მე და პუარო ჩაიზე ჩვენს მეგობარ ინსპექტორ ჯეპს ველოდებოდით. მალე ისიც გამოჩნდა.
– იმედი მაქვს, არ დავაგვიანე, – წარმოთქვა მან, – მილერთან საუბარი გამიგრძელდა, სწორედ ის იძიებს დავენჰეიმის საქმეს.
ყური ვცქვიტე. ბოლო სამი დღეა, გაზეთები, მისტერ დავენჰეიმის – ცნობილი საბანკო ფირმა
„დავენჰეიმის და სალმონის“ უფროსი კომპანიონის უცნაური გაუჩინარების ამბებით იყო აჭრელებული.
– მილერი ჭკვიანი ბიჭია, – თქვა ჯეპმა, – დარწმუნებული ვარ, მას არც ერთი დეტალი არ გამოეპარება.
– დეტალებს ყოველთვის ნუ ენდობით, მათი უმრავლესობა უმნიშვნელოა ხოლმე. საქმის გახსნისთვის აუცილებელი, მხოლოდ ტვინის ნაცრისფერი უჯრედებია, – თქვა პუარომ და ხელი შუბლზე მიირტყა.
– თქვენ რა, მესიე პუარო, გინდათ თქვათ, რომ შეგიძლიათ საქმე ისე გახსნათ, სავარძლიდან არც კი წამოდგეთ?
– რა თქმა უნდა, თუ ფაქტებს გამაცნობენ.
ჯეპმა ხელი მუხლზე დაირტყა.
– წყეულიმც ვიყო, თუ სიტყვაზე არ დაგიჭიროთ! ხუთ ფუნტს ჩამოვდივარ, რომ ერთი კვირის ვადაში თქვენ ვერ მიმითითებთ დავენჰეიმის ადგილსამყოფელს.
– აბა, მოიტანე ფაქტები! – წამოიძახა პუარომ.
– წინა შაბათს მისტერ დავენჰეიმი ჩვეულებისამებრ მატარებელში ჩაჯდა, რომელიც 12 საათსა და 40 წუთზე ვაგზალ „ვიქტორიადან“ ჩინგსაიდისკენ გადიოდა. იქ მას ვილა ჰქონდა. ლანჩის შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა, მანამდე კი მებაღეს დავალებები მისცა. ვისაც კი ველაპარაკეთ, მის საქციელში უცნაური ან ნევროზული არაფერი შეუმჩნევია. ჩაის შემდეგ ცოლს უთხრა, რომ სოფელში წერილების გასაგზავნად მიდიოდა. თან, დაამატა, რომ ვინმე მისტერ ლოვენს ელოდებოდა. შემდეგ მთავარი კარიდან გავიდა და ნელი ნაბიჯით ჭიშკრისკენ გაემართა. მეტად მისტერ დავენჰეიმი აღარავის უნახავს. 15 წუთში შავთმიანმა კაცმა, კარზე ზარი დარეკა და განაცხადა, რომ მისტერ დავენჰეიმთან პაემანი ჰქონდა. იგი ბანკირის კაბინეტში შეიყვანეს. გავიდა ერთი საათი, დავენჰეიმი არ ბრუნდებოდა. მის დავენჰეიმმა სტუმარს ქმრის მაგივრად ბოდიში მოუხადა და ლოვენი წავიდა.
როგორც იცით, დავენჰეიმი არ დაბრუნდა. კვირა დილით, ეს ამბავი პოლიციაში განაცხადეს, თუმცა ვერაფრის გარკვევა ვერ მოხერდა: დავენჰეიმი უბრალოდ აორთქლდა. მისი ფოტო და აღწერილობა თითქმის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა. ჯილდოდ მსხვილი თანხაც დაწესდა, მაგრამ არანაირი გამოხმაურება და დამატებითი ინფორმაცია არ ყოფილა… ორშაბათ დილით სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა: დავენჰეიმის კაბინეტში გატეხილი და გაძარცვული იყო სეიფი. თუმცა, კაბინეტის ფანჯრები – დაკეტილი. ასე რომ, გარედან ვერავინ შეიპარებოდა. არ არის გამორიცხული ქურდს სახლშიც ჰყოლოდა თანამზრახველი, რომელსაც ფანჯრების დაკეტვა მერეც შეეძლო.
– გასაგებია, – თქვა პუარომ, – რა მოიპარეს?
– ზუსტად არ ვიცი. მისის დავენჰეიმის აზრით, იქ ბოლო გარიგების შედეგად მიღებული აქციების დიდი ნაწილი და ფული ინახებოდა. მისის დავენჰეიმის ბრილიანტებიც სეიფში იყო. ბოლო წლებში მისი ქმარი ბრილიანტების შეგროვებამ გაიტაცა და ლამის თვეში ერთხელ, ცოლს რაღაც არაჩვეულებრივს სჩუქნიდა.
– მშვენიერი ნადავლია, – ჩაფიქრებით წარმოთქვა პუარომ, – ლოვენს რა საქმე ჰქონდა?
– ლოვენი წვრილი სპეკულანტია. ერთი-ორჯერ მოახერხა და დავენჰეიმის ხარჯზე, ბირჟაზე დიდი კუში მოხსნა, თუმცა ერთმანეთს არც შეხვედრიან. მათი შეუმდგარი პაემანი სამხრეთ ამერიკულ აქციებს ეხებოდა. მისის დავენჰეიმმა ახსენა, რომ მისმა ქმარმა მთელი შემოდგომა ბუენოს-აირესში გაატარა.
– მტრები ჰყავდა?
– ფინანსურ ასპარეზზე ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ მტერი – არ მგონია. რომც მოეკლათ, სად არის გვამი? სხვათა შორის მებაღემ ვიღაც კაცი დაინახა, რომელმაც სახლთან ჩაიარა და საყვავილესკენ გაემართა. თუმცა, ძალიან შორს იყო და დარწმუნებით ვერ ამბობს, ეს პატრონი იყო, თუ არა.
– დავენჰეიმი როდის წავიდა?
– ექვსის ნახევარზე.
– სახლის უკან რა არის?
– წყალსატევი.
– ნავებით და ნავების შესანახი შენობით?
– კი. თქვენ რა, თვითმკვლელობაზე ფიქრობთ? თუ ასეა, მილერი იქ ხვალვე წავა და იმ გუბეს გულმოდგინედ გამოიკვლევს.
პუარომ გაიღიმა, შემდეგ „დეილი მეგაფინის“ ერთი ნომერი აიღო, რომელშიც დავენჰეიმის ფოტო იყო დაბეჭდილი. დაკარგულს გრძელი თმა, ულვაშები, წვეტიანი წვერი და ხშირი წარბები ჰქონდა. ჯეპი დაგვპირდა, რომ, თუ რამეს გაარკვევდა, მაშინვე გაგვაგებინებდა და ახალ ფაქტებსაც მოგვაწვდიდა.
ჯეპი მეორე დღეს, საღამოს გამოჩნდა.
– მისი პიჯაკი ვიპოვეთ, ის რომელიც იმ დღეს ეცვა, – გამოგვიცხადა ჯეპმა, – და კიდევ, ჩვენ ლოვენი დავაპატიმრეთ. ერთ-ერთი მოსამსახურე ამტკიცებს, რომ იგი წასვლამდე ათი წუთით ადრე, ბაღში ნახა. ლოვენი თავიდან უარყოფდა, რომ სახლიდან სადმე გავიდა, მაგრამ, მერე აღიარა, რომ ცოტა ხნით უცნაური ვარდების სანახავად გარეთ გამოვიდა. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა. დავენჰეიმი ყოველთვის ოქროს მასიურ ბეჭედს ატარებდა, ბრილიანტის თვლით. ჰოდა, ეს ბეჭედი შაბათს საღამოს ლონდონში, ვინმე ბილი კელეტმა დააგირავა! პოლიციისთვის იგი ცნობილია. წინა შემოდგომაზე სამი თვე საათის მოპარვისთვის ციხეში გაატარა. ბეჭედი რომ დააგირავა, დათვრა, პოლიციელს თავს დაესხა და დაიჭირეს. ამბობს, შაბათს ენტფილდში დოღზე იყო. როცა უკან ბრუნდებოდა, ჩიგსაიდის გზაზე, არხთან დასასვენებლად ჩამოჯდა. კაცი შეამჩნია, რომელიც გზაზე მოდიოდა. ის შავგვრემანი იყო და დიდი შავი ულვაშები ჰქონდა. აღწერილობით დავენჰეიმია. ამ კაცმა ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გადააგდო. კელეტი დაინტერესდა. მოძებნა ნივთი და ბეჭედი იპოვა. ეს ალბათ, მონაჩმახია. კელეტის ნდობა არ შეიძლება. ვფიქრობ, იგი დავენჰეიმს შეხვდა, მოკლა და გაძარცვა.
– ნაკლებსავარაუდოა. პირველი, მას არანაირი საშუალება არ ჰქონდა გვამი დაემალა. იმავე დღეს გადაწყვიტა ბეჭდის დაგირავება, რაც იმას ამტკიცებს, რომ ნივთი მკვლელობის გზით არ მოუპოვებია. მესამე, ჯიბის ქურდი მკვლელობაზე იშვიათად წავა.
– შეიძლება, მართალი ხართ, – თავი დააქნია ჯეპმა, – უცნაურია, რომ ლოვენმა სხვა გზა ვერ იპოვა ბეჭდის მოსაშორებლად.
– საერთოდ, რა საჭირო იყო გვამისთვის ბეჭდის მოხსნა? – ვიკითხე მე.
– შეიძლება, ამისთვის კონკრეტული მიზეზი არსებობდა, – მიპასუხა ჯეპმა, – იცით, თუ არა, რომ წყალსატევის ახლოს, სპეციალური გამოსაწვავი ღუმელია?
– ღმერთო, ჩემო! – წამოვიძახე მე, – თქვენ გინდათ თქვათ, რომ ცეცხლი, რომელიც გვამს გაანადგურებდა, ბეჭედს ვერ მოერეოდა?
– დიახ.
მოულოდნელად პუარო ჯეპს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ცოლ-ქმარს ერთ ოთახში ეძინა?
კითხვა იმდენად უცნაური გვეჩვენა, რომ პუაროს მდუმარედ მივაშტერდით. მერე ჯეპმა გაიცინა.
– არ ვიცი, მესიე პუარო, მაგრამ გაგიგებთ.
ჯეპმა ჩაიცინა და მალევე დაგვტოვა. მე გადავწყვიტე პუაროსთვის ჩემი დასკვნები გამეცნო:
– ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სეიფი ლოვენმა გატეხა. მას დავენჰეიმთან თავისი ანგარიში ჰქონდა. ლოვენი ამ საქმეში უდავოდ გარეულია.
– მონ ამი, თქვენ მთავარი დეტალები გამოგრჩათ, პირველი – მისტერ ლოვენი წინასწარ ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ სეიფის გატეხვის საშუალება მიეცემოდა. ამიტომ საამისოდ ინსტრუმენტები არ ექნებოდა თან. მეორეც – გაბრაზებული, არა ლოვენი, არამედ დავენჰეიმი უნდა ყოფილიყო, რადგან ბირჟაზე სწორედ ლოვენმა აჯობა მას რამდენჯერმე. მხოლოდ იმაში დაგეთანხმებოდით, რომ თუ კელეტის მონათხრობი მართალია, მაშინ ამ საქმეში ლოვენი უდავოდ გარეულია. მაგრამ, თქვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩათ: – დავენჰეიმის ძვირფასეულობის შესყიდვით გატაცება და გასულ შემოდგომაზე მისი ბუენოს- აირესში გამგზავრება.
მოახლემ ჯეპის გამოგზავნილი დეპეშა შემოგვიტანა, რომელიც გვატყობინებდა, რომ:
„გასული ზამთრიდან მოყოლებული, ცოლ-ქმარი სხვადასხვა ოთახში ცხოვრობდა“.
– აი! – წამოიძახა პუარომ, – ახლა ივლისია. ყველაფერი ნათელია! იმედი მაქვს, თქვენ არანარი დანაზოგი არ გაქვთ „დავენჰეიმის და სალმონის“ ბანკში, მონ ამი?
– არა. რაშია საქმე?
– უახლოეს დღეებში ამ ბანკის გაბანკროტებაა მოსალოდნელი.
პუარომ ჯეპს საპასუხო ტელეგრამა მისწერა: „გირჩევთ დავენჰეიმის ბანკში შენახული ფული სასწრაფოდ უკან გამოიტანოთ“.
მეორე დილით, ყველა გაზეთი სენსაციური ცნობით აჭრელდა: ბანკირი დავენჰეიმი გაკოტრდა. საუზმის დასრულება ვერ მოვასწარით, რომ ოთახში ჯეპი შემოვარდა.
– როგორ გაიგეთ ეს, პუარო?
პუარომ გაიღიმა.
– თქვენი დეპეშის შემდეგ ეს სავსებით ნათელი იყო. სეიფის უცნაურმა გაძარცვამ თავიდანვე დამაფიქრა. ბრილიანტები, აქციები, ფული – თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ გაამზადეს. ვისთვის? – ეს ყველაფერი მისტერ დავენჰეიმს თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ფულს ბრილიანტებში აბანდებდა, რომლებსაც მერე ყალბი ასლებით ცვლიდა. ამგვარად, მან სხვა სახელზე გვარიანი თანხა გადარიცხა. მთელი ქონება, რომლითაც უნდა დამტკბარიყო, იმ დროს, როდესაც ყველა მისი ძებნით იქნებოდა დაკავებული. ამის შემდეგ, იგი ლოვენს საქმიან პაემანს უნიშნავს, ტეხს სეიფს და სახლიდან მიდის. სად? რა თქმა უნდა, თავის თავშესაფარში… – პუარო გაჩუმდა. მას სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა – მე რომ მდომებოდა პოლიციას
დავმალვოდი, იცი, სად წავიდოდი? ციხეში! თქვენ ეძებთ დავენჰეიმს, რომ ის ციხეში ჩასვათ, მაგრამ აზრადაც არ მოგივათ, რომ ის უკვე იქ არის.
– ამით რისი თქმა გსურთ? – ამოღერღა ჯეპმა.
– დარწმუნებული ვარ, თუ მისის დავენჰეიმს ციხეში მიიყვანთ და ბილი კელეტს აჩვენებთ, საკუთარ ქმარს იცნობს! მიუხედავად იმისა, რომ მან წვერი და ულვაშები გაიპარსა, თმაც მოკლედ შეიჭრა.
– ბილი კელეტი? ჰო, მაგრამ იგი ადრეც იყო პოლიციისთვის ცნობილი.
– მე ხომ გითხარით, დავენჰეიმი ჭკვიანი კაცია-მეთქი? ადრევე იზრუნა ალიბის შექმნაზე. გასულ შემოდგომაზე იგი ბუენოს-აირესში ყოფილა. სწორედ მაგ დროს ქმნიდა ბილი კელეტის პერსონაჟს. მან სამთვიანი სასჯელიც მოიხადა, რათა პოლიციას არანაირი ეჭვი არ გასჩენოდა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგებოდა. მან დიდი თამაში წამოიწყო. ყველაფერი გათვალა, თუმცა მიწებებული წვერის და პარიკის ტარება, მას შემდეგ, რაც იგი ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდა, ცოტა რთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით ძილის დროს ქმნიდა პრობლემებს. დავენჰეიმს შეეშინდა, რომ ცოლი მიხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, ამიტომაც მისი ვითომცდა ბუენოს-აირესიდან ჩამოსვლის შემდეგ, მას და მისის დავენჰეიმს სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. დავენჰეიმი ნავების ფარდულში შევიდა, გახუნებული ტანსაცმელი ჩაიცვა, თავისი კი არხში ჩააგდო და გეგმის განხორციელებას შეუდგა. მან იცოდა, რომ ციხეში ძებნას არ დაუწყებდნენ… წაიყვანეთ მისის დავენჰეიმი ამოცნობაზე.