დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ორმაგი აფერა

სანამ საუბარს დაიწყებდა, ქალიშვილმა რამდენჯერმე ამოიოხრა და უხერხულად ჩაახველა, თან შესამჩნევად გაწითლდა. მისტერ პარკერ პაინი მოთმინებით ელოდა, როდის ამოიღებდა ხმას მისი კლიენტი.

– იმედი მაქვს, ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

– დიახ, მის, რა თქმა უნდა. ეს ჩემი ვალია.

– მისის… მე გათხოვლი ვარ და პრობლემაც ამაშია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი ქმარი ამ ყველაფრის შესახებ გაიგებს. დავიღუპები. წინდაუხედაობა გამოვიჩინე – მისგან დაფარულად კაზინოში ვითამაშე. ჯერალდს სძულს აზარტული თამაშები. სულ ცოტა იღბალი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, მაგრამ… მოკლედ, ვალები დამედო. რა უნდა მექნა? – ქალიშვილი გაჩუმდა, – არც კი ვიცი, ყველაფერი უნდა გითხრათ თუ არა…

– თუ არ მეტყვით, ვერ დაგეხმარებით. საიდუმლოს შენახვა ვიცი, ეს ჩემი პროფესიაა – გაამხნევა პაინმა.

– კარგი, – ქალიშვილმა მოსასხამის ჯიბიდან ხავერდის ძვირფასი ფუტლარი ამოიღო და გახსნა. ბრილიანტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა დეტექტივს. მან ბეჭედი ფუტლარიდან ამოიღო და სინათლესთან ახლოს მიიტანა.

– შესანიშნავია, არაჩვეულებრივი! მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტია. იშვიათია ასეთი სუფთა ბრილიანტი.

– მართალი ბრძანდებით. ამიტომაც გავბედე და მოვიპარე, მერე კი დავაგირავე. მის ჭეშმარიტ პატრონს კი ყალბი ბრილიანტი – მისი ზუსტი ასლი გავუგზავნე. ადრე თუ გვიან, ჩემი მეგობარი ამ სიყალბეს აუცილებლად შეამჩნევს, მე კი ელენ დორტგეიმერის დაკარგვა არ მინდა. თანაც ის

მაშინვე მიხვდება, რომ ეს მე გავაკეთე და აბსოლუტურად ყველა ნაცნობს მოუყვება. არ მინდა, ოჯახი დამენგრეს.

– რანაირად მიხვდება, რომ თქვენ შეუცვალეთ ბრილიანტი?

– მე ბონდ-სტრიტზე ვცხოვრობ. მისი იუველირიც იქ არის. მთხოვა, თვალი ცოტათი მოძრაობს და იქნებ გაამაგრებინოო. ახლა რა უნდა ვქნა? ვალები უკვე გავისტუმრე – სრულიად მოულოდნელად ბიძა გარდამეცვალა და მემკვიდრეობა დამიტოვა.

– მივხვდი: გინდათ, რომ ბეჭედი დააბრუნოთ, თანაც შეუმჩნევლად. ხომ მართალია?

– დიახ, მაგრამ, ამას ვერ შევძლებ, გამორიცხულია.

– არც ისე რთული იქნება ყალბი ბრილიანტის ორიგინალით შეცვლა. მით უმეტეს, თუ მეგობრობთ.

– არა, არა, არა! – ჯიუტად გააქნია თავი ქალიშვილმა – მისტერ პაინ, მე გადაგიხდით, კარგად გადაგიხდით. დამაბრუნებინეთ ბრილიანტი!

– კარგი, კარგი. ვიფიქროთ. თქვენ რამე გეგმა გაქვთ?

– ორ დღეში დორტგეიმერებთან მეჯლისია. მე ვერ მივდივარ – ჩემს ქმარს არ უყვარს მეჯლისები. ვიცი, რომ მოცეკვავეებს ეძებდნენ.

– ძალიან კარგი. იქნებ, ისიც მითხრათ, სად არის დორტგეიმერების სახლში სინათლის ამომრთველი?

– მგონი, პირველ სართულზე, ჰოლში გასასვლელთან. ერთხელ როგორღაც შევნიშნე.

– ძალიან კარგი. ბეჭედს უკვე დამიტოვებთ? ქალიშვილი შეცბუნდა.

– ხომ არ გეწყინებათ, თუ ზეგ დილამდე ჩემთან დავიტოვებ? რატომღაც მგონია, რომ ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება.

პარკერმა თავი დაუქნია.

… ელენ დორტგეიმერი მაშინვე მოხიბლა მოცეკვავის აღნაგობამ და ქათქათა, მომაჯადოებელმა ღიმილმა. ამიტომ, გამოწვევასაც დაუფიქრებლად დასთანხმდა. მამაკაცის ძლიერ მკლავს ბოლომდე მიენდო… მისი ნატიფი, არისტოკრატული თითები რომლებსაც ბრილიანტის ბრწყინვალება ჰფენდა სხივებს, მორჩილად მინებდა მოცეკვავის მბრძანებლურ ხელისგულს. მერე უცებ სინათლე გამოირთო, მაგრამ, ელენი ამას არ შეუშფოთებია, პირიქით, ესიამოვნა კიდეც. თითქოს წაიფორხილა და კაცს მხარზე მიეყრდნო…

– ბეჭედი დაგივარდათ, მისის, – ალერსიანად წასჩურჩულა მან. სინათლე აინთო და ბრილიანტმაც გაიბრწყინა. ელენმა თითი მორჩილად გაუწოდა და მოცეკვავემაც ბეჭედი წამოაცვა…

პარკერმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელები:

– როგორც ვხვდები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – გაუღიმა ქალიშვილმა, – ბეჭედი შეცვალეთ?

– დიახ, ჩემმა ასისტენტმა საქმეს თავი კარგად გაართვა. აი გამომართვით – პაინმა ქალიშვილს ფუტლარი გაუწოდა.

– ო, როგორი მადლობელი ვარ!.. რამდენი უნდა გადაგიხადოთ? პაინმა ჩეკი გაუწოდა.

– მხოლოდ თექვსმეტი ფუნტი და თერთმეტი შილინგი?

– სულ ეს არის?

– დიახ, მისის ნაომი, ეს არის ის ხარჯები, რომლებიც კომპანიამ ამ საქმეში გასწია.

– კი მაგრამ, თქვენი ჰონორარი?

– ჰონორარი არ მინდა. ქალიშვილი შეიჭმუხნა.

– არ გინდათ? ეს რას ნიშნავს?

– ფუტლარი გახსენით, მისის ნაომი. შიგნით ზუსტად ის ბეჭედი დევს, რომელიც პირველი ვიზიტისას მაჩვენეთ და არა ის, რომელიც მერე მომიტანეთ, – პაინმა დაჟინებული მზერა მიაპყრო ქალიშვილს, რომელიც ჯერ გაწითლდა, მერე კი ცარცივით გათეთრდა.

– რაო?! რისი თქმა გინდათ ამით? – წამოიყვირა და წამოხტა.

– დაბრძანდით ნაომი, თქვენ ჭკვიანი ქალიშვილი ბრძანდებით და ზუსტად ამოირჩიეთ ადამიანი, რომელიც თქვენი გენიალური ჩანაფიქრის, უფრო სწორად – აფერის განხორციელებაში შეგიწყობდათ ხელს. დიახ, დიახ, თქვენ არც გათხოვილი ბრძანდებით და არც არანაირი ვალები არ გქონიათ. ზოგადად, მომწონს ჭკვიანი და მოხერხებული ქალები, მაგრამ, საკუთარი რეპუტაცია ძალიან ძვირად მიღირს. არა, არა, ნუ გამაჩერებთ. თქვენ იმ ქალბატონთან მოახლედ მუშაობდით. მიხვდით, რომ ერთი ბრილიანტი მთელ თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. მთავარი ისეთი გეგმის მოფიქრება იყო, რომელიც მიზნამდეც მიგაღწევინებდათ და თქვენზეც არავინ მიიტანდა ეჭვს. ჩემ შესახებ საჭირო ინფორმაცია შეკრიბეთ, მშვენიერი სცენარი დაწერეთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ. მალე თქვენს ქალბატონს მოეჩვენა, რომ ბეჭდის თვალი ოდნავ მოძრაობდა და იუველირთან თქვენ გაგატანათ. როგორ იქცევით თქვენ? – ჯერ მოდიხართ ჩემთან და მაჩვენებთ ნამდვილ ბრილიანტს და თან გულისამაჩუყებელ ამბავს

მიყვებით. მერე იუველირთან მიდიხართ და ყალბ ბრილიანტს უკვეთავთ, ხოლო ნამდვილს ქალბატონს უბრუნებთ. დანარჩენი უკვე ჩემზეა. ყალბი კი არ უნდა შევცვალოთ ნამდვილით, არამედ, პირიქით – ნამდვილი ყალბით და ამ დავალებას პირნათლად ვასრულებ. მაგრამ, ძვირფასო, მე ხომ პარკერ პაინი ვარ და ყველაფერს მივხვდი: ეს ის ყალბი ბრილიანტია, რომელიც წვეულების დილას მომიტანეთ და მე ჩემს დამხმარეს მივეცი. ცეკვისას მას უნდა შეეცვალა ბეჭდები, მაგრამ, ეს არ გააკეთა – ჩემი მითითებით, რა თქმა უნდა: ხომ გითხარით, ჩემი რეპუტაცია ძვირად მიღირს-მეთქი. წაიღეთ თქვენი ყალბი ბრილიანტი, მისის; საკმაოდ კარგი ნამუშევარია, ნებისმიერს შეიყვანს შეცდომაში, ოღონდ, მე არა – სიყალბეს პირველივე წუთიდან ვცნობ. ადრე თუ გვიან ქალბატონი სიყალბეს აღმოაჩენდა და გაახსენდებოდა წვეულებაზე თავაზიანი, მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თითიდან მომძვრალი ბრილიანტი მიაწოდა. ხოლო იმის დადგენას, რომ ეს კაცი ჩემთან კავშირშია, დიდი დრო სულაც არ სჭირდება…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button