სოფლად დასასვენებლად ჩასულ სკოტლანდ იარდის ყოფილ მაღალჩინოსანს, სერ ჰენრის, ძალიან გაუკვირდა როდესაც მოახლემ მოახსენა, რომ მასთან სტუმრად მის მარპლი იყო მოსული.
– თქვენთან იმ სამწუხარო შემთხვევის გამო მოვედი, – დაიწყო საუბარი მის მარპლმა მისალმების შემდეგ, – როზა ემოტის დაღუპვას ვგულისხმობ. ალბათ, უკვე იცით ამის შესახებ. იგი ხიდიდან გადავარდა და მდინარეში დაიხრჩო, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო. ის მოკლეს და მე ვიცი, ეს ვინ გააკეთა.
– ძალიან სერიოზული განცხადებაა, – უთხრა სერ ჰენრიმ, – თქვენ, ალბათ, ჩემთან კი არა, პოლიციაში უნდა წასულიყავით, მე ხომ უკვე მხოლოდ კერძო პირი ვარ.
– პოლიციაში ვერ წავალ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ასეა. ჩემს დასკვნებს ინსპექტორ დრუიტს თუ გავაცნობ, სიცილით მოკვდება. ამიტომ, მინდა, თქვენ გთხოვოთ, რომ ამ საქმით დაინტერესდეთ. ინსპექტორი დრუიტი ამას პატივადაც კი ჩათვლის, ხოლო პოლიციის უფროსი მელჩეტი თქვენ ბოლომდე გენდობათ. მე მკვლელის სახელს ქაღალდზე დავწერ და თქვენ მოგცემთ. თუ გამოძიების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაშია, მაშინ… ვაღიარებ, რომ ძალიან ვცდებოდი.
სერ ჰენრიმ შინაბერას ცნობისმოყვარედ შეხედა. მის მარპლმა ბლოკნოტი ამოიღო, ფურცელზე რაღაც დაწერა და მას გადასცა. სერ ჰენრის ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ საქმემ დააინტერესა.
ცოტა ხანში სერ ჰენრი პოლიციის უფროსის, მელჩეტის კაბინეტში იჯდა. იქვე იყო ინსპექტორი დრუიტიც.
– ჩვენ თქვენი მადლობლები ვართ, სერ ჰენრი, ოღონდ ვშიშობ, რომ აქ ყველაფერი ისედაც ნათელია, – უთხრა პოლიციის უფროსმა, როდესაც მისი მისვლის მიზეზი გაიგო, – თავიდან გვეგონა, რომ გოგონამ თავი დაიხრჩო, ის ხომ ორსულად იყო. მაგრამ, ჩვენმა ექიმმა, ჰეიდოკმა, გოგონას ხელებზე ჩალურჯებები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მას ხელი სტაცეს და ხიდიდან გადააგდეს. გვყავს მოწმე – პატარა ბიჭი, ჯიმი ბრაუნი, რომელიც იქვე, ტყეში იყო. მან ჯერ ქალის კივილი გაიგონა, შემდეგ კი წყალში ჩავარდნის ხმა. უკვე ღამდებოდა, ამიტომ ბავშვმა მხოლოდ
იმის გარჩევა მოახერხა, რომ წყალში რაღაც თეთრი ცურავდა. მან მშველელებს უხმო, მაგრამ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩვენ, ასევე, გვაქვს წერილი, რომელიც გოგონას კაბის ჯიბეში აღმოვაჩინეთ. მართალია, წყალმა გადღაბნა, მაგრამ წაკითხვა შესაძლებელი აღმოჩნდა. წერილი ახალგაზრდა არქიტექტორის – სენდფორდის მიერაა გამოგზავნილი. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. სანდფორდი ლონდონელია, აქ დროებით, ვალინგტონის სახლის ასაშენებლად ჩამოვიდა. როზა ემოტს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და, სავარაუდოდ, ფეხმძიმედაც მისგან იყო. წერილში წერია: „კარგი. შევხვდეთ ხიდზე, რვა საათსა და ოცდაათ წუთზე. რ. ს.” სწორედ დროის ამ მონაკვეთში გაიგონა ჯიმი ბრაუნმა წყალში საგნის ჩავარდნის ხმა.
– ყველაფერი დღესავით ნათელია, – წამოიძახა ინსპექტორმა დრუიტმა, – იმ ნაძირალამ გოგო ჯერ შეაცდინა, შემდეგ კი ლონდონში გაპარვა გადაწყვიტა. იქ საცოლე ჰყავს – დანიშნულები არიან. თუ ის ქალი როზას შესახებ გაიგებდა, რა თქმა უნდა, ქორწილიც ჩაიშლებოდა. ჰოდა, მან როზას პაემანი ხიდზე დაუნიშნა. ისარგებლა იმით, რომ სიახლოვეს არავინ იყო, მხრებში ხელი მოჰკიდა და… – ასეთია ჩემი აზრი!
სერ ჰენრი დიდხანს იყო ჩუმად. ბოლოს იკითხა:
– როგორ დავიჯერო, რომ ასეთ ლამაზ გოგოს ადგილობრივებიდან არავინ ეტრფოდა?
– თქვენ მხედველობაში ჯო ელისი გყავთ? –ჩაეკითხა ინსპექტორი, – შესანიშნავი ახალგაზრდა კაცია, დურგალი. მასთან რომ დაეჭირა საქმე, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ყველაფერი აპატია როზას, ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ დაუბრუნდებოდა.
– მისი ნახვა მინდა, – თქვა სერ ჰენრიმ.
– სიამოვნებით, ოღონდ, ჩვენ ჯერ სენდფორდთან ვაპირებთ მისვლას და მერე ელისთან, –
უპასუხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
რექს სენდფორდი მაღალი, გამხდარი მამაკაცი იყო, მეოცნებე ცისფერი თვალებით. ხმა რბილი და ხავერდოვანი ჰქონდა.
– სად იყავით გუშინ საღამოს? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.
– სასეირნოდ გავედი.
– შეხვდით მის ემოტს?
– არა. ტყეში ვსეირნობდი მარტო.
– მაშინ, ამ წერილს როგორ ახსნით, რომელიც გარდაცვლილის ჯიბეში ვიპოვეთ?
– კი, ეს ჩემი წერილია, – თქვა სენდფორდმა, – როზა შეხვედრას მთხოვდა. არ ვიცოდი, რა მექნა და ეს დავწერე, თუმცა, შეხვედრაზე არ წავედი. ვგრძნობდი, სჯობდა არ მივსულიყავი. ხვალ ლონდონში უნდა დავბრუნდე. ვაპირებდი, იქიდან მომეწერა. რაღაც მომეგვარებინა.
– საქმე ისაა, რომ როზას თავი არ მოუკლავს, იგი ხიდიდან გადააგდეს. იქნებ, მოგვიყვეთ, რა მოხდა თქვენსა და როზას შორის?
– იგი ისეთი კარგი იყო, ისეთი დამატყვევებელი! – დაიწყო სენდფორდმა, – მას თავად სურდა ეს. ღმერთის წინაშე ვფიცავ, მართალს ვამბობ. მან კარგად იცოდა, რისი მიღწევაც სურდა – უნდოდა, რომ ცოლად მომეყვანა. მე კი, არ ვიცოდი, რა მექნა. მე საცოლე მყავს. რა თქმა უნდა, ნაძირალა ვარ. შემდეგ როზას გავურბოდი. ვფიქრობდი, ლონდონში რომ დავბრუნდები, ადვოკატს დაველაპარაკები და გარკვეულ თანხას დავუნიშნავ, თავი რომ ირჩინოს-მეთქი.
– ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, – უთხრა სერ ჰენრიმ პოლკოვნიკს მას შემდეგ რაც გარეთ გამოვიდნენ, – ვფიქრობ, ჯო ელისის ნახვაც ღირს. მოგეხსენებათ, ეჭვიანობა საკმაოდ სერიოზული მიზეზია მკვლელობისთვის.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მელჩეტმა, – მაგრამ ელისი ისეთი წყნარი ტიპია, ბუზსაც კი არ გააბრაზებს. თუმცა, მაინც მივიდეთ და გავარკვიოთ, სად იყო გუშინ საღამოს. იგი ოთახს მისის ბარტლეტთან ქირაობს. ძალიან წესიერი ქალია, ქვრივი.
კარი მათ სწორედ მისის ბარტლეტმა გაუღო. ვიდრე ჯო ელისი სტუმრებთან გამოვიდოდა, მათ ქალის გამოკითხვა გადაწყვიტეს.
– სად იყო გუშინ საღამოს თქვენი მდგმური? – ჰკითხა მას პოლკოვნიკმა.
– სახლში. როგორც წესი, ის ამ დროს სახლშია ხოლმე. სწორედ გუშინ საღამოს სამზარეულოში კარადას მიკეთებდა.
ოთახში ელისიც შემოვიდა. მისის ბარტლეტი სამზარეულოში გავიდა.
– თავი არ უნდა მოეკლა, – დაიწყო ელისმა, – ის კაცი ამად არ ღირდა. მე მზად ვიყავი, ყველაფერი მეპატიებინა და მიმეღო. რომ დაბრუნებულიყო, ვიზრუნებდი მასზე…
– გუშინ საღამოს რვიდან ცხრის ნახევრამდე სად იყავით?
– აქ ვიყავი, სამზარეულოში რაღაცას ვაკეთებდი. მისის ბარტლეტს ჰკითხეთ, მან იცის.
„რაღაც, ძალიან სწრაფად თქვა ეს ყველაფერი“, – გაიფიქრა, სერ ჰენრიმ. როდესაც სახლიდან გადიოდნენ, გასასვლელში ბავშვის ეტლი შენიშნეს. მისის ბარტლეტმა, როდესაც ჯენტლმენებს გაკვირვება შეამჩნია, აუხსნა, რომ იგი შეკვეთით თეთრეულს რეცხავს, შემდეგ კი ამ ეტლით მიაქვს დამკვეთებთან.
– მგონი, ყველაფერი გაირკვა, – თქვა ინსპექტორმა, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, – ელისს ალიბი აქვს. გამოდის, მკვლელი სენდფორდია. ჩემი აზრით, გოგონა და მისი მამა მას აშანტაჟებდნენ, მას კი ფული არ ქონდა; თან, ეშინოდა, საცოლეს არ გაეგო და… რას იტყვით?
– როგორც ჩანს, ასეა, – დაეთანხმა სერ ჰენრი, – თუმცა, მიჭირს სენდფორდის მკვლელის როლში წარმოდგენა. მაინც მგონია, ღირს იმ ბიჭს დაველაპარაკოთ, ვინც ხიდიდან კივილი გაიგონა.
ჯიმი ბრაუნს სერ ჰენრიმ ჰკითხა, მდინარის მეორე ნაპირზე ხომ არავინ შეგიმჩნევიაო.
– კი, ვიღაც ტყეში სეირნობდა, მგონი, მისტერ სენდფორდი იყო. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე წყლის ხმას გავიგონებდი.
– მდინარის მეორე ნაპირზე, სოფლის მხარეს, არავინ დაგინახავს?
– ვიღაც კაცი ბილიკს მიუყვებოდა და უსტვენდა. ვფიქრობ, ჯო ელისი უნდა ყოფილიყო. ნისლი კი იყო, მაგრამ ელისი ყოველთვის ერთსა და იმავე მელოდიას უსტვენს.
სერ ჰენრიმ გადაწყვიტა, მის მარპლისთვის შეევლო.
– ვფიქრობ, ჩვენი საქმე კარგად ვერ მიდის, – უპატაკა სერ ჰენრიმ, – სენდფორდს მალე დაიჭერენ და, სიმართლე გითხრათ, მეც ვეთანხმები.
– ჩემი ვერსიის სასარგებლოდ არაფერი მეტყველებს? ნუთუ შევცდი?
– ჯო ელისს ალიბი აქვს. მთელი საღამო სამზარეულოში კარადას აკეთებდა, მისის ბარტლეტი კი ეხმარებოდა.
– შეუძლებელია. ეს ამბავი ხომ ხუთშაბათს მოხდა? ხუთშაბათობით მისის ბარტლეტი დამკვეთებს თეთრეულს ურიგებს, თან, ამას საღამოს აკეთებს.
სერ ჰენრი სკამის საზურგეს მიეყრდნო. გაახსენდა, რომ ბიჭი ყვებოდა კაცზე, რომელიც უსტვენდა… ყველაფერი ემთხვეოდა..
ხუთი წუთის შემდეგ იგი ისევ მისის ბარტლეტის სახლში იყო.
– თქვენ მოგვატყუეთ, ელის, – მტკიცედ უთხრა მან, – თქვენ სამზარეულოში არ იყავით და არც კარადას აკეთებდით. თქვენ ხიდთან დაგინახეს რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე როზა ემოტს მოკლავდნენ.
– მე არ მომიკლავს, არა… – ამოღერღა ელისმა, – ის თავად გადახტა. მე მას არაფერს დავუშავებდი. მისის ბარტლეტმა დამინახა იქ. შემდეგ, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, მან იფიქრა, რომ, შეიძლებოდა, ეს ჩემთვის ცუდად დასრულებულიყო.
სერ ჰენრის სიტყვა აღარ უთქვამს, პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.
– მისის ბარტლეტ, – მიმართა ქალს, – მე ყველაფერი ვიცი. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველაფერი აღიაროთ. თუ არ გინდათ, რომ ჯო ელისი იმის გამო ჩამოახრჩონ, რაც მას არ გაუკეთებია. თქვენ თეთრეულს არიგებდით და ამ დროს როზა ემოტს შეხვდით. თქვენ იცოდით, რომ მან ჯო მიატოვა და რომანი ჩამოსულ არქიტექტორთან გააბა, მაგრამ ჯო მზად იყო, ისევ უკან მიეღო… ჯო უკვე ოთხი წელია თქვენთან ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში მისი შეყვარება მოასწარით. თქვენ იმ გოგოს ვერ იტანდით. ვერ დაუშვებდით, რომ მას თქვენთვის ჯო წაერთმია. ფიზიკურად ძლიერი ქალი ხართ და თქვენთვის მისი მდინარეში გადაგდება პრობლემა არ იყო. რამდენიმე წუთში კი ჯო ელისს შეხვდით. დაარწმუნეთ ის, რომ შეიძლებოდა, ეჭვი მასზე მიეტანათ და უთხარით, რომ მას ალიბი სჭირდებოდა, სინამდვილეში ეს თქვენი ალიბი იყო. ხომ მართალი ვარ?
– არ ჰქონდა იმ ქალს უფლება, ჩემთვის ჯო წაერთმია, – დუმილის შემდეგ უპასუხა მისის ბარტლეტმა, – ჯერ ორმოცი წლის ვარ. ჯოს მსგავსი ათასში ერთი თუ იქნება… მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. პატარა ბავშვივითაა, სერ. მე მასზე ვზრუნავდი… და, უცებ – ის ქალი… არ მეგონა, თუ ვინმე მიხვდებოდა. ვერ ვხვდები, როგორ გაიგეთ…
სერ ჰენრიმ თავი გადააქნია.
– მე არა, – თქვა მან და ჯიბეში ჩაკუჭული ფურცელი გაახსენდა, სადაც წვრილი ასოებით ეწერა:
„მისის ბარტლეტი, რომელთანაც ჯო ელისი ცხოვრობს.”