იქნება, – თქვა ემამ კეკლუცად და მრავალმნიშვნელოვნად. ღვინის დალევის შემდეგ ისინი მშვენიერი ფრანგული სოფლის შემოგარენში სასეირნოდ გაემართნენ.- მუდამ ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა იდუმალი უცნობი და მიხსნიდა უხეში პროვინციული ცხოვრების მონოტონურობისგან, – ამბობდა ემა, თან ხელს ხელზე უჭერდა. მათ პატარა ეკლესიას გვერდით ჩაუარეს. – მომწონს, რაც გაცვია, – დაიჩურჩულა ემამ, – აქ მსგავსიც არაფერი მინახავს.
ეს ისეთი… თანამედროვეა. – ამას სპორტულები ჰქვია, – უპასუხა მან რომანტიკულად. – ჩამოფასებულში გადავაწყდი. ქალს მოულოდნელად აკოცა. მომდევნო საათი მათ ხის ჩრდილში გაატარეს, ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვით ესაუბრებოდნენ. შემდეგ კუგელმასი წამოჯდა.
გაახსენდა, რომ დაფნას უნდა შეხვედროდა “ბლუმინდეილთან”. – უნდა წავიდე, – უთხრა მას. – მაგრამ არ იდარდო, დავბრუნდები.- იმედი მაქვს, – უპასუხა ემამ.კუგელმასმა ვნებიანად აკოცა, მერე კი ორივენი სახლის გზას გაუყვნენ. მან ემას სახე ხელისგულებს შორის მოიქცია, კიდევ ერთხელ აკოცა და დაიყვირა:- ოკეი, პერსკი! ოთხის ნახევარზე “ბლუმინდეილში” უნდა ვიყო. ტკაცუნის ხმა გაისმა და კუგელმასი ისევ ბრუკლინში აღმოჩნდა.- აბა? მოგატყუეთ? – მოზეიმე იერით ჰკითხა პერსკიმ.- მომისმინე, პერსი, უკვე მაგვიანდება ლექსინგტონ ავენიუზე ჩემს კატორღულ ბორკილებთან. როდის შემიძლია კიდევ მოსვლა? ხვალ? – სიამოვნებით. ოცი დოლარი არ დაგავიწყდეთ.
ეს ამბავიც არავისთან წამოგცდეთ.- ჰოო? მე კიდევ რუპერტ მერდოკთან დარეკვას ვაპირებდი. კუგელმასმა ტაქსი გააჩერა და ქალაქის ცენტრისკენ გავარდა. მისი გული ხტოდა, ცეკვავდა. “შეყვარებული ვარ”, – ფიქრობდა, – “არაჩვეულებრივი საიდუმლო მაქვს”. როგორ მიხვდებოდა ის, რომ სწორედ იმ დროს, მთელი ქვეყნის კლასებსა და აუდიტორიებში, მოსწავლეები თუ სტუდენტები მასწავლებლებს ეკითხებოდნენ: “ვინ არის ეს პერსონაჟი მეასე გვერდზე? მელოტი ებრაელი მადამ ბოვარის კოცნის?” სიუ ფოლსში (სამხრეთ დაკოტა) მასწავლებელმა ამოიოხრა და გაიფიქრა: ოჰ, ეს ბავშვები, ღმერთო ჩემო… მოსაწევი ბალახები, გულძმარვა… რა არ უტრიალებთ თავში! დაფნა სააბაზანო მოწყობილობის განყოფილებაში აღმოაჩინა კუგელმასმა, როცა ქოშინით შევარდა “ბლუმინდეილში”.- სად იყავი? – მივარდა ცოლი.
– ხუთის ნახევარია. – საცობში გავიჭედე, – უთხრა მან. 

კუგელმასი მომდევნო დღესაც ესტუმრა პერსკის და რამდენიმე წუთში ისევ სასწაულებრივად აღმოჩნდა იონვილში. მისი დანახვისას ემამ აღელვება ვერ დამალა. მათ რამდენიმე საათი გაატარეს ერთად, იცინოდნენ და ერთმანეთს საკუთარი განსხვავებული წარსულის შესახებ უყვებოდნენ. სანამ დაშორდებოდნენ, სექსიც მოასწრეს. “ღმერთო ჩემო, მადამ ბოვარისთან ვწევარ”, ჩურჩულებდა თავისთვის კუგელმასი, – “მე, პირველ კურსზე ინგლისურში რომ ჩავიჭერი”.

დრო გადიოდა. ამასობაში კუგელმასმა მრავალჯერ მოინახულა პერსკი და ინტიმური, ვნებიანი ურთიერთობა გააბა ემა ბოვარისთან. – ყოველთვის შეამოწმეთ, პერსკი. ხომ იცით, წიგნის ასმეოცე გვერდამდე უნდა გამოვჩნდე, – უთხრა ერთ დღეს კუგელმასმა ჯადოქარს. – ყოველთვის მანამდე უნდა შევხვდე ემას, ვიდრე იმ როდოლფს გადაეყრება. – რატომ? – გაუკვირდა პერსკის. – მისი დროის დაკავება არ შეგიძლიათ? – მისი დროის დაკავება! ის ხომ უტიტულო აზნაურია.
ამ ვაჟბატონებს მხოლოდ არშიყობა და ცხენების ჭენება შეუძლიათ. მე თუ მკითხავ, ისეთია, ქალების მოდების ჟურნალებში რომ არიან გამოჭიმულნი, ჰელმუტ ბერგერის ვარცხნილობით. ემასთვის კი დიდ ვინმეს წარმოადგენს.- ქმარი ვერაფერს ხვდება?- სადა აქვს ამის თავი! ერთი უღიმღამო პატარა ფელდშერია, რომელიც განგებამ იმ გადარეულს გადაჰყარა. ათ საათზე უკვე დასაძინებლად წვება, ის კი საცეკვაო ფეხსაცმელებს იცვამს. ჰო, კარგი… აბა, დროებით. კუგელმასი კიდევ ერთხელ შევიდა კარადაში და ერთ წამში ისევ ბოვარის მამულში, იონვილში, აღმოჩნდა.- როგორ ხარ, გვრიტუნია? – ჰკითხა ემას.

– ო, კუგელმას, – ამოიოხრა მან. – რამდენის მოთმენა მიწევს, რომ იცოდე. წუხელ იმ ვაჟბატონს დესერტის დროს ჩაეძინა. მე სული მიკაწკაწებს “მაქსიმსა” და ბალეტზე, ამ დროს კი, რატომღაც, ხვრინვა მესმის.- ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო, მე ხომ შენთან ვარ, – თქვა კუგელმასმა და მოეხვია. “დავიმსახურე”, გაიფიქრა მან, როცა ცხვირი ემას თმაში ჩარგო, მისი ფრანგული სუნამოს სუნი იგრძნო. – “საკმაოდ დავიტანჯე. საკმაოდ ბევრი გადავუხადე ფსიქოანალიტიკოსებს.
თავდაუზოგავად ვეძებდი. ის ახალგაზრდაა, სრულწლოვანი, და მეც აქ ვარ, ლეონიდან რამდენიმე ფურცლის იქით და ზუსტად როდოლფის წინ. წიგნის სწორ თავებში თუ გამოვჩნდები, კარგ ამბებშიც მოვხვდები”. რა თქმა უნდა, ემაც ასევე ბედნიერი იყო. მას მღელვარება მოსწყურებოდა, კუგელმასის მიერ მოყოლილ ამბებს ბროდვეის ღამის ცხოვრებაზე, სწრაფ მანქანებსა და ჰოლივუდის მსახიობებსა თუ ტელე-ვარსკვლავებზე ერთიანად დაეტყვევებინა ახალგაზრდა ფრანგი ლამაზმანი. – ო. ჯეი სიმპსონზე კიდევ მომიყევი, – ემუდარებოდა იგი იმ საღამოს, როცა კუგელმასთან ერთად აბატ ბურნისიენის ეკლესიის ახლოს სეირნობდა.- რისი თქმა შემიძლია? დიდებული ადამიანია.
შეტევაში ყველა რეკორდი მოხსნა.
ისეთი მოძრაობები აქვს… მასთან სხვები ვერაფრს ხდებიან. – და “ოსკარი”? – თქვა ემამ მეოცნებე იერით. – მისთვის ყველაფერს მივცემდი. – ჯერ ნომინაციაში უნდა წარგადგინონ. – ვიცი.
უკვე ამიხსენი. დარწმუნებული ვარ, მსახიობობას შევძლებ. რა თქმა უნდა, წამეცადინება დამჭირდება. იქნებ სტრასბერგთან? ჰო, თუ კარგი აგენტიც მეყოლება… – ვნახოთ, ვნახოთ. პერსკის დაველაპარაკები. იმ ღამით, ჯადოქრის ბინაში მშვიდობით დაბრუნების შემდეგ, კუგელმასმა დიდ ქალაქში ემას სტუმრობის წინადადება წამოაყენა.

– მოვიფიქრებ, – თქვა პერსკიმ. – იქნებ შევძლო კიდეც, უფრო უცნაური ამბებიც მომხდარა. რასაკვირველია, მათ ვერცერთის გახსენება ვერ შეძლეს. 

– სად ჯანდაბაში დადიხარ? – შეუღრინა დაფნამ, როცა კუგელმასი შინ გვიან საღამოს დაბრუნდა. – ვინმე კახპას ხომ არ გადაეკიდე?- მეც მნახე რა…, – უპასუხა კუგელმასმა დაღლილი კაცის იერით. – ლეონარდ პოპკინთან ვიყავი. პოლონეთის სოციალისტური სოფლის მეურნეობის შესახებ ვმსჯელობდით.
ხომ იცნობ პოპკინს. აფრენს ამ თემაზე.- ბოლო დროს რაღაც უცნაური გახდი, – თქვა დაფნამ. – გაუცხოებული. იცოდე, მამაჩემის დაბადების დღე არ დაგავიწყდეს. ამ შაბათსაა. – ჰო, აბა, რა, აბა, რა, – თქვა კუგელმასმა და სააბაზანოსკენ გაემართა. – მთელი ოჯახი იქ იქნება.
ტყუპებსაც ვნახავთ. ბიძია ჰემიშსაც. უფრო თავაზიანი უნდა იყო ბიძია ჰემიშთან, იცი, როგორ უყვარხარ? – ტყუპები, მშვენიერია, – თქვა კუგელმასმა, სააბაზანოს კარი მიიკეტა და ცოლის ხმას თავი დააღწია. კარს მიეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე საათში ის ისევ იონვილში, საყვარელ ქალთან იქნება – ფიქრობდა – ხოლო ამჯერად, თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ემას თან წამოიყვანს. მომდევნო დღის ოთხის თხუთმეტ წუთზე პერსკიმ კიდევ ერთხელ მოუხმო თავის ჯადოქრულ უნარს. კუგელმასი ემას წინ გაჩნდა, მომღიმარი და სურვილსაყოლილი.
საყვარლებმა რამდენიმე საათი იონვილში ბინესთან ერთად გაატარეს, შემდეგ კი ბოვარის ეკიპაჟს დაუბრუნდნენ. პერსკის ინსტრუქციის თანახმად, ისინი ერთმანეთს მჭიდროდ ჩაეკვრნენ, თვალები დახუჭეს და ათამდე დათვალეს. როდესაც გაახილეს, ეტლი სასტუმრო “პლაზას” გვერდითა შესასვლელს უახლოვდებოდა, სადაც დილიდან კუგელმასს ოპტიმისტურად დაეჯავშნა აპარტამენტი. – რა კარგია! ყველაფერი ისეა, როგორც წარმომედგინა და ვოცნებობდი, – თქვა ემამ, როდესაც მხიარულად ბზრიალებდა საძინებელში და ქალაქს ფანჯრიდან უთვალთვალებდა. ეს ფ.ა.ო. შვარცის შენობაა. აი, ცენტარლური პარკი, და შერი რომელია? აჰ, ვხედავ.
ღვთაებრივია. საწოლზე ჰალსტონის და სენ ლორანის პაკეტები იდო. ემამ გახსნა შეფუთული ხვეულა და შავი ხავერდის შარვალი აიფარა უბადლო ტანზე. – ეს ქალის კოსტუმი რალფ ლორანისგანაა, – თქვა კუგელმასმა. – მასში მილიონდოლარიანს დაემსგავსები. მოდი ჩემთან, ჩიტუნია, გაკოცო. – ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, – წამოიყვირა ემამ სარკის წინ ტრიალისას.
– მოდი, ქალაქში გავიდეთ. მინდა, “ქორეს ლაინი” ვნახო, გუგენჰაიმი და ეს ჯეკ ნიკოლსონიც, რომელზეც ამდენს ლაპარაკობ. დღეს გადის ფილმები მისი მონაწილეობით? – ამ ამბავს ვერაფერს ვუგებ, – ჩაიბურტყუნა სტენფორდის პროფესორმა, – თავიდან უცნაური პერსონაჟი – კუგელმასი გამოჩნდა, ახლა ემა გაქრა წიგნიდან. ვხვდები, ეს კლასიკის უტყუარი ნიშანია: ათასჯერაც რომ წაიკითხო, რაღაც ახალს ყოველთვის აღმოაჩენ. 

საყვარლებმა ნეტარებით გაატარს შაბათ-კვირა. კუგელმასმა დაფნას უთხრა, რომ ბოსტონში სიმპოზიუმზე მიდიოდა და ორშაბათს დაბრუნდებოდა. თითოეული წამით ტკბებოდნენ ის და ემა, კინოში დადიოდნენ, ჩინურ კვარტალში სადილობდნენ, ორი საათი დისკოთეკაზე გაატარეს და მერე საწოლში ჩაწოლილებმა ფილმს უყურეს.
კვირას შუადღემდე ეძინათ, სოჰო მოინახულეს და ცნობილ ადამიანებს ნაზად უმზედნენ “ელეინზ”-ში. საღამოს ხიზილალა და შამპანური შეუკვეთეს ნომერში და გათენებამდე საუბრობდნენ. დილით კი, როდესაც ტაქსით პერსკისკენ მიჰქროდნენ, კუგელმასმა გაიფიქრა: “ნამდვილად ღირდა ეს ციებ-ცხელება. მას აქ საკმაოდ ხშირად ვერ მოვიყვან, მაგრამ დროდადრო მშვენიერი კონტრასტი იქნება იონვილთან”.პერსკისთან ემა კარადაში შეძვრა, გარშემო კარგად შემოიწყო ახლად შეძენილი ტანსაცმლის პაკეტები და კუგელმასს ნაზად აკოცა. – შემდეგ ჯერზე – ჩემთან, – თვალი ჩაუკრა მას. პერსკიმ სამჯერ დააკაკუნა კარადაზე. არაფერიც არ მოხდა.

– ჰმ, – თქვა მან და თავი მოიფხანა. კიდევ ერთხელ დააკაკუნა, მაგრამ ჯადოქრობა არც ახლა გამოუვიდა. – რაღაც ისე ვერ არის, – ჩაიბურტყუნა. – პერსკი, რა ხუმრობაა! – შეჰყვირა კუგელმასმა. – როგორ შეიძლება, არ მუშაობდეს?- მშვიდად, მშვიდად. ემა, თქვენ ისევ კარადაში ხართ?- დიახ. პერსკიმ კიდევ ერთხელ დააკაკუნა, ამჯერად უფრო ძლიერად.

– პერსკი, ისევ აქ ვარ.- ვიცი, ძვირფასო, გამაგრდი. – პერსკი, ჩვენ ის აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ, – უჩურჩულა კუგელმასმა, – ცოლიანი კაცი ვარ და სამ საათში ლექცია მაქვს. პატარა, უვნებელ თავგადასავალზე მეტისთვის არ მოვმზადებულვარ.- ვერ ვხვდები, – ბურტყუნებდა პერსკი. – ეს ისეთი სანდო ტრიუკია.მაგრამ ვერაფერს გახდა.- ცოტა დრო დამჭირდება, – უთხრა მან კუგელმასს. – უნდა დავშალო. მოგვიანებით დაგირეკავ. კუგელმასმა ემა ტაქსიში შეტენა და უკან, “პლაზაში” დააბრუნა.
ლექციას ძლივს მიუსწრო. მთელი დღე ტელეფონზე ეკიდა, ხან პერსკის ურეკავდა, ხან – საყვარელს. ჯადოქარმა უთხრა, რომ რამდენიმე დღე დასჭირდებოდა, სანამ მოვლენის არსში საბოლოოდ გაერკვეოდა. – რა ხდებოდა სიმპოზიუმზე? – ჰკითხა დაფნამ იმ ღამით.- მშვენივრად ჩაიარა, – თქვა მან და სიგარეტის ფილტრს მოუკიდა. – მოხდა რამე? კატასავით დაძაგრული ხარ.- მე? ჰა, სასაცილოა. ზაფხულის ღამესავით მშვიდი ვარ. ახლა გასეირნებასაც ვაპირებ.

იგი კარს მიაწყდა, ტაქსი გააჩერა და “პლაზასკენ” გაექანა. – რა ცუდია, – თქვა ემამ. – შარლს მოვენატრები. – ცოტაც გაძელი ჩემთან, საყვარელო, – უთხრა კუგელმასმა. ის გაფითრებული და გაოფლილი იყო. ქალს კიდევ ერთხელ აკოცა, ლიფტისკენ გაიქცა, “პლაზას” ვესტიბიულის ტელეფონ-ავტომატიდან პერსკის უღრიალა და შინ ზუსტად შუაღამემდე მიასწრო. – პოპკინის აზრით, ათასცხრაასსამოცდათერთმეტი წლის შემდეგ, კრაკოვში ქერის ფასი ასეთი მყარი არასდროს ყოფილა, – უთხრა მან დაფნას და საცოდავად გაიღიმა, როცა საწოლში ძვრებოდა.

მთელი კვირა ასე გავიდა. პარასკევ საღამოს კუგელმასმა დაფნას უთხრა, რომ კიდევ ერთ სიმპოზიუმზე უნდა გაფრენილიყო, ამჯერად, სირაკუზში.
მან ისევ “პლაზას” მიაშურა, თუმცა მეორე შაბათ-კვირა პირველს საერთოდ არ ჰგავდა.- დამაბრუნე რომანში ან ცოლად მომიყვანე, – უთხრა ემამ კუგელმასს. – ამავე დროს, სამსახურის შოვნაც მინდა, თუნდაც რამე კურსზე სიარული, მთელი დღე ტელევიზორის ყურება ხომ წამებაა.- მშვენიერია, ფული გაგვიჩნდება, – თქვა კუგელმასმა. – წონაში ორჯერ დაიკლებ, თუ დამლაგებლად იმუშავებ. – გუშინ ცენტრალურ პარკში ბროდვეის გარეთ მოღვაწე ერთი პროდიუსერი გავიცანი და მითხრა, რომ მისი ახალი პროექტისთვის გამოვდგები, – თქვა ემამ.- ვინ კლოუნია?- კლოუნი არ არის. ის მგრძნობიარე, კეთილი და სიმპათიურია.
ჯეფ რაღაცგვარია, კარგად არ მახსოვს და “ტონი”-ზე არის წარდგენილი. იმავე დღეს, მოგვიანებით, მთვრალი კუგელმასი პერსკისთან მივიდა.- დამშვიდდით, – უთხრა მას პერსკიმ. – ასე ინფარქტი არ აგცდებათ.- დამშვიდდით. ეს კაცი ამბობს: “დამშვიდდით”. რომანის პერსონაჟი მყავს სასტუმროს ნომერში გამოკეტილი და ალბათ ჩემი ცოლის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივი უკვე კუდში დამდევს. – კარგი, კარგი, ვიცი, რომ პრობლემა გაქვთ, – პერსკი კარადის ქვეშ შეძვრა და ვეება ქანჩით რაღაცაზე კაკუნი დაიწყო.- გარეულ ცხოველს ვგავარ, განაგრძო კუგელმასმა. – ქალაქში მალვით დავიპარები, მე და ემამაც ერთმანეთი დავაშტერეთ.
ჰო, აღარაფერს ვამბობ სასტუმროს ანგარიშზე, რომელიც ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტს დაემსგავსა. – რისი გაკეთება შემიძლია? – თქვა პერსკიმ. – მაგია ფაქიზი ნიუანსების სამყაროა. – ჩემს ფეხებს ნიუანსები! ამ პატარა თაგუნიას “დომ პერინიონსა” და შავ ხიზილალაში ვახრჩობ, პლუს მისი გარდერობი, პლუს თეატრალური სტუდია, რომელშიც ჩაირიცხა და უცებ პროფესიონალური ფოტოები სჭირდება. გარდა ამისა, პერსკი, პროფესორმა ფივიშ კოპკინდმა, რომელიც შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას კითხულობს და რომელსაც ჩემი ყოველთვის შურდა იმ პერსონაჟში ამომიცნო, ფლობერის რომანში პერიოდულად რომ ჩნდება. დამემუქრა, დაფნასთან მივალო. სრულ კრახს, კატასტროფას, ციხეს ვხედავ.
მადამ ბოვარისთან ღალატის გამო ჩემი ცოლი მათხოვრობისთვის გამწირავს. – რა გითხრათ? ამ საქმეზე დღედაღამ ვმუშაობ. პირად განცდებს რაც შეეხება, ვერაფრით დაგეხმარებით. ჯადოქარი ვარ, ფსიქოანალიტიკოსი კი არა. კვირა შუადღით ემა სააბაზანოში ჩაიკეტა და კუგელმასის ხვეწნა-მუდარას არად აგდებდა. ის კი ვოლმანის საციგურაო მოედანს გადაჰყურებდა ფანჯრიდან და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. “ცუდია, რომ დაბალი სართულია,” – გაიაზრა მან, – “თორემ ამას ახლავე გავაკეთებდი.
იქნებ ევროპაში გავიქცე და ცხოვრება თავიდან დავიწყო… იქნებ იმ გოგონებივით “ინთერნეშენლ ჰერალდ თრიბიუნის” გამყიდველად ვიქცე.” ტელეფონმა დარეკა. კუგელმასმა მექანიკურად აიღო ყურმილი.- წამოიყვანეთ, – თქვა პერსკიმ. – ვფიქრობ, საქმის მოგვარება შევძელი. კუგელმასს გული შეუფრთხიალდა. – არ ხუმრობთ? – თქვა მან. – მართლა შეაკეთეთ? – ტრანსმისიას სჭირდა რაღაც, თქვენ წარმოიდგინეთ.- პერსკი, გენიოსი ხართ.
ერთ წუთში მანდ გავჩნდებით. უფრო ადრეც.ისევ გაეშურნენ საყვარლები პერსკის ბინისკენ, ისევ შეძვრა ემა ბოვარი კარადაში თავისი ფუთებით. ამჯერად კოცნა არც გახსენებიათ. პერსკიმ კარი მიუკეტა, ღრმად ჩაისუნთქა და ყუთზე სამჯერ დააკაკუნა. სუსტი ტკაცუნის დამამშვიდებელი ხმა გაისმა და როდესაც პერსკიმ შიგნით შეიხედა, იქაურობა ცარიელი დახვდა. მადამ ბოვარი თავის რომანში დაბრუნდა. კუგელმასმა შვებით ამოისუნთქა და ჯადოქარს ხელი ჩამოართვა.

– დამთავრდა, – თქვა მან. – ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. აღარასოდეს გავიხედავ გვერდით, ვფიცავ. კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი პერსკის და გადაწყვიტა, საჩუქრად ჰალსტუხს გავუგზავნიო. 
სამი კვირის შემდეგ, გაზაფხულის მშვენიერი დღის ბოლოს, პერსკის ზარის ხმა შემოესმა და კარი გააღო. ზღურბლზე კუგელმასი იდგა, მორცხვად იღიმებოდა. – კარგი, კუგელმას, ახლა საით?- მხოლოდ ერთხელ, – თქვა კუგელმასმა.
– ისეთი მშვენიერი ამინდია და მეც ხომ არ ვახალგაზრდავდები. მომისმინეთ, “პორტნოის ჩივილი” წაგიკითხავთ? მაიმუნა გახსოვთ? – ახლა ამის ფასი ოცდახუთი დოლარია, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირდება, მაგრამ თქვენ უფასოდ შეგიშვებთ, იმის გათვალისწინებით, რამდენად უსიამოვნო მდგომარეობაში ჩაგაყენეთ.- კეთილო კაცო, – უთხრა კუგელმასმა, შერჩენილი რამდენიმე ღერი თმა შეისწორა და კარადაში შეძვრა. – ეს ხომ იმუშავებს? – იმედი მაქვს. თუმცა იმ ამბის შემდეგ შემოწმება აღარც მიცდია. – სექსი და რომანტიკა, – ამოიძახა კუგელმასმა კარადის სიღრმიდან. – რისი გადატანა აღარ გვიწევს მშვენიერი თვალების გულისთვის. პერსკიმ “პორტნოის ჩივილის” ეგზემპლარი შეაგდო ყუთში და მასზე სამჯერ დააკაკუნა.
ამჯერად ტკაცუნის ნაცვლად ყრუ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ბათქა-ბუთქის ჯერი და ნაპერწლების შადრევანი მოჰყვა. პერსკი შეხტა, გულის მძაფრი ტკივილი იგრძნო და უსულოდ დაეცა. კარადა ცეცხლის ალში გაეხვა, ბოლოს კი მთელი სახლი დაიწვა. კუგელმასს, რომელმაც კატასტროფის შესახებ ვერაფერი გაიგო, საკუთარი გასაჭირი ჰქონდა. ამ შემთხვევის გამო, ის ვერც “პორტნოის ჩივილში” მოხვდა, ვერც სხვა რომელიმე რომანში. იგი ესპანური ენის ინტენსიური კურსის ძველ სახელმძღვანელოში აღმოჩნდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნაყოფო, კლდოვან ადგილას დარბოდა, რადგან დიდი და ბანჯგვლიანი უწესო ზმნა “ტენერ” (ყოლა, ქონა) გაწვრილებული, გრძელი ფეხებით გამოეკიდებოდა ხოლმე და დასაჭერად დასდევდა..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button