დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ჩაძირული განძი

– ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა, – დაიწყო თხრობა რეიმონდ უესტმა. – როდესაც სამების დღესასწაულზე კორნუოლში, სოფელ პოლპერენში გავემგზავრე. ჯონი გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიცანი. იგი თავიდანვე საინტერესო ადამიანად მეჩვენა, ბუნებით რომანტიკოსი იყო და სწორედ ამ თვისების გამო იქირივა „პოლ ჰაუსი“. მან მიამბო, რომ ელიზავეტას დროინდელი ესპანური „არმადის“ ერთ-ერთი გემი, რომელსაც ოქრო გადაჰქონდა, სწორედ კორნუოლის ნაპირებთან ჩაიძირა. მრავალი წლის განმავლობაში გემის ამოყვანისა და განძის პოვნის მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა. ნიუმენი განძის ამბავმა ძალიან გაიტაცა. მას სწამდა, რომ „არმადის“ განძი მითი სულაც არ იყო და მისი აზარტი მეც გადამედო.

ხუთშაბათს გავემგზავრე კორნუოლში. კუპეში ჩემთან ერთად ინსპექტორი ბადგვორტი აღმოჩნდა. თავი გავახსენე და საუბარი გავაბით. მე ჩემი მგზავრობის მიზანი გავაცანი. როგორც გაირკვა, განძის ამბავი მასაც გაეგონა.

„ჰო, მანდ „ხუან ფერნანდესი“ ჩაიძირა!“ – წამოიძახა მან, – თქვენი ნაცნობი პირველი არ იქნება, ვინც ამ საქმეს დიდ ფულს მიაჭყლეტს. გემები აქ ყოველთვის იძირებოდა, მაგრამ მთელი ეს

„ესპანური ოქრო“ რომანტიკული ბოდვაა. სხვათა შორის, მეც ერთი გემის ჩაძირვის გამო

მივემგზავრები კორნუოლში. შარშან, გახსოვთ ალბათ, მანდ განიცადა კატასტროფა

„ოტრანტომ“. ბევრმა არ იცის, რომ „ოტრანტოს“ ოქრო გადაჰქონდა. აი, ეს კი სულაც არ არის მითი. ჩვენ მაშინვე გავაგზავნეთ მყვინთავების სპეციალური ჯგუფი, თუმცა, ოქრო უკვე გამქრალი დაგვხვდა – ვიღაცამ დაგვასწრო, მაგრამ ოქროს ზოდები, ხომ ბრილიანტის კოლიე არ არის, რომ ჯიბეში დამალო?! ახლა საქმის გამოსაძიებლად მივდივარ“.

ვაგზალზე ნიუმენი თავისი სატვირთო მანქანით დამხვდა. რამდენიმეწუთიანი მგზავრობის შემდეგ „პოლ ჰაუსშიც“ მივედით. მთელი საღამო ჩაძირულ ესპანურ გალიონებზე ვსაუბრობდით.

მეორე დილით ნიუმენმა ჯერ თავისი მყვინთავი გამაცნო, შემდეგ კი პოლპერენში „სამ ღუზაში“ წამიყვანა. მითხრა, საინტერესო ტიპს გაგაცნობო. ლუდს რომ ვსვამდით, ჩვენთან „სამი ღუზის“ მეპატრონე მისტერ კელვინი მოვიდა – მხარბეჭიანი კაცი ჩაწითლებული თვალებით. ეჭვი გამიჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ის „საინტერესო ტიპი“. იგი სოფელში უცხო ხალხის მომრავლების გამო ჯავრობდა, მათ შორის ინსპექტორიც ახსენა. არაფერში გვჭირდება აქ უცხო ხალხის ჩამოთრევაო, ამბობდა ტრაქტირის მეპატრონეში რაღაც ბოროტული იგრძნობოდა.

ამინდი მხოლოდ კვირას გამოვიდა და ჩვენ ნიუმენის ნავით ზღვაში გავედით, მაგრამ, მოულოდნელად ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ მხოლოდ ერთი სურვილი გვქონდა: სახლში დავბრუნებულიყავით და მშრალი ტანსაცმელი ჩაგვეცვა.

იმ საღამოს ადრე დავიძინე. მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. როდესაც გავიღვიძე, საათი რვას უჩვენებდა. თავი მისკდებოდა. ჯერ ისევ ღამის კოშმარების ტყვეობაში ვიყავი. იმდენად, რომ, როდესაც ფანჯრიდან გადავიხედე, ვიფიქრე, კოშმარი გრძელდებოდა: პირველი, რაც დავინახე, იყო კაცი, რომელიც საფლავს თხრიდა. უკან დავიხიე და გარკვეული დრო დამჭირდა, რომ თავი ხელში ამეყვანა. ფანჯარაში კიდევ ერთხელ გადავიხედე და შვებით ამოვისუნთქე – მესაფლავე ნიუმენის მებაღე აღმოჩნდა, ხოლო „საფლავი“ – ვარდების სამი ბუჩქისთვის განკუთვნილი ორმო.

სასაუზმოდ დაბლა ჩავედი. ნიუმენი არ გამოჩნდა. ავფორიაქდი. მის საძინებელში შევედი და აღმოვაჩინე, რომ ღამე სახლში არც გაუთევია. ოთახში არც ის სმოკინგი იყო, რომელიც ნიუმენს წუხელ ეცვა. ესე იგი, ნიუმენი სასეირნოდ დილით კი არა, წუხელ წავიდა და, რატომღაც, არ დაბრუნდა. რა უნდა მოსვლოდა? ცუდი წინათგრძნობა არ მშორდებოდა. გადავწყვიტე, სასწრაფოდ ძებნა დამეწყო.

რამდენიმე საათში დამხმარეების დიდი ჯგუფი შევკრიბე და ყველა მხარეს ძებნას შევუდექით – ხრამშიც, ქვევით, კლდეებთანაც, მაგრამ ნიუმენი იქ ვერ ვიპოვეთ.

ბოლოს, როდესაც ყველა იმედი გადამეწურა, ინსპექტორი ბადგვორტი მოვძებნე.

„ცუდი სუნი მცემს, – ჩაილაპარაკა მან, – არის აქ რამდენიმე საეჭვო ტიპი. ნახეთ კელვინი, „სამი ღუზის“ მეპატრონე?“

მე ვუპასუხე, რომ მქონდა ამის ბედნიერება. ინსპექტორმა მაცნობა, რომ იგი მხოლოდ ოთხი წლის წინ გამოვიდა კოლონიიდან. არც გამკვირვებია.

ჩვენ ძებნა გაორმაგებული ძალებით განვაგრძეთ. წარმატებას მხოლოდ საღამოსთვის მივაღწიეთ: ნიუმენი მისივე მამულის შორეულ ნაწილში, ღრმა არხში ვიპოვეთ. მას ხელ-ფეხი ძალიან მაგრად ჰქონდა შეკრული, პირში კი ცხვირსახოცი ჰქონდა ჩატენილი. ძალა საერთოდ გამოსცლოდა და ტკივილისგან სულ კვნესოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაჯები შეუხსნეს და ვისკი დაალევინეს, შეძლო ამბის მოყოლა.

წუხელ, დაახლოებით 11 საათისთვის, იგი გასასეირნებლად გავიდა. ხრამის პირას გაისეირნა და ბოლოს იმ ადგილთან მივიდა, რომელსაც გამოქვაბულების სიმრავლის გამო,

„კონტრაბანდისტთა თავშესაფარს“ ეძახიან. იქ მან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომლებიც ნავიდან რაღაცას ტვირთავდნენ და დაბლა დაეშვა. ცდილობდა არ შეემჩნიათ. უნდოდა გაეგო, რას ეზიდებოდნენ. შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა და მას თავზე რამდენიმე ადამიანი დააცხრა, რომლებმაც გონების დაკარგვამდე სცემეს. როდესაც გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ სატვირთო მანქანის ძარაზე იწვა. მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სოფელში მიჰყავდათ, მაგრამ, ძალიან გაუკვირდა, როდესაც ავტომობილმა მისი სახლის ჭიშკარში შეუხვია. აქ გამტაცებლებმა ითათბირეს და არხში ჩააგდეს, სადაც ადამიანის ძებნას არავინ დაიწყებდა. მას მოეჩვენა, რომ სატვირთო ავტომობილი მამულიდან სხვა გასასვლელით გავიდა

– იმით, რომელიც სოფელთან უფრო ახლოსაა. გამტაცებლების აღწერა მას არ შეეძლო.

ინსპექტორი ბადგვორტი გამოცოცხლდა.

– დარწმუნებული იყავით, რომ ოქრო იქ დამალეს! – წამოიძახა მან, – ჩაძირული გემიდან ამოიღეს და სადმე მოფარებულში ინახავენ. იციან, რომ „კონტრაბანდისტების თავშესაფარში“ ყველა გამოქვაბული გავჩხრიკეთ და ახლა სხვაგან ვიწყებთ ძებნას. ამიტომ, ტვირთი იქ გადმოიტანეს, სადაც უკვე ვიყავით. იციან, რომ იქ აღარ მოვძებნით. მისტერ ნიუმენმა ისინი მინიმუმ 18 საათის წინ აღმოაჩინა. ესე იგი, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ სხვაგან გადაეტანათ!

ინსპექტორს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, რომ ოქროს ახალი ადგილსამყოფელი გამოეცნო, თუმცა, მეორე დღეს რაღაც მაინც იპოვა.

„ამ გზაზე მანქანა იშვიათად დადის, – ამიხსნა მან, – ჩვენ კი, რამდენიმე ადგილზე სატვირთო მანქანის მკვეთრი კვალი აღმოვაჩინეთ. ერთ საბურავზე პროტექტორია დაზიანებული და განსხვავებულ კვალს ტოვებს. რატომ გავიდა ეს მანქანა იმ კარიდან, რომელიც უფრო ახლოს იყო სოფელთან? იმიტომ, რომ სოფელში ბრუნდებოდნენ. სოფელში კი საკუთარი სატვირთო მანქანა მხოლოდ ორ ადამიანს ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი კელვინია, „სამი ღუზის“ მეპატრონე. სხვათა შორის, ადრე კელვინი მყვინთავი იყო.

ინსპექტორმა ნება დამრთო, მასთან ერთად წავსულიყავი „სამ ღუზაში“. ავტოფარეხის პატარა კარი ღია დაგვხვდა. საბურავების ზედაპირული დათვალიერება ინსპექტორისთვის საკმარისი აღმოჩნდა – შესაბამისი დეფექტი უცებ იპოვა.

თუმცა, ინსპექტორის სიხარული ნაადრევი გამოდგა. პოლიციამ ვერც ოქრო იპოვა და კელვინიც ვერ დააპატიმრა. ავტოფარეხის წინ კოტეჯი იდგა, რომელიც ერთმა მხატვარმა ქალმა იქირავა. ისე მოხდა, რომ ეს ქალი ავად გახდა და მასთან მთელი ღამის განმავლობაში მომვლელი რჩებოდა. მომვლელი ქალი იფიცებოდა, რომ მთელი ღამე ფანჯარასთან მჯდარმა გაატარა და, შეუძლებელი იყო, არ დაენახა გამომავალი სატვირთო მანქანა. იმ ღამეს კი ასეთი არაფერი დაუნახავს. აბა, რას იტყვით, მეგობრებო?

– და მერე რა? – ჩაიხითხითა ჯოისმა, – ალბათ, ჩაეძინა. მათ ყოველთვის ეძინებათ.

– მხატვარი ქალის ჩვენებაც არსებობს, – განაგრძო რეიმონდმა, – მას ძლიერი ტკივილები აწუხებდა და ვერ დაიძინა. ამიტომ, აუცილებლად გაიგონებდა, სატვირთო რომ გამოსულიყო.

– იცით, მე ეს კელვინი მესიმპათიურება კიდეც, – თქვა ექიმმა პანდერმა, – ალბათ, მის წინააღმდეგ, გარდა საეჭვო წარსულისა და გაფუჭებული საბურავისა, არანაირი სამხილი არც ჰქონდათ.

– დეიდა ჯეინი რას იტყვის? – მიმართა რეიმონდმა მის მარპლს.

– მე ვფიქრობ, რომ მეგობრები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიო. ისეთი მიმნდობი ხარ, ყველა გატყუებს… რა ესპანური გალიონები, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი ხარ! სულ ერთი კვირა იცნობდი მაგ კაცს.

სერ ჰენრი მოულოდნელად ახარხარდა და ხელი თავში წაიშინა.

– კარგად გითხრეს, რეიმონდ, – იცინოდა ის, – მის მარპლ, თქვენ შეუდარებელი ხართ! რეიმონდ, თქვენს მეგობარს სინამდვილეში სხვა სახელი ჰქვია და ამჟამად ის კორნუოლში საერთოდ არ ცხოვრობს. ახლა ის დევონშირში, ციხეში იმყოფება. მართალია, იგი ჩვენ „ოტრანტოს“ ოქროს ქურდობისთვის არ დაგვიჭერია, მაგრამ, როცა ბოლომდე ჩავყევით, აღმოვაჩინეთ, რომ დაკარგული ოქროს დიდი ნაწილი მას ჰქონდა. ოქრო „პოლ ჰაუსის“ ბაღში იყო დაფლული. კარგად მოიფიქრა: კორნუოლში ყველა ჩაძირულ გალიონებსა და დაკარგულ ოქროზე ლაპარაკობს. ეს კარგად ხსნიდა მყვინთავის გამოჩენას, რაც შემდეგ ოქროს გამოჩენასაც ახსნიდა. საჭირო იყო მხოლოდ განტევების ვაცი, ამ როლს კი კელვინი იდეალურად შეესაბამებოდა. ნიუმენმა მშვენივრად ითამაშა თავისი პატარა კომედია, რომელშიც ჩვენს მეგობარ რეიმონდს, ცნობილ მწერალს, სანდო მოწმის როლი ერგო.

– ნიშანი მანქანის ბორბალზე? – არ ნებდებოდა ჯოისი.

– მე, რა თქმა უნდა, ძრავებში ვერ ვერკვევი, – დაიწყო მის მარპლმა, – მაგრამ, ხშირად მინახავს, საბურავებს როგორ ცვლიან. სავსებით შესაძლებელი იყო კელვინის სატვირთოდან საბურავის მალულად მოხსნა და მისტერ ნიუმენის მანქანაზე დაყენება. მანქანით ერთი ჭიშკრიდან შესვლა და მეორე ჭიშკრიდან ოქროს გატანა, შემდეგ ბორბლის ისევ კელვინის მანქანაზე დაყენება. ამ დროს ვინმე მისტერ ნიუმენს შებოჭავდა და თხრილში ჩააგდებდა. ვფიქრობ, ეს იმ ეგრეთ წოდებულმა მებაღემ გააკეთა.

– რატომ ფიქრობთ, რომ მებაღე ეგრეთ წოდებული იყო, დეიდა ჯეინ? – გაიკვირვა რეიმონდმა.

– როგორ იქნებოდა ნამდვილი? მებაღეები „სულების ორშაბათს“ არ მუშაობენ. ვისაც გინდა, ჰკითხეთ. სწორედ ამ ფაქტმა დამაყენა კვალზე. საკუთარი სახლი და საკუთარი ბაღი რომ გქონოდა, შენც მიხვდებოდი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button