დეტექტივილიტერატურამოთხრობა

აგათა კრისტი – ორიგინალური თვითმკვლელი

ჯონ ჰარისონი სახლიდან გამოვიდა და ტერასაზე მდგარ მოწნულ სავარძელზე ჩამოჯდა. საკმაოდ სიმპათიური შუახნის მამაკაცი იყო, სახის ოდნავ მკაცრი, მაგრამ, ვაჟკაცური ნაკვთებით

– შეიძლება ითქვას, მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა. აგვისტოს თბილი საღამო იყო. ერთბაშად

მისი ყურადღება ჭიშკრის ჭრიალმა მიიქცია. ჰარისონმა სახლისკენ მიმავალ ბილიკს გახედა და წამოიძახა:

– წარმოუდგენელია! ერკიულ პუარო? აქ, ჩემს კარმიდამოში?! მერე კიბეზე ჩაირბინა და სტუმრის შესაგებებლად გაეშურა.

– საიდან აღმოჩნდით ჩვენს მხარეში, მესიე პუარო? არ მითხრათ, რომ ქარმა გადმოგაგდოთ, ასეთ სიცხეში ქარიც არ ქრის.

– საქმეები, ჩემო მეგობარო, საქმეები.

– საქმე აქ, ამ უკაცრიელ მხარეში?! – გაიოცა ჯონ ჰარისონმა.

– ჩემო მეგობარო, არ იცით, რომ დანაშაული ძირითადად უკაცრიელ ადგილებში ხდება?!

– სისულელე ვთქვი, არა? – გაიცინა ჯონმა, – მაგრამ, მაინც მიკვირს და, იძულებული ვარ, შეკითხვები დაგისვათ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, კარგიც არის, შეკითხვები რომ გიჩნდებათ.

– რაიმე დანაშაულს იძიებთ?

– დიახ, საკმაოდ მძიმე დანაშაულს – მკვლელობას.

პუარომ ისეთი ტონით წარმოთქვა ეს სიტყვა, რომ ჰარისონი შეკრთა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა:

– მკვლელობა მოხდა? აქ, ჩვენს მხარეში? ვინ არის მოკლული? მეტყვით მის ვინაობას?

– ჯერ არავინ მოუკლავთ, – თავი გააქნია პუარომ.

– ეს როგორ?! – გაოგნდა ჰარისონი.

– ისე. მე ვიძიებ მკვლელობას, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ, მოხდება.

– ეს ხომ უაზრობაა, მესიე პუარო, თქვენ ხუმრობთ!

– პირიქით, ძალიან სერიოზული ვარ. თანაც, თქვენ მიმართ რაღაც სიმპათია გამაჩნია და ამიტომაც ვარ აქ. რა შესანიშნავი ვარდებია… ოჰო, აქ კრაზანების ბუდეც ყოფილა. უნდა გაანადგუროთ. კრაზანის ნაკბენი აგვისტოს სიცხეში სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

– აქ ამის სათქმელად მოხვედით?

– არა, მარტო ამისთვის არა. კიდევ იმის, რომ მესიმპათიურებით. როგორ ებრძვით ხოლმე კრაზანებს? – ისევ შეცვალა საუბრის თემა პუარომ.

– ხან – როგორ, ხან – როგორ. ბენზინით, დაწვით, ბოლიც კარგი საშუალებაა. ახალგაზრდა ლენგტონმაც შემომთავაზა დახმარება. კლოდ ლენგტონი ხომ გახსოვთ? ისიც იმ ოჯახში იყო სტუმრად, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. შემპირდა, საღამოს მოვალ და მოვსპოთო.

– მართლა? იმას რა მეთოდი აქვს? გამიგია, რომ კალიუმციანიდიც კარგი საშუალებაა. ჰარისონი მოიღუშა:

– კალიუმციანიდი? ეს ხომ საშიში შხამია, სახლში მისი შენახვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

– მართალი ხართ, კალიუმციანიდი სასიკვდილო შხამია. თუმცა, ძალიან სასარგებლო, როცა სიდედრის თავიდან მოშორება გაქვს გადაწყვეტილი, – იხუმრა პუარომ.

ჰარისონს არ გაღიმებია:

– ვერ ვიგებ, ამას რატომ მელაპარაკებით? პუარომ ვარდი დაყნოსა და მხრები აიჩეჩა.

– საქმე ისაა, რომ მე შემთხვევითობას გამოვრიცხავ და წვრილმანებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. დღისით აფთიაქში შევიარე ბარჩესტერზე და წამალი ვიყიდე. სარეგისტრაციო წიგნში, სადაც გაყიდული შხამების აღნუსხვა ხდება, ამოვიკითხე, რომ კლოდ ლენგტონს კალიუმციანიდი შეუძენია.

ჰარისონი სტუმარს გაოცებულ მზერას არ აცილებდა, ბოლოს ნაჩქარევად და ნაძალადევად ჩაილაპარაკა:

– რა უცნაურია! რამდენიმე დღის წინ სწორედ ლენგტონი მარწმუნებდა, არასდროს მომივა აზრად კრაზანების შხამით განადგურება. კალიუმციანიდიც აფთიაქში აშკარად არ უნდა იყიდებოდესო.

პუარომ ვარდებს თავი ანება, მისკენ შეტრიალდა და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი:

– მეგობარო, გულახდილად მითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ახალგაზრდა კაცთან?

– ჩვეულებრივი. პუარომ თავი გააქნია:

– ჩვეულებრივი? თქვენ ხომ მის ყოფილ შეყვარებულზე ხართ დანიშნული. ვითომ, ახალგაზრდა კაცმა დაივიწყა ეს ამბავი და გაპატიათ? ვითომ? ზოგჯერ სიძულვილი მხოლოდ მიძინებულია და მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე.

ჰარისონი ერთბაშად შეხტა:

– გეშლებათ, მესიე პუარო, ეს ინგლისია! აქ უარყოფილი თაყვანისმცემლები შურისძიების სურვილით ანთებულები შხამს არ ყიდულობენ და ჯენტლმენობას არ ივიწყებენ, მით უფრო – ლენგტონი, ის ბუზსაც არ გააღვიძებს.

– ბუზები ჩემი სფერო არ არის, – თქვა პუარომ, – თქვენთან კამათს აღარ ვაპირებ. ისე, მაინტერესებს, როგორ ანადგურებთ ბზიკებს ჯენტლმენი ინგლისელები…

იმავე დღეს, საღამოს ათის ნახევარზე, პუარო ისევ მივიდა ჰარისონთან და ყვავილნარის ბილიკზე ახალგაზრდა ლენგტონს გადააწყდა. მას დაბნეული და რაღაცით შეწუხებული სახე ჰქონდა:

– მესიე პუარო… საღამო მშვიდობის.

– როგორ არის საქმე, გაანადგურეთ ბზიკები?

– არა, ჯერ არა. გადავდეთ. ჰარისონთან ერთად ლუდი დავლიე და ცოტა ვილაპარაკეთ. მომიტევეთ, მეჩქარება, უნდა წავიდე.

პუარომ უცნაურად გაიღიმა, კიბეზე ავიდა და ტერასაზე მჯდარი ჰარისონისკენ გაემართა.

– აბა, როგორ გრძნობთ თავს? ჰარისონი შეკრთა:

– მშვენივრად. რატომ უნდა ვიყო ცუდად?

– პრინციპში, გეთანხმებით – საჭმელი სოდა სრულიად უსაფრთხოა.

– რაო? სოდა რა შუაშია? არაფერი მესმის.

– აბა, თქვენ რა გეგონათ, საშუალებას მოგცემდით, თავი კალიუმციანიდით მოგეწამლათ და მერე ეს საცოდავი ლენგტონისთვის დაგებრალებინათ?! ჩანაფიქრი ხომ ეს იყო? მე დილით აღვკვეთე თვითმკვლელობაც და მკვლელობაც. ასეთი თვალებით ნუ მიყურებთ. გიკვირთ, საიდან მივხვდი ყველაფერს? მოგახსენებთ: დილით თქვენი ჯიბიდან შეხვეული კალიუმციანიდი ამოვიღე და პატარა პარკით საჭმელი სოდა ჩაგიდეთ. ერთ დროს ჯიბის ქურდებთან ვმეგობრობდი და ეს საქმე კარგად გამომდის. როგორც გითხარით, სააფთიაქო წიგნში ლენგტონის გვარის წაკითხვამ გამაოცა. მერე შემხვდა და, როცა ვკითხე, მითხრა, რომ შხამი თქვენი თხოვნით იყიდა. უცებ გამახსენდა, ორი კვირის წინ, ასევე შემთხვევით, ჩვენი საერთო ექიმის სახლთან რომ დაგინახეთ. მოუსვენარი კაცი ვარ. ამიტომ, დავურეკე მას და თქვენ შესახებ ვკითხე. სამწუხარო ამბავი მითხრა – რომ თქვენ მოურჩენელი სენი გჭირთ და, მაქსიმუმ თვე-ნახევარი იცოცხლებთ. ჰარისონ, ხომ გითხარით, მესიმპათიურებით-მეთქი. მეწყინა, მაგრამ, ცოტა რომ ვიფიქრე, მივხვდი, რისი გაკეთება გადაწყვიტეთ: ვერ შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ მშვენიერი ნეილი პრისტონე ისევ თავის ძველ შეყვარებულს, ანუ ლენგტონს დაუბრუნდებოდა და ამიტომ თვითმკვლელობა გადაწყვიტეთ, თანაც, ისე, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გაგეყოლებინათ თან. თქვენს ჭიქაში პოლიცია იპოვიდა შხამს და მარტივად

დაადგენდა იმასაც, რომ ეს შხამი სწორედ ლენგტონმა შეიძინა აფთიაქში. სახრჩობელაზე უშვებდით ასეთ უწყინარ ახალგაზრდას, ჰარისონ?! მე კი თქვენ ისე მესიმპათიურებოდით…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button